ჰალშტაინის დოქტრინა
ჰალშტაინის დოქტრინა — 1950-1970 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (დასავლეთი გერმანია) საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, უკავშირდება ვალტერ ჰალშტაინის სახელს. ჩვეულებრივ, ის გულისხმობს, რომ ფედერალური რესპუბლიკა არ დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობას არც ერთ სახელმწიფოსთან, რომელიც ცნობს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას (აღმოსავლეთი გერმანია). თავდაპირველად, დოქტრინა თავისი შინაარსით უფრო ბუნდოვანი იყო, რადგან არ არსებობდა ოფიციალური ტექსტი. თუმცა, შემდგომში მისმა მთავარმა მიმდევარმა, ვილჰელმ გრიუმ საჯაროდ განმარტა ხედვის ძირითადი დებულებები რადიოს საშუალებით. კონრად ადენაუერმა, რომელიც გერმანიის კანცლერი იყო 1949-1963 წლებში, მკაფიოდ განსაზღვრა პოლიტიკური კურსის ცენტრალური პრინციპები და საფუძვლები, გერმანიის პარლამენტის სხდომაზე, 1955 წლის 22 სექტემბერს.
ჰალშტაინის დოქტრინა გულისხმობდა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა არამეგობრულ ქმედებად აღიქვამდა, თუ სხვა სახელმწიფოები აღიარებდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (აღმოსავლეთი გერმანია) სუვერენიტეტს ან შეინარჩუნებდნენ დიპლომატიურ ურთიერთობებს მასთან. შეზღუდვა არ ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირზე, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ერთ-ერთ ძალაზე. დასავლეთ გერმანია დოქტრინის მიხედვით ერთგვარ ულტიმატმს უყენებდა გდრ-ს აღიარებით დაინტერესებულ სახელმწიფოეს და მათ ოფიციალური აღმოსავლეთ ბერლინის ცნობის შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრებოდა.
ფედერალურმა რესპუბლიკამ დაივიწყა დოქტრინის მნიშვნელოვანი ასპექტები 1970 წლის შემდეგ, რადგან მისი შესრულება ძალიან გართულდა. ფედერალური რესპუბლიკის მთავრობამ პოლიტიკა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ შეცვალა. თხი ძალის შეთანხმება მოხდა ბერლინის თაობაზე 1971 წელს, 1972 წელს კი ხელი მოაწერეს ძირითად შეთანხმებას და ამით დასრულდა დოქტრინის ფუნქციონირება „ოსტპოლიტიკის“ ახალი სტრატეგიის შესაბამისად.
ისტორიული განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანიის დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ოდერ-ნაისის ხაზის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია საბჭოთა ან პოლონეთის ადმინისტრაციის ქვეშ იყო და დე-ფაქტოდ ანექსირებული გახლდათ. დასავლეთით მდებარე დანარჩენი ტერიტორია დაყოფილი იყო მოკავშირეების მიერ კონტროლირებად ოთხ საოკუპაციო ზონად. ყოფილი დედაქალაქი ბერლინიც ანალოგიურად იყოფოდა ოთხ სექტორად.
საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კონტროლირებადი დასავლური ზონები გაერთიანდა 1949 წლის მაისში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (Bundesrepublik Deutschland) ჩამოყალიბდა; 1949 წლის ოქტომბერში კი საბჭოთა ზონა გახდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (Deutsche Demokratische Republik). მათ არაფორმალურად უწოდებდნენ „დასავლეთ გერმანიასა“ და „აღმოსავლეთ გერმანიას“. თუმცა, 1954 წლამდე, მოკავშირეები ოფიციალურად ინარჩუნებდნენ პასუხისმგებლობას მთელ გერმანიაზე და ამ დროისთვის არც აღმოსავლეთ გერმანიას და არც დასავლეთ გერმანიას სუვერენიტეტი არ ჰქონდა.
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ძირითადი კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 1949 წელს, დაიწერა როგორც კონსტიტუცია მთელი გერმანიისთვის, ანუ დასავლეთ გერმანიისთვისაც და აღმოსავლეთ გერმანიისთვისაც. მან დაადგინა გერმანიის გაერთიანება როგორც მიზანი და მოთხოვნა მთელი გერმანელი ხალხის სახელით.
სსრკ-ს აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1954 წლის 23 მარტს საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ იგი დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. სსრკ-ის აღნიშნული ნაბიჯი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას (აღმოსავლეთ გერმანია) აძლევდა ლეგიტიმაციას, როგორც ცალკე სახელმწიფოს. დასავლეთ გერმანია კი უარყოფდა ამას და ამბობდა, რომ სწორედ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო კანონიერი და ერთადერთი მემკვიდრე გერმანიის რაიხის ერთადერთი.
