იუგოსლავიის დაშლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუგოსლავიის დაშლის პროცესი დინამიკაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით 1989-დან 2006 წლამდე. იუგოსლავიის სახელმწიფოს ნგრევის ანიმაციური მოდელი
  იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა (1992-2003), სერბია და მონტენეგრო (2003-2006), სერბია (2006)
  საზღვრები ბოსნიასა და ჰერცეგოვინას შორის (1995)
  კოსოვო (გაეროს მისიის კონტროლქვეშ, 1999)

იუგოსლავია იყო მრავალეროვანი სახელმწიფო, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულამდე იყო გადაჭიმული. იუგოსლავიის ეს სივრცე ეთნიკური კონფლიქტების მხრივ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას წარმოადგენს მსოფლიო ისტორიაში. სულ რამდენიმე ათწლეულს გასტანა 6 რესპუბლიკისა და 2 ავტონომიური პროვინციის ერთობამ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური კონფლიქტების შედეგად ეს ფედერაციული გაერთიანება 5 სხვადასხვა სახელმწიფოდ დაიშალა და იმისდა მიხედვით, თუ დღეს ვინ, ან როგორ (რა კრიტერიუმით) დათვლის ამ სახელმწიფოებს, შეიძლება 6, ან 8 სახელმწიფო მივიღოთ. ესენია: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ 2 ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა.

ომის გამომწვევ ძირითად მნიშვნელოვან ფაქტორებად ანალიტიკოსები შემდეგს ასახელებენ:

1. სამოქალაქო ომს მეორე მსოფლიო ომის დროს,
2. დიდი სერბეთის იდეასა და
3. პანსლავიზმს.

ამავდროულად, ყველაზე დიდ პრობლემად რჩებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელიც ეთნიკური თვალსაზრისით მეტად ჭრელ რეგიონს წარმოადგენდა: 44 % მუსულმანი, 33 % სერბი და ხორვატი და სხვა უმცირესობები.

1991 წელს ევროპის თანამეგობრობის მიერ ინიციირებული ბადენტერის კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იუგოსლავია დაიშალა.

ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობა

ტიტოს გარდაცვალება

იოსიპ ბროზ ტიტოს გარდაცვალებისთანავე (1980 წლის 4 მაისი) არაჩვეულებრივი სისწრაფით გაღვივდა ეთნიკური კონფლიქტები, რადგან ტიტოს ბევრისთვის იუგოსლავიის შემაკავშირებელ ფიგურას წარმოადგენდა.

1974 წლის კონსტიტუციით ტიტოს ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება ერგო, რომლითაც ის ქვეყანას მართავდა. ბევრის აზრით, ტიტო თავისი ძალაუფლების მეშვეობით ახშობდა ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობათა ეროვნულ მისწრაფებებსაც.

სწორედ უმცირესობათა მისწრაფებების დათრგუნვამ გამოიწვია ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისი. სლოვენებში, ხორვატებში, კოსოვარებსა და სერბებში ტიტოს გარდაცვალებისთანავე გამძაფრებით იფეთქა დაგროვილმა ეროვნულმა თვითშეგრძნებამ. გადაუწყვეტელ სოციალურ, პოლიტიკურ და სხვა სახის პრობლემებს კი უკმაყოფილება დაემატა სასულიერო, სამხედრო და სამოქალაქო ფენებში და შეიქმნა მდგომარეობა, როცა ყველა მხარემ ლამის ერთდროულად მოისურვა ომი და შედეგმაც არ დააყოვნა; ქვეყანაში გაჩაღდა მრავალეთნიკური და ინტერკონფესიური შეფერილობის სამოქალაქო ომი.

ეთნიკური კონფლიქტის პირველი ნიშანი

1986 წელს სერბეთის მეცნიერებათა აკადემია აცხადებდა, რომ სერბული ნაციონალიზმი სულ უფროდაუფრო მძლავრობს, რომ იუგოსლავიაში მრავალი მნიშვნელოვანი პოსტი სერბებს უკავიათ.

