პარგელი იბრაჰიმ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარგელი იბრაჰიმ-ფაშა
Pargalı İbrahim Paşa
ოსმალეთის 31-ე დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 27 ივნისი, 1523
მმართ. დასასრული: 15 მარტი, 1536
წინამორბედი: ფირი მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: აიას მეჰმედ-ფაშა
სულთანი: სულეიმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივლისი, 1493
დაბ. ადგილი: პარგა, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 15 მარტი, 1536
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ჰატიჯე სულთანი
შვილები: ჰურიჯიჰან სულთანი,
შეჰზადე ოსმანი
რელიგია: ქრისტიანობა. მოგვიანებით მიიღო ისლამი

პარგელი იბრაჰიმ-ფაშა (თურქ. Pargalı İbrahim Paşa, ბერძ. Πάργαλης Ιμπραήμ πασάς; დ. 22 ივლისი, 1493, პარგა, საბერძნეთი — გ. 15 მარტი, 1536, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1523-1536 წლებში. მან უდიდეს ძალაუფლებას მიაღწია, მაგრამ 1536 წელს სულთან სულეიმან I-ის ბრძანებით კლავენ და მის ქონებას სახელმწიფო კონფისკაციას უკეთებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმ-ფაშას სახლი, ამჟამად მუზეუმი. სტამბოლი.

იბრაჰიმ-ფაშა დაიბადა თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე, პარგელი მეთევზის ოჯახში. სხვადასხვა წყაროების მიხედვით იგი ბერძნული ან იტალიური წარმოშობისაა. ბავშვობაში გაიტაცეს მეკობრეებმა და მონად გაყიდეს მანისის სასახლეში, დასავლეთ ანატოლიაში, სადაც ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრეები (შეჰზადე) იღებდნენ განათლებას. აქ იგი დაუმეგობრდა ტახტის მემკვიდრე სულეიმანს, რომელიც მისი ასაკისა იყო. სავარაუდოდ, იბრაჰიმმა სულეიმანი მოხიბლა ვიოლინოზე დაკვრით, რაც მას ძალიან კარგად ეხერხებოდა. მან სულეიმანთან ერთად მიიღო განათლება, შეისწავლა რამდენიმე ენა და გახდა საკმაოდ ერუდირებული. 1520 წელს, სულეიმან I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ იბრაჰიმი სხვადასხვა ტიტულებით იქნა დაჯილდოებული.

იბრაჰიმი იყო ბრწყინვალე დიპლომატი და სამხედრო მეთაური. მან თავისი ცოდნა დაადასტურა მრავალი დიპლომატიურ შეხვედრებზე და სამხედრო კამპანიებში. ამან ხელი შეუწყო მის კარიერულ წინსვლას. მის წინააღმდეგ შურით ივსებოდნენ ის ვეზირები, რომლებიც მის მიერ დაკავებულ თანამდებობებზე განიხილებოდნენ.

1523 წლის 17 ივნისს, ფირი მეჰმედ-ფაშას გადადგომის შემდეგ, სულეიმანმა იბრაჰიმი დიდ ვეზირად დანიშნა.

1524 წელს იბრაჰიმ-ფაშამ იქორწინა სულთნის დაზე, ჰატიჯეზე. მისი სასახლე მდებარეობდა სტამბოლში სულთანაჰმედის მოედანზე, სადაც დღესდღეობით განთავსებულია თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი. სასახლე ააგეს იმ თვალსაზრისით, რომ მას უნდა გაეძლო ძლიერი და ხანგრძლივი ალყისათვის, რადგან იბრაჰიმს ჰყავდა მრისხანე მოწინააღმდეგეები.

იბრაჰიმი წარმატებული იყო დიპლომატიურ ასპარეზზეც. ვენეციელმა დიპლომატებმა მას სულეიმანის მსგავსად „იბრაჰიმ დიდებულიც“ კი უწოდეს. 1533 წელს მან დაარწმუნა კარლ V, რათა დაეთმო უნგრეთი. 1535 წელს დაასრულა მონუმენტალური შეთანხმება ფრანსუა I-თან, რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა ჰაბსბურგების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების სანაცვლოდ მიიღო ხელსაყრელი სავაჭრო უფლებები ოსმალეთის იმპერიაში.

სულეიმანის არმიის გამოცდილმა მეთაურმა, გაუფრთხილებლობლობის გამო სულთნის რისხვა დაიმსახურა, უწოდა რა საკუთარ თავს ზედსახელი, რომელშიც ჩართული იყო სიტყვა „სულთანი“. ეს მოხდა სეფიანთა სპარსეთის იმპერიის თურქთა წინააღმდეგ კამპანიის დროს. კერძოდ, სახელი ასე წარმოითქმოდა – სულთანი სერასქირი, რაც სულეიმანმა ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფად მიიღო. ინციდენტმა დასაბამი მისცა მოვლენებს, რომელიც 1536 წელს მისი დახრჩობით დასრულდა.

მოგვიანებით სულთანი ძალიან განიცდიდა თავის გადაწყვეტილებას. მას შეეცვალა ხასიათი და გახდა ძალიან ენაბილწი. სულთნის სინანული აისახა მის პოეზიაშიც, 20 წლის შემდეგაც კი იგი წერდა ლექსებს მეგობრობაზე და მეგობრებს შორის ნდობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]