სავეზირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სავეზირო, სავაზირო, ვეზირთა საბჭო — მეფესთან არსებული სათათბირო და მმართველ-განმკარგულებელი ორგანო სათანადო სამოხელეო აპარატითურთ, მთავრობა გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში.

სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურმა აპარატმა, ვიდრე იგი სავეზიროს სახეს მიიღებდა, განვითარების დიდი გზა განვლო. XII საუკუნის დასაწყისში სავეზირო, როგორც მთავრობა, არ არსებობდა. მხოლოდ ერთი ვეზირის — მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოა ამ დროს წყაროებში ფიქსირებული. მთავრობის ფუნქციას ასრულებდნენ „დარბაზის რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის მეთაურობით. დავით აღმაშენებლის დროს ცენტრალური სამეფო ხელისუფლების შედარებით მწყობრი და დახვეწილი აპარატი შეიქმნა, რომელიც XIII საუკუნის პირველ მეოთხედში სავეზიროს სახით ჩამოყალიბდა.

სავეზიროს წარმოშობამდე ვეზირი პირადად მეფეს მოახსენებდა მის საგანმგებლო უწყებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვეზირთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება ვეზირთა შეთანხმებული მუშობისა, ერთიანი პოლიტიკის გატარებისა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სავეზირო, რომელიც უზრუნველყოფდა მეფისათვის ვეზირთა კოლექტიურ მოხსენებას და მეფის უმაღლესი განკარგულების თანახმად ვეზირთა მხრივ ქვეყნის შეთანხმებულ მართვას. სავეზიროში წინასწარ განიხილავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებას ეხებოდა და შეიმუშავებდნენ ერთიან პოლიტიკის ხაზს.

„ვეზირთა უპირველესად“ სავეზიროში მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ითვლებოდა. შემდეგ ერთმანეთს უფროს-უმცროსობის რიგით მისდევდნენ ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი, აგრეთვე ვეზირთა თანაშემწენი - საწოლის მწიგნობარი, ამილახორი, ამირეჯიბი, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს - პრემიერს ყვეფარი ეკითხებოდა, ყველა სამეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის, სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზეც. მართვის ოპერატიულობისათვის ცალკე იყო გამოყოფილი „სამთა ვეზირთა“ ჯგუფი — ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი და „ორთა ვეზირთა“ ჯგუფი — მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. „სამთა ვეზირთა“ ჯგუფი უფრო მეტი გავლენითა და პატივით სარგებლობდა და საფიქრებელია, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური, სამხედრო და საშინაო საქმეების გფანხილვა ამ ვიწრო წრეში ხდებოდა. შედარებით გვიან უნდა იყოს შექმნილი „ორთა ვეზირთა“ ჯგუფი, რომელიც ძირითადად ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნავდა.

მეფე სავეზიროს ეთათბირებოდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საქმეების გადაწყვეტის დროს — ქვეყნის თავდაცვის საკითხებზე, მტერზე ლაშქრობისას, ზავის ჩამოგდებისას და ა. შ.; მაგ., როდესაც საქართველოს სამეფოს მტერი დაესხა თავს, თამარ მეფემ მოუწოდა „ყოველთა ვეზირთა თვისთა და შეიქმნა გამორჩევა“. სავეზიროს სხდომა მეფის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. თუ მეფე არ იყო, თავმჯდომარეობდა „ვეზირთა უპირველესი“.

სავეზიროს კომპეტენცია და ავტორიტეტი ყოველთვის ერთნაირი არ იყო. მეფეს ძირითადად შეეძლო სავეზიროს საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშო ხდებოდა. სავეზიროში აშკარად შეიმჩნეოდა ცენტრალური საუწყებო დარგობრივი მმართველობის სისტემის საწყისები და ამ მხრივ იგი დარბაზს უპირისპირდებოდა. გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს დაშლასთან ერთად სავეზიროც მოიშალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მესხია შ., საშინაო პოლირიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1972;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ., 1 ტფ., 1928 (თხზ., ტ. 6, თბ., 1982)
  • ნადარეიშვილი გ., ქსე, ტ. 8, გვ. 640-641, თბ., 1984