სერბიას, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ყველაზე დიდ და დემოგრაფიულად ყველაზე ძლიერ ქვეყანას წარმოადგენდა 1974 წლის კონსტიტუციით შეუმცირეს გავლენის სფეროები; კოსოვომ და ვოივოდინამ შეიძინეს უფრო მეტი უფლებები, ხოლო სერბეთის სოციალისტურ რესპუბლიკას მხოლოდ შეზღუდულად შეეძლო ამ რეგიონებზე ზემოქმედება. პროვინციებს წევრი რესპუბლიკების დარად თითო-თითო ადგილი ჰქონდათ სამთავრობო საბჭოში. სწორედ ამ საბჭომ ითამაშა უხეირო როლი მოგვიანებით, რამაც განაპირობა კიდეც ომების ატყდომა.

მიუხედავად იმისა, რომ სლობოდან მილოშევიჩს სერბეთის საზღვრებს გარეთ არ გააჩნდა არანაირი კომპეტენცია, მას ჰქონდა ძლიერი გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით წამყვან პირებზე.

სერბ სოციალისტთა ლიდერს სურდა 1974 წლის მდგომარეობის აღდგენა. სხვა წევრი რესპუბლიკები (ხორვატია და სლოვენია) კი მილოშევიჩის ამ განზრახვას დიდი სერბეთისაკენ გადაგმულ ნაბიჯად განიხილავდნენ. მიუხედავად ამისა, სერბთა ლიდერმა მოახერხა ე. წ. ანტიბიუროკრატიული რევოლუციის ფარგლებში შეეზღუდა პროვინციების თანამონაწილეობის უფლება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ასე დანიშნა მან ორი სერბი პროვინციების წარმომადგენლებად, რითაც გაინაღდა საარჩევნებოდ მთელი რიგი ხმები.

ამ მოვლენათა შედეგად ეთნიკურმა ალბანელებმა კოსოვოში წამოიწყეს კოსოვოზე სერბთა გავლენის საწინააღმდეგო მოძრაობა. 1980 წელს ალბანელები შეადგენდნენ მოსახლეობის 77 %[1] იქ მცხოვრები სერბების რიცხვი შემცირდა როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ალბანელთა მიერ სერბების მიმართ განხორციელებული გენოციდის, ასევე მოგვიანებითაც სერბი მოსახლეობის [2] ჩაგვრის შედეგად, ისე რომ 1999 წელს სერბების 10 % -ღა თუ ცხოვრობდა კოსოვოში მხოლოდ.

ასე გაჩნდა კოსოვოში პროტესტების პირველი დიდი ტალღა, რომელსაც სერბეთის საპოლიციო ძალები და ინა (JNA = Jugoslovenska Narodna Armija, ანუ Југословенска народна армија. იხ. იუგოსლავიის სახალხო არმია) ახშობდა.

იუგოსლავიის სახალხო არმიის როლი

იუგოსლავიის სახალხო არმიის (სერბულ-ხორვატული აბრევიატურით: ინა-ს) ოფიციალური დროშა

იუგოსლავიის სახალხო არმიის როლი განსაკუთრებით ნათელი გახდა სლობოდან მილოშევიჩის სიტყვასა და საქმეში, რომელიც 1987 წლიდან მართავდა იუგოსლავიის კომუნისტურ პარტიას.

ჯერ კიდევ მილოშევიჩის ხელისუფლებაში მოსვლამდე, პოლიციასა და ინა-ში (JNA/JНA — იუგოსლავიის სახალხო არმია) სერბები დომინირებდნენ. თავის მხრივ კი, იდეოლოგიურად იუგოსლავიის სახალხო არმია საკუთარ თავს ტიტოს კომუნისტურ-პარტიზანული ტრადიციის კვალად განიხილავდა, როგორც ევროპულის ისტორიის გარდატეხის ერთ-ერთ თანამონაწილედა და იუგოსლავიის ევროპული ფაშიზმისაგან განმათავისუფლებლად და მხსნელად.

