შინაარსზე გადასვლა

დამატი ფერიდ-ფაშა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამატი ფერიდ-ფაშა
Damat Mehmed Adil Ferid
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 10 მარტი, 1919
მმართ. დასასრული: 4 ოქტომბერი, 1919
წინამორბედი: აჰმეთ თევფიქ-ფაშა
მემკვიდრე: ალი რიზა-ფაშა
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 5 აპრილი, 1920
მმართ. დასასრული: 18 ოქტომბერი, 1920
წინამორბედი: სალიჰ ჰულუსი-ფაშა
მემკვიდრე: აჰმეთ თევფიქ-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1853
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 6 ოქტომბერი, 1923
გარდ. ადგილი: ნიცა, საფრანგეთი
მეუღლე: მედიჰა სულთანი
მამა: სეიდ იზეტი
რელიგია: სუნიტური ისლამი

დამატი ფერიდ-ფაშა (თურქ. Mehmed Ferid, დ. 1853, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია —გ. 6 ოქტომბერი, 1923, ნიცა, საფრანგეთი)  — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. სულთან მეჰმედ VI-ის დროს ორჯერ ეკავა დიდი ვეზირის თანამდებობა (1919 და 1920 წ.).

მეჰმედ ფერიდ-ფაშა დაიბადა 1853 წელს სტამბოლში. მამამისი სეიდ იზეტ-ეფენდი იყო ოსმალეთის იმპერიი სახელმწიფო საბჭოს (შურა-ი დევლეთი) წევრი, ბეირუთისა და სიდონის გუბერნატორი.

მეჰმედ ფერიდს ეკავა სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობები ოსმალეთის იმპერიაში, ხოლო შემდეგ გადავიდა დიპლომატიურ სამსახურში. მსახურობდა ბერლინის, პარიზის, ლონდონისა და სანქტ-პეტერბურგის საელჩოებში. იგი დაქორწინებული იყო სულთან აბდულმეჯიდ I-ის ქალიშვილზე, მედიჰა სულთანზე, რის გამოც მან მიიღო ზედწოდება „დამატი“ („სიძე“). 1884 წელს მამის მსგავსად გახდა შურა-ი დევლეთის წევრი, ხოლო მალევე გახდა ვეზირი. სულთან აბდულჰამიდ II-ის პერიოდში გამოიწვიეს ლონდონის საელჩოდან და 1908 წელს კვლავ გამოჩნდა ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკურ სცენაზე, როგორც ოსმალეთის იმპერიის პარლამენტის ზედა პალატის წევრი.

1911 წელს დააარსა თავისუფლებისა და თანხმობის პარტია, რომელიც ლიბერალიზმის იდეებს იზიარებდა და მოითხოვდა რეგიონების მეტ ავტონომიას. 1919 წელს დამატი ფერიდ-ფაშამ ოფიციალურად აღიარა სომხების წინააღმდეგ გამართული ხოცვა-ჟლეტა. იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ძირითადი ფიგურა და სასამართლო პროცესების ინიციატორი, რომელიც მოითხოვდა სამხედრო დანაშაულისათვის გენოციდის დამნაშავეების დასჯას[1][2][3].

მისი პირველად მოსვლა ვეზირის თანამდებობაზე დაემთხვა საბერძნეთის არმიის მიერ სმირნის ოკუპაციასა (თანამედროვე იზმირი) და შემდგომ განვითარებულ დრამატულ მოვლენებს. 1919 წელს მან გადადგომის შესახებ განაცხადა. სულთანმა მეჰმედ VI-მ ორ დიდ ვეზირს (ალი რიზა-ფაშა და სალიჰ ჰულუსი-ფაშა) დაავალა მთავრობის ფორმირება, მაგრამ უშედეგოდ. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სულთანი იძულებული გახდა 1920 წლის 5 აპრილს კვლავ ფერიდ-ფაშა დაებრუნებინა დიდი ვეზირის თანამდებობაზე. ფერიდ-ფაშა აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩა 1920 წლის 17 ოქტომბრამდე, ამ პერიოდში მან ორჯერ მოახდინა მთავრობის ფორმირება.

მისი მეორე დიდ ვეზირობის დროს დაემთხვა ბრიტანულ-ფრანგული საოკუპაციო ჯარების მიერ ოსმალეთის იმპერიის პარლამენტის დახურვას. ოსმალეთის იმპერიის სამმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, მათ შორის ფერიდ-ფაშამაც ხელი მოაწერა სევრის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ოსმალეთის იმპერიის დაშლას. აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა ფერიდ-ფაშას პოპულარობის დაცემა თურქ ნაციონალისტებს შორის. თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ომის წარმატებით დასრულების შემდეგ იგი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

დამატი ფერიდ-ფაშა გარდაიცვალა ნიცაში (საფრანგეთი), 1923 წლის 6 ოქტომბერს. მისი ცხედარი გადაასვენეს სიდონში.

  • Milli Kurtuluş Tarihi, 1838'den 1995'e. İstanbul. ISBN 975-478-026-9.
  • Ali Birinci, Hürriyet ve İtilâf Fırkası, Dergâh Yay. 1990
  1. Gunnar Heinsohn: Lexikon der Völkermorde. Reinbek 1998. Rowohlt Verlag. p. 80 (German)
  2. RECOGNIZING THE 81ST ANNIVERSARY OF THE ARMENIAN GENOCIDE. United States Government Printing Office. Retrieved 21 January 2013
  3. Armenian Genocide Survivors Remember დაარქივებული 2017-07-26 საიტზე Wayback Machine. . Queens Gazette. Retrieved 21 January 2013