კონსტანტინე ჩერნენკო
კონსტანტინე უსტინის ძე ჩერნენკო (რუს. Константин Устинович Черненко; დ. 24 სექტემბერი, 1911, სოფელი ბოლშაია ტესი, მინუსინსკის მაზრა, ენისეის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 10 მარტი, 1985, მოსკოვი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი) — საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი 1984 წლის 13 თებერვლიდან 1985 წლის 10 მარტამდე. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1984 წლის 11 აპრილიდან 1985 წლის 10 მარტამდე. სკპ(ბ)-ის წევრი 1931 წლიდან, სკკპ ცკ-ის წევრი 1971 წლიდან, (კანდიდატი — 1966 წლიდან), სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი 1978 წლიდან (კანდიდატი — 1977 წლიდან). სამგზის სოციალისტური შრომის გმირი (1976, 1981, 1984). დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შრომითი ცხოვრება კ. ჩერნენკომ ადრეული ასაკიდან დაიწყო, როცა მოჯამაგირედ მუშაობდა კულაკებთან. მთელი მისი შემდგომი შრომითი საქმიანობა დაკავშირებული იყო ხელმძღვანელ მუშაობასთან კომკავშირულ, შემდეგ კი პარტიულ ორგანოებში. 1929–1930 წლებში კ. ჩერნენკო იყო სრულიად საკავშირო ალკკ კრასნოიარსკის მხარის ნოვოსელოვოს რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე. 1930 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. 1931 წელს შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. 1933 წლამდე მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში, იყო სასაზღვრო საგუშაგოს პარტიული ორგანიზაციის მდივანი.
ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კრასნოიარსკის მხარეში — პარტიის ნოვოსელოვოსა და უიარის რაიკომების პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ, კრასნოიარსკის მხარის პარტიული განათლების სახლის დირექტორად, პარტიის კრასნოიარსკის სამხარეო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის მოადგილედ, პარტიის სამხარეო კომიტეტის მდივნად. 1941 წლიდან 1943 წლამდე იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კრასნოიარსკის რეგიონული კომიტეტის მდივანი. 1943 წლიდან სწავლობდა სკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ პარტორგანიზატორთა უმაღლეს სკოლაში, სწავლის დამთავრების შემდეგ 1945 წლიდან მუშაობდა პარტიის პენზის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1948 წელს გაგზავნეს მოლდავეთის სს რესპუბლიკაში და დაამტკიცეს მოლდავეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ. სწორედ აქ, 1950-იანი წლების დასაწყისში შეხვდა ჩერნენკო ლეონიდ ბრეჟნევს, რომელიც იმ პერიოდში მოლდავეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. მათი საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. 1950 წლიდან ჩერნენკოს კარიერა განუყოფლად არის დაკავშირებული ბრეჟნევის კარიერასთან.
1956 წელს კ. ჩერნენკო დააწინაურეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის აპარატში სამუშაოდ, სადაც იგი სათავეში ჩაუდგა სექტორს პროპაგანდის განყოფილებაში, და ამავე დროს დაამტკიცეს ჟურნალ „აგიტატორის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად. 1960 წლიდან მუშაობდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსად. 1965 წელს კი დაამტკიცეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის საერთო განყოფილების გამგედ. 1966–1971 წლებში იგი სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატია, 1971 წლის მარტის პარტიის XXIV ყრილობაზე იგი აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად, ხოლო 1976 წლის მარტში პარტიის XXV ყრილობის შემდეგ გამართულ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე — სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად. 1977 წლიდან იგი პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატია, ხოლო 1978 წლიდან — სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი. იყო სსრ კავშირის მე-7–10 მოწვევის უმაღლესი საბჭოს და რუსეთის სფსრ მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. იყო საბჭოთა დელეგაციის წევრი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თათბირზე (ჰელსინკი, 1975). მონაწილეობდა ვენაში განიარაღების საკითხებისადმი მიძღვნილ მოლაპარაკებაში (1979).