მოგვიანებით, ომის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საბრძოლო პროპაგანდაში ხორვატების გაიგივებას ისტორიულად ცნობილ ფაშისტურ ორგანიზაცია უსტაშასთან, ხოლო სერბებისა პარტიზანებთან. იუგოსლავიის სახალხო არმიას ხორვატები ზიზღნარევი ირონიით „იუგოვოისკას“ უწოდებდნენ.

1990-იანი წლების დამდეგს ინა (იხ. იუგოსლავიის სახალხო არმია) ნომინალურად სიძლიერით მსოფლიოს მეოთხე არმიად ითვლებოდა.

1990-იანი წლების კრიზისული დრო

იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მდებარეობა ევროპაში, 1945—1991 წწ. იუგოსლავია არ შედიოდა არანაირ საერთაშორისო პოლიტიკურ ბლოკში

კომუნისტთა ლიგა იუგოსლავიაში

1990 წლის იანვარში იუგოსლავიაში ჩატარდა კომუნისტთა ლიგის რიგგარეშე 14-ე კონგრესი. ეს ყრილობა სლოვენებისა და ხორვატების მხრიდან კრიტიკის ჩრდილში მოექცა შორსმხედველური პოლიტიკის ნაკლებობის გამო. სერბებს სურდათ ისეთი ლეგისლატიური (საკანონმდებლო) ძალაუფლება ჰქონოდათ, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. თავის მხრივ, ხორვატებსა და სლოვენებს სურდათ მეტი უფლება ჰქონოდათ თვითგამორკვევისათვის. ამის საპირისპიროდ მათ ვერ მიიღეს უმრავლესობა, შედეგად კი პროტესტის ნიშნად ხორვატებისა და სლოვენების დელეგაციებმა დატოვეს კონგრესი.

სოციალისტური სისტემის დაშლა

1990-იანი წლების დამდეგს აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში ერთმანეთის მიყოლებით დაინგრა კომუნისტური რეჟიმები გდრ-ში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში, და ბოლოს თვით საბჭოთა კავშირშიც კი. იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა, ალბანეთთან ერთად ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, რომელსაც დემოკრატიის პროცესი არ შეხებია. მაშინდელი იუგოსლავიის ფედერაციის წევრი რესპუბლიკები სლოვენია და ხორვატია მოითხოვდნენ მეტ დემოკრატიას, რადგან მათ ეს საკუთარი დამოუკიდებლობის მთავარ გარანტიად მიაჩნდათ. სლოვენიისა და ხორვატიის ეს მისწრაფება მეტი დემოკრატიისაკენ ძირითადად ვლინდებოდა მოთხოვნებში ფედერაციის რეფორმირების შესახებ. ხორვატიის და სლოვენიის მთავრობის ხელმძღვანელებს ფრანიო ტუჯმანსა და მილან კუჩანს გეზი რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობისაკენ ჰქონდათ აღებული.

პირველი თავისუფალი არჩევნები 1945 წლის შემდეგ

იუგოსლავიის ბიუჯეტი 1980-იანი წლების ბოლოს კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სლოვენია და ხორვატია კი ეკონომიკურად ყველაზე უფრო ძლიერ წევრ რესპუბლიკებს წამოადგენდნენ: სლოვენია მრეწველობის გამო, ხოლო ხორვატია კი მრეწველობის და ტურიზმისა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ითხოვდა ეს ორი რესპუბლიკა განსაკუთრებული დაჟინებით თანაბარუფლებიანობას ფედერაციის სხვა დანარჩენ წევრებთან ურთიერთობაში; საამისოდ მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ცენტრის მიერ ფინანსური გათანაბრების პოლიტიკა თანხების თანაბრად გადანაწილების გზით აზარალებდა მათ. ეკონომიკური პრობლემების ასევე „გახალხურების“ ერთ-ერთი მაგალითი იყო ისიც, რომ ფედერაციის მასშტაბით, სხვადასხვა რესპუბლიკებსა და პროვინციებში, ქალაქებსა და სოფლებში, დისკუსიები დაიწყო იმაზე, თუ ვინ ვის არჩენდა, რომელი რესპუბლიკა თუ ხალხი იყო „ბეჯითი“ და რომელი „ზარმაცი“. სწორედ ეკონომიკური (და ასევე ენათმეცნიერული. (იხ. სერბულ-ხორვატული ენა) პრობლემების „გახალხურება“ იყო მაშინდელ იუგოსლავიაში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივების ერთ-ერთი მიზეზი.

