ტრაიანე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაიანე

მარკუს ულპიუს ტრაიანე (ლათ. Marcus Ulpius Traianus, შვილად აყვანის შემდეგ ლათ. Marcus Ulpius Nerva Traianus) (*15 სექტემბერი 53, იტალიკა, ბეტიკა8 აგვისტო/9 აგვისტო 117, სელინუნტი, კილიკია) – რომაელი იმპერატორი ანტონინების დინასტიიდან (ლათ. Caesar Nerva Traianus Augustus, 28 იანვარი 98 წლიდან). დიდი პონტიფიკი 98 წლიდან. საპატიო ტიტულები: ლათ. Germanicus (ოქტ./ნოემბ) 97 წლიდან), ლათ. Pater patriae ( 98 წლიდან), ლათ. Dacicus Maximus ( 31 დეკემბერი 102 წლიდან), ლათ. Optimus ( 114 წლის გაზაფხულიდან), ლათ. Parthicus (21 თებერვალი 116 წლიდან). სიკვდილის შემდეგ გაღმერთებულია (ლათ. Divus).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

96 წელს, ნერვას სიკვდილის შემდეგ, იმპერატორი გახდა მისი შვილობილი ტრაიანე. იგი წარმოშობით ესპანეთიდან იყო. აღსანიშნავია, რომ ტრაიანე იყო პირველი პროვინციელი რომელიც რომის იმპერატორი გახდა. ეს გვიჩვენებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიაში იმ დროის რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც უკვე აღარ იყო ძველი ლათინური არისტოკრატიით დაკომპლექტებული, არამედ მასში პროვინციელი არისტოკრატები ჭარბობდნენ.

მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი ასევე ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან ომი დაიწყო. დაკიელები მხოლოდ ორწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკიის რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რასაც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით და მომდევნო წელს მისი პროვინციად ქცევით უპასუხეს. ამ გამარჯვების ღსანიშნავად ტრაიანემ ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა.

რომის იმპერია ტრაიანეს პრინციპატისას

109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისათვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხები და იბერიელები აიძულეს მათი ბატონობა ეღიარებინათ. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო დასავლეთი ნაწილი დაიპყრეს. 114 წელს ტრაიანე სომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციად აქცია. მომდევნო წელს რომაელებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა აიღეს პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი. ასურეთი, მესოპოტამია და ბაბილონეთი რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანემ ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება დაიწყო არა მხოლოდ დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიასა და კვიპროსზე. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანეს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაანადგურეს.

117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანეს სურდა არმიის ბრძოლისუნარიანობის აღდგენა და ომის გაგრძელება. იგი გაემგზავრა რომში, მაგრამ გზაში ავად გახდა და გარდაიცვალა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Bennett, J. Trajan: Optimus Princeps, 2nd Edition, Bloomington: Indiana University Press 2001, ISBN 0-253-21435-1
  • Bowersock, G.W. Roman Arabia, Harvard University Press, 1983
  • Christol, M. & Nony, N. Rome et son Empire, Paris: Hachette, 2003, ISBN 2-01-145542-1
  • Finley, M.I. The Ancient Economy, Berkeley: University of California Press, 1999, ISBN 0-520-21946-5
  • Fuller, J.F.C. A Military History of the Western World. Three Volumes. New York: Da Capo Press, Inc., 1987 and 1988.
წინამორბედი:
ნერვა
რომის იმპერატორი

98–117
შემდეგი:
ადრიანე