სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიმი კარტერი და ლეონიდ ბრეჟნევი ხელს აწერენ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მეორე შეთანხმებას, ვენა, 18 ივნისი, 1979 წელი

სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება — ორმხრივი მოლაპარაკებების სერია აშშ-სა და სსრკ-ს შორის, რომელიც იარაღზე კონტროლს შეეხებოდა. მიმდინარეობდა ორ რაუნდად და ხელი მოაწერეს ორ ხელშეკრულებას: სშშშ I (SALT I - 1972) და სშშშ II (SALT II - 1979).

ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებები აშშ-სა და სსრკ-ს შორის 1969 წელს ჰელსინკიში დაიწყო. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ხელი მოაწერეს სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულებებს, რომელსაც მოიხსენიებენ START-I (1991), START-II (1993) და START-III (2010) სახელებით.

SALT I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SALT I - არის სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შეთანხმების მიღებული სახელწოდება. ეს ხელშეკრულება ზღუდავდა ბალისტიკური რაკეტებისა და გამშვები დანადგარების იმ რაოდენობას, რომელსაც იმ მომენტისათვის ფლობდა ორივე მხარე.

მოლაპარაკება მიმდინარეობდა 1969 წლის 17 ნოემბრიდან 1972 წლის 26 მაისამდე. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ჰელსინკისა და ვენაში. დიდი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები ჩიხში შედიოდა. 1971 წელს ხელი მოაწერეს წინასწარ ხელშეკრულებას, ხოლო 1972 წლის 26 მაისს მოსკოვში ხელი მოაწერეს დროებით ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ.

SALT II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლაპარაკებები სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების შესახებ მიმდინარეობდა 1972 წლიდან 1979 წლამდე. ხელშეკრულებას 1979 წლის 18 ივნისს მოაწერეს ხელი ვენაში. ხელშეკრულებას სსრკ-ის მხრიდან ხელი მოაწერა ლეონიდ ბრეჟნევმა, ხოლო აშშ-ის მხრიდან ჯიმი კარტერმა. ხელშეკრულების დადებიდან ექვს თვეში სსრკ-მ შეიარაღებული კონტიგენტი შეიყვანა ავღანეთში, რის გამოც სენატმა არ მოახდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]