47-ე საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სსიპ - ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა
დირექტორი: ირმა ხუციშვილი
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 1621[1]
მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩიტაძის ქ. №9
ელ. ფოსტა: tbilisi47@mes.gov.ge

47-ე საჯარო სკოლა — საჯარო სკოლა თბილისში. მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, ჩიტაძის ქუჩა N 9-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1847 წელს, თბილისში, ერმოლოვის ქ. N 13, (ამჟამად ჩიტაძის N9) წარჩინებულ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ძალისხმევით გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი. თავდაპირველად სკოლას 7 კლასი ჰქონდა, შემდეგ დაემატა ორწლიანი პედაგოგიური კლასები. სკოლაში უმეტესად იღებდნენ თავადაზნაურებისა და ოფიცრების ქალიშვილებს 8-10 წლამდე. მოსწავლეთა ნაწილი პანსიონში ცხოვრობდა.

წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელს, დაარსების დღიდან, ხელმძღვანელობდა ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების საბჭო, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ანა ჭავჭავაძე, როზა ანანიაშვილი, მარიამ ჯაბაკურ-ორბელიანი, დარია ჭავჭავაძე, მარიამ ორბელიანი, მარიამ შერვაშიძე და სხვ.

თბილისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საღვთო რჯული (სარწმუნოებისა და მრწამსის მიხედვით), ქართული, რუსული, სომხური, ფრანგული, გერმანული ენები, საეკლესიო სლავური ენა, ისტორია, რუსეთის ისტორია, ახალი ისტორია, სამართალი, პედაგოგიკა, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, კოსმოგრაფია, მათემატიკა, ესთეტიკა, მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხაზვა, ხატვა, ჰიგიენა, ტანვარჯიში, ხელსაქმე, შრომა.

წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელმა იარსება 1921 წლამდე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სკოლებში შრომითი სწავლების შემოღების გამო, სკოლა გადაკეთდა მე-8 შრომის სკოლად. 1943 წლიდან, ქალ-ვაჟთა ცალ-ცალკე სწავლებასთნ დაკავშირებით, სკოლას ეწოდა თბილისის პირველი ქალთა საშუალო სკოლა, ხოლო 1954 წელს, ქალ-ვაჟის ერთად სწავლების შემოღებასთნ დაკავშირებით, 47-ე საშუალო სკოლა. 2007 წელს სკოლა 47-ე საჯარო სკოლად გადაკეთდა.

წმინდა ნინოს ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლას ეკუთვნის XIX საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული წმ. ნინოს სახელობის ეკლესია. იგი კეთილშობილ ქალთა სასწავლებლისათვის იყო განკუთვნილი, ამიტომაც ის სასწავლებელს ფართო დერეფნით უკავშირდებოდა. ეკლესიაში წირვა სასწავლებლის გოგონებისათვის ტარდებოდა. ტაძარში დაცულია ორი უძველესი და უნიკალური ხატი: წმ. ნინოს ხატი, რომელიც მისმა უდიდებულესობამ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლემ ალექსანდრამ შესწირა ეკლესიას და მეორე - ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც 1849 წლის 22 მაისს ათონის მონასტრიდან ჩამოაბრძანეს და საჩუქრად გადასცეს თავადის მეუღლეს ელისაბედ ვორონცოვას, წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის დაარსებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა. აქ ჯერ სკოლის შრომის კაბინეტი, შემდეგ კი სპორტული დარბაზი ფუნქციონირებდა. კედლები მოხატული არ ყოფილა, რაც დამახასიათებელია რუსული კლასიციზმის პერიოდისთვის. ეკლესიის ჩრდილოეთით გამოყოფილი იყო მიწის ნაკვეთი, რომელიც 47-ე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლებმა საბაღე ნაკვეთდ აქციეს. აქ დგას უნიკალური ჯიშის ხე, იაპონური ნეკერჩხალი, რომელიც დღესაც ამშვენებს სკოლის ეზოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესიის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძრის ქვედა ნაწილის წმ. ნანოს და წმ. მირიანის სახელი ეწოდა. 1991 წლის 30 მარტს აქ პირველი წირვა შესრულდა. თბილისის 47-ე სკოლაში სხვადასხვა დროს ასწავლიდნენ ამაგდარი და სახელმოხვეჭილი მასწავლებლები: ალაქსანდრე წერეთელი, თამარ ჯავახიშვილი, აგრაფინა ჭავჭავაძე, თამარ კარბელაშვილი, სოლომონ მრევლიშვილი, ვიქტორ ტროე, ქართული მათემატიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანდრია რაზმაძე, ანტონ მუჯირი, აკაკი ფაღავა, ეკატერინე ჯავრიშვილი, თამარ დარახველიძე, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, თამარ ჩიხლაძე, ნიკო ცხვედაძე, ლევან ღოღობერიძე, დიმიტრი სიდამონ-ერისთვი, ელენე მაყაშვილი, ბორის კანდელაკი და სხვ.

სკოლის მოსწავლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ მაიაკოვსკის და, ილია ჭავჭავაძის და, ელისაბედ თარხან-მოურავი (მილანის ოპერის ლასკალას პრიმადონა), პოეტი მარიჯანი, ქართველი მსახიობები: თამარ ჭავჭავაძე, თამარ ციციშვილი,ქეთევან ჯაფარიძე, ქართული ქორეოგრაფიის კორიფე ნინო რამიშვილი, საბჭოთა კავშირის გმირები: ვახტანგ ლეჟავა, თენგიზ ჯაფარიძე, კომპოზიტორი ოთარ გორდელი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]