გურჯი ჰადიმ მეჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურჯი ჰადიმ მეჰმედ-ფაშა
Gürcü Hadım Mehmed Pasha
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 21 სექტემბერი, 1622
მმართ. დასასრული: 5 თებერვალი, 1623
წინამორბედი: ლეფქელი მუსტაფა-ფაშა
მემკვიდრე: მერე ჰუსეინ-ფაშა
სულთანი: მუსტაფა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1536
დაბ. ადგილი: საქართველო
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი, 1626
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი

გურჯი ჰადიმ მეჰმედ-ფაშა (თურქ. Gürcü Hadım Mehmed Paşa; დ. 1536 — გ. 13 სექტემბერი, 1626, სტამბოლი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, კაიმაკამი (დიდი ვეზირის მოვალეობის შემსრულებელი), დიდი ვეზირი 1622-1623 წლებში. ეროვნებით ქართველი.

ახალგაზრდობისას დაატყვევეს და ოსმალეთში მონად გაყიდეს. სულეიმან I-ის მეფობის ბოლო წლებში დიდმა ვეზირმა სემიზ ალი-ფაშამ თავისი თეთრი საჭურისი მონა გურჯი მეჰმედ-ფაშა სასახლეში მიიყვანა. იგი მალე დაწინაურდა: იყო სახასო ოდაბაში, III ვეზირი (1604), ეგვიპტის (1604-1605), ბოსნიის (1605-1608) და დამასკოს (1608-1609) ვალი, კაიმაკამი (1610-1612). 1612 წელს არზრუმის ვალად დაინიშნა, მაგრამ სტამბოლში დარჩა და 1613 წელს სულთნის ქ. ედირნეში გამგზავრებასთან დაკავშირებით ისევ კაიმაკამობა დაევალა. 1622 წლის 21 სექტემბერს დიდ ვეზირად დანიშნეს. მან გადამწყვეტი ზომები მიიღო სახელმწიფოში წესრიგის დასამყარებლად, ფულის კურსის განსამტკიცებლად, ალაგმა ზაპოროჟიელ კაზაკთა ლაშქრობები. 1623 წლის 5 თებერვალს ოპონენტებმა გადააყენეს და კ. როდოსზე გადაასახლეს. მურად IV-ის გამეფების შემდეგ კვლავ დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. მალე დიდი ვეზირი ჩერქეს მეჰმედ-ფაშა ანატოლიაში წავიდა და მის ადგილზე დანიშნეს (1624 წლის 28 მაისი). გურჯი მეჰმედ-ფაშას მოღვაწეობა არ მოსწონდათ იანიჩრებს, რომლებიც აჯანყდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 90 წლის ვეზირი სიკვდილით დასაჯეს. გურჯი მეჰმედ-ფაშას ძმა იყო არზრუმის ბეგლარბეგი გურჯი ჰუსეინ-ფაშა, მისი სიძე — აბაზა მეჰმედ-ფაშა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]