სარკის წმინდა გიორგის მონასტერი
სარყის (სარკის) წმინდა გიორგის მონასტერი — მამათა მონასტერი ქარელის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის მხარეში, საქართველოში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია XVII საუკუნეში. 1997 წელს, მონასტერი აღადგინეს.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესია დაშენებულია ჯვრისებრი გეგმის ძველ ეკლესიის საძირკველზე. იგი ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (12,6X9 მ). ნაშენია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები წაგრძელებულია. ბემით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში მოსაზღვრე სათავსებში გასასვლელია გაჭრილი.
მკლავებში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში — რვა. გუმბათქვეშა კვადრატი შეისრულ თაღებს ეყრდნობა. კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. ეკლესიის ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდანით. დაბალი გუმბათის ყელი გარედან რვაკუთხაა და შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღედით. ეკლესია გადახურულია თუნუქის სახურავით. მოხატულობა ახალია.
სტატუსი და სიწმინდეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარკის მამათა მონასტერი ურბნისის და რუისისა ეპარქიის დაქვემდებარებაშია. მონასტერში დაბრძანებულია და ინახება წმ. გიორგის უძველესი და სასწაულმოქმედი ხატი. აღსანიშნავია, რომ ეკლესია არაერთხელ გაუძარცვავთ, ბოლოს 2009 წელს გაძარცვეს.
ლეგენდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიას ერთი ლეგენდა უკავშირდება სოფელ საღოლაშენთან არსებულ „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, სარყვის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ „დასარყულ“ მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე, ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 172, ISBN 978-99940-27-10-1.