რომის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Regnum Romanum
რომის სამეფო

რომის უძველესი უბნები

ოფიციალური ენა ლათინური
დედაქალაქი რომი
მმართველობის ფორმა მონარქია
სახელმწიფოს მეთაური მეფე
საკანონმდ. ორგანო რომის სენატი
დაარსება ძვ. წ. 753
არსებობის შეწყვეტა ძვ. წ. 510
პირველი მეფე რომულუსი
(ძვ. წ. 753–ძვ. წ. 717)
უკანასკნელი მეფე ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი
(ძვ. წ. 535–ძვ. წ. 510)
წინამორდები წყობა (არა)
შემდგომი წყობა რომის რესპუბლიკა

რომის სამეფო (ლათ. Regnum Romanum) — მონარქიული სახელმწიფო რომში ძვ. წ. 753-ძვ. წ. 510, ქალაქის დაარსებიდან რესპუბლიკად გამოცხადებამდე. რომის სამეფოს შესახებ მწირი წერილობითი ცნობებია შემორჩენილი, ხოლო ჩვენამდე მოღწეული ისტორიის დიდი ნაწილი, რომის რესპუბლიკისა და იმპერიის პერიოდშია დაწერილი და მეტწილად ლეგენდებს ეფუძნება. ქალაქის დამაარსებლები იყვნენ წარმოშობით ტროელები, ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი. რომულუსი, ძმის მკვლელობის შემდეგ, ქალაქისთვის სახელის მიმცემი და რომის პირველი მეფე გახდა. უკანასკნელი მონარქი ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი იყო, რომელიც ხალხმა უსამართლო და უზნეო მმართველობის გამო დაამხო. შედეგად რომში მეფობა დასრულდა და დაიწყო რესპუბლიკის ხანა.

რომის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის მიხედვით, ტყუპები რომულუსი და რემუსი მგელმა გამოკვება თავისი რძით.

ქალაქი რომი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსდა მდინარე ტიბრის ნაპირზე, პალატინის ბორცვზე. მის დაარსებას უკავშირებენ რომის ლეგენდარულ პირველ მეფეს რომულუსს.

ლეგენდის თანახმად ტყუპები რომულუსი და რემუსი დედის მხრიდან იყვნენ ტროადან გამოქცეული გმირი ენეასის ჩამომავლები, ხოლო მათი მამა ომის ღმერთი მარსი იყო. ქალაქის აშენების დროს რემუსსა და რომულუსს უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც ამ უკანასკნელმა რემუსი მოკლა და მარტო დაასრულა ქალაქის მშენებლობა. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ეს ძვ. წ. 753 წელს მოხდა. ახალ ქალაქში რომულუსთან ყველა რჯულის მაწანწალა შეიკრიბა, ვისაც შეეძლო საკუთარი მამის დასახელება, ისინი პატრიციუსები (დიდგვაროვნები) გახდნენ, ვინც არ იცოდა თავისი წარმომავლობა კი — პლებეები.

ქალაქის გასამტკიცებლად რომულუსმა არაერთი ეტრუსკული ქალაქი დაანგრია, მათი გადარჩენილი მოსახლეობა კი რომში გამორეკა. ლეგენდის მიხედვით, რომულუსის გარდაცვალებისას, რომი ძლიერი და მდიდარი ქალაქი იყო. რომის მონარქიის პერიოდის შესახებ ზუსტი ისტორიული ცნობები ძალიან მწირია, ამიტომ მისი დაარსების შესახებ ძირითადად ლეგენდებს იშველიებენ.

უძველესი რომის მოსახლეობა იყოფებოდა 300 გვარად, ყოველი 10 გვარი გაერთიანებული იყო კურიად, ხოლო 10 კურია — ტრიბად. ამგვარად სულ 3 ტრიბი იყო.

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ეტაპზე რომის ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში მეფე ედგა, მაგრამ მეფე არ იყო ერთპიროვნული მმართველი. საკანონმდებლო ორგანოებს წარმოადგენდა რომის სენატი და სახალხო კრებები. კრებებზე ხმის უფლება მხოლოდ რომის მოქალაქეებს ჰქონდათ. მოქალაქე უნდა ყოფილიყო რომაული 300 გვარიდან ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელი. კრებებზე ხდებოდა კანონების მიღება, მეფეების არჩევა, რელიგიური საკითხების განხილვა, სასამართლოები და ა.შ.

