იოსიპ ბროზ ტიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსიპ ბროზ ტიტო
იოსიპ ბროზ ტიტო
იუგოსლავიის კომუნისტთა ლიგის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
მარტი, 1939 – 4 მაისი, 1980
წინამორბედი მილან გორკიჩი
მემკვიდრე ლაზარ მოისოვი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 იანვარი, 1965 – 4 მაისი, 1980
წინამორბედი ივან რიბარი (როგორც, სახალხო ასამბლეის პრეზიდიუმის პრეზიდენტი)
მემკვიდრე ლაზარ კოლიშევსკი

დაბადებული 7 მაისი, 1892
კუმროვეცი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვლილი 4 მაისი, 1980
ლუბლიანა, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტია იუგოსლავიის კომუნისტთა ლიგა
მეუღლე პელაგია ბელოუსოვა (1919–1939)
ჰერტა ჰაასი (1940–1943)
დავორიანკა პაუნოვიჩი (არაოფიცილურად, 1941-1946)
იოვანკა ბუდისავლევიჩი (1952–1980)
შვილები ზლატკო ლეონ ბროზი
მიშო ბროზი
ხელმოწერა Tito signature.svg

იოსიპ ბროზ ტიტო დაბადებით იოსიპ ბროზი (სერბ-ხორ. Јосип Броз, Josip Broz), ტიტო პარტიული ფსევდონიმია რომელიც მოგვიანებით შეუერთდა გვარს (დ.7 მაისი 1892, კუმროვეცი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია — გ. 4 მაისი, 1980, ლუბლიანა, სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) — იუგოსლავიელი კომუნისტი, პარტიზანული წინააღმდეგობის მეთაური მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ლიდერი 1945-1980 წლებში, მარშალი (29 სექტემბერი 1943).

იოსიფ ბროზ ტიტო 1892 წლის მაისში დაიბადა ჩრდილოეთ ხორვატიაში, კუმროვეცში მდიდარი გლეხის ოჯახში. ტიტო თავიდანვე გამოირჩეოდა ნაციონალისტური მსოფლმხედველობით, ავანტიურიზმით, ქედმაღლობითა და განდიდების მანიით. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი იბრძოდა კარპატების ფრონტზე რუსებისა და სერბების წინააღმდეგ. იგი რუსებს ტყვედ ჩაუვარდა, შემდეგ აღმოჩნდა დასავლეთ ციმბირში, სადაც წისქვილში მექანიკოსად მუშაობდა. რუსეთში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ იგი სამშობლოში არ დაბრუნებულა, შევიდა ბოლშევიკურ პარტიაში და მოსკოვში განაგრძო სწავლა. იმ პერიოდში იგი დაუახლოვდა ტროცკისტ ბელა კუნს, რომლის დახმარებითაც გაიკეთა კარიერა და იმჟამინდელი კომინტერნის აპარატში დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

30-იანი წლების მეორე ნახევრის დამდეგს ტიტო იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდა. ფაშისტური გერმანიის მიერ იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა პარტიზანულ მოძრაობას. 1943 წლის ივნისში ტიტო დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოსნიაში, სუტიესკის ბრძოლაში.

პარტიზანების ზეწოლის შედეგად ხორვატიაში პაველიჩისა და სერბეთში ნედიჩის მთავრობები დაემხო და 1945 წლის 7 მაისს ტიტომ ხელი მოაწერა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის დეკლარაციას. იუგოსლავიის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, იუგოსლავიის სახალხო გმირის წოდება მიენიჭა ქართველ მფრინავ ალექსანდრე მანაგაძეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იოსებ სტალინი და ტიტო აღმოსავლეთ ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ მოდელზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავიას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

1953 წელს ტიტო იყო პირველი სოციალისტური ბლოკის წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო, ტიტომ შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილთან და დედოფალ ელისაბედ II-ესთან. პროფესიით ზეინკალმა იოსიპ ბროზ ტიტომ თავისი დახვეწილი მანერებით, როიალზე დაკვრის დიდებული ტალანტითა და ერუდიციით ერთობ გააოცა და აღაფრთოვანა დედოფალი. მას შემდეგ, რაც გასაიდუმლოებული შეხვედრა დასრულდა, განუმეორებელი შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა ელისაბედმა, თავის ქვეშევრდომებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: თუკი ეს ადამიანი ზეინკალია, მაშინ მე არ ვყოფილვარ დიდი ბრიტანეთის დედოფალიო.

