გიორგი კვინიტაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე
გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

გიორგი კვინიტაძე (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი) (დ. 21 აგვისტო, 1874 ― გ. 7 აგვისტო, 1970), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1874 წელს დაღესტანში[1], პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა.

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918-1921 წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი, თუმცა მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა.

მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე („Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917–1921“).

ცოლად ჰყავდა (1911 წლიდან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (1889-1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: იდა, თამარი და ნინო. ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გიორგი კვინიტაძე“ ვიკისაწყობში.
  • Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том I. А—К. М., 2009
  • Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). Киев, 2001
  • Шабанов В. М. Военный орден Святого Великомученика и Победоносца Георгия. М., 2004

სქოლიო[რედაქტირება]