საბჭოთა კავშირის ლიდერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდროპოვის გარდაცვალების შემდეგ ის 1984 წლის 13 თებერვალს გამართულმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის რიგგარეშე პლენუმმა კ. უ. ჩერნენკო აირჩია სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად.[11] ჩერნენკო მაშინ იყო 72 წლის. მას არ აძლევდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაეტარებინა, რათა საბჭოთა სახელმწიფო ეხსნა სტაგნაციისაგან. ის ცდილობდა სისრულეში მოეყვანა სკკპ XXVI (1981) ყრილობის გადაწყვეტილებანი, ხორცი შეესხა რა მათთვის. კონსტანტინ ჩერნენკო მეტ ყურადღებას უთმობდა მასებში პარტიის იდეურ-აღმზრდელობითი და ორგანიზატორული მუშაობისა და მეთოდების სრულყოფას, სახალხო კონტროლის ორგანოების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სკოლის რეფორმის შემუშავებაში. 1984 წლის ოქტომბრის პლენუმზე წარმოთქმულ სიტყვაში შემდგომი განვითარება ჰპოვა პარტიის აგრარულმა პოლიტიკამ, განისაზღვრა სასურსათო პროგრამის შესრულების ამოცანები. ის ცდილობდა ბირთვული ომის თავიდან აცილებას, ამიტომაც მან დაიწყო ლენინური "მშვიდობიანი თანაარსებობის" პოლიტიკის გაგრძელება, რომლის მიზანიც იყო გამალებული შეიარაღების ალაგმვა. ამხანაგ ჩერნენკოს სახელს უკავშირდება აგრეთვე სტალინის რეაბილიტაციის ცდა. რაც შეეხება მის საგარეო პოლიტიკას, ერთადერთი, რაც მან 390 დღის განმავლობაში მოასწრო, ეს იყო 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი, 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის საპირწონედ, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოებმა გამოუცხადეს. საერთოდ, ჩერნენკოს პოლიტიკა ანდროპოვის პოლიტიკასთან შედარებით არანაკლებ „რბილია“, მან თავისი წინამორბედის მიერ დაწყებული კორუფციასთან ბრძოლა გააგრძელა, კონსტანტინე ჩერნენკომ მოასწრო და ომი გამოუცხადა რუსულ როკ-მუსიკას, რომელიც თანდათან ამერიკული როკის სინთეზს განიცდიდა – ცეკას პირველი მდივნის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპარტიის პლენუმზე გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც იდეოლოგიური ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, განსაკუთრებით, კომკავშირის მუშაკებს, რომელთაც დაევალათ, „აღეკვეთათ“ ახალგაზრდობაში დასავლური მუსიკის გავლენა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩერნენკო გამორჩეული იყო სხვა საბჭოთა კავშირის ლიდერებისაგან იმით, რომ მან ყველაზე ხანმოკლე დროით მართა საბჭოთა ქვეყანა. 1985 წლის 10 მარტს 19 საათსა და 20 წუთზე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იცოცხლა 73 წელიწადი, ქვეყანას მართავდა დაახლოებით 390 დღე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოთხი ლენინის ორდენი (23.09.1971, 02.03.1976, 23.09.1981, 22.09.1984)
- სამი შრომის წითელი დროშის ორდენი (11.10.1949, 15.02.1957, 02.08.1965)
- საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წელი“ (1978)
- ლენინური პრემიის ლაურეატი (1982)
- ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის გმირი (1984)
- კარლ მარქსის ორდენი (გდრ)
- გიორგი დიმიტროვის ორდენი (ბსრ)
- კლემენტ გოტვალდის ორდენი (02.06.1982, ჩსრ)
- ეროვნული დროშის ორდენი (1984, კსდრ)
- მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ (1945)
- „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი (1970)
- „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი (1975 წლის მაისი)
- სუხე-ბატორის ორდენი
- მედალი „სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“ (02.11.1980)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 98.
- Чазов Е., «Хоровод смертей. Брежнев, Андропов, Черненко…», Алгоритм, 2014 г.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ Черненко Константин Устинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ TracesOfWar
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118638300 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ „კომუნისტი“, 14 თებერვალი, 1984, № 39 (18881), გვ. 1.
| |||||||||||||||||
- დაბადებული 24 სექტემბერი
- დაბადებული 1911
- გარდაცვლილი 10 მარტი
- გარდაცვლილი 1985
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- კლემენტ გოტვალდის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- სსრკ-ის სახელმწიფო მეთაურები
- სსრკ-ის პოლიტიკოსები
- ცივი ომის ლიდერები
- სკკპ-ის XXVI ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXV ყრილობის დელეგატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- დაკრძალულები ნეკროპოლში კრემლის კედელთან
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სკკპ-ის XXIII ყრილობის დელეგატები
- სკკპ-ის XXIV ყრილობის დელეგატები