გურჯი მეჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურჯი მეჰმედ-ფაშა
Gürcü Mehmed Pasha
Gürcü Mehmet Paşa.JPG
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1651
მმართ. დასასრული: 1652
წინამორბედი: აბაზა სიავუშ-ფაშა I
მემკვიდრე: თარჰონჯუ აჰმედ-ფაშა
სულთანი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1556
დაბ. ადგილი: იმერეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 1665
გარდ. ადგილი: ბუდინი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ქრისტიანობა, შემდგომში ისლამი

გურჯი მეჰმედ-ფაშა (დ. 1556, იმერეთი, — გ. 1665, ბუდინი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1651-1652 წლებში, ეროვნებით ქართველი.

ახალგაზრდობისას დაუტყვევებიათ, მონად უყიდია დიდ ვეზირ ქოჯა სინან-ფაშას. მას გურჯი მეჰმედი სულთნის სასახლეში მიუყვანია. მეჰმედ-ფაშა ასევე ქართველი ვეზირის, გურჯი ჰადიმ მეჰმედ-ფაშას მსგავსად, ოსმალეთის სამსახურში დიდი ხნის მანძილზე იყო. 1614 წლის ივნისში ჯებეჯიბაშად დანიშნეს, ხელმძღვანელობდა იარაღის დამზადების, შენახვისა და განაწილების საქმეს. 1615-1616 წლებში მონაწილეობდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში, 1621 წელს — პოლონეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. 1622 წელს დანიშნეს დიდ ამირახორად — სასახლის საჯინიბოს უმაღლეს მოხელედ. 1623 წელს იბრძოდა აჯანყებული აბაზაფაშას წინააღმდეგ. 1625–1626 წლებში იყო დამასკის, დიარბაქირის ბეგლარბეგი, შემდეგ დააბრუნეს სტამბოლში და დივანი ჰუმაიუნის კუბე ვეზირად დანიშნე. 1631 წლის ოქტომბრიდან იყო არზრუმის ბეგლარბეგი, 1632 წლიდან — ანატოლიისა. 1635 წელს, როცა მურად IV-მ ირანზე გაილაშქრა, ქენან-ფაშას (წარმოშობით ქართველს) დაავალა ახალციხის აღება. 23 დღიანი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს, სულთნის დავალებით გურჯი მეჰმედ-ფაშამ ახალციხის ციხე შეაკეთა, გაამაგრა და დამატებითი გარნიზონი ჩააყენა. 1637 წელს კვლავ მეჰმედ-ფაშა არზრუმის ბეგლარბეგია, 1638 წელს კი — მარაშის ვალი. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო და თავი გამოიჩინა ბაღდადის აღებაში. 1639 წელს დანიშნეს ანატოლიის ბეგლარბეგად, ერთი წლის შემდეგ კი სტამბოლში დააბრუნეს და კვლავ კუბე ვეზირად დანიშნეს. მომდევნო წლებში იყო დამასკის, ალეპოს, არზრუმის ვალი.

1651 წლის 17 სექტემბერს დანიშნეს დიდ ვეზირად. ამ დროს იმპერია მძიმე მდგომარეობაში იყო, სახელმწიფოს საქმეების მართვაში აქტიურად ერეოდა მეჰმედ IV-ის დედა — თურჰან ჰატიჯე სულთანი. უკვე 90 წელს გადაცილებულმა გურჯი მეჰმედ-ფაშამ თავი ვერ გაართვა საქმეს და 1652 წელს გადააყენეს. ამის შემდეგ იყო ოჰრის სანჯაყბეგი, თემიშვარის ბეგლარბეგი 1660-1663 წლებში, კ. კვიპროსის მმართველი 1663-1664 წლებში[1], ბოლოს ბუდინის ბეგლარბეგი, სადაც გარდაიცვალა 1665 წელს, 109 წლის ასაკში[2]. ის ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ხანდაზმული დიდი ვეზირი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]