ჰალილ ჰამიდ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰალილ ჰამიდ-ფაშა
Halil Hamid Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 დეკემბერი, 1782 – 31 მარტი, 1785
წინამორბედიიეჟენ ჰაჯი მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრეჰაზინედარ შაჰინ ალი-ფაშა

დაბადებული1736
ისპარტა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი27 აპრილი, 1785[1]
ბოზჯაადა, ოსმალეთის იმპერია
შვილებიმაჰმედ არიფ ბეი
მეჰმედ ნურულაჰ ფაშა
უბეიდე
ზუბეიდე
ზეინები
ფატიმა[2]
რელიგიაისლამი

ჰალილ ჰამიდ-ფაშა (თურქ. Halil Hamid Paşa; დ. 1736, ისპარტა — გ. 27 აპრილი, 1785,[1] ბოზჯაადა) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1782 წლის 31 დეკემბრიდან 1785 წლის 31 მარტამდე.

ჰალილ ჰამიდ-ფაშა წარმოშობით ქართველი იყო. მამამისი გურჯი მუსტაფა-აღა იყო.[3] დაიბადა 1736 წელს, ქალაქ ისპარტაში. იმპერიის დედაქალაქ სტამბოლში მამასთან ერთად სიყმაწვილეში ჩავიდა. სახელმწიფო სამსახური მან მთავრობის კანცელარიაში დაიწყო, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა. 1768 წელს ჰაჯეგანის წოდება მიიღო და სულთნის არმიის დაქვემდებარებაში გადავიდა. მოგვიანებით, ამედის თანამდებობა დაიკავა. 1779 წელს გახდა თეზქერეჯი, მოგვიანებით კი — რეისულქუთაბი. 1780 წელს დაინიშნა დიდი ვეზირის ქეთჰუდად, 1781 წელს კი — საზღვაო არსენალის გამგედ. 1782 წელს მეორედ გახდა დიდი ვეზირის ქეთჰუდა.[3]

1782 წელს იეღენ მეჰმედ-ფაშას ნაცვლად დიდ ვეზირად დაინიშნა. მისი დიდვეზირობის პერიოდი ოსმალეთის იმპერიის წარუმატებელ წლებს ემთხვევა. ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შორის იყო ყირიმის საკითხიც. დაიწყო გრძელვადიანი კონსულტაციები 1774 წელს რუსეთისათვის გადაცემული ყირიმის უკან დასაბრუნებლად და შავ ზღვაზე რუსეთის ბატონობის შესაზღუდად. ჰალილ ჰამიდ-ფაშა რუსეთთან ბრძოლას ეწინააღმდეგებოდა. იგი საზღვრების გამაგრებაზე უფრო ზრუნავდა. რუმელიაში ციხესიმაგრეები შეაკეთა; ედირნეში, სოფიასა და სხვა ქალაქებში სამხედრო ძალა და ფურაჟი გაგზავნა; მიიღო ზომები დუნაისპირეთსა და ბოსნიაში არეულობების თავიდან ასაცილებლად; კავკასიაში, აფხაზებისა და ჩერქეზების დასახმარებლად, სურსათი და საბრძოლო მასალა გაგზავნა.[3]

ჰალილ ჰამიდ-ფაშა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სამხედრო რეფორმას. განსაკუთრებით, არტილერიის როლის გაზრდაზე ზრუნავდა. დააარსა სწრაფმსროლელთა საარტილერიო შენაერთი, საარტილერიო კორპუსთან კი ახალი, მობილური არტილერიის კორპუსი ჩამოაყალიბა. გაზარდა არტილერისტების რიცხვი და შექმნა მათი წესდება. არსენალის გამგეობის ყაზარმების გვერდით არტილერისტებისათვის ცალკე შენობა ააშენებინა. დაზღვევის მიზნით, შავ და ხმელთაშუა ზღვებზე რამდენიმე გემი გაგზავნა. დაინტერესებული იყო იანიჩართა კორპუსის რეფორმირებითაც. მოაწესრიგა კორპუსში ახალი წევრების შემოწმებისა და მიღების პირობები. განახორციელა ღონისძიებები, რათა ომის დაწყების შემთხვევაში, ყველას მიეღო მონაწილეობა ბრძოლებში და შინ არავინ დარჩენილიყო.[3]

მისივე მმართველობისას ჩატარდა შემოწმება, თუ ვინ იყო ადგილზე რეალურად სასაზღვრო რაზმებში რეგისტრირებულ სამხედრო მოსამსახურეთაგან. იანიჩართა და არტილერისტთა კორპუსების საქმიანი დავთრების წარმოება დიდი ვეზირის კანცელარიაშიც დაიწყეს. გამოიძიეს ისიც, თუ ვინ იყო რეალურად ადგილზე ნაღმმტყორცნელთა და ყუმბარმტყორცნელთა ნაწილებშიც. ჰალილ ჰამიდ-ფაშამ შეაქმნევინა წვრთნის ახალი პროგრამა და წესდება, საფრანგეთიდან ჩამოიყვანა ინჟინრები და საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის გაფართოება-განვითარება დაიწყო. მის სახელთანაა დაკავშირებული სამხედრო-საინჟინრო სასწავლებლის დაარსება.

დიდმა ვეზირმა ეკონომიკაშიც დაამყარა წესრიგი. ადგილობრივი წარმოებისათვის ხელის შესაწყობად, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ძვირფასი ქსოვილების შემოტანა აკრძალა, გამოსცა საგანგებო ფირმანი მაღალი თანამდებობის პირთა ტანსაცმლის ხარჯების შესამცირებლად.

ჰალილ ჰამიდ-ფაშამ ზოგიერთ უღირს იანიჩარს ხელფასი შეუწყვიტა და ამით ისინი ძალიან გაანაწყენა. გავრცელდა უსაფუძვლო ხმები, რომ იგი სულთან აბდულჰამიდ I-ის ტახტიდან ჩამოგდებასა და მის ადგილას სელიმ III-ის დასმას აპირებდა. დიდვეზირის მტრებმა ამის შესახებ სულთანს აცნობეს. სულთანი ძალიან განრისხდა. მისი ბრძანებით, ჰალილ-ჰამიდ ფაშა დიდი ვეზირის თანამდებობიდან გადააყენეს და ქონების კონფისკაციის შემდეგ, გალიპოლში გადაასახლეს. 1785 წლის 27 აპრილს, კუნძულ ბოზჯაადაზე სულთნის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.[1]

ოსმალეთის იმპერიის 178-ე დიდი ვეზირის თანამდებობა ჰალილ ჰამიდ-ფაშას 2 წელი და 3 თვე ეკავა. ჰყავდა ორი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. მისი ერთ-ერთი სიძე, საფრანბოლუელი იზეთ მეჰმედ-ფაშა, სულთან სელიმ III-ის დროს 4 წლის განმავლობაში იკავებდა დიდი ვეზირის პოსტს (1794-1798 წწ.).[2][4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №8(56), 08.2015 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №8(56), 08.2015 წ., გვ. 67
  2. 2.0 2.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №8(56), 08.2015 წ., გვ. 68
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №8(56), 08.2015 წ., გვ. 66
  4. Mehmet Süreyya (1996), Sicill-i Osmanî, Beşiktaş, Istanbul: Türkiye Kültür Bakanlığı and Türkiye Ekonomik ve Toplumsal Tarih Vakfı, с. 849, http://books.google.com/books?id=btElAQAAMAAJ