ბელოთის ციხე
ბელოთის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბელოთში, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირი. ციხე აგებულია XVIII საუკუნეში.
კომპლექსი მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირას. ისტორიულ წყაროებში ბელოთის ციხე მოხსენიებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში ციხე და მთელი პატარა ლიახვის ხეობა ქსნის ერისთავს ეკუთვნოდა. ერისთავობის გაუქმების შემდეგ, XVIII საუკუნის ბოლოს, ეს მხარე ეკუთვნოდა ბატონიშვილ იულონს. გენერალ ტუჩკოვის 1802 წლის 10 აგვისტოს მოხსენებაში წერია, რომ იულონი იძულებული იყო დაეტოვა ბელოთი. ამის შემდეგ ციხე დაიკავეს რუსთა ჯარმა. იულონი ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის და ლეკების დახმარებით ციხის დაბრუნებას. გენერალი ტუჩკოვი ღებულობს სათანადო ზომებს.
საქართველოს რუსეთთან შეერთების პირველ წლებში ბელოთის ციხეს თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.
ციხესთან ერთად აშენებული იყო სასახლეც, რომელიც ციხის სამხრეთ კედელს ებჯინება. ამ ადგილას კედელი შესქელებულია. მიუხედავად ამისა, სასახლე ძლიერ არის დანგრეული. შემორჩენილი კედლების მიხედვით შეიძლება იმის დადგენა, რომ სასახლე სამსართულიანი იყო. შედარებით უკეთესად შემორჩენილ პირველ სართულში სამი ოთახი ჩანს. შუა ოთახი დარბაზია, გვერდითა ოთახები უფრო მცირე ზომისაა. ყოველი ოთახის სამხრეთ კედელში ბუხარია, რომლის ორივე მხარეს ღრმა ნიშებია მოთავსებული. გარეთა კედლების შემორჩენილი ნაწილიდან ირკვევა, რომ ზემო სართულების ოთახების განლაგებაც ანალოგიური იყო. ციხის აღმოსავლეთ კედელთან, გარედან მიშენებულია გეგმით სწორკუთხა, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სახლი დაყოფილი იყო სამ ნაწილად. აღმოსავლეთით დიდი დარბაზია, დანარჩენი ორი ოთახი უფრო მცირეა. ოთახების კედლებში ბუხრების კვალია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 29-33
- Акты исторические, собранные и изданные археологической комиссией т.1, Санкт-Петербург. 1841, стр. 247.
- Гвритишвили Д. Из истории социальных отношений феодальной Грузии. Тбилиси, 1955, с.260.
- Закарая П., Древные Крепости Грузии, Тб.,. в кн. "Крепостные сооружение Картли", Тб., "Мерани", 1969. 122.