ერაყის რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერაყის რევოლუცია 14 ივლისის რევოლუცია — შეიარაღებული გადატრიალება ერაყში, 1958 წლის 14 ივლისს. დასრულდა სამეფო ოჯახის წევრების დახვრეტით და მონარქიის გაუქმებით.

ერაყი იყო კონსტიტუციური მონარქია, რომელსაც სათავეში ედგა ჰაშიმიტების დინასტია. ახალგაზრდა მეფე ფეისალ II ჩამოაცილეს ქვეყნის მართვის სადავეებს. ერაყის საგარეო და საშინაო პოლიტიკას სასახლის ელიტა განაგებდა რეგენტ აბდ ალ-ილაჰის ხელმძღვანელობით.

1957 წლის დასაწყისში ეროვნულ-დემოკრატიულმა, დამოუკიდებლობისა და კომუნისტურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაერთიანებულიყვნენ ეროვნული ერთიანობის ფრონტში.

1958 წლის 13 ივლისს სამეფო სასახლეში მეფის გასაცილებლად ბანკეტი მიმდინარეობდა. მეფე ფაისალ II სტამბოლში, ბაღდადის პაქტის ქვეყნების სამიტზე მიემგზავრებოდა. 14 ივლისის დილას სასახლე ალყაში იყო. სასახლეს ცეცხლი წაუკიდეს. ალმოდებული სამეფო სასახლიდან 14 კაცი გამოვიდა, ყველა სამეფო ოჯახის წევრი, მათ თავზე ყურანი ედოთ შეწყალების ნიშნად.

სამეფო ოჯახის წევრები კედელთან დააყენეს. ამის შემდეგ რა მოხდა უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მათ ცეცხლი გაუხსნეს და დახვრიტეს. გადარჩა მხოლოდ სამეფო ოჯახის ერთი წევრი პრინცესა ჰაიამი. იგი შეთქმულებმა მიცვალებულად ჩათვალეს და დააწვინეს სამეფო ოჯახის წევრების გვამებზე, თუმცა მოგვიანებით გადაიყვანეს ალ-რაშიდის ჰოსპიტალში და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. გარდაცვლილი მეფის სხეული ოჯახის სხვა წევრების სხეულებისაგან განსხვავებით აბუჩად არ აუგდიათ, საიდუმლოდ მიაბარეს მიწას. პრემიერ-მინისტრ ნური ალ-საიდის სხეული მისსავე სავარძელზე ესვენა შუა ქუჩაში. მოგვიანებით წაიყვანეს და დაკრძალეს უცნობ ადგილზე.

15 ივლისს დილის 6 საათზე რადიო ეთერით გამოაცხადეს მონარქიის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების შესახებ. პირველ რესპუბლიკურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა ორგანიზაცია „თავისუფალი ოფიცრების“ ლიდერი აბდ ალ-ქარიმ კასიმი. მისი მმართველობის დროს ერაყი გამოვიდა ბაღდადის პაქტიდან. გაუქმდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზები, სსრკ-სთან დადო სამხედრო და ტექნიკური დახმარების ხელშეკრულება. გააგრძელა მონარქიული ელემენტების დევნა. 1963 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად კასემი დაამხეს და სიკვდილით დასაჯეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Revolt in Baghdad.“, Time Magazine, 21 July 1958. წაკითხვის თარიღი: 27 July 2009. 
  • In One Swift Hour.“, Time Magazine, 28 July 1958. წაკითხვის თარიღი: 27 July 2009.