ლეკიანობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Daghestan, Miscellaneous, Returen of Lezghians from a raid (B).jpg

„ლეკიანობა“დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის (ძირითადად კახეთი, ქართლი) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით-დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.

დაღესტნელთა შემოსევები XVI საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება. აქ, ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში, მათ შექმნეს ე. წ. „უბატონო თემები“, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში მთელ ფეოდალთა შემოსევები XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. უფრო გაძლიერდა „ოსმალობისა“ და „ყიზილბაშობის“ დროიდან. XVIII საუკუნის II ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა. ამ მიზნით 1754 წელს მოწყობილი ხუნძახის მფლობელის ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა (მჭადიჯვრის ბრძოლა), ასევე დამარცხნენ ლეკები 1755 წელს ყვარლის ბრძოლაში. 1785 წელს ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და „საკორდონო ლინიის“ დაარსების შედეგად ლეკიანობა შესუსტდა, ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.

„ლეკიანობას“ ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსაქსულობა საქართველოში. საქართველოში ლეკთა რაზმები ხშირად მოჰყავდათ მეფეებს ფეოდალებთან ან ტახტის პრეტენდენტებთან საბრძოლველად, ფეოდალებს — ერთმანეთის წინააღმდეგ, მათ იყენებდნენ ოსმალები, ყიზილბაშები. ოსმალეთი ხშირად აძლევდა ლეკებს თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, ამიტომ ისინი ახალციხის მხრიდანაც ესხმოდნენ თავს საქართველოს. ოსმალეთის ტყვეთა ბაზარი გზას უხსნიდა ტყვეებით ვაჭრობას. ფეოდალური ექსპლოატაციით შევიწროებული გლეხი გაურბოდა მებატონეს და თავს აფარებდა „უბატონო“ ლეკებს, იყენებდა მათ საკუთარ მებატონეთა წინააღმდეგაც. ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან „გალეკება“ მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ქართლისა და კახეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ „ლეკიანობის“ ასლაგმავად, მაგრამ ეს ბრძოლა უშედეგო იყო. „ლეკიანობასთან“ საუკუნოვან ბრძოლებში თავდაცვის გარკვეული წესები და ხერხები გამომუშავდა. აგებდნენ ციხე-სიმაგრეებს, ლეკების გადმოსასვლელ გზებზე აკეთებდნენ თხრილებს, აღრმავებდნენ მდინარის ფონებს, კაფავდნენ ლეკების სამალავ ტყეებს და ა. შ. გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც სამხედრო ძალას ენიჭებოდა, ასეთი საშუალება იყო „ნაპირის ალაგას“ დგომა, „ნაპირის ალაგის“ გამაგრება, ყარაულის დაყენება გზებზე, ხიდებზე, ხეობებში, დაქირავებული ჯარი, „ნოქარი“, ე. წ. „მდევარი“ და რეგულარული ლაშქარი — მორიგე ჯარი. „ლეკიანობამ“ აუნაზღაურებელი ზარალი მოუტანა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფიულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე მოსახლეობისაგან სრულიად დაიცალა. კულტურული მეურნეობა დაეცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., ლეკიანობა, XVII საუკუნის მეორე ნახევარში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1968
  • ბოცვაძე თ., საქართველოს დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (XV-XIX სს.), თბ., 1968
  • მეგრელიძე დ., დაღესტან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, «მაცნე», 1967, № 6
  • მეგრელიძე დ., ქსე, ტ. 6, გვ. 164, თბ., 1983