დიდი ხნის შემდეგ 1990 წელს გამართული პირველი თავისუფალი არჩევნების შედეგად, სლოვენია და ხორვატია გამოვიდა იუგოსლავიის ფედერაციის რეფორმირების მომხრედ, სერბეთსა და მონტენეგროში კი კომუნისტები კვლავაც სახელმწიფოთა ცენტრალისტური ერთობის შენარჩუნება სურდათ.

მართალია სლოვენიაში ყოფილმა კომუნისტმა მილან კუჩანმა კი გაიმარჯვა, მაგრამ მან გამარჯვება სწორედ იმიტომაც შესძლო, რომ რეფორმების კურსს უჭერდა მხარს.

ხორვატიაში არჩევნები მოიგო ფრანიო ტუჯმანმა თავის ახლადდაფუძნებულ ხორვატიის დემოკრატიულ პარტიასთან ერთად.

რაკი ორივე გამარჯვებული თავს საკუთარი თანამემამულეების მხრიდან მხარდაჭერას გრძნოდა, კიდევ უფრო გააძლიერდა სლოვენიისა და ხორვატიის მოთხოვნები იუგოსლავიის ფედერაციის რეფორმირების შესახებ და ერთგვარად ულტიმატიური სახეც კი მიიღო; რეფორმების არგატარების შემთხვევაში ისინი დამოუკიდებლობის გამოცხადებას იტოვებდნენ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ ალტერნატიულ გზად.

პირველი მღელვარებები

1990 წლის მარტში ხორვატიის დამოუკიდებლობის მომხრეთა დემონსტრაციის დროს სპლიტში აღელვებულმა მასამ ხორვატებისა ინა-ს სერბი ჯარისკაცი ჩამოახრჩო. დემონსტრანტთა აღელვების მიზეზი გახდა მსხვერპლი მანიფესტანტთა შორის; სერბმა ჯარისკაცმა თავისი ჯავშან-ტრანსპორტიორით რამდენიმე ადამიანი გაიტანა. გარდა ამისა, ხორვატების ყაზარმებში რამდენიმეჯერ ჰაერში გაისროლეს იარაღიდან საპასუხო აგრესიის საჩვენებლად.

მარტშივე შეიკრიბა ინა-ს კონსილიუმი, რათა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულიყო და არმია მღელვარებები ჩაეხშო. სერბია, მონტენეგრო, კოსოვო და ვოივოდინა გამოდიოდა საგანგებო მდგომარეობის მომხრედ, ხოლო ხორვატია, მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა კი პირიქით, ამგვარი ღონისძიების წინააღმდეგნი იყვნენ. საბოლოოდ არმია ვერ ჩაერია მაშინ მიმდინარე პროცესებში და ასე აირიდეს კიდეც თავიდან მდგომარეობის ესკალაცია.

კრაინა

1990 წლის აგვისტოში ხორვატიაში მცხოვრებმა სერბებმა კრაინაში („კნინსკა კრაინა“) დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ აქციის მონაწილეთ სურდათ მოეხდინათ რევოლუცია („ბალვან-რევოლუცია“). მათ გადაკეტეს ჩრლილოეთხორვატიიდან დალმაციისაკენ მიმავალი ტურისტთა სამარშრუტო გზა. როდესაც ხორვატიის სპეციალურმა ერთეულებმა ზაგრებიდან ვერტმფრენებით დააპირა ჩარეულიყო, ინა-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა ხელი შეუშალეს მათ და აიძულეს შეეწყვიტათ მისია. ასე გაჩნდა 1990 წელს დამოუკიდებელი კრაინა. დამოუკიდებლობა კრაინამ 1990 წლის 21 დეკემბერს გამოაცხადა. მთავრობის ხელმძღვანელი იყო მილან ბაბიჩი.

