ქემანქეშ მუსტაფა-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქემანქეშ მუსტაფა-ფაშა
Kemankeş Kara Mustafa Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 23 დეკემბერი, 1638
მმართ. დასასრული: 31 იანვარი, 1644
წინამორბედი: თაიარ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: სულთანზადე მეჰმედ-ფაშა
სულთანი: მურად IV, იბრაჰიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1592
დაბ. ადგილი: ვლორა, ალბანეთი
გარდ. თარიღი: 31 იანვარი, 1644
გარდ. ადგილი: სტამბოლი
რელიგია: ისლამი

ქემანქეშ ქარა მუსტაფა-ფაშა (თურქ. Kemankeş Kara Mustafa Paşa; დ. 1592, ვლორა, ალბანეთი — გ. 31 იანვარი, 1644, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. კაპუდან-ფაშა 1635-1638 წწ.და დიდი ვეზირი 1639-1644 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ალბანეთის ქალაქ ვლორაში. მსახურობდა ოფიცრად იანიჩარების კორპუსში. იანიჩარების კორპუსის ხელმძღვანელის თანაშემწე (1634) და იანიჩარების აღა.

1635 წლის ოქტომბერში ქემანქეშ ქარა-მუსტაფა დანიშნეს ოსმალეთის ფლოტის კაპუდან-ფაშად. 1638 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის მონაწილეობდა ბაღდადის დაპყრობაში. ბაღდადის აღების დროს, დაიღუპა დიდი ვეზირი თაიარ მეჰმედ-ფაშა. ამავე წლის 23 დეკემბერს მურად IV-მ ქემანქეშ ქარა-მუსტაფა აღა დიდ ვეზირად დანიშნა. 25 დეკემბერს ბაღდადი ოსმალებმა აიღეს. ირანთან მშვიდობიანი მოლაპარაკების დროს ქემანქეშ ქარა-მუსტაფა მეთაურობდა ოსმალეთის დელეგაციას. 1639 წლის მაისში დადეს ზუჰაბის ზავი ირანთან, რომლითაც დასრულდა ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომი. ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა ერაყი, სომხეთი და სამცხე-საათაბაგოს დაკარგული ნაწილი.

1640 წლის 9 თებერვალს სულთანი მურად IV (1623-1640 წწ.) გარდაიცვალა და მის შემდეგ ტახტზე ავიდა, მისი სულიერად დაავადებული ძმა იბრაჰიმ I (1640-1648 წწ.), ახალი სულთნის მმართველობის დროს ქემანქეშ ქარა-მუსტაფა ოსმალეთის დე-ფაქტო მმართველი იყო. იგი ახშობდა ამბოხებებს, ადგენდა ბიუჯეტს და ამცირებდა არმიის რიგებს. ის აგრეთვე იყენებდა თავის ძალაუფლებას, რომ დაემონებინა (და მოეკლა) წარმატებული სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებსაც ის თვლიდა პოტენციურ კონკურენტებად თავის თანამდებობაზე. 1642 წელს დადო ზავი ავსტრიის საჰერცოგოსთან, რომლის მიხედვითაც ავსტრიულ სავაჭრო გემებს აეკრძალათ ეგეოსის ზღვაში შესვლა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმატებების მიუხედავად, დიდმა ვეზირმა ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა. მის წინააღმდეგ გამოვიდა სულთნის სასახლის ტრიუმვირატი: ქიოსემ სულთანი, სასახლის მკითხავი - ჯინჯი ხოჯა და ვეზირი სულთანზადე მეჰმედ-ფაშა. მათ დაიწყეს დიდი ვეზირის კრიტიკა. ქემენქეშ ქარა-მუსტაფას რამდენიმეჯერე უნდოდა გადადგომა, მაგრამ სულთანი უარზე იყო. საბოლოოდ ინტრიგების წყალობით 1644 წლის 31 იანვარს სულთანმა გადააყენა დიდი ვეზირი და სიკვდილით დასაჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uzunçarsılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVİ. Yüzyıl Ortalarından XVİİ. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 İŞBN:978-975-16-0010) say.387-391
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, İŞBN:978-975-254-278-5, say.109.
  • Danışmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, İŞBN:9789944397681
  • Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları İŞBN:975-333-0383 C.İV s.390 [1]
  • Yılmaz, Mehmet "Mustafa Paşa (Kemankes, Kara)" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, Ç.2 ş.310-311, İstanbul:Yapı Kredi Kültür Yayıncılık A.Ş. İŞBN:975-08-0071-01.