ბელოთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
ბელოთი
ბელოთის კომპლექსი. ციხე-გალავანი. 2.jpg
ციხე-გალავანი სოფელ ბელოთში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ბელოთი
კოორდინატები 42°17′58″ ჩ. გ. 44°07′37″ ა. გ. / 42.29944° ჩ. გ. 44.12694° ა. გ. / 42.29944; 44.12694
ცენტრის სიმაღლე 1160
ბელოთი — საქართველო
ბელოთი
ბელოთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ბელოთი
ბელოთი — ერედვის მუნიციპალიტეტი
ბელოთი

ბელოთი[1][2]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემის ცენტრი (ბელოთი, ალბირი, აწრისხევი, ბისოითა, გოზო, ელტურა, ზემო ზონკარი, ინაური, ლაცაური, მალძიგათა, ქვემო ზონკარი, ქნოღო, შამბიეთი, შულაური, ხადურიანთკარი, ხოშური).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელოთის მთის ქვემოთ არის ნასოფლარი ბოლოთანი, სადაც ბოლოთაშვილები ცხოვრობდნენ. აქედანაა წარმოშობილი სოფლის დღევანდელი სახელწოდება. ადგილობრივების თქმით, არსებობს სხვა მოსაზრებაც: ტოპონიმი სიტყვა ბელი-დან წარმოიშვაო (ბელ-ეთ-ი – ბელ-ოთ-ი მიუთითებს ბელების, დათვების სიმრავლეზე). სოფელი გარშემორტყმულია ტყეებით, სადაც უამრავი გარეული ნადირია და ეს მოსაზრებაც არაა უსაფუძვლო.[3] ოსურად ეწოდება Белот (ბელოთ).[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს გუდისის სამხრეთ შტოქედის (მდინარეების ფოტნისისა და ელტურის წყალგამყოფი) ბოლოზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი, გორიდან – 47 კილომეტრი.[5][6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელოთი მდებარეობს ისტორიულ მაღრან-დვალეთის გზაზე. ჯერ ქსნის ერისთავის, ხოლო საერისთავოს გაუქმების შემდეგ (1777) საუფლისწულო რეზიდენცია იყო.[6] იულონ ბატონიშვილმა აქ სასახლე ააგო და მის გარშემო ბაღიც გააშენა. ამ ბაღის მსხვილი ჯიშის კაკალი ხეობაში დღემდეა ცნობილი. XIX საუკუნეში რუსებს აქ საარტილერიო დანადგარები განულაგებიათ. სოფლის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ მასზე გადიოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. კახეთიდან გამომგზავრებული ცნობილი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი ბელოთისა და ვანათის გავლით გადავიდა სამაჩაბლოში, იქიდან კი იმერეთში. პატარა ლიახვის ხეობა მრავალგზის ყოფილა მონღოლ-სპარს-ლეკთა თავდასხმის ობიექტი. მეფე ერეკლე და მისი ვაჟები აქტიურად იცავდნენ ხეობის სოფლებს. ერთ-ერთ წერილში დარეჯან დედოფალი იულონ ბატონიშვილს ურჩევდა, რომ ბელოთიდან აყრილიყო ცოლ-შვილით და გორში გადასულიყო.[3]

ცნობილია, რომ XVII საუკუნის ბოლოს აქ ყიზილბაშების ერთ-ერთი ლაშქრობისას ქართველებმა მტერი ხეობის სიღრმეში შეიტყუეს. მათი სარდალი სეფე-ხანი ნაადრევად ზეიმობდა გამარჯვებას. შანშე ქსნის ერისთავი თავისი ჯარით ფოტნისას თავზე ყოფილა გამაგრებული. თავს დაესხნენ და სპარსელები სულ გაწყვიტეს, გადარჩენილნი მდინარის ნაპირებს ქვევით დაუყვნენ, რა დროსაც ბელოთელები დასხმიან ყიზილბაშებს, ვანათამდე უდევნიათ და ერთიანად გაუნადგურებიათ. ხალხის გადმოცემით, ყიზილბაშების გვამებს ვანათთან პატარა ლიახვი დაუგუბებია.[3]

