ელმას მეჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელმას მეჰმედ-ფაშა
Elmas Mehmed Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 3 მაისი, 1695
მმართ. დასასრული: 11 სექტემბერი, 1697
წინამორბედი: სიურმელი ალი-ფაშა
მემკვიდრე: ქოფრიულიუ ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშა
მონარქი: მუსტაფა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1661
დაბ. ადგილი: დოღანიურთი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 11 სექტემბერი, 1697
გარდ. ადგილი: ზენტა, ოსმალეთის სერბეთი
რელიგია: ისლამი

ელმას მეჰმედ-ფაშა (თურქ. Elmas Mehmed Paşa; დ. 1661, დოღანიურთი, ოსმალეთის იმპერია — გ. 11 სექტემბერი 1697, ზენტა, სერბეთი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1695-1697 წლებში, მუსტაფა II-ის მმართველობისას. მისი ზედმეტსახელი ელმას თურქულად ალმასს ნიშნავს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელმას მეჰმედ-ფაშა დაიბადა 1661 წელს, ქალაქ დოღანიურთში, თანამედროვე კასთამონუს პროვინციის ტერიტორიაზე. მამამისი საზღვაო კაპიტანი იყო (თურქ. reis). მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდში მან სულთნის სასახლეში დაიწყო სამსახური და ფადი-შაჰის პირადი მსახური გახდა. მეჰმედი ერთ-ერთი იყო იმ მცირე ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწეთაგან, რომელთაც ადრეულ ასაკშივე მიაღწიეს კარიერულ წარმატებას. აჰმედ II-ის დროს მნიშვნელოვანი სახემლმწიფო დოკუმენტების დალუქვით და გაგზავნით იყო დაკავებული (თურქ. nişancı). ხოლო 1689 წელს დაინიშნა ვეზირად.

დიდი ვეზირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერიოდში ოსმალეთის იმპერია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მწვავედ მიმდინარეობდა ომი ჰაბსბურგების წინააღმდეგ, რომელიც 1683 წელს, ვენის წარუმატებელი ალყის შედეგად დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქარა მუსტაფა-ფაშა სიკვდილით დაისაჯა, ოსმალეთმა 11 დიდი ვეზირი გამოიცვალა, თუმცა ისინი ხშირად ვერ ამართლებდნენ სულთნის იმედებს. ელმას მეჰმედ-ფაშა დიდი ვეზირის პოსტზე 1695 წლის 3 მაისს, მუსტაფა II-ის მიერ დაინიშნა. იგი თავის წინამორბედებთან შედარებით წარმატებული დიდი ვეზირი გამოდგა. სულთან მუსტაფასთან ერთად მან ჰაბსბურგები დაამარცხა ლუგოსის და ულაშის ბრძოლებში.

მეჰმედ-ფაშა არ იყო მხოლოდ სამხედრო ლიდერი. მან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა იმპერიის ხაზინაშიც. მე-17 საუკუნის ოსმალეთის უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა იყო გაუფასურებული მონეტები. ელმას მეჰმედ-ფაშამ მოჭრა ახალი ოქროსა და ვერცხლის მონეტები, მუსტაფა II-ის სახელზე.

ზენტის ბრძოლა და სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელმას მეჰმედ-ფაშას წარმატებული მმართველობა 1697 წლის 11 სექტემბერს, ზენტის ბრძოლაში დასრულდა. ჰაბსბურგების არმიის ლიდერმა, პრინცმა ევგენი სავოიელმა მოახერხა და გაიგო ოსმალთა არმიის გეგმის შესახებ. ამის შემდეგ მან დაარბია ოსმალების ბანაკი და არმია მტინარე ტისაზე გადაიყვანა. მეჰმედ-ფაშა შეეცადა წესრიგი აღედგინა დაბნეულ და დაპანიკებულ არმიაში. ამისთვის მას ჯარისკაცებთან ბრძოლა მოუწია. მეჰმედი თავისსავე ჯარისკაცებმა თოკით დაახრჩვეს. ზენტასთან მარცხი ოსმალთათვის დამღუპველი აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ იმპერია უნგრეთის დათმობას დათანხმდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danışmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul: Türkiye Yayınevi.
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVİ. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.442-443
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5.