ჭარები
| სოფელი | |
|---|---|
|
ჭარები | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 42°15′56″ ჩ. გ. 44°07′15″ ა. გ. / 42.26556° ჩ. გ. 44.12083° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
| მოსახლეობა | 126 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 92% |
ჭარები[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ქსუისის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).
მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჭარებულის (მეჯუდის აუზი) ზემოთში, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, ქ. ცხინვალიდან 15 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ჭარები ტრადიციულად ორ ნაწილად — ზემო ჭარებად (ლაფაჩები) და ქვემო ჭარებად (რაზმაანთკარი) — იყოფა.[3] ლაფაჩები და ლაფაჩებისხევი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (XVIII ს. შუა ხანები). იოანე ბატონიშვილი ((XVIII საუკუნის მიწურული) ლაფაჩს წარსულში ქსნის საერისთავოს კუთვნილ იმ სოფლებს შორის იხსენიებს, რომლებსაც შემდეგ იულონ ბატონიშვილი ფლობდა. 1800-იანი წლებიდან 1922 წლამდე შედიოდა გორის მაზრის ტყვიავის უბნის მერეთის სასოფლო საზოგადოებაში.
1922 წელს, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად,[4] სოფელი ჭარები გადაეცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქს. XX საუკუნის შუა ხანებში სოფლები ზემო და ქვემო ჭარები ცალ-ცალკე შედიოდა ცხინვალის რაიონში (ქსუისის სასოფლო საბჭო). ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ სოფელი ჭარები შედიოდა გორის რაიონში, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტში. სოფელი ძლიერ დააზიანა 1991 წლის მიწისძვრამ. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე პატარა ლიახვის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად იყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XIII-XIV სს. ღვთისმშობლის დიდი სამნავიანი ბაზილიკა. შუა ნავი გვერდის ნავებზე მნიშვნელოვნად მაღალია. ინტერიერში სვეტების ორი წყვილია, რომლებზედაც ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღები. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მომრგვალო სათავსია, რომელიც კარით უკავშირდება საკურთხეველს. საკურთხევლის აფსიდა შიგნით ნახევარწრიულია, გარედან — ხუთწახნაგა. შესასვლელი სამია — დას., სამხრ. და ჩრდ. მხრიდან. სამხრეთის კარის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე იყო მიშენებული. ეკლესია გარედან შემოსილია სუფთა გათლილი მუქი წითელი ფერის ქვით. ფასადებზე შემორჩენილია მორთულობის ფრაგმენტები. შუა ნავის კამარა ჩამოქცეულია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერით სოფელში იყო 126 მცხოვრები, ძირითადად ქართველები (92 %).
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989[5] | 121 | 61 | 60 |
| 2002 | 69 | 57 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ჭარები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 384.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 131.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 217.
- ↑ მეგრელიძე ი., სიძველეები ლიახვის ხეობაში, წიგნი 2. თბ., 1997. — გვ. 32-34.
- ↑ თოიძე ლ., როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. თბ., 1991. — გვ. 85.
- ↑ სამხრეთ ოსეთის აო მოსახლეობა საბჭოთა აღწერების მიხედვით