გერმანიის სუვერენიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წლის 5 მაისის პარიზის ხელშეკრულებების რატიფიკაციის შემდეგ ძალაში შევიდა ზოგადი ხელშეკრულება, რომელმაც მეტწილად აღადგინადასავლეთ გერმანიის სუვერენიტეტი.
ექსკლუზიური მანდატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ საუბრობდა მთელი გერმანელი ხალხის სახელით. თავიანთ მტკიცებას ისინი ხელახლა იმეორებდნენ სხვადასხვა დეკლარაციებში. 1951 წლის 18 სექტემბრის ნიუ-იორკის დეკლარაციაში, დასავლეთის საოკუპაციო ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ არ სცნო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და დიპლომატიური ურთიერთობები აკრძალა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა კომუნისტურ სახელმწიფოებთანაც.
დოქტრინის შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წელს კონრად ადენაუერი ეწვია მოსკოვს, სადაც შეთანხმება შედგა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირს შორის, დამყარდა დიპლომატოიური ურთიერთობა. ცხადია, ეს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ინტერესებში შედიოდა, თუმცა საბჭოთა კავშირი დიპლომატიური ურთიერთობას ინარჩუნებდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც. ირღვეოდა ექსკლუზიური სამანდატო პოლიტიკა, რაც კრძალავდა, სხვა სახელმწიფოების მიერ გერმანიის ორივე „სახელწიფოსთან“ დიპლომატიურ ურთიერათობას. ამრიგად, საჭირო გახდა იმ პრინციპის საჯაროდ და მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ფედერალური რესპუბლიკა არ დაუშვებს სხვა სახელმწიფოებმა შეინარჩუნონ დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიის ორივე მხარესთან ე. ი. როგორც, გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან ისე დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც.
სწორედ ვალტერ ჰალშტაინი და ვილჰელმ გრიუ იყვნენ იმ დელეგაციის წევრები, რომელმაც კონრად ადენაუერი გააცილა მოსკოვში. პოლიტიკის ძირითადი ელემენტები მოსკოვიდან უკან დაბრუნებისას დაისახეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უკვე იყო შემუშავებული გარკვეული ელემენტები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ჰალშტაინი გულისხმობდა საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა აღიარა აღმოსავლეთ გერმანია, როგორც დამოუკიდებელი მხარე. მისი აზრით, საბჭოთა კავშირს, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ძალას, თავისი სტატუსის გამო პრივილეგია ჰქონდა.
კონრად ადენაუერმა პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, როგორც 1955 წლის 16 სექტემბრის, ასევე 22 სექტემბრის პრესკონფერენციებზე, სადაც აფრთხილებდა სახელმწიფოებს, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის დაჭერა არამეგობრულ ქმედებად განიხილებოდა. 1955 წლის 8 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრა გერმანიის საელჩოებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებს შორის. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არაღიარების პოლიტიკა იყო დღის წესრიგის მთავარი თემა. საგარეო საქმეთა მინისტრ ბრენტანოს, ჰალშტაინისა და გრიუს გამოსვლების ტექსტები მოგვიანებით მთელი მსოფლიოს საელჩოებში განაწილდა.
სახელწოდება და ავტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰალშტაინის დოქტრინას სახელი ეწოდა სახელმწიფო მდივნის (უმაღლესი სახელმწიფო მოხელე), შემდგომში კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ ჰალშტაინის გამო. თუმცა, დოქტრინა მეტწილად შედგენილი და განხორციელებული იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის ვილჰელმ გრიუს მიერ.
იმ დროს, როდესაც ჰალშტაინის დოქტრინა შეიქმნა, ჰაინრიხ ფონ ბრენტანო იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, 1955 წლამდე კი საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი, კანცლერი კონრად ადენაუერი იყო. ამიტომ პოლიტიკურ კურსს ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც „ბრენტანოს დოქტრინა“. გარკვეული პერიოდის შემდეგ, 1958 წელს, პოლიტიკურ კურსს ჰალშტაინ-გრიუს დოქტრინა უწოდეს ჟურნალისტებმა, შემოკლებული ვერსიით კი ჰალშტაინის დოქტრინა. თავად გრიუ წერს, რომ მან შეიმუშავა პოლიტიკის ფართო მონახაზი, თუმცა ძირითადი პუნქტები და გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრენტანომ და კანცლერმა ადენაუერმა შეიმუშავეს.
შინაარსი და საფუძველი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფედერალური რესპუბლიკისეული ჰალშტაინის დოქტრინა ექკლუზიურ მანდატს ითხოვდა ერთიანი გერმანიის წარსადგენად. მკაფიოდ განსაზღვრავდა, რომ ფედერალური გერმანია არამეგობრულ ქმედებად აღიქვამდა იმას, თუ მესამე სახელწიფოები დიპლომატიურ ურთიერთობას დაიჭერდნენ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (აღმოსავლეთ გერმანია), ან შეინარჩუნებდნენ დიპომატიურ ურთიერთობას მასთან. გამონაკლისი იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირი, როგორც ერთ-ერთი იმ ოთხი ძალიდან, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებდნენ გერმანიაზე. არამეგობრული ქმედების საპასუხოდ გფრ ხისტად და საბოლოოდ წყვეტდა დიპლომატიურ კავშირებს.
იურიდიული საფუძველი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950-იან წლებში იურისტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საბჭოთა დეკლარაციამ (გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების წამოწყება) საბოლოოდ გამოყო კომუნისტური ზონა სამი დასავლური ზონიდან, თუმცა, რადგან ის საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო, მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი მთავრობა და, შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა სახელმწიფოებრიობის მინიმალურ მოთხოვნებს. იურიდიული მოსაზრება ირწმუნებოდა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ან გამოაცხადა ომის დასრულება, აღიარებს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკის მიერ ექსკლუზიური მანდატის ფლობას გერმანიის წარმომადგენლობის შესახებ.
დასავლელი მოკავშირეები, სხვადასხვა ხელშეკრულებით, მათ შორის, 1955 წლის გენერალური ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმდნენ, რომ აღიარებდნენ მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
პოლიტიკის იურიდიული დასაბუთება იყო ის, რომ არსებობდა გერმანიის გაერთიანების მცდელობის ვალდებულება. ამასთან აღმოსავლეთ გერმანიის აღიარების თავიდან აცილებაც კონსტიტუციური ვალდებულების სახეს იღებდა, რათა თავიდან აცილებულიყო დაყოფა. პოლიტიკური არგუმენტები იყო შემდეგი: აღიარება თავის მხრივ გულისხმობდა გერმანიის დანაწილების მიღებას, არაღიარება კი გულისხმობდა სტატუს-კვოს უარყოფას; არაღიარების პოლიტიკით მორალური მხარდაჭერა უცხადდება აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობას კომუნისტური რეჟიმის უკუგდებაში, არაღიარებამ შეასუსტა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე, საბჭოთა კავშირის ჰეგემონიასთან ერთად და გაზარდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოზიცია. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების შემთხვევაში არ მოხდება გაერთიანება გერმანიისა, რადგან მეორე მხარის მხრიდან ეს პოლიტიკურ თვითმკვლელობა იქნება.
გდრ-ის რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ითხოვდა ხელახლა გაერთიანებას, თუმცა მათ არ სურდათ გაემართათ თავისუფალი არჩევნები გაეროს მონაწილეობით. დაახლოებით 1955 წლიდან ისინი მხარს უჭერდნენ „ორი სახელმწიფოს“ გადაწყვეტილებას და მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ ფედერალური რესპუბლიკის პრეტენზიას, წარმოედგინათ ერთიანი გერმანია, თუმცა მათ არ გამოუთქვამთ მსგავსი პრეტენზია. 1960-იან წლებში, ბერლინის კედლის აშენების შემდეგ, ვალტერ ულბრიხტი, აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერი, სულ უფრო და უფრო მეტ პრეტენზიას აცხადებდა, ერთიანი გერმანიის წარმომადგენლობაზე.
გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიწყო წარმომადგენლობების დაფუძნება სხვა ქვეყნებში. ამასთანავე, ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სხვა ქვეყნები გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საელჩოების გახსნაში. მიზანი ფინანსური მოგების მიღების სურვილი იყო, თუმცა მათი მცდელობა ჩანასახშივე კრახისთვის იყო განწირული. პირველ ეტაპზე, დიპლომატიური ურთიერთობების განვითარების დროს, გდრ ხშირად იყენებდა ადგილობრივი კომუნისტური პარტიების დახმარებას და ამაში, აღმოსავლეთ გერმანიის ჟურნალისტებიც იყვნენ ჩართულნი. მათი შემდეგი ეტაპი კი იყო, ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება. ეს არ იყო დიდი პრობლემა, რადგან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არ ეწინააღმდეგებოდა სავაჭრო ურთიერთობებს, იმ პირობით, თუ იგი არ ითვალისწინებდა დიპლომატიური ურთიერთობების აღიარებას. სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შემდეგი ეტაპი იყო სავაჭრო პალატის მუდმივი ოფისების შექმნა. ეს, ჩვეულებრივ, მცირე წინააღმდეგობას განიცდიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, იმ პირობით, თუ მონაწილე სუბიექტები არ იყვნენ ოფიციალურად სახელმწიფოს ორგანოები. შემდეგი ეტაპი გულისხმობდა სავაჭრო წარმომადგენლობების შექმნას. რასაც არ ეწინააღმდეგებოდა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მანამ, სანამ აშკარა არ იქნებოდა დიპლომატიური პრივილეგიები. გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოიყენა საკონსულო მცდელობები და შეეცადა დაწინაურებულიყო დიპლომატიურ ურთიერთობებში, „სავაჭრო მისიის“ შირმის ქვეშ. ფედერალური რესპუბლიკა ამ პრაქტიკას მკაცრად დაუპირისპირდა. საბოლოო ეტაპზე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა გენერალური საკონსულოს შექმნას. რაც გულისმობდა, ეგზეკვატურის (უცხოელი კონსულისთვის მისაცემი თანამდებობის დამამოწმებელი საბუთის) შექმნას, რომლითაც მისი უფლებები და პრივილეგიები იქნებოდა განსაზღვრული. გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ ეს მიიჩნია, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის აღიარების ექვივალენტად. ქვეყნებმა, მაგალითად ეგვიპტემ, იმისათვის, რომ არ გაენაწყენებინათ არცერთი მხარე, გამოაქვეყნეს ეგზეკვატურები სპეციალური დანართით, რომ ეს არ ნიშნავდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებას.
ამასთან, 1969 წლამდე გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო დიპლომატიური წარმომადგენლობის მიღწევა ორი შესაძლო გამონაკლისით:
- 1960 წლის მარტში გვინეის ელჩმა ოფიციალურად წარუდგინა დოკუმენტები აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფოს მეთაურს, პრეზიდენტ ვილჰელმ პიკს. თუმცა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პროტესტის შემდეგ, გვინეელებმა განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი არასოდეს იყო აკრედიტებული გვინეის მიერ.
- 1963 წელს კუნძულმა ზანზიბარმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 1964 წლის დასაწყისში მოხდა რევოლუცია, რამაც ზანზიბარისა და პემბას სახალხო რესპუბლიკის დაარსება გამოიწვია, რომელიც დათანხმდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე. 1964 წლის აპრილში, ახალი რესპუბლიკა შეერწყა ტანგანიიკას, რის შედეგადაც სახელი გადაერქვა და შეიქმნა ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა კი იძულებული გახდა მისი საელჩო დაეხურა.
დოქტრინის გამოყენების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰალშტაინის დოქტრინა სულ ორჯერ გამოიყენეს, იუგოსლავიის წინააღმდეგ 1957 წელს და კუბის წინააღმდეგ 1963 წელს. ორივე მათგანმა აღიარა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.
დოქტრინასთან დაკავშირებული პრობლემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოქტრინა დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა გდრ-ის იზოლირებას, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის ან მესამე სამყაროს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებისაგან. თუმცა, მან ასევე შეზღუდა ფედერალური მთავრობის პოლიტიკა და 1960-იან წლებში მისი შენარჩუნება უფრო და უფრო რთული გახდა. რამდენიმე შემთხვევაში, დოქტრინა ფაქტობრივად არ იყო გამოყენებული. 1957 წელს, როდესაც გდრ-მ გახსნა ოფისი კაიროში, რათა დაემყარებინა კონტაქტი მთელ არაბულ სამყაროსთან, ფედერალურმა რესპუბლიკამ არ გაათავისუფლა თავისი ელჩი ეგვიპტიდან. უფრო მეტიც, როდესაც 1965 წელს ფედერალურმა რესპუბლიკამ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, ბევრმა არაბულმა სახელმწიფომ შეწყვიტა კონტაქტი ფედერალურ რესპუბლიკასთან, მაგრამ მაინც არ ცნობდნენ გდრ-ს. ეს საბოლოოდ მოხდა 1967 წლის შემდეგ, რადგან გდრ მხარს უჭერდა არაბულ სახელმწიფოებს ექვსდღიანი ომის დროს. დოქტრინა ასევე არ იყო გამოყენებული კამბოჯაზე 1969 წელს, თუმცა მან აღიარა გდრ.
ფედერალურმა რესპუბლიკამ 1967 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები რუმინეთთან და 1968 წელს განაახლა იუგოსლავიასთან. მთავრობის არგუმენტი იყო ის, რომ კომუნისტური სახელმწიფოები, ფაქტობრივად იძულებულნი იყვნენ ეცნოთ და ეღიარებინათ გდრ და ამის გამო ისინი არ უნდა დასჯილიყვნენ.
გაუქმება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს ვილი ბრანდტი გახდა გერმანიის კანცლერი და სოციალ-ლიბერალური მთავრობის მეთაური. ახალმა მთავრობამ უფრო აქტიურად დაიწყო ისეთი პოლიტიკური მიზნების განხორციელება, როგორიცაა გერმანიის მშვიდობიანი გზით გაერთიანება და გათავისუფლება, თუმცა შეიცვალა მიზნის მიღწევის გზები. ბრანდტის ახალი ოსტოპოლიტიკა იყო მოლაპარაკებების პოლიტიკა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა გაუმჯობესებულიყო გერმანელი ხალხის ყოფა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მხარს უჭერდა გერმანიის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილებას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. ფედერალურმა რესპუბლიკამ დე იურედ აღიარა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც ნაწილი გერმანიისა და არა ფედერალური რესპუბლიკისა, ხაზი გაესვა, რომ ორივე გერმანული სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უნდა იყოს განსაკუთრებული და არ უნდა იყვნენ „უცხონი“ ერთმანეთისათვის.
1971 წელს ბერლინის შესახებ ოთხი ძალის შეთანხმებისა და 1972 წელს ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დოქტრინის ფუნქციონირება დასრულდა, ოსტპოლიტიკის ახალი სტრატეგიის განხორციელების შესაბამისად.
ანალოგიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიპლომატიაში ზოგიერთი სახელმწიფოს არაღიარება და ქვეყნების წახალისება გააკეთონ იგივე, მრავალწლიანი პრაქტიკაა. საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამყარების პირველ წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მათთან დიპლომატიურ თანამშრომლობაზე. აშშ-მ მსგავსი პოლიტიკა განახორციელა ტაივანისა და ვიეტნამის შემთხვევებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Explanation of the Hallstein Doctrine, Interview of Wilhelm Grewe, Head of the Political Dept. of the Foreign Office of the Federal Republic of Germany (11 December 1955)
- Hans Wendt, Editor of the Nordwestdeutscher Rundfunk. "Interview des Ministerialdirektors, Professor Dr. Wilhelm G. Grewe mit dem Chefredakteur des Nordwestdeutschen Rundfunk, Hans Wendt ["Hallstein-Doktrin"], 11. Dezember 1955: Einführung"
- Grewe, Wilhelm G (1995). "Hallsteins deutschlandpolitische Konzeption" [Hallsteins deutschlandpolitische Konzeption].
- Kilian, Werner. Die Hallstein-Doktrin. Der diplomatische Krieg zwischen der BRD und der DDR 1955–1973.
- Spencer, Robert (1995). "The Origins of the Federal Republic of Germany, 1944–1949". In Schweitzer, Carl Christoph (ed.). Politics and Government in Germany, 1944-1994: Basic Documents (2nd ed.).
- "Grundgesetz für die Bundesrepublik Deutschland vom 23. Mai 1949". Retrieved 2011-10-30.
- Lahn, Lothar (1995). "Walter Hallstein als Staatssekretär" [Walter Hallstein as state secretary].
- Kilian, Michael. "Walter Hallstein: Jurist und Europäer" [Walter Hallstein: Jurist und European]. Jahrbuch des öffentlichen Rechts der Gegenwart. New series (in German). Tübingen: Mohr Siebeck. 53, 2005: 369–389.
- William Glenn Gray (2003). Germany's Cold War: The Global Campaign to Isolate East Germany. University of North Carolina Press
- Institute for Transnational Law, University of Texas at Austin. Retrieved 11 November 2007
- Gülstorff, Torben (2016). Trade follows Hallstein? Deutsche Aktivitäten im zentralafrikanischen Raum des 'Second Scramble' (PDF). Berlin: Humboldt Universität.
- Gülstorff, Torben (2018). "Die Hallstein-Doktrin – Abschied von einem Mythos". Deutschland Archiv. 2017: 177–190.
- Gülstorff, Torben (2017). "Between Economic Interests and Cold War Motives: German Activities in the Central African Region During the Second Scramble for Africa"
- Gülstorff, Torben (1 August 2018). "On Both Sides of the Berlin Wall: Africa and the Two Germanies". Review of African Political Economy Online Blog.
- Gülstorff, Torben (2017). "Klassenkampf um neue Märkte: Das verkannte ökonomische Primat ostdeutscher Außenpolitik am Beispiel Zentralafrikas". Zeitschrift des Forschungsverbundes SED-Staat. 41: 103–114.