პროტესტი თიენანმენის მოედანზე (1989)
|
პროტესტის მონაწილეები თიენანმენის მოედანზე — 2 ივნისი. | |
| თარიღი |
15 აპრილი – 4 ივნისი 1989 (1 თვე, 2 კვირა და 6 დღე) |
|---|---|
| ადგილი | თიენანმენის მოედანი |
| კოორდინატები | 39°54′12″ ჩ. გ. 116°23′30″ ა. გ. / 39.90333° ჩ. გ. 116.39167° ა. გ.კოორდინატები: 39°54′12″ ჩ. გ. 116°23′30″ ა. გ. / 39.90333° ჩ. გ. 116.39167° ა. გ. |
| მიზეზი |
|
| გარდაცვალებები | რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასებამდე (ზუსტი რიცხვი უცნობია) |
1989 წლის თიენანმენის მოედნის პროტესტები — სტუდენტების ჩართულობით ჩატარებული დემონსტრაციების სერია ჩინეთში, რომელიც 1989 წლის 3-4 ივნისს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო.[1][2] მომიტინგეები მოითხოვდნენ პოლიტიკურ რეფორმებს, სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ზომებს და ქვეყნის მეტად დემოკრატიულ მმართველობას.[3] დემონსტრაციები დაიწყო პეკინში, თიენანმენის ისტორიულ მოედანზე და მალევე გავრცელდა ჩინეთის სხვა დიდ ქალაქებში.[3] საზოგადოების ფართო უკმაყოფილება იმდროინდელი სოციალური პრობლემებით - კორუფციით, მაღალი ინფლაციითა და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვით იყო გამოწვეული.[4] მთავრობის საბოლოო რეაქცია იყო დედაქალაქში საომარი მდგომარეობის გამოცხადება და არმიის გამოყენება პროტესტის ჩასახშობად, რასაც ასეულობით ან ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია).[5] ჩინეთში ეს მოვლენები ოფიციალურად "4 ივნისის ინციდენტის" სახელით არის ცნობილი და მკაცრი ცენზურის ქვეშ ექცევა.[4] საერთაშორისო საზოგადოებამ თიენანმენის დარბევა მკაცრად დაგმო, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, დასავლურმა მედიამ კი 3-4 ივნისის მოვლენებს "ჟლეტა" უწოდა.[4]
ისტორიული კონტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაო ძედუნის მმართველობის დასრულებისა და კულტურული რევოლუციის დამანგრეველი წლების შემდეგ, 1980-იანი წლებიდან დენ სიაოპინის მიერ დაწყებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და გახსნილობის კურსმა საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების ეტაპობრივ მოდერნიზაციას. ერთმა ათწლეულმა ჩინეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა: ცხოვრების დონე მკვეთრად გაიზარდა, ხოლო მოქალაქეთა ნაწილმა პირველად მოიპოვა წვდომა უცხოურ იდეებსა და ცხოვრების სტილზე. თუმცა, ეკონომიკურ აღმავლობას თან ახლდა ფასების ზრდა და კორუფციის გაძლიერება, განსაკუთრებით — სახელმწიფო აპარატში. ამავე პერიოდში, ხელისუფლებამ მეცნიერებსა და ინტელექტუალებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა, რაც სტუდენტებში თავისუფლებასა და რეფორმებზე მოთხოვნას კიდევ უფრო აძლიერებდა.[4]
1986 წლის ბოლოს სტუდენტებმა დაიწყეს დემონსტრაციები, სადაც პოლიტიკური უფლებებისა და პიროვნული თავისუფლებების გაფართოებას მოითხოვდნენ. ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონსერვატიულმა ფრთამ ეს გამოსვლები ხელისუფლების სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხედ აღიქვა, სტუდენტური მოძრაობა „ბურჟუაზიული ლიბერალიზმის“ გამოვლინებად გამოაცხადა და მკაცრი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. შედეგად, 1987 წლის იანვარში თანამდებობიდან გადააყენეს პარტიის გენერალური მდივანი ჰუ იაობანი, რომელიც რეფორმების აქტიური მხარდამჭერი იყო. მას ბრალი დასდეს სტუდენტური პროტესტის წახალისებაში.[4]
ორი წლის შემდეგ, 1989 წლის 15 აპრილს, ჰუ იაობანი გულის შეტევით გარდაიცვალა.[3][4]
მოთხოვნები და პროტესტის მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუ იაობანის ოფიციალურ პანაშვიდზე, რომელიც 22 აპრილს პეკინში გაიმართა, ათიათასობით სტუდენტი და მოქალაქე შეიკრიბა. ისინი არა მხოლოდ რეფორმისტ ლიდერს გლოვობდნენ, არამედ ღიად მოითხოვდნენ პოლიტიკურ ცვლილებებს.[4] გლოვის დღეების შემდეგ სტუდენტურმა პროტესტმა უფრო ორგანიზებული სახე მიიღო – შეიქმნა დამოუკიდებელი სტუდენტური გაერთიანებები, რომლებიც ხელისუფლებას პეტიციებითა და დიალოგისკენ მოწოდებებით მიმართავდნენ. თიენანმენის მოედანზე ყოველდღიურად იმართებოდა მიტინგები და პოლიტიკური გამოსვლები.
