ფოხალას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფოხალას ციხე — მდებარეობს შიდა ქართლში, ყოფილ ცხინვალის რაიონში (ამჟამად გორის მუნიციპალიტეტი), სოფელ ბელოთის მახლობლად, ფოხალას მთაზე.

ფოხალას ციხე დგას მთის ვიწრო თხემზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული. გალავნის შემორჩენილი ფრაგმენტებით დგინდება, რომ ციხე სიგრძით 100 მეტრს აღწევდა, ხოლო სიგანით 5-6 მეტრს. კედლებში ჩართული იყო სამი კოშკი. ერთი მათგანი იდგა მთის ყველაზე მაღალ წერტილზე, ხოლო დანარჩენი ორი სამხრეთ კედლის შუა ნაწილში. ამ ორი კოშკიდან მხოლოდ ერთია ნაწილობრივ შემორჩენილი.

ციხის აშენების ზუსტი თარიღი და ამშენებლის ვინაობა არსად არ მოიპოვება. იგი მხოლოდ ერთხელ მოიხსენიება მემატიანე იესე ბარათაშვილთან, როდესაც ის აღწერს 1777 წლის ქსნის ერისთავის გიორგის აჯანყებას, რომლის მოხედვითაც აჯანყებულმა ერისთავმა გაამაგრა ახალგორის, წირქოლის, მონასტრის, ფოხალას, სიათას, ბეხჩოს ციხეები. თვითონ ერისთავმა სიათას ციხეს შეაფარა თავი, ხოლო მისი შვილი ელისბარი კი ფოხალას ციხეში გამაგრდა. ერეკლე მეფემ აჯანყებულების წინააღმდეგ ჯარი გამოაგზავნა. ელისბარი არ იყო დარწმუნებული, რომ მეფის მრავალრიცხოვან ჯარს გაუმკლავდებოდა და იმერეთს შეაფარა თავი. ამის შემდეგ, მეფის ჯარის მიერ, სხვა ციხეებთან ერთად, ფოხალას ციხეც აიღეს.

ცილინდრული კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ქვა ნაცრისფერია. კოშკი სამსართულიანია. პირველი სართული გეგმით წრიულია, მეორე და მესამე სართულები თითქმის კვადრატულია, აქედან მესამე სართულის კუთხეები წაკვეთილია. მეორე და მესამე სართულებს ეზოდან დამოუკიდებელი შესასვლელები აქვს. შესასვლელები გაჭრილია სამხრეთით. მეორე სართულის ჩრდილოეთის კედელში მოწყობილია თაღოვანი ბუხარი. ბუხრის ორივე მხარეს სარკმლებია გაჭრილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში წყვილი სწორკუთხა ნიშია. მესამე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია დამრეცი სათოფურები. სამხრეთ კედელში მოთავსებულია ორი დიდი სარკმელი. აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ღრმა, სწორკუთხა ნიშია. ნიშის ორივე მხარეს მოწყობილია სათოფურები; სათოფურებია აგრეთვე კედლების კუთხეებში. სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. შემორჩენილია ხის კოჭები და მათი ბუდეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაქარაია პ., ცხინვალის რაიონი, თბ.,1982
  • შიდა ქართლი პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ნაწილი I, თბ., 2002