ცივი ომის პირობებში, 1955 წლის აპრილში ტიტომ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის პრეზიდენტ აჰმედ სუკარნოს მიერ 1955 წელს მოწვეულ ბანდუნგის კონფერენციაში, სადაც იუგოსლავიის გარდა აფრიკისა და აზიის ქვეყნები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ორგანიზატორები სუკარნოსთან და ტიტოსთან ერთად იყვნენ ბირმის პრემიერ-მინისტრი უ ნუ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ, ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი და განი პრეზიდენტი კვამე ნკრუმა. მათ მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ ვიეტნამის პრეზიდენტი ჰო ში მინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერი ჯოუ ენლაი და კამბოჯის მონარქი ნოროდომ სიანუკი. კონფერენციის მდივანი ცნობილი ბირმელი დიპლომატი უ ტანი იყო. კონფერენციაზე იმსჯელეს „მესამე სამყაროს“ ქვეყნების დემოკრატიული განვითარების სტრატეგიაზე და დაგმეს კოლონიალიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია, მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებს. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებები გრძელდებოდა, 1956 წელს სამხრივი შეხვერდები გაიმართა ტიტოს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუს და ეგვიპტის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს შორის.

1955 წელს, საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკასთან ურთიერთობა განაახლა და ბელგრადშიც ჩავიდა. 1956 წელს იოსიპ ბროზ ტიტო საპასუხო ვიზიტით საბჭოთა კავშირს ეწვია. ამ დროს, მან გაიცნო და განსაკუთრებით დაუმეგობრდა საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივან ვასილ მჟავანაძეს. 1958 წელს ვასილ მჟავანაძე, ოჯახთან ერთად, ესტუმრა იუგოსლავიას. ხოლო 1967 წელს, მეორედ ჩავიდა ბელგრადში. მჟავანაძეების ოჯახს კუნძულ ბრიონზე იოსიპ ბროზ ტიტო და მისი მეუღლე მასპინძლობდნენ, მჟავანაძის და ტიტოს ურთიერთობის ძირითადი ინტერესები სოფლის მეურნეობის განვითარება იყო.

1961 წლის სექტემბერში, ბელგრადის პირველ კონფერენციაზე, ტიტოს და მისი თანამოაზრე ქვეყნების მეთაურთა მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ოცდახუთი სახელმწიფოს შემადგენლობით შეიქმნა მიუმხრობლობის მოძრაობა. მოძრაობის გენერალურ მდივნად ტიტო აირჩიეს, რომელიც ამ პოსტს 1964 წლამდე იკავებდა, შემდეგ კი გამელ აბდელ ნასერიმ შეცვალა.

ტიტო სამჯერ იყო დაქორწინებული, პირველი მეუღლე იყო პელაგია ბელოუსოვა, რომელიც რუსეთში გადასახლებისას, ომსკში გაიცნო 1918 წელს, ამ დროს პელაგია 13 წლის იყო. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა და მალევე საცხოვრებლად იუგოსლავიაში გადავიდნენ. მათ ხუთი შვილი ეყოლათ, თუმცა მხოლოდ ერთი, ზლატკო ლეონი (დაბ. 4 თებერვალი, 1924) გადარჩა. 1928 წელს პელაგია ტიტოს დაპატიმრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში დაბრუნდა, 1936 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ.

1936 წელს, მოსკოვში ვიზიტისას ტიტომ გაიცნო ავსტრიელი კომუნისტი ლუსია ბაუერი და იქორწინა მასზე, თუმცა მოგვიანებით მათი ქორწინების დოკუმენტი გაუჩინარდა.

1940 წელს მეორედ იქორწინა სლოვენიელ ჰერტა ჰაასზე, რომელთანაც ვაჟი, მომავალი დიპლომატი მიშო ბროზი გაუჩნდა. ჰერტაზე დაქორწინებიდან მალევე ტიტომ პარალელური ურთიერთობა გააბა, საკუთარ პირად მდივანთან დავორიანკა პაუნოვიჩთან, თანაპარტიელებში ცნობილი კოდური სახელით ზდენკა. 1943 წელს ტიტო ჰერტა ჰაასს ოფიციალურად დაშორდა და არაფორმალური თანაცხოვრება გააგრძელა ზდენკა პაუნოვიჩთან, რომელიც 1946 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ტიტომ პაუნოვიჩი საკუთარი რეზიდენციის, ბელი დვორის ეზოში დაკრძალა.

ტიტოს შემდეგი რჩეული იოვანკა ბუდისავლევიჩი იყო, მათი პირველი შეხვედრისას ტიტო 59 წლის იყო, იოვანკა კი მხოლოდ 27-ის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის გაცნობიდან მალევე, 1952 წლის აპრილში დაქორწინებულიყვნენ. იოვანკა ბროზი ტიტოს სიკვდილამდე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

იოსიპ ბროზ ტიტო 87 წლის ასაკში ლიუბლიანაში, 1980 წლის 4 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ბელგრადში „ყვავილების სახლში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]