თავდაპირველად მთავრობის რეაქცია ზომიერი იყო, რაც გაფრთხილებებითა და განცხადებებით შემოიფარგლებოდა. თუმცა 26 აპრილს პარტიის ცენტრალურმა გაზეთმა „ჟენმინ ჟიბაომ“ (People’s Daily) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, სადაც სტუდენტური მოძრაობა „არეულობად“ და „კონტრრევოლუციურ შეთქმულებად“ მოიხსენია და მოქალაქეებს დემონსტრაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, 29 აპრილს მაინც შედგა პირველი პირდაპირი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის, თუმცა დიალოგი უშედეგოდ დასრულდა.[5]
მაისის პირველ დღეებში სტუდენტები კვლავ ცდილობდნენ ხელისუფლებასთან დიალოგის დამყარებას. 4 მაისს, „მეოთხე მაისის მოძრაობის“ 70 წლისთავზე — სტუდენტური პროტესტისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან დღეს — ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ჯაო ძიიანი თიენანმენის მოედანზე მივიდა. მან სტუდენტებს თანაგრძნობა გამოუცხადა, მოუწოდა სიმშვიდისა და კანონის ფარგლებში დარჩენისკენ და მათი პროტესტი პატრიოტულ მოძრაობად შეაფასა.[5]
ამ განცხადებით ჯაო ფაქტობრივად გაემიჯნა პარტიის ოფიციალურ ხაზს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე, 26 აპრილს, გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სტუდენტურ მოძრაობას „არეულობად“ და „კონტრრევოლუციურ შეთქმულებად“ მოიხსენიებდა.
„მეოთხე მაისის მოძრაობა“, რომლის წლისთავსაც აღნიშნავდნენ სტუდენტები, 1919 წელს პეკინში დაიწყო. ეს იყო ანტიიმპერიალისტური და ანტიტრადიციული პროტესტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ჩინურ ნაციონალიზმსა და ინტელექტუალურ რეფორმებს. 1989 წლის მონაწილეებმა თავიანთი პროტესტი სწორედ ამ ისტორიული ტრადიციის გაგრძელებად წარმოაჩინეს.
მიუხედავად ჯაო ძიიანის მცდელობისა, ვითარება არ განიმუხტა. სტუდენტებმა დემონსტრაციები გააგრძელეს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უფრო მკაფიო მოთხოვნები წამოაყენეს. ამავე დროს, პარტიის შიგნით გაღრმავდა დაპირისპირება: ჯაო ძიიანი დიალოგის გზას ემხრობოდა, პრემიერ-მინისტრი ლი პენგი კი პროტესტის სწრაფად და მკაცრი ზომებით შეწყვეტას ითხოვდა.[6] საბოლოოდ, ჯაო ძიიანის ზომიერი პოზიცია მისი პოლიტიკურად დასუსტების მიზეზი გახდა, რაც მოგვიანებით თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა.
მიუხედავად ხელისუფლების გარკვეული დათმობის ნიშნებისა, პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. 13 მაისს ასეულობით სტუდენტმა თიენანმენის მოედანზე უვადო შიმშილობა დაიწყო. იმავე პერიოდში პეკინში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა სსრკ-ის ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი — პირველი საბჭოთა ხელმძღვანელი, რომელმაც ჩინეთი მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ მოინახულა.[7][8] ვიზიტის გასაშუქებლად პეკინში უკვე მყოფმა დასავლელმა ჟურნალისტებმა ყურადღება თიენანმენის მოვლენებზე გადართეს, რის შედეგადაც პროტესტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 17–18 მაისისთვის ქუჩებში დემონსტრაციებსა და სტუდენტების მხარდამჭერ აქციებში სავარაუდოდ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.[9][10]
ჩინეთის ხელმძღვანელობაში დაიწყო მწვავე დაპირისპირება იმაზე, თუ როგორ უნდა ეპასუხათ თიენანმენის მოედანზე მიმდინარე სტუდენტური პროტესტისთვის. პარტიის გენერალური მდივანი ჯაო ძიიანი და რეფორმების მომხრე ლიდერები დიალოგისა და პოლიტიკური დათმობების მომხრენი იყვნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრი ლი პენგი და კონსერვატორი ლიდერები, მათ შორის დენ სიაოპინგი, სწრაფი და საჭიროების შემთხვევაში ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.[4]
19 მაისს დილით ჯაო ძიიანი კიდევ ერთხელ მივიდა თიენანმენის მოედანზე. მან სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