სენატი თავდაპირველად წარმოადგენდა უხუცესთა საბჭოს, სადაც ყოველი გვარის უხუცესი წევრები შედიოდნენ. რომის ისტორიის განმავლობაში სენატი იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო.

ამ პერიოდის რომში უკვე არსებობდა მონათმფლობელობა, მაგრამ მას ჯერ პატრიარქალური ხასიათი ჰქონდა და მონები ძირითადად სახლის სამუშაოებისთვის გამოიყენებოდნენ.

როგორც წესი, მეფეების არჩევა რომში ხდებოდა ერთი ოჯახიდან, მაგრამ ეს არ იყო აუცილებელი. მაგალითად ნუმა პომპილიუსი და ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი საერთოდ არ იყვნენ რომაელები. მეფის არჩევა ხდებოდა სახალხო კრებაზე, შემდეგ არჩეულ კანდიდატს უგზავნიდნენ ელჩებს (ნუმა პომპილიუსი). მეფე იყო ასევე მთავარი მხედართმთავარიც და უზენაესი ქურუმი.

რომაელი ახალგაზრდები სრულწლოვანები 14-17 ასაკში ხდებოდნენ, ამ დროს ხდებოდა toga praetexta-ს toga virilis-ით შეცვლა. ამ ასაკიდან მათ ჰქონდათ სახალხო კრებებში მონაწილეობის უფლება. 60 წელს მიღწეული პირები კი რომში განიხილებოდნენ როგორც უხუცესები.

ქონებრივი ცენზის მიხედვით რომაელების კლასებად დაყოფა სერვიუს ტულიუსის რეფორმის შედეგად მოხდა. ქალაქის ტერიტორია გაიყო ოთხ ტრიბად, ეს ტრიბები ძველ რომაულ ტრიბებთან კავშირში აღარ იყო, მოსახლეობაც დაიყო ამ 4 ტრიბად. ამის გარდა მოხდა მოსახლეობის ქონებრივი ცენზის მიხედვით 5 კლასად დაყოფა:

  • 1 კლასი - 100 ათას ასზე მეტი.
  • 2 კლასი - 75 ათას ასი.
  • 3 კლასი - 50 ათასი ასი.
  • 4 კლასი - 25 ათასი ასი.
  • 5 კლასი - 12.5 ათასი ასი.

ხოლო უღარიბესი მოსახლეობა კლას გარეთ დარჩა, მათ პროლეტარები ეწოდათ. ამ რეფორმას სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჯარში კლასების მიხედით იყვანდნენ ხალხს.

რომის მეფეები რომულუსის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის მეფეები
მეფემეფობის თარიღები
რომულუსიძვ. წ. 753-ძვ. წ. 716
ნუმა პომპილიუსიძვ. წ. 715-ძვ. წ. 674
ტულუს ჰოსტილიუსიძვ. წ. 673-ძვ. წ. 642
ანკუს მარციუსიძვ. წ. 642-ძვ. წ. 617
ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსიძვ. წ. 616-ძვ. წ. 579
სერვიუს ტულიუსიძვ. წ. 578-ძვ. წ. 535
ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსიძვ. წ. 535-ძვ. წ. 510/ძვ. წ. 509

ნუმა პომპილიუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის მიხედვით, რომულის სიკვდილის შემდეგ, რომაელებმა მეორე მეფედ ნუმა პომპილიუსი აირჩიეს. გამეფებამდე იგი ცოლის გარდაცვალების შემდეგ განმარტოვებით ცხოვრობდა ტყეში. ნუმა მაღალი ზნეობრივი პრინციპების მქონე ბრძენი ადამიანი იყო, ამიტომაც რომაელებმა იგი აირჩიეს მეფედ. როდესაც რომაელი ელჩები მივიდნენ ნუმასთან და ტახტი შესთავაზეს, მან ჯერ უარი განაცხადა და ბოლოს ხანგძლივი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა. იგი ყველანაერად ცდილობდა რომაელების ომის ჟინი მიემართა მშვიდობიანი საქმიანობისკენ და გამოსდიოდა კიდეც. მისი მეფობის დროს არც ერთი ომი და აჯანყება არ ყოფილა. მან იცოცხლა 80 წელი და რომაელებმა იგი უდიდესი პატივით დაკრძალეს.