მარტინ შპიგელი

1991 წლის იანვარში კონტრაობავეშტაინა სლუჟბამ (საიდუმლო სამსახურმა) წარმოადგინა ხორვატიის თავდაცვის მინისტრის მარტინ შპიგელის საიდუმლო შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი ორ სხვა პირთან. ეს შეხვედრა 1990 წელს შემდგარა. შპიგელი ამბობდა: იარაღის მოწოდება და საერთოდ, სამხედრო კონტაქტები ინა-ს ოფიცრებთან მყარდებაო. ამ ფაქტზე ღალატისა და იარაღის ვაჭრობის (უნგრეთიდან) ბრალდებით დაკავებულ იქნა მარტინ შპიგელი. ბრალდებულმა საპასუხოდ სერბთა განადგურებისაკენ მოუწოდა ხორვატებს და მოწოდებათა შორის იყო ასეთიც "ალბანელებს უნდა დავეხმაროთ, შევაიარაღოთ… ქალი, კაცი, სამოქალაქო პირი სულ ერთია, ყველა სერბი უნდა განადგურდეს".

1991 წლის 9 მარტს სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრაცია სამხედრო ძალით იქნა ჩახშობილი, რომლის დროსაც 3 კაცი დაიღუპა. გარდა ამისა, ხორვატთა გასამხედროებული ერთეულები შეიჭრნენ სერბულ მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ინა-ს არ მოეთხოვებოდა შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, იგი (სერბებით დომინირებული სახალხო ლაშქარი) სულ უფრო და უფრო ერთვებოდა სამოქალაქო საქმეებში.

დამოუკიდებლობის დეკლარაციები

სტიეპან მესიჩი (2006), ხორვატიის პრეზიდენტი

1991 წლის აპრილს კრაინამ თავი ხორვატიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა. ხორვატიის აღმოსავლეთით სერბეთის მიმდებარე სხვადასხვა რაიონებში, სადაც სერბი მოსახლეობა ჭარბობდა, კრაინასთან მიერთება მოისურვეს და უარს თქვეს ზაგრებისათვის გადაეხადათ გადასახადები.

კვირების განმავლობაში ფედერაციის რეფორმირების გამო მიმდინარე ჭიდილის შემდეგ, რომელსაც ძირითადად იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციის სახელმწიფო პრეზიდიუმის კომისიაში ჰქონდა ადგილი, კიდევ უფრო გამძაფრდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დამთავრდა 1991 წლის მაისში ხორვატი სტიეპან მესიჩის მიერ (ქრისტიანულ-დემოკრატიული ერთობა) მორიგი თავმჯდომარედ გახდომა სერბეთის და მონტენეგროს წინააღმდეგობის შედეგად.

ხორვატიისთვის, ისევე როგორც სლოვენიისთვის მომხდარი ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულება იყო საიმისოდ, რომ კომუნისტური ძალები ბელგრადში ნამდვილი რეფორმების გატარებით სრულიად არ იყვნენ დაინტერესებული და ფედერაციის საერთო წესებს არღვევდნენ.

1991 წლის 25 ივნისს სლოვენიამ და ხორვატიამ პირველებმა გამოაცხადეს თავი დამოუკიდებლად. სლოვენიაში რესპუბლიკურ დონეზე მოაწყვეს ტერიტორიული თავდაცვა (ტერიტორიალნა ობრამბა) და იუგოსლავიის სახელმწიფო დროშები სლოვენიის დროშებით შეცვალეს.

სლოვენიის დამოუკიდებლობა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ათდღიანი ომი (სლოვენია).