სტუდენტ დემონსტრანტთა უდიდესი ნაწილი პატრიოტულია და გულწრფელად ღელავს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. შესაძლოა, მათი ყველა მეთოდი მისაღები არ იყოს, მაგრამ მოთხოვნები — დემოკრატიის ხელშეწყობა, რეფორმების გაღრმავება და კორუფციის აღმოფხვრა — სრულიად გონივრულია[6]
ეს იყო მისი ბოლო საჯარო გამოსვლა. იმავე საღამოს, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, იგი ჩამოაშორეს პროცესების მართვას. 20 მაისს პრემიერ-მინისტრმა ლი პენგმა პეკინში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ქალაქში ჯარის ნაწილების შეყვანა დაიწყო წესრიგის აღდგენის ოფიციალური მოტივით.[9]

საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქალაქში შესულ სამხედრო ძალებს მშვიდობიანი მოქალაქეები გზას უღობავდნენ. პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე დემონსტრანტები ცოცხალ ჯაჭვებს აყალიბებდნენ და ჯავშანტექნიკის გადაადგილებას აფერხებდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში არმიამ ვერ შეძლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა.[4] თიენანმენის მოედანზე ათასობით სტუდენტი და მათი მხარდამჭერი კვლავ რჩებოდა კარვებში. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა სამოქმედო სტრატეგიაზე, პროტესტი არ წყდებოდა. 30 მაისს მოედანზე აღმართეს სიმბოლური სკულპტურა — „დემოკრატიის ქალღმერთი“, რომელიც მოძრაობის იდეალებს ასახავდა. მოვლენებს დასავლური მედია პირდაპირ ეთერში აშუქებდა. მაისის ბოლოს მდგომარეობა ჩიხში შევიდა: დემონსტრანტები მოედნის დატოვებას არ აპირებდნენ, ხოლო ხელისუფლებაში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ პროტესტი ძალისმიერი გზით უნდა დაესრულებინათ.[4]
მონაწილეთა ჯგუფები და დაფინანსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თიენანმენის მოედნის 1989 წლის პროტესტებში თავდაპირველად მონაწილეობას იღებდნენ პეკინის უნივერსიტეტების სტუდენტები და ახლად კურსდამთავრებულები, რომლებიც უმეტესად ინტელექტუალური წრის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის გამოჩნდნენ ლიდერები, როგორებიც იყვნენ ჩაი ლინი, ვან დანი და სხვები. მოძრაობას მხარს უჭერდა აკადემიური წრის ნაწილი, მათ შორის რეფორმისტი პროფესორები, მწერლები და ხელოვანები. მოგვიანებით, პროტესტს შეუერთდნენ მასწავლებლები, ჟურნალისტები, საჯარო სექტორის თანამშრომლები და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები. მაისის განმავლობაში დემონსტრაციებმა საზოგადოებრივი მასშტაბი მიიღო და მოედანს ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე უერთდებოდა, მათ შორის ქარხნების მუშები, ტექნიკური პერსონალი და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები. პეკინის მოვლენებმა დემონსტრაციები შთააგონა სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის შანხაიში, სიანში, ჩანშასა და ჩენგუში.
პროტესტის მასშტაბის ზრდასთან ერთად, მოძრაობა რესურსებისა და კოორდინაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. შედეგად, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სტრუქტურები, მათ შორის „პეკინის მუშათა ავტონომიური ფედერაცია“, რომელიც აერთიანებდა ქარხნებისა და მომსახურების სექტორის მუშაკებს და კოორდინაციას უწევდა დემონსტრაციების ლოჯისტიკას. ფედერაცია ღიად აკრიტიკებდა სახელმწიფოში არსებულ კორუფციასა და სოციალურ უთანასწორობას.
სტუდენტური ორგანიზაციები იღებდნენ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას როგორც შიდა, ისე საგარეო წყაროებიდან. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები შინაგანი პოლიტიკური და სოციალური მოთხოვნები იყო, ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ დემონსტრანტებს გარკვეული მხარდაჭერა უცხოური ორგანიზაციებისა და პირებისგანაც ჰქონდათ.