ტულუს ჰოსტილიუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუმა პომპილიუსის შემდეგ მეფედ ახალგაზრდა ტულუს ჰოსტილიუსი აირჩიეს. მან რომულის დამპყრობლური პოლიტიკა განაგრძო და არაერთო ქალაქი დაიპყრო და მათი მოსახლეობა რომში გადმოასახლა. ლეგენდის მიხედვით მან 32 წელი იმეფა და მოკვდა იმიტომ, რომ იუპიტერისადმი მიძღვნილი რიტუალები არასწორად შეასრულა - ღმერთი განრისხდა და მეხი დასცხო მას.

ანკუს მარციუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ლეგენდა გვაუწყებს მეოთხე მეფის შესახებ - რომაელებმა ნუმა პომპილიუსის შვილიშვილი ანკუს მარციუსი აირჩიეს. იგი ღრმად მორწმუნე კაცი და კარგი მეომარი იყო. მან დაიპყრო ლათინები, მისი მეფობის დროს რომის სახელმწიფო ზღვამდე გაიზარდა და ახალმა მეფემ საპორტო ქალაქი ოსტია ააშენა. მან ასევე ააშენა ტიბრზე პირველი ხიდი და ციხე. ანკუს მარციუსმა 24 წელი იმეფა ბრძნულად.

ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანკუს მარციუსის მეფობის ბოლოს რომში გადმოსახლდა მდიდარი ეტრუსკი ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი. იგი მალე გახდა პოპულარული და მალე მოიპოვა გავლენა. ასე რომ მეფის სიკვდილის შემდეგ იგი რომაელებმა აირჩიეს მეფედ. ტარკვინიუსმა საბინების მიწები შემოიერთა, ააშენა რომში დიდი ცირკი. მან დიდხანს და ბრძნულად იმეფა, მაგრამ ანკუს მარციუსის შვილები თვლიდნენ, რომ ტარკვინიუსმა მათ ტახტი წაართვა და მიუგზავნეს მკვლელები.

ქალაქი რომი სერვიუს ტულიუსის დროს

სერვიუს ტულიუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი მეფე სერვიუს ტულიუსი ტარკვინიუსის სახლში იყო გაზრდილი და მისი ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. ტარკვინიუსის მკვლელობის შემდეგ, მისმა ცოლმა სიძის გასამეფებლად ყველაფერი იღონა. მან გააძლიერა და გაამყარა რომის სახელმწიფო. მის სახელს უკავშირებენ რომის ტერიტორიული გაყოფის და მოსახლეობის ქონებრივი ცენზის მიხედვით დაყოფის რეფორმებს. მან მშვიდობა დაამყარა ლაციუმში, ყველა მაცხოვრებელ ერს ააშენებინა რომში ქალღმერთ დიანას ტაძარი და ამით რომი ლაცინიუმის მთავარ ქალაქად აქცია. ტარკვინიუსის ვაჟი ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი ვერ შეეგუა სერვიუსის მეფობას, მოკლა საკუთარი ცოლი და ძმა, რის შემდეგაც ძმისცოლი შეირთო, რომელთან ერთადაც მოაწყო აჯანყება და მეფე მოაკვლევინა.

ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერვიუს ტულისის ვერაგი მკვლელობის შემდეგ გამეფდა ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი. იგი დესპოტური და უსამართლო მმართველი იყო, სენატის და ხალხის აზრს სრულიად არ ითვალისწინებდა. იგი არ იყო ცუდი მხედარმთავარი, მაგრამ მისი სამხედრო გეგმებიც ისეთივე ვერაგული იყო როგორც მისი ხასიათი. ქალაქ გაბიასთან ომში მან საკუთარი შვილი, სექსტ ტარკვინიუსი, გაგზავნა მტრის ბანაკში, ვითომ და ახალგაზრდა სექსტი მამას გაექცა. გაბიელებმა დაიჯერეს ეს ამბავი და კარგად მიიღეს სექსტი. მან ინტრიგებით მოახერხა ყველაზე პატივსაცემი მოქალაქეების განდევნა, რის შემდეგაც, რომაელებმა ქალაქი ადვილად დაიკავეს.

ერთ დღეს ლუციუსის სასახლეში შეცოცდა გველი, ამ ნიