იუგოსლავიის ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუგოსლავიის ომები
იუგოსლავიის დაშლის ნაწილი
თარიღი 31 მარტი, 1991 - ნოემბერი, 2001
მდებარეობა იუგოსლავია (ხორვატია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, მაკედონია)
Casus belli წინააღმდეგობა იუგოსლავიის ხალხებს შორის
შედეგი იუგოსლავიის დაშლა
დანაკარგები
140 000-ზე მეტი დაღუპული
4 000 000-ზე მეტი ლტოლვილი
იუგოსლავიის ომები ვიკისაწყობში

იუგოსლავიის ომები — დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების, ეთნიკური კონფლიქტებისა და ამბოხებების სერია ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1991-2001 წლების განმავლობაში. დასრულდა იუგოსლავიის დაშლით.

იუგოსლავიის ომები მოიცავს ეთნიკურ კონფლიქტს ერთი მხრივ, სერბებსა და, მეორე მხრივ ხორვატებს, ბოსნიელებსა და ალბანელებს შორის, ხორვატია-ბოსნიის კონფლიქტს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ასევე კონფლიქტს ალბანელებსა და მაკედონელებს შორის მაკედონიაში.

დაპირისპირებათა უმრავლესობა სამშვიდობო შეთანხმებებით დასრულდა, სადაც ახლად წარმოქნილი რესპუბლიკები საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, თუმცა ეს მოხდა დიდი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანის მიღების ხარჯზე. იუგოსლავიის სახალხო არმია (JNA) მოწოდებული იყო იუგოსლავიის ერთიანობა დაეცვა და ძალა გამოეყენებინა სეცესიონისტური მთავრობების მიმართ. მაგრამ არმია სლობოდან მილოშევიჩის სერბული მთავრობის გავლენის ქვეშ მოექცა, რომელმაც სერბული ნაციონალისტური ნარატივის წარმოებით, სერბეთის ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს. შედეგად, სახალხო არმიამ დაკარგა სლოვენიელები, ხორვატები, კოსოვოელი ალბანელები, ბოსნიელები, მაკედონიელები და გარდაიქმნა სერბულ არმიად. 1994 წლის გაეროს ანგარიშის მიხედვით, სერბული არმია არ ცდილობდა იუგოსლავიის შენარჩუნება-აღდგენას, არამედ მის მიზანს „დიდი სერბეთის“ შექმნა წარმოადგენდა, სადაც ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიების ნაწილიც მოიაზრებოდა.

ხშირად, იუგოსლავიის ომებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მასშტაბურ კონფლიქტებად მოიხსენიებენ, რომელიც საკუთრივ მოიცავდა არაერთ ომის დანაშაულს, როგორიცაა გენოციდი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და მასობრივი გაუპატიურება. ბოსნიის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველ ევროპულ გენოციდად ოფიციალურად შეფასდა და მის მონაწილეებს ომის დანაშაულის ჩადენის გამო ინდივიდუალური სასჯელები მიესაჯათ.

ტრანსნაციონალური სამართლის საერთაშორისო ცენტრის დათვლებით, იუგოსლავიის ომებს ჯამში 140 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[1]

სლოვენიის დამოუკიდებლობა — ათდღიანი კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი კონფლიქტი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 1991 წლის 25 ივნისს, სლოვენიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლბის აქტის საპასუხოდ, მეორე დღესვე, იუგოსლავიის სახალხო არმია მოქმედებაზე გადავიდა.

ფედერალურმა მთავრობამ სახალხო არმიას სლოვენიის საზღვრების კონტროლი დაავალა. სლოვენიურმა პოლიციამ და სლოვენიის ტერიტორიულმა თავდაცვითმა ძალებმა მის იუგოსლავიურ საზღვრებზე შემავალი გზები ბარიკადებით ჩახერგეს, რამაც ორ დაპირისპირებულ ძალას შორის მცირე სამხედრო შეტაკებები გამოიწვია. გარკვეული მსხვერპლის შემდეგ, შეტაკებები შეწყდა და 1991 წლის 7 ივლისს სლოვენიამ და ხორვატიამ გამოყოფაზე სამთვიანი მორატორიუმი გამოცხადეს. ფედერალურმა არმიამ სლოვენიის ტერიტორია 1991 წლის 26 ოქტომბრისთვის სრულად დატოვა.[2]

ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიაში დაპირისპირება სლოვენიის ათდღიან ომამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ხორვატიაში მცხოვრებმა სერბებმა უარი თქვეს ხორვატიის დამოუკიდებლობის იდეაზე და ხორვატიისგან მათი გამოყოფა დააანონსეს.

1990 წლის ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში, ქვეყნის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი გახდა, რომელიც ნაციონალისტურ პოლიტიკას ატარებდა და მის უმთავრეს მიზანს ხორვატიის დამოუკიდებლობა წარმოადგენდა. ახალმა მთავრობამ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა, შემოიღო ტრადიციული ხორვატული დროშა და გერბი და რესპუბლიკის სახელწოდებიდან ამოიღო სიტყვა „სოციალისტური“. ამ ცვლილებების საპასუხოდ, ადგილობრივმა სერბმა პოლიტიკოსებმა მოაწყვეს რეფერენდუმი „სერბების სუვერენულობასა და ავტონომიაზე“. პროცესების ესკალაცია დაიწყო სერბულ დასახლებებში, უმეტესწილად ქალაქ კნინის გარშემო, რასაც „მორების რევოლუცია“ ეწოდა. ადგილობრივი პოლიცია მხარს უჭერდა სერბულ ამბოხს, რადგან ბიუროკრატიულ აპარატში სერბები და კომუნისტები ახალმა მთავრობამ დაითხოვა. 1990 წლის დეკემბერში, როცა ხორვატიის ახალი კონსტიტუციის რატიფიცირება მოხდა, ხორვატიის სერბულმა ეროვნულმა საბჭომ სერბთა ავტონომიური რეგიონის შექმნა გამოაცხადა.

ეთნიკური დაპირისპირება ღვივდებოდა, როგორც ხორვატიაში, ასევე სერბეთში წარმოებული პროპაგანდით. პირველი დაპირისპირება ხორვატულ პოლიციასა და სერბ პარამილიტარებს შორის 1991 წლის 2 მაისს დაფიქსირდა სოფელ ბოროვოსთან. 19 მაისის ხორვატიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ხორვატმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ხორვატიამ დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1991 წლის 25 ივნისს გამოაცხადა და კავშირი გაწყვიტა იუგოსლავიის ფედერაციასთან.[3]

შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულში გააქტიურდა, ძირითადად, სერბთა ავტონომიური რეგიონის ტერიტორიაზე. სლობოდან მილოშევიჩის ბრძანებით, იუგოსლავიის სახალხო არმიამ განიარაღა მისი სლოვენიური და ხორვატული რეგიონული ერთეულები.[4] კონფლიქტის დეესკალაციისთვის გაერომ იუგოსლავიას იარაღის ემბარგო დაუწესა. გამომდინარე იქიდან, რომ იუგოსლავიის სახალხო არმიის 70 %-ს სერბი და მონტენეგროელი ჯარისკაცები შეადგენდნენ, ისინი ხორვატიის დამოუკიდებლობას არ ემხრობოდნენ და მხარს უჭერდნენ ამბოხებულ ხორვატ სერბებს. შესაბამისად, ეს უკანასკნლენი სამხედრო დახმარებას იღებდნენ სახალხო არმიისგან. ზაფხულში არმიამ ხორვატიაში 70 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა.

1991 წლის აგვისტოში პირველი მსხვილი შეტაკება მოხდა ვუკოვარში, სადაც 1800 ხორვატი მებრძოლი იუგოსლავიის სახალხო არმიას სლავონიაში შესვლას უბლოკავდა. ოქტომბრისთვის ქალაქი ნაღმებისა და საჰაერო დაბომბვებისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამის შემდეგ დაიწყო დუბროვნიკის ალყა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, რადგან ქალაქი იუნესკოს დაცულ ტერიტორიას წარმოადგენდა. თუმცა ვუკოვარის ბრძოლას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია მიუხედავად მისი ადამიანური მსხვერპლისა. 18 ნოემბერს ვუკოვარის ბრძოლა დასრულდა, რადგან ქალაქს თავდასაცავად შეიარაღება გაუთავდა. მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის არმიამ ვუკოვარი აიღო ე. წ. ოვჩარის ხოცვა განხორციელდა, სადაც ხორვატმა სერბებმა 200-მდე ხორვატი ტყვე და მოქალაქეები დახოცეს. პარალელურად, ხორვატიის ცენტრალური ნაწილი ბოსნია-ჰერცეგოვინის იუგოსლავიის არმიის ლიდერმა რატკო მლადიჩმა დაიკავა.

1992 წლის ვენსის გეგმით, ხორვატი სერბების კონტროლირებად ზონაში შეიქმნა სერბთა პროტო-რესპუბლიკა გაეროს ზედამხედველობის (UNPA) ქვეშ, რამაც ძირითადი სამხედრო მოქმედბები დაასრულა. თუმცა პერიოდულად ხორვატული წერტილების საარტილერიო დაბომბვა და საპასუხოდ, ხორვატების შეჭრა გაეროს სერბულ ზონაში ხორციელდებოდა. მსგავსი პროცესები 1995 წლამდე გაგრძელდა. 1995 წლის ხორვატიის არმიის „ოპერაცია ელვამ“ და „ოპერაცია ქარიშხალმა“ საბოლოოდ დაასრულა კონფლიქტი ხორვატიაში. ამ ოპერაციების შედეგად ხორვატიამ კონტროლი აღადგინა ხორვატ სერბთა რეგიონის დასავლეთ ნაწილზე - ხორვატ სერბებს მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი რჩებოდათ. ამ ნაწილის ხორვატიასთან ინტეგრირება 1998 წელს, ერდუტის შეთანხმებით განხორციელდა.

ბოსნიის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვენიისა და ხორვატიის მსგავსად, 1990 წლის დეკემბერში ბოსნია და ჰერცეგოვინაში მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. სამეროვანი რესპუბლიკის პარლამენტში ხორვატების, სერბებისა და ბოსნიელების კომუნებმა პროპორციული წარმომადგნელობა მოიპოვეს. შედეგად, ჩამოყალიბდა სამივე ერთეულისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია ბოსნიელი პოლიტიკოსის ალია იზეთბეგოვიჩის ლიდერობით. თუმცა მზარდი შიდა და გარე დაძაბულობის ფონზე, თანდათან რთულდებოდა სერბულ პარტიასთან და მის ლიდერ რადოვან კარაჯიჩთან თანამშრომლობა.

1991 წელს ბოსნიის სერბულმა მოსახლეობამ სერბული ავტონომიური რეგიონის შექმნა გამოაცხადა. რეგიონს ფარულად სამხედრო მხარდაჭერას იუგოსლავიის სახალხო არმია უწევდა. აგვისტოში ბოსნიის სერბთა დემოკრატიულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ბოსნიის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რესპუბლიკის ასამბლეიდან სერბი პარლამენტარები გაიწვია და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი სერბთა ნაციონალური ასამბლეა ქალაქ ბანია-ლუკაში. ხორვატიაში მიმდინარე სამხედრო პროცესების შედეგად, ბოსნიის მდგომარეობა მყიფე ხდებოდა. ხორვატიისა და სერბეთის პრეზიდენტებს, ტუჯმანსა და მილოშევიჩს შორის ბოსნიის განაწილების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შედეგად, ბოსნიაში ხორვატთა კომუნამაც, სერბების მსგავსად, 1991 წლის დეკემბერში საკუთარი ავტონომიური ერთეული შექმნა.

1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ბოსნიის დამოუკიდებლობის რეფერედუმი გაიმართა, სადაც თითქმის არცერთ სერბს მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა რეფერედუმში რესპუბლიკის მოსახლეობის 2/3-მა მაინც მიიღო მონაწილეობა. 3 მარტს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალია იზითბეგოვიჩმა ბოსნიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 7 აპრილს, როდესაც ბოსნიის დამოუკიდებლობა აშშ-მა და ევროპულმა ერთობამ ოფიციალურად აღიარა, ბოსნიელ სერბთა პარამილიტარულმა დაჯგუფებებმა დაიწყეს ქვეყნის დედაქალაქის, სარაევოს საარტილერიო დაბომბვა, რომელთაც დახმარებას იუგოსლავიის არმია უწევდა. აპრილში, ქვეყნის აღმოსავლეთით მცხოვრები ბოსნიელების ბოსნიელი სერბების მიერ ეთნიკურ წმენდა დაიწყო. ექვსი კვირის განმავლობაში იუგოსლავიის არმიამ და ბოსნიელ სერბთა პარამილიტარულმა დაჯგუფებებმა ბოსნიის რესპუბლიკის ტერიტორიის 2/3 დაიკავეს, რომლის სამხედრო მართვა ბოსნიელ სერბ გენერალ რატკო მლადიჩს დაექვემდებარა.

1992 წლის დარჩენილი პერიოდი სამხედრო კუთხით სტაბილური იყო. ბოსნიის მთავრობა სამხედრო კუთხით დასუსტდა, რაც საერთაშორისო იარაღის ემბარგოთი იყო გამოწვეული და ასევე, 1993-1994 წლებში ხორვატულ ძალებთან შეტაკებებითაც. თუმცა 1994 წლის ბოლოს ბოსნიელები და ბოსნიელი ხორვატები საერთო ფედერაციის შექმნაზე შეთანხმდნენ. გაერომ უარი განაცხადა ბოსნიის ომში ჩართავზე, მაგრამ ორგანიზაციის თავდაცვითი ძალები (UNPROFOR) ჰუმანიტარული დახმარების გაცემის მისიებში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, გაერომ პასუხისმგებლობა აიღო „უსაფრთხო ზონების“ დაცვაზეც. თუმცა მან ვერ უზრუნველყო სრებრენიცის უსაფრთხო ტერიტორიის დაცვა, როდესაც 1995 წლის ივლისში მლადიჩის ბოსნიელ სერბთა ძალებმა ცნობილი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, რასაც 7000-ზე მეტი ბოსნიელი მამაკაცი ემსხვერპლა.

ომის მსვლელობის პერიოდში, რამდენიმე სამშვიდობო ინიციატივა გაჟღერდა, მაგრამ ბოსნიელი სერბები, რომლებიც ბოსნიის ტერიტორიის 70 %-ს აკონტროლებდნენ, შეთავაზებებზე უარს ამბობდნენ. 1994 წლის თებერვალში, ნატოს ძალებმა, პირველად ჩამოაგდეს ბოსნიელ სერბთა ოთხი თვითმფრინავი, რომელიც შეთანხმებას არღვევდა. მოგვიანებით, ნატოს ძალებმა ბოსნიელ სერბებზე წერტილოვანი დარტყმების მიყენება დაიწყო. სრებრენიცის ჟლეტამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაააქტიურა. ნატოს ძალისხმევამ და ბოსნიელ-ხორვატთა სახმელეთო შეტევებმა ბოსნიელი სერბთა ძალები აიძულა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო. პროცესი 1995 წლის ნოემბერში, აშშ-ში დეიტონში დაიწყო. დეკემბერში გაფორმდა დეიტონის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის ტერიტორიის 51 % ბოსნიელ-ხორვატების ფედერაციას რჩებოდა, ხოლო 49 % ბოსნიელ სერბებს. შეთანხმების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში 60 000 სამხედროსგან შემდგარი საერთაშორისო ძალები განლაგდა.

ბოსნიის ომს 100 000 ადამიანის სიცოცხე შეეწირა, ხოლო ორი მილიონი ადგილნაცვალ პირად აქცია. 1993 წელს, გაერომ შექმნა ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც მომდევნო წლებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან პირებს ასამართლებდა. თუმცა მის მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სერბები და ბოსნიელი სერბები წარმოადგენდნენ, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები. 2001 წელს, ტრიბუნალმა სერბეთის პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი დააკავა გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების ბრალდებით. მილოშევიჩი პროცესის დასრულებამდე, 2006 წელს ციხეში გარდაიცვალა. ბოსნიელ სერბთა პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი 1997 წლიდან თითქმის ათი წელი იმალებოდა. იგი 2008 წლის ივლისში დააკავეს, ხოლო 2016 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტასა და ომის სხვა ცხრა დანაშაულისთვის სასჯელი მიუსაჯეს.

რატკო მლადიჩი 2001 წელს მილოშევიჩის დაკავების შემდეგ გაუჩინარდა. ის 2011 წელს სერბულმა მთავრობამ დააკავა და ტრიბუნალს გადასცა. 2017 წელს, მას გენოციდისა და ომის დანაშაულებებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ტრიბუნალმა, საკუთარი მანდატის ამოწურვამდე ექვსი ხორვატი ოფიციალური პირიც გაასამართლა და ტუჯმანის ხელისუფლება ეთნიკური წმენდის დანაშაულებრივი პოლიტიკების წარმოებაში დაადანაშაულა. 2017 წლის ნოემბერში, როდესაც ბოსნიელ ხორვატ გენერალ სლობოდან პრალიაკს ტრიბუნალმა ქალაქ მოსტარის ალყისას ჩადენილი ომის დანაშაულებებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მან ხმამაღლა უარყო დანაშაული და სასამართლო პროცესზე საწამლავი დალია. სასამართლო პროცესი მომენტალურად შეჩერდა. პრალიაკი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.[5]

კოსოვოს კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს, სერბეთის ალბანური პროვინციის, კოსოვოს ლიდერმა იბრაჰიმ რუგოვამ მშვიდობიანი პროტესტის პოლიტიკა დააანონსა ოფიციალური ბელგრადის მიერ კოსოვოს ავტონომიის სტატუსის გაუქმების საპასუხოდ. მილოშევიჩსა და კოსოვოელ სერბებს დიდი ხანი აწუხებდათ ის ფაქტი, რომ მუსლიმი ალბანელები სერბების წმინდა ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. 1389 წელს, სერბებმა სწორედ აქ დაამარცხეს თურქ-სელჩუკები და აქ იყო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრი. ეთნიკური დაპირისპირება თანდათანობით ღვივდებოდა. საერთაშორისო საზოგადოებამ რუგოვას მშვიდობიანი მეთოდების ნაცვლად, უფრო რადიკალურ ფრთას დაუჭირა მხარი, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი მოთხოვნები მშვიდობიანი მეთოდებით ვერ მიიღწეოდა. 1996 წელს, ჩამოყალიბდა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია (KLA), რომელიც პერიოდულად სერბულ პოლიციაზე თავდასხმებს აწყობდა. პროცესი მომდევნო ორი წელის განმავლობაში ესკალირდა და სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.

1998 წელს KLA-ს შეიარაღებული ამბოხის ჩასახშობად სერბულმა პოლიციამ, იუგოსლავიის არმიის დახმარებით, კოსოვოზე კონტროლის დამყარება გადაწყვიტა. იუგოსლავიის არმიისა და სერბული პარამილიტარული დაჯგუფებების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა კოსოვოელი ალბანელების ლტოლვილთა ნაკადები წარმოქმნა, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და რუსეთისგან შედგებოდა, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, კოსოვოდან იუგოსლავიის არმიის გასვლას, ლტოლვილების დაბრუნებას და კოსოვოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შესვლას ითოხვდა. სლობოდან მილოშევიჩი ცეცხლის შეწყვეტას დათახმდა, თუმცა პირობათა სხვა ნაწილი არ შეუსრულებია. ამ პერიოდში KLA გადაჯგუფდა და კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო სერბულ ძალებზე თავდასხმები. სერბულმა ძალებმა მკაცრი კონტრშეტევით უპასუხეს, რაც ეთნიკური წმენდის პროცესში გადაიზარდა. გაეროს უშიშროების საბჭომ სერბების მიერ გამოყენებული გადამეტებული ძალა დაგმო, მათზე იარაღის ემბარგო დააწესა, მაგრამ პროცესი ვერ შეაჩერა.

1999 წლის თებერვალში, საფრანგეთში ქალაქ რამბუიეში დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ჩაიშალა. 24 მარტს ნატოს ძალებმა სერბულ სამხედრო ძალებზე ავიაიერიშების მიტანა დაიწყო. საპასუხოდ, იუგოსლავიისა და სერბულმა ძალებმა ასი ათასობით კოსოვოელი ალბანელი ლტოლვილად აქციეს, რომლებიც ალბანეთში, მაკედონიასა და მონტენეგროში გადავიდნენ. ნატოს დაბომბვები 11 კვირა გაგრძელდა და სერბეთის დედაქალაქი ბელგრადიც მოიცვა. ივნისში ნატოსა და იუგოსლავიას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, რითაც ოფიციალური ბელგრადი კოსოვოდან ჯარების გაყვანას და მილიონამდე ალბანელის კოსოვოსში დაბრუნებას დათანხმდა. კოსოვოში გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისია შევიდა და ტერიტორია მისი ადმინისტრაციის ქვეშ გადავიდა.

კოსოვოელ ალბანელებსა და სერბებს შორის დაპირისპირება XXI საუკუნეშიც გაგრძელდა. 2004 წელს, კოსოვოს ქალაქებში ანტისერბული გამოსვლები დაიწყო, რომელმაც 30 სერბის სიცოცხლე შეიწირა და 4000 ლტოლვილად აქცია. 2008 წლის თებერვალში, კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს სახელმწიფოებრიობა აშშ-მა და ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს, ხოლო სერბეთი მას დღემდე არ აღიარებს.[6]

ომების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადად, იუგოსლავიის ომები დაყოფილია სამ პერიოდად:

  • კონფლიქტები იუგოსლავიის დაშლის დროს:
  1. ათდღიანი ომი სლოვენიაში (1991)
  2. ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის (1991—1995)
  3. ბოსნიის ომი (1992—1995)
  • კონფლიქტი ალბანურ რაიონებში:
  1. კოსოვოს ომი (1998—1999)
  2. პრეშოვის ხეობის კონფლიქტი (1999—2001)
  3. მაკედონიის კონფლიქტი (2001)
  • ნატოს სამხედრო მოქმედებები:
  1. ოპერაცია მოფიქრებული ძალა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, 1995)
  2. იუგოსლავიის დაბომბვა (1999)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Glaurdić, J. The Hour of Europe: Western Powers and the Breakup of Yugoslavia. Yale University Press. 2011, p. 57;
  • Wiebes, Cees. Intelligence and the War in Bosnia 1992–1995, Publisher: Lit Verlag, 2003
  • Prunk, J. Path to Slovene State. Public Relations and Media Office, Government of the Republic of Slovenia, 2001
  • Tanner, M. Croatia : a nation forged in war. New Haven; London: Yale University Press, 2001

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Transitional Justice in the Former Yugoslavia, ICJT. 2009. International Center for Transitional Justice.
  2. Prunk, J. Path to Slovene State. Public Relations and Media Office, Government of the Republic of Slovenia, 2001
  3. Tanner, M. Croatia : a nation forged in war (2nd ed.). New Haven; London: Yale University Press, 2001
  4. Glaurdić, J. The Hour of Europe: Western Powers and the Breakup of Yugoslavia. Yale University Press, 2011, p. 57
  5. Lampe, R.J. 2019. Bosnian War. European History (1992-95)
  6. Kosovo conflict Balkan history