1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, შედიოდა რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის გორის მაზრის მთიანი ოსეთის მონაკვეთში.[7] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (1922-დან) ცხინვალის რაიონში (სოფსაბჭოს ცენტრი).[5] 1991 წელს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და შეუერთდა გორის რაიონს. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[8] 2006 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტშია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ოსური სეპარატისტული დაჯგუფებების მიერ სოფელი ჯერ გაიძარცვა, შემდეგ მთლიანად განადგურდა, მოსახლეობა დევნილად იქცა (მ.შ. ოსებიც).[9] ამავე წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,[10] სოფელს დე ფაქტოდ აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1865 წლის მონაცემებით, ბელოთის სოფლის საზოგადოების მოსახლეობა 63 კომლს ითვლიდა. იგი მოიცავდა ახლანდელ ბელოთს, ხოშურსა და საცხენეთს.[5] აგვისტოს ომამდე აქ ცხოვრობდნენ დემეტრაშვილები, ჩიფჩიურები, ტერაშვილები, არჩუაძეები, ფისაძეები, წიქარიძეები.[3]

წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნოსი
1907[7] 150 ქართველები
1911[11] Increase2.svg 156 ოსები
1939[12] Increase2.svg 288 160 128
1970[12] Decrease2.svg 237 111 126 ქართველები
1979[12] Decrease2.svg 213 103 110 ქართველები (50%)
ოსები (50%)
1989[12] Decrease2.svg 157 71 86 ქართველები (78%)
ოსები (21%)
2002[13] Decrease2.svg 106 58 48 ქართველები (89%)
2015[14][ა] Decrease2.svg 0
  1. სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებულ აღწერას არ სცნობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში შედიოდა ერედვის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობაში.[5] სოფლის მეურნეობის მოწინავე დარგია მესაქონლეობა.[6]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რვა საყდარ-ეკლესია და ორი მნიშვნელოვანი ციხე-გალავანია აგებული. აქ არის ცნობილი სამონასტრო კომპლექსი — ციხესიმაგრე (XVIII ს.), მაცხოვრის X საუკუნის ეკლესია, სამრეკლო (XIX ს.). ციხე-გალავნის კუთხეებში სათვალთვალო კოშკებია. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა ასევე სასახლე და საცხოვრებელი სახლი. ციხის კედლები დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ფოხალას მთაზე დგას ფოხალას ციხე (XVII ს.). იგი მოხსენებულია იასე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძში“ 1777 წლის ქსნის ერისთავთა აჯანყებასთან დაკავშირებით. ციხის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. მის გალავანშია მოქცეული წმინდა მარინეს სახელობის პატარა ეკლესია და სამი სათვალთვალო კოშკი (ამჟამად დანგრეული). სოფლიდან ორ კილომეტრში, მთაზე ღვთისმშობლის დაუდგენელი თარიღის ეკლესიაა. აქვეა ლომისის წმინდა გიორგის, ქაშუეთის (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის ეკლესიები. ბელოთის ჩრდილოეთით, სოფლიდან ოთხ კილომეტრში მოზრდილი ეკლესიის ნანგრევებია, რომლის სახელწოდება უცნობია.[3]

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელოთში დაიბადა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი ლევან შალვას ძე წიქარიძე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 24, თბ., 1987.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 34, თბ., 2009.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 პატარა ლიახვის ხეობა // ლიახვის ხეობა : ჟურნ., თბ.: „კოლორი“, დეკემბერი, 2020, № 9, გვ. 29–30.
  4. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии. — Цхинвали, 2003. — стр. 8.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 289.
  6. 6.0 6.1 6.2 გვასალია ჯ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 395.
  7. 7.0 7.1 Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 202.
  8. სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021.
  9. ხიდაშელი თ., აგვისტოს ნანგრევებში, თბ., 2009. — გვ. 110, 137–139.
  10. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2020.
  11. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 133.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  13. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  14. И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016)Перепись Южной Осетии за 2015 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021.