მაგალითად, ჰონგ-კონგში მოქმედი ორგანიზაციები, როგორიცაა "ჰონგ-კონგის ალიანსი ჩინეთის პატრიოტული დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად" (Hong Kong Alliance in Support of Patriotic Democratic Movements of China), აგროვებდნენ თანხებს და უგზავნიდნენ ლოჯისტიკურ რესურსებს პეკინის დემონსტრანტებს. ამ ალიანსმა 1989 წლის 27 მაისს გამართა მასშტაბური კონცერტი სახელწოდებით "დემოკრატიისთვის სიმღერა" (Concert for Democracy), რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი არტისტები, მათ შორის ჯეკი ჩანი და ანიტა მუი.[11] ღონისძიებამ დააგროვა დაახლოებით 1.5 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც პირდაპირ მოძრაობის მხარდასაჭერად იქნა გადარიცხული.[12]
ასევე არსებობს ცნობები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) სტუდენტ აქტივისტებს აწვდიდა აღჭურვილობას, მათ შორის საბეჭდი მანქანებსა და ფაქსის აპარატებს, რათა კომუნიკაციის საშუალება გაუმჯობესებინათ. „ვანკუვერ სან“-ის (Vancouver Sun) 1992 წლის 17 სექტემბრის ცნობით, აღნიშნული მხარდაჭერა ითვალისწინებდა ინფორმაციის გავრცელების ტექნიკურ უზრუნველყოფას და კოორდინაციის გაძლიერებას სტუდენტურ ჯგუფებს შორის.[13][14]
ძალადობა და დაშლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ თიენანმენის პროტესტები თავდაპირველად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა — მოიცავდა შიმშილობას, მჯდომარე დემონსტრაციებსა და სიტყვით გამოსვლებს — 3–4 ივნისს, ძალების შეყვანის შემდეგ, ქალაქის ზოგ უბანში ვითარება დაიძაბა და გამოვლინდა ძალადობის შემთხვევებიც. როდესაც ჯარისკაცებმა თიენანმენის მოედნისკენ გადაადგილება დაიწყეს, მოსახლეობის ნაწილმა მათ წინააღმდეგ გადაკეტა ქუჩები და აღმართა ბარიკადები. თავდაპირველად მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ზოგ ადგილას გადაიზარდა შეტაკებებში: დაფიქსირდა ქვის სროლა, სამხედრო მანქანებზე თავდასხმა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება. რამდენიმე შემთხვევაში დემონსტრანტებმა დაწვეს ჯავშანტექნიკა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჯარისკაცებს. ერთ-ერთ ქუჩაზე დახოცილი ჯარისკაცის ცხედარი ბრბომ ავტობუსზე ჩამოკიდა.[15]
1989 წლის 3 ივნისს ღამით ჩინეთის ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა პროტესტის ძალისმიერად ჩასახშობად. გვიან საღამოს ათიათასობით ჯარისკაცი და ასობით ტანკი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრა პეკინის ცენტრისკენ, თიენანმენის მოედნის დაკავების მიზნით. გზად სამთავრობო ძალებს გადალახვა უწევდათ ბარიკადებისა და მოქალაქეთა ცოცხალი ჯაჭვების, რომლებიც ქუჩებსა და გამზირებზე იყვნენ განლაგებული. Amnesty International-ისა და Encyclopedia Britannica-ს თანახმად, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის, როდესაც მოქალაქეები შეეცადნენ სამხედროების შეჩერებას, ჯარის ნაწილებმა გარკვეულ უბნებში გაფრთხილების გარეშე გახსნეს ცეცხლი შეკრებილ ბრბოზე — მათ შორის როგორც დემონსტრანტებზე, ისე მოქალაქეებზე, რომლებიც შემთხვევით იმყოფებოდნენ ადგილას ან ადევნებდნენ თვალს მოვლენებს.[4][9]
4 ივნისის გამთენიისას არმიის ნაწილებმა მიაღწიეს თიენანმენის მოედანს, სადაც იმ დროისთვის კვლავ იმყოფებოდა რამდენიმე ათასი დემონსტრანტი. მოედანზე შესულმა ჯარისკაცებმა მათ უბრძანეს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება. სტუდენტ ლიდერებთან მოკლე მოლაპარაკების შემდეგ, დემონსტრანტთა უმრავლესობამ, რომლებიც უკვე ალყაში იყვნენ მოქცეულნი, მოედანი დატოვა. დღის პირველ საათებში თიენანმენის მოედანი მთლიანად დაცლილი იყო პროტესტის მონაწილეებისგან.[4]
თუმცა Britannica-სა და სხვა წყაროების მიხედვით, სროლისა და არეულობის ეპიზოდები დღის განმავლობაში კვლავაც გრძელდებოდა პეკინის სხვადასხვა უბანში. სამხედრო ძალის გამოყენება დაფიქსირდა ჩინეთის სხვა ქალაქებშიც: მაგალითად, ჩენდუში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტებსა და ჯარისკაცებს შორის, რასაც დაღუპულებიც მოჰყვა; ხოლო შანხაიში, ქალაქის მერმა ჯუ რონგჯიმ შეძლო სიტუაციის განსამუხტად დემონსტრანტებთან მოლაპარაკება, რაც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.[4]
5 ივნისს, თიენანმენის მოედნის დაშლის შემდეგ, პეკინში დაფიქსირდა მოვლენათა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ეპიზოდი: დილის საათებში, როდესაც ჯარის კოლონა Chang’an-ის გამზირზე მოედანს ტოვებდა, უცნობი მამაკაცი გადავიდა ტანკების გზაზე და რამდენიმე წუთით შეაჩერა მათი მოძრაობა. კადრი, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა დასავლური მედიის მიერ „Tank Man“-ის სახელწოდებით, ფართოდ იქცა ინდივიდუალური პროტესტის სიმბოლოდ. თუმცა ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი არამხოლოდ არ გაურბოდა ტექნიკას, არამედ ერთ-ერთი ტანკის ზევითაც ავიდა და ეცადა ეკიპაჟთან დიალოგის წამოწყებას. საბოლოოდ, ის რამდენიმე მოქალაქემ მშვიდობიანად გაიყვანა ადგილიდან. ამ ეპიზოდს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა: ზოგისთვის ის ავტორიტარიზმის წინაშე ინდივიდის სიმამაცის გამოხატულებაა, მაშინ როცა სხვა მკვლევრები ამ მოვლენას ასევე განიხილავენ როგორც ნიშანს იმისა, რომ სამხედრო ნაწილების რეაქცია ყოველთვის არ ყოფილა აგრესიული და ბრმა ძალადობაზე ორიენტირებული.[16]
