შინაარსზე გადასვლა

იური ანდროპოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ანდროპოვი
რუს. Юрий Владимирович Андропов
დაბადების თარიღი 2 (15) ივნისი, 1914[1]
დაბადების ადგილი სოლუნო-დმიტრიევსკოე, სტავროპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი, 1984(1984-02-09)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
განათლება კალაშნიკოვის სახელობის რიაბინსკის რეჩნოეს სასწავლებელი, სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა და პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე/ები ტატიანა ანდროპოვა[10] და ნინა ივანოვნა იენგალიჩევა[10]
შვილ(ებ)ი იგორ ანდროპოვი
ჯილდოები იხ. ჯილდოები

იური ვლადიმერის ძე ანდროპოვი (რუს. Юрий Владимирович Андропов; დ. 2 ივნისი [ ძვ. სტ. 15 ივნისი] 1914[11], ნაგუტსკაია, სტავროპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 9 თებერვალი 1984, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი (1982–1984), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1983–1984). სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (1967–1982). სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1962–1967), ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი 1973 წლიდან. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს III და VI–X მოწვევების დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი (1974), ლენინის ორდენის ოთხგზის კავალერი (1957, 1964, 1971, 1974).

1930 წელს შევიდა კომკავშირის რიგებში. 1932 წელს რიბინსკის სანაოსნო ტრანსპორტის ტექნიკუმში შესვლის შემდეგ სწავლასთან ერთად მუშაობდა ვოლგის სანაოსნოს სხვადასხვა გემზე მეზღვაურად, მეშტურვალედ და კაპიტნის თანაშემწედ. შემდეგ სწავლობდა პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა.

1936 წელს აირჩიეს იაროსლავლის ოლქის ქალაქ რიბინსკის სანაოსნო ტრანსპორტის ტექნიკუმის კომკავშირული ორგანიზაციის მდივნად. მალევე დააწინაურეს სრულიად საკავშირო ალკკ ცენტრალური კომიტეტის კომორგად ქალაქ რიბინსკის ვოლოდარსკის სახელობის გემთსაშენში.

1937 წელს დაინიშნა სრულიად საკავშირო ალკკ იაროსლავლის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგედ.

1939 წელს ის გახდა კომუნისტური პარტიის წევრი.

1940 წლიდან იყო კარელიის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის პირველი დღეებიდან მონაწილეობდა კარელიის პარტიზანულ მოძრაობაში. ქმნიდა კომკავშირულ იატაკქვეშეთს და ეწეოდა პოლიტიკურ მუშაობას ახალგაზრდობას შორის მოწინააღმდეგის მიერ დროებით ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიაზე, წარმართავდა ფრონტის ხაზს იქით საბრძოლო ჯგუფების გაგზავნასა და მტრის ზურგში ოპერაციათა განხორციელებას. ქალაქ პეტროზავოდსკის ფაშისტ დამპყრობთაგან განთავისუფლების შემდეგ 1944 წელს ანდროპოვს აწინაურებენ პარტიულ სამუშაოზე. არჩეული იყო პარტიის პეტროზავოდსკის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1947 წელს — კარელიის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად, 1951 წელს ანდროპოვი გადაჰყავთ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პარატში.

1951 წელს გადაჰყავთ სკკპ ცენტრალური კომიტეტის აპარატში, სადაც მუშაობს ცენტრალურ კომიტეტის ჯერ ინსპექტორად, შემდეგ ქვეგანყოფილების გამგედ. 1953 წლიდან დიპლომატიურ სამუშაოზეა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

1954 წელს ინიშნება სსრ კავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში. 1957 წელს ანდროპოვს ამტკიცებენ სკკპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგედ.

1961 წელს პარტიის XXII ყრილობასა და ყველა მომდევნო ყრილობაზე ანდროპოვს ირჩევენ სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. 1962–1967 წლებში მუშაობდა სკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად. 1967 წელს იგი აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად.

1967–1982 წლებში იყო სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1973 წლიდან იყო ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი.

საბჭოთა კავშირის ლიდერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი. 12 ნოემბერს მისი ადგილი დაიკავა იური ანდროპოვმა.

