ერედვი
სოფელი | |
---|---|
ერედვი | |
ნანგრევებად ქცეული ერედვი თანამგზავრულ ფოტოზე (NASA, 2010) | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
თემი | ერედვი |
კოორდინატები | 42°14′46″ ჩ. გ. 44°02′20″ ა. გ. / 42.24611° ჩ. გ. 44.03889° ა. გ. |
ერედვი — სოფელი საქართველოში ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
ერედვი მდებარეობს მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1010 მ-ზე, ქალაქ ცხინვალის აღმოსავლეთით, 5 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერედვი წერილობით წყაროებში ცნობილია XIV საუკუნიდან. ის იხსენიება XIV-XVIII საუკუნეების ისტორიულ საბუთებში, ვახუშტი ბაგრატიონის, იოანე ბაგრატიონის და იოჰან გიულდენშტედტის თხზულებებში. ვახუშტის მიხედვით: „ქრცხილოვანის აღმოსავლით, პატარა ლიახვისკენ, არს ერედვის ციხე და ეკლესია მას შინა წმიდის გიორგისა სასწაულიანი“.
XIV-XVIII საუკუნეებში ერედვი მცხეთის საკათოლიკოსო მამულების სიაშია. აქ მამულები ჰქონდათ თავად ფავლენიშვილებსაც. ქართლის აჯანყების (1742-1745) დროს ერედვის ციხიდან ებრძოდა თეიმურაზ II გივი ამილახვარს. 1801-1922 წლებში შედიოდა გორის მაზრაში. 1918 წლის მარტში სოფელში მოხდა შეტაკება ბოლშევიკების მეთაურობით ამბოხებულ ოსებთან.
1922 წელს, სოფლის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ერედვი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს შეუერთეს.[1] 1989 წლისთვის ის ცხინვალის რაიონის ბერულის სოფსაბჭოში შედიოდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ სოფელი შედიოდა გორის რაიონში, 2006 წლიდან კი ერედვის მუნიციპალიტეტი ცალკე გამოიყო დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახით.
1990-იანი წლების ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა ერედვი მნიშვნელოვნად დააზარალა. 1991-1992 წლებში და, მოგვიანებით, 2004 წლის ივლის-აგვისტოში სოფელსა და მის შემოგარენში მოხდა არაერთი შეიარაღებული ინციდენტი, რასაც თან სდევდა მსხვერპლი და ნგრევა. 1990-იან წლებში სოფლის მოსახლეობის ოსური ნაწილი იძულებული გახდა ერედვი დაეტოვებინა. მომდევნო წლებში ერედვი წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მთავარ დასაყრდენს პატარა ლიახვის ხეობაში. სოფელში (ნიქოზთან და აჩაბეთთან ერთად) განთავსებული იყო ქართული სამშვიდობო ბატალიონის ერთ-ერთი პოსტი.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდში, 2008 წლის 1 აგვისტოდან ერედვი კვლავ გახდა ცხინვალიდან თავდასხმების სამიზნე. 8 აგვისტოდან რუსეთის ჯარებმა სოფელზე ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო იერიში მიიტანეს, 11 აგვისტოს კი მოახდინეს მისი ოკუპაცია. ერედვი მთლიანად დატოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ომის აქტიური ფაზის მომდევნო პერიოდში, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ერედვი მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს ოსმა სეპარატისტებმა, ნასოფლარს კი ოსური სახელი ერედი (ოს. Еред) უწოდეს.
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერედვი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სოფლის ცენტრში დგას ბურჯებით გამაგრებული კოშკებიანი ციხე, რომლის გალავნის შიგნით ორი ეკლესიაა: წმინდა გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკა (წარწერით დათარიღებული 906 წლით) და ახლოსვე პატარა დარბაზული ეკლესია. ერედვსა და ბერულას შორის, გორაკზე, დგას ძლიერ დაზიანებული სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც ცნობილია „ბერის საყდრის“ სახელით. თარიღდება X ს-ით. სოფლის განაპირას, „ბერის საყრის“ მახლობლად დგას წმინდა ელიას დარბაზული ეკლესია. თარიღდება XIV ს-ით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნოსი |
---|---|---|---|---|
1989[2] | 1 103 | 527 | 576 | ქართველები (75 %) ოსები (24 %) |
2002[3] | 918 | 470 | 448 | ქართველები (96 %) |
2015[4][ა] | 0 | — | — | — |
- ↑ სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებულ აღწერას არ სცნობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 177.
- გვასალია ჯ., მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 203, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სოსიაშვილი გ., პატარა ლიახვის ხეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში და მოსახლეობის პროტესტი, „მაცნე“ (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია), № 2, 2022. — გვ. 71-92.
- ↑ მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016), Перепись Южной Осетии за 2015 год.