მსხვერპლის შესახებ განსხვავებული შეფასებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თიენანმენის მოედნის მოვლენების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დღემდე არ არის ცხადად დადასტურებული. სხვადასხვა წყაროები მნიშვნელოვნად განსხვავებულ შეფასებებს იძლევიან, რაც საგრძნობლად ართულებს რეალური მასშტაბის განსაზღვრას. ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 1989 წლის ივნისის "არეულობის" ჩახშობის დროს ჯამში 241 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებიც) და დაახლოებით 7,000-მდე დაიჭრა.[4] ალტერნატიულად, ჩინეთის წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 4 ივნისს დაასახელეს დაახლოებით 2,700 დაღუპული, თუმცა მოგვიანებით ეს ციფრი უარყვეს.[17]
1989 წლის 5 ივნისს, ბრიტანეთის ელჩმა ჩინეთში, სერ ალან დონალდმა, ლონდონში გაგზავნილ საიდუმლო დეპეშაში აღნიშნა, რომ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, თიენანმენის მოედნის დარბევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 10,000-ს აღწევდეს.[17][18]
უფრო ფრთხილი შეფასებების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია ასახელებენ რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე დაღუპულს.[5] სტენფორდის უნივერსიტეტის 2005 წლის კვლევამ მინიმუმ 3,000 დაღუპული დაასკვნა, არსებული წყაროების შეჯერების საფუძველზე[19]
ზუსტი აღრიცხვის არარსებობის ფონზე, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა დაიწყეს თვითორგანიზება. მოძრაობა „თიენანმენის დედები“, რომელსაც პროფესორი დინგ ზილინი ხელმძღვანელობს, მოითხოვს სრული სიმართლის გამჟღავნებას და უკვე შეაგროვა დოკუმენტური ცნობები სულ მცირე 200 იდენტიფიცირებულ მსხვერპლზე.[19]
მიუხედავად პერიოდული მიმართვებისა, ჩინეთის ხელისუფლებას დღემდე არ ჩაუტარებია საჯარო გამოძიება და არ გამოუქვეყნებია დაღუპულთა სრული სია. Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა მრავალჯერ მოუწოდეს ჩინეთის მთავრობას პასუხი აგოს 1989 წლის მოვლენებზე, თუმცა ოფიციალური პოზიცია უცვლელი რჩება. შესაბამისად, დღემდე ისტორიკოსები დაღუპულთა რაოდენობას აფასებენ „ასეულებიდან რამდენიმე ათასამდე“, ხოლო დაშავებულთა რაოდენობას — ათასობით.[5]
საერთაშორისო რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თიენანმენის მოედნის დარბევას დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მყისიერი და მკაცრი რეაქცია მოჰყვა. 1989 წლის 5 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ჰ. ბუშმა ოფიციალურად გააკრიტიკა ჩინეთის მთავრობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის და გამოსცა სანქციები — შეჩერდა სამხედრო თანამშრომლობა, გადაიხედა ეკონომიკური დახმარება და დროებით გაუქმდა მაღალი დონის ვიზიტები.[5] ევროკავშირის წინამორბედმა ევროპის თანამეგობრობამ და აშშ-მ ჩინეთს სამხედრო ემბარგო დაუწესეს და განიხილეს ფინანსური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შეზღუდვაც. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენის სამიტზე საერთო განცხადებით დაგმეს დარბევა და მოითხოვეს პასუხისმგებელი პირების დასჯა.[3]
პროტესტის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს ჰონგ-კონგსა და ტაივანშიც. 21 მაისს ჰონგ-კონგში, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ბრიტანეთის მმართველობაში იყო, სოლიდარობის მარშში დაახლოებით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. ტაივანის ხელისუფლებამ ღიად გააკრიტიკა პეკინი და საერთაშორისო თანამეგობრობას დემოკრატიული აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საბჭოთა კავშირის პოზიცია შედარებით ფრთხილი იყო — კრემლმა მოვლენები ჩინეთის შიდა საქმედ შეაფასა, თუმცა საბჭოთა მედიაში ისინი კრიტიკული ტონით გაშუქდა. 1990-იან წლებში ჩინეთმა შეძლო საერთაშორისო კავშირების ეტაპობრივი აღდგენა და ბევრმა ქვეყანამ 1992 წლიდან სანქციების ნაწილი მოხსნა. მიუხედავად ამისა, აშშ-სა და ევროკავშირს დღემდე არ მოუხსნიათ თიენანმენის შემდეგ დაწესებული იარაღის ემბარგო. ყოველწლიურად, 4 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროპის ქვეყნები ავრცელებენ განცხადებებს, რომლებიც თიენანმენის მოვლენებს იხსენებს და ჩინეთს პოლიტიკური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს. ჩინეთის მთავრობა მსგავს განცხადებებს სისტემურად „შიდა საქმეებში ჩარევად“ აფასებს და დასავლეთს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს [³]. თიენანმენის დარბევა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება ჩინეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში და ახდენს გავლენას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.[19]