მიუხედავად მისი ხანმოკლე მოღვაწეობისა, მან ქვეყანაში დაიწყო მთელი რიგი ცვლილებები. იგი გამოირჩეოდა წინა ლიდერებთან შედარებით სიმკაცრით. ანდროპოვმა აქტიური ბრძოლა გამოუცხადა დისიდენტებს; მისი ინიციატივით განხორციელდა სოლჟენიცინისა და სახაროვის გადასახლება და დაკავება. წამოიწყო ანტიკორუფციული ბრძოლა. დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია შრომის დისციპლინის გასაძლიერებლად. მის დროს კონტროლი გამკაცრდა მრეწველობაში; დააწესა ჯარიმები და ციხე მათთვის, ვინც ფარულად აცარიელებდნენ სსრკ-ის ბიუჯეტს. თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ იმ პირებს, ვინც არღვევდნენ კანონებს. მან მეტი ავტონომია მიანიჭა სახელმწიფო საწარმოებს, რის შედეგადაც ქარხნების ხელმძღვანელ პირებს საშუალება მიეცათ, მეტი კონტროლი გაეწიათ მოგებისათვის. მისმა ასეთმა პოლიტიკამ შედეგად გამოიღო ის, რომ 7%-ით გაიზარდა სამრეწველო პროდუქტები. აგრეთვე გაიზარდა ინვესტიციები, რომლებმაც გზა გაუხსნეს რობოტებისა და სხვა მანქანა-დანადგარების განვითარება-გაუმჯობესებას.

საგარეო პოლიტიკა, კვლავ უცვლელი რჩებოდა. ანდროპოვი ცდილობდა ჰელსინკის ხელშეკრულების ანულირებას. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ისევ დაძაბული იყო, სსრ კავშირში მიმდინარე ცვლილებებით შეშფოთებულმა რეიგანმა საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად“ გამოაცხადა.

1983 წელს შეერთებულმა შტატებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, დანიისა და იტალიის ტერიტორიებზე განალაგა პერშინგ-2-ის (MGM-31C Pershing II) საშუალო სიშორის ბალისტიკური და სხვადასხვა ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, რითაც დაარღვია ჟენევის მოლაპარაკების შეთანხმებანი განიარაღების შესახებ.[12] საპასუხოდ, 1983 წლის ნოემბერში, სსრ კავშირი გამოვიდა ევრორაკეტების შესახებ მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებიდან. ანდროპოვმა განაცხადა, რომ სსრ კავშირი მიიღებდა რიგ საპასუხო ზომებს: განათავსებდა მოკლე რადიუსის ბირთვულ რაკეტებს აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში და გადაიყვანდა საბჭოთა ბირთვულ წყალქვეშა ნავებს აშშ-ს სანაპიროსთან უფრო ახლოს. ამავდროულად, შეწყდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის საჯარო კრიტიკა და გადაიდგა ნაბიჯები ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ანდროპოვს სურდა ჩინეთთან მოკავშირეობა აშშ-სა და ნატოს წინააღმდეგ გამოეყენებინა, თუმცა საქმე სსრკ-ჩინეთს შორის ვაჭრობის გარკვეულ განვითარებასა და პროპაგანდისტული ომის დასრულების იქით არ წასულა.

1983 წლის შემოდგომაზე ანდროპოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ექიმებმა ურჩიეს სიცივეს მორიდებოდა. სექტემბერში მან გამართა პოლიტბიუროს სხდომა და ყირიმში გაფრინდა შეხვედრაზე, სადაც გაცივდა. ეს იყო მისი ბოლო შეხვედრა. 7 ნოემბრის აღლუმზე ჯანმრთელობის გართულების გამო არ გამოცხადებულა. მისი ორგანიზმი სუსტი აღმოჩნდა და, შესაბამისად, დაავადებაც ძნელად განკურნებადი გახდა. ანდროპოვი 1984 წლის 9 თებერვალს 04:50 გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით თირკმლის უკმარისობით. ბევრი ვერსიებია მისი დაღუპვის შესახებ გამოთქმული. არის ვერსია, რომლის მიხედვითაც ის მოკლეს.

სსრ კავშირის ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გურული, ვ., საბჭოთა კავშირის დაშლა;
  • Чазов Е., «Хоровод смертей. Брежнев, Андропов, Черненко…».
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118649310 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. Encyclopædia Britannica
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. TracesOfWar
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Munzinger Personen
  10. 10.0 10.1 https://www.istmira.com/w-hist/history-of-russia/4454-biography-of-yuri-andropov.html
  11. თავად ანდროპოვის მტკიცებით — იგი დაიბადა არა 1914, არამედ 1915 წელს, მან თარიღი გადაიკეთა ტექნიკუმში მოსახვედრად იხილეთ დაარქივებული 2011-11-07 საიტზე Wayback Machine.
  12. Andreas Parsch. Boeing SM-80/LGM-30 Minuteman. Designation-Systems.Net. ციტირების თარიღი: 2025-10-19