სულ მოკლე ხანში, მას შემდეგ რაც სლოვენიამ და ხორვატიამ თავი იუგოსლავიის სახელმწიფოთა კავშირისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა დაიწყო საომარი ქმედებები სლოვენიის ტერიტორიული თავდაცვასა (ტერიტორიალნა ობრამბა) და ინა-სა შორის. აღსანიშნავია ის, რომ სლოვენთა ე. წ. „ტერიტორიალნა ობრამბას“ საამდროისოდ (1991 წლის ივნისისათვის) უკვე თავის კონტროლქვეშ ჰქონდა აყვანილი საზღვრის გადამკვეთი პუნქტები.

საომარი ქმედებები კონცენტრირებული იყო ცალკეულ სასაზღრე პუნქტებზე (მაგ. ავსტრიასთან), მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებსა და ინა-ს ყაზარმებზე. სლოვენები მოითხოვდნენ; ინა გასულიყო სლოვენიიდან, ხოლო მძიმე შეიარაღება კი მათთვის (სლოვენთათვის) დაეტოვებინა, რადგან ეს შეიარაღება მათ აწ უკვე თავიანთ კანონიერ საკუთრებად მიაჩნდათ. სლოვენთა მოულოდნელმა თავდაცვის უნარმა და საერთაშორისო შუამდგმლობამ ის შედეგი გამოიღო, რომ სულ რამდენიმე დღეში მეომარი მხარეები დაზავდნენ და სლოვენიამ და ხორვატიამ ივალდებულეს იარაღი გადაეცათ ინასათვის.

ხორვატიის დამოუკიდებლობა

ხორვატიის დროშა 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან

ბელგრადი, რომელიც ინას წყალობით პირდაპირ აღმოჩნდა კონფლიქტში ჩართული, ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს არალეგიტიმურ გასამხედროებულ ნაწილებად განიხილავდა, რის დასაბუთებაშიც მას ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიული არცნობაც უწყობდა ხელს.

1991 წლის ზაფხულში სლოვენიის და ხორვატიის ტერიტორიულმა თავდაცვის ძალებმა, ამავე რესპუბლიკათა რწმუნებით, იუგოსლავიის სახალხო არმიას (ინა-ს) მსუბუქი შეიარაღება გადასცა.

ამას კი შემდგომში ხორვატიისთვის უნდა ჰქონოდა ყველაზე ცუდი და გადამწყვეტი შედეგი. მაიორმა ველიკო კადიევიჩმა, რომელიც ინა-ს მნიშვნელოვანი სამხედრო ფიგურა იყო, მოგვიანებით ბი-ბი-სი-ს დოკუმენტურ მასალებში („ძმათა ომი“) დაუფარავად ამბობდა რომ ბელგრადს მაშინ თვალი ხორვატიაზე ეჭირა.

სერბებს არანიარი ნაციონალური ინტერესები სლოვენიაში არ ჰქონდათ, ამ ქვეყნისთვის ღია ომის გამოცხადება დამოკიდებლობისთვის სწრაფვის გამო არ იქნებოდაო გამართლებული საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე, სრულიად გასხვავებული მოლოდინი ჰქონდათ ხორვატიასთან მიმართებაში.

დღევანდელი პერსპექტივიდან კი სერბთა მიერ სლოვენიიდან ინა-ს ჯარების გამოყვანა და ამით ფედერაციის ინტეგრიტეტის ფაქტობრივი დათმობა იმ მიზანს მსახურებდა, რომ ძალების კონცენტრაცია დამოუკიდებლობისაკენ ასევე მსწრაფი ხორვატიის წინააღმდეგ ომისათვის მოეხდინათ.

შედეგები

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ხორვატიის სერბებმაც გამოაცხადეს კრაინის სერბთა რესპულიკა. იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დღესვე გასცა ბრძანება საზღვრების დაცვის შესახებ.

ინა-ს ჯარები გეგმავდა 48 საათის განმავლობაში დაემყარებინა კონტროლი ხორვატიასა და სლოვენიაში. მიუხედავად ამისა, ეს ვერ მოხერხდა, რადგან არათუ უბრალოდ ჯარისკაცების, არამედ საკუთარი თანამემამულეების მოკვლა მოუწევდათ. ამრიგად, სლოვენიამ მოახერხა რიცხობრივად უმცირესი მსხვერპლის გაღებით გამოყოფილიყო ფედერაციას.