შემდგომი შედეგები და ცენზურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თიენანმენის მოედნის დარბევის შემდეგ ჩინეთში დაიწყო მასობრივი რეპრესიების ტალღა. ათასობით პირი დააკავეს დემონსტრაციებში მონაწილეობისა ან მათი მხარდაჭერის ბრალდებით. სტუდენტ ლიდერების ნაწილს დაჩქარებული სასამართლო პროცესი ჩაუტარდა — ბევრ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა, ზოგიერთს კი სიკვდილით დასჯა, რაც მალევე აღსრულდა. ამავე დროს, რამდენიმე წამყვანმა აქტივისტმა, მათ შორის ჩაი ლინმა, ვუერ კაიშიმ და ვან დანმა, მოახერხა ქვეყნის დატოვება.[20] ისინი გაიყვანეს ჰონგ-კონგიდან ორგანიზებული ოპერაცია "Operation Yellow Bird"-ის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი უფლებადამცველები, ჟურნალისტები და დასავლურ წრეებთან დაკავშირებული პირები.[4][5] აშშ-ში მიღებულ თავშესაფარში ეს ლიდერები მოგვიანებით გახდნენ ჩინეთის დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები ემიგრაციაში. ჩინეთის ხელისუფლება მათ უცხოური ჩარევის ინსტრუმენტებად წარმოაჩენდა და ამტკიცებდა, რომ პროტესტი დასავლეთის მხარდაჭერით განხორციელდა, მაშინ როცა აქტივისტები ხაზს უსვამდნენ შიდა რეფორმების მოთხოვნას.

პარტიის შიგნით ძალაუფლება საბოლოოდ კონსერვატიულმა ფრთამ შეინარჩუნა. გენერალური მდივანი ჟაო ძიიანი შინაპატიმრობაში მოათავსეს, სადაც იგი გარდაცვალებამდე, 2005 წლამდე, დარჩა. პარტიის ახალი ლიდერი დენ სიაოპინგის რჩეული ძიან ძემინი გახდა, ხოლო პრემიერ-მინისტრად დარჩა ლი პენგი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო. 1989 წლის ივლისში ჩინეთის კომუნისტური პარტიის დახურულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, თიენანმენის მოვლენები შეაფასეს როგორც სისტემური საფრთხე სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ეკონომიკური რეფორმები შესაძლებელი იყო მხოლოდ მკაცრი პოლიტიკური კონტროლის პირობებში, რადგან პარტიის შიგნით განხეთქილების ნებისმიერ მცდელობას შეიძლებოდა სახელმწიფოს დაშლა გამოეწვია.[3]
თიენანმენის მოვლენების შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა ამ მოვლენის მეხსიერებიდან წაშლა და მკაცრი ცენზურის დაწესება. სახელმწიფო მედიამ პროტესტები ოფიციალურად შეაფასა, როგორც „კონტრრევოლუციური არეულობის“ ჩახშობა, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენება აუცილებელ ზომად იყო წარმოჩენილი. საჯარო სივრცეში აიკრძალა თიენანმენის მოედნის მოვლენების ხსენება: არ არსებობს მისი ობიექტური აღწერა სახელმძღვანელოებში, მუზეუმებსა და მედიაში. ინტერნეტში დაწესდა მკაცრი კონტროლი, იბლოკება ისეთი საკვანძო სიტყვები, როგორიცაა „თიენანმენი“, „4 ივნისი“ და „Tank Man“. ჩინეთის ინტერნეტ-კომპანიები ვალდებულნი არიან წაშალონ მსგავსი სენსიტიური კონტენტი, ხოლო უცხოური ვებგვერდები, რომლებზეც ხელმისაწვდომია ინფორმაცია თიენანმენის შესახებ, ხშირად ბლოკირებულია ჩინეთის ტერიტორიაზე.[21]
ყოველწლიურად 4 ივნისის მოახლოებისას, უსაფრთხოების სამსახურები აძლიერებენ კონტროლს დისიდენტებზე და 1989 წლის მსხვერპლთა ოჯახებზე. „თიენანმენის დედების“ მოძრაობის წევრები, რომლებიც ცდილობენ დაღუპულთა იდენტიფიცირებასა და აღრიცხვას, პოლიციის ზედამხედველობის, გადაადგილების შეზღუდვისა და დროებითი დაკავების ობიექტები ხდებიან. ჩინეთის ოფიციალური პოზიცია კვლავ უცვლელია: პარტია დღემდე ამტკიცებს, რომ 1989 წლის სამხედრო ოპერაცია საჭირო იყო ქვეყნის სტაბილურობისთვის და რომ ამ გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ჩინეთის შემდგომი ეკონომიკური წინსვლა. ჩინეთის მატერიკზე თიენანმენის მოვლენების ხსენება კვლავ დუმილით იფარება, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს თემა რჩება სამოქალაქო გამბედაობისა და სახელმწიფო რეპრესიის დაპირისპირების სიმბოლოდ.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Gate of Heavenly Peace – Feature-length Documentary And various archival documents
- Secret recordings resurrect Chinese PM’s criticism of Tiananmen crackdown დაარქივებული 2020-11-15 საიტზე Wayback Machine. – Radio France Internationale
- "The Tank Man", 2006 PBS documentary
- BBC's "Witnessing Tiananmen: Clearing the square" with eyewitness accounts of Tiananmen
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Britannica. Tiananmen Square incident. ციტატა: „From the outset of the incident, the Chinese government’s official stance was to downplay its significance, labeling the protesters “counterrevolutionaries” and minimizing the extent of the military’s actions on June 3–4. The government’s count of those killed was 241 (including soldiers), with some 7,000 wounded; most other estimates have put the death toll much higher. In the years since the incident, the government has generally attempted to suppress references to it. Public commemoration of the incident is officially banned.“
- ↑ history.state.gov. Tiananmen Square, 1989. ციტატა: „On the night of June 3 and 4, the People’s Liberation Army stormed the Square with tanks, crushing the protests with terrible human costs. Estimates of the numbers killed vary. The Chinese Government has asserted that injuries exceeded 3,000 and that over 200 individuals, including 36 university students, were killed that night. Western sources, however, are skeptical of the official Chinese report and most frequently cite the toll as hundreds or even thousands killed. Similar protests that had taken place in other Chinese cities were soon suppressed and their leaders imprisoned.“
- 1 2 3 4 5 foreignaffairs. The New Tiananmen Papers. ციტატა: „By honoring Hu, the students expressed their dissatisfaction with the corruption and inflation that had developed during the ten years of ‘reform and opening’ under the country’s senior leader, Deng Xiaoping, and their disappointment with the absence of political liberalization. [...] The students occupying the square declared a hunger strike, their demands grew more radical, and demonstrations spread to hundreds of other cities around the country.“
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 Lim, Louisa (2014). The People's Republic of Amnesia: Tiananmen Revisited. New York: Oxford University Press, გვ. 70. ISBN 9780190227913.
- 1 2 3 4 5 6 7 Wen, Philip. (1 June 2014) The incredible story of Brother Six, democracy activist, friend to triads. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 April 2018. ციტირების თარიღი: 28 March 2018
- 1 2 Timeline: What Led to the Tiananmen Square Massacre. ციტატა: „“[T]he vast majority of student demonstrators are patriotic and sincerely concerned for our country. We may not approve of all of their methods, but their demand to promote democracy, to deepen the reforms and to root out corruption are quite reasonable,” says Zhao.“
- ↑ ABC news. Mikhail Gorbachev visited China in 1989 and found a revolution looming. What he saw changed history. ციტატა: „The talks Monday and today have been largely overshadowed by continuing student protests in Tian An Men Square outside the Great Hall. About 50,000 people were gathered in the square this morning as the meeting between Deng and Gorbachev began and thousands more were marching toward the centre of Beijing in the fourth day of a hunger strike that has grown to include more than 2,000 students demanding a dialogue with Chinese leaders on ways to expand democracy here.“
- ↑ foreignpolicy. ‘I Do Not Want Red Square to Look Like Tiananmen Square’. ციტატა: „Beijing and Moscow had mended fences, embarking on a road that by the mid-1990s would take them towards "strategic partnership." The high point of this rapprochement was then-Soviet leader Mikhail Gorbachev's visit to Beijing in May 1989, just days before the June 4 massacre in Tiananmen Square.“
- 1 2 3 Amnesty International. What really happened in the 1989 Tiananmen Square protests. ციტატა: „On 13 May, hundreds of student protesters in Tiananmen Square went on hunger strike in order to push for talks with Communist Party leaders. It is estimated that one million people joined the protests in Beijing to express their support for the students on hunger strike and to demand reform.“
- ↑ History.com. Tiananmen Square Protests. ციტატა: „By the end of May, more than one million protesters had gathered in and around Tiananmen Square. They held daily marches and vigils, and images of the events were transmitted by media organizations to audiences in the United States, Europe and across the world.“
- ↑ “Past Events,” Hong Kong Alliance in Support of Patriotic Democratic Movements of China, accessed March 20, 2014, http://www.alliance.org.hk/english/The_Alliance/past_events.html დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine.