(1991 წლის 7 ივლისი) ბრიონის შეთანხმების მიხედვით სთხოვა ევროპის გაერთიანების თხოვნის საფუძველზე ხორვატიამ და სლოვენიამ სამი თვით შეეჩერებინა დამოუკიდებლობის პროცესი. ამ სამ თვეში მიაღწია სლოვენიამ დამოუკიდებლობას.

1991 წლის აგვისტოში მაინც დაიწყო ერთწლიანი ომი ხორვატიაში. სერბთა კრაინა ხორვატიის წინააღმდეგ აწარმოებდა ომს ინა-ს მეშვეობით, რომელსაც სერბეთიდან იმართებოდა.

1991 წლის სექტემბერში მაკედონიამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ. მაკედონია ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბელგრადის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 500 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა გაგზავნილი გაეროს მანდატით მშვიდობის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტმა კირო გლიგოროვმა შესძლო ჩამოეყალიბებინა კარგი ურთიერთობები ბელგრადთან და სხვა რესპუბლიკებთან.

1991 წლის ნოემბერში ლორდ კერინგტონის თხოვნის საფუძველზე ევროპის გაერთიანების მიერ ინიციირებულ ე. წ. ბადენტერის კომისიას („Arbitration Commission of Peace Conference on Former Yugoslavia“) დაევალა შესაბამისი მოხსენების მომზადება იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებით. კომისია, რომელსაც რობერ ბადენტერი ხელმძღვანელობდა, შემდეგ დასკვნამდე მივიდა;

  • იუგოსლავია იმყოფება დაშლის პროცესში.
  • იუგოსლავიის წევრ რესპუბლიკებში მცხოვრებ სერბებს საკუთარი რესპუბლიკების შექმნის უფლება არა აქვთ.
  • ფედერაციის ცალკეულ წევრ რესპუბლიკებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ცნობილი საზღვრები აქვთ და წარმოადგენენ რესპუბლიკებს.

1991 წლის 27 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა რეზოლუცია N 721, რომლის მიხედვითაც ჯარისკაცები მშვიდობის შენარჩუნების მიზნით არიან განლაგებული წევრ რესპუბლიკებში. მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედების შეჩერება ბევრგან მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Almond, Mark, Europe’s Backyard War, William Heinemann Ltd., დიდი ბრიტანეთი, 1994
  • et al. Duncan, W. Raymond and Holman, G. Paul, Ethnic Nationalism and Regional Conflict: The Former Soviet Union and Yugoslavia, Westview Press Inc, USA, 1994. ISBN 0-8133-8813-9
  • Dragosavljevic, Angelija, Slobodan Milosevic: A Study In Charismatic Leadership And Its Distortions 1987-1992, Australian National University Press, Canberra, 1993
  • Magas, Branka, The Destruction of Yugoslavia: Tracking the Break-up 1980–1992, Verso, Great Britain, 1993. ISBN 0-86091-593-X
  • Mojzes, Paul, Yugoslavian Inferno: in the Balkans, The Continuum Publishing company, USA, 1994
  • Parenti, Micheal, To Kill a Nation: The Attack on Yugoslavia, Verso, London, 2000
  • Radan, Peter, Break-up of Yugoslavia and International Law, Routaledge, Great Britain, 2002
  • Woodward, Susan, L. Balkan Tragedy: Chaos & Dissolution after the Cold War, the Brookings Institution Press, Virginia, USA, 1995

სქოლიო

  1. Bevölkerungsentwicklung im Kosovo
  2. Ruza Petrovic; Marina Blagojevic [1992]. რედ. Milos Macura: The Migration of Serbs and Montenegrins from Kosovo and Metohija. Belgrade: Serbian Academy of Sciences and Arts. ISBN 86-7025-154-X 1. წაკითხვის თარიღი: 2007-03-07.