- ↑ “Troops Halted by the Crowds,” Hong Kong Alliance in Support of Patriotic Democratic Movements of China, accessed March 20, 2014, http://www.alliance.org.hk/english/Tiananmen_files/890521.html დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Anderlini, Jamil. Tiananmen Square: the long shadow. Financial Times (1 June 2014). ციტატა: „The extraction missions, aided by MI6, the UK’s Secret Intelligence Service, and the CIA, according to many accounts, had scrambler devices, infrared signallers, night-vision goggles and weapons.“ ციტირების თარიღი: 2 June 2014
- ↑ „CIA man misread reaction, sources say“. The Vancouver Sun. 1992. ციტირების თარიღი: 3 July 2023.
- ↑ Tiananmen: The Massacre that Wasn’t. liberationnews. ციტატა: „The Chinese government’s account acknowledges that street fighting and armed clashes occurred in nearby neighborhoods. They say that approximately three hundred died that night including many soldiers who died from gunfire, Molotov cocktails and beatings. But they have insisted that there was no massacre. Kristof too says that there were clashes on several streets but refutes the “eyewitness” report about a massacre of students in Tiananmen Square: “the students and a pop singer, Hou Dejian, were negotiating with the troops and decided to leave at dawn, between 5 A.M. and 6 A.M. The students all filed out together. Chinese television has shown scenes of the students leaving and of the apparently empty square as troops moved in as the students left.”“
- ↑ britannica. Tank Man. ციტატა: „The man made a sweeping gesture with one of his shopping bags as if to say, “Get out,” and, when the lead tank’s driver attempted to move to his left, Tank Man immediately jumped in front of it again. The lead tank proceeded forward, finally stopping within arm’s reach of Tank Man, at which point the driver turned off the engine. The man then climbed onto the tank, and he could be seen attempting to communicate with the crew inside. After about a minute a crewman emerged from a hatch on the turret, and there was a brief verbal exchange that continued as Tank Man jumped back onto the street to one side of the vehicle. Bursts of automatic-weapons fire could be heard in the distance. A short time later the lead tank’s driver restarted the engine, and the tank resumed its advance. Tank Man immediately repositioned himself in front of the tank, which again crawled to a stop. Two crewmen then appeared from hatches in the turret and gestured for the man to move out of the way. At this point a man on a bicycle approached Tank Man, and two additional men took him by the arms and hurried him across the avenue and out of sight.“
- 1 2 Ohio State University. Chinese official said 10,000 died in 1989. ციტატა: „Estimates on the number of casualties in China’s June 4 crackdown on the 1989 pro-democracy protests vary widely between sources. One widely used figure is the number announced by the Red Cross Society of China early on June 4, which estimated 2,700 dead.“
- ↑ the-independent. At least 10,000 people died in Tiananmen Square massacre, secret British cable from the time alleged. ციტატა: „Written on 5 June 1989 by Sir Alan Donald, the then-British ambassador to China, the hitherto secret cable has now been placed in the UK National Archives at Kew, where it was found by the news website HK01. The ambassador said his account of the massacre of the night of 3-4 June was based on information from a source who had spoken to a “good friend” in China’s State Council, effectively its ruling cabinet. The State Council member, Sir Alan said, “has previously proved reliable and was careful to separate fact from speculation and rumour”.“
- 1 2 3 Los Angeles Times. White House: China should account for Tiananmen victims. ციტატა: „A 2005 study in the Stanford Journal of East Asian Affairs concluded that at least 3,000 deaths in Beijing was a likely tally based on available sources.“
- ↑ Marcelo Duhalde. Tiananmen Square crackdown: 21 most-wanted student leaders’ stories. South China Morning Post.
- ↑ Tiananmen Square online searches censored by Chinese authorities. The Guardian. ციტატა: „Officially, the Chinese government considers the Tiananmen protest a "counter-revolutionary rebellion," and its subsequent crackdown – the declaration of martial law, troops firing indiscriminately at unarmed demonstrators – as necessary for maintaining social stability. Many one-time protesters have since been consigned to the margins of Chinese society. Some have spent long stints in jail; others have fled the country. A large number still face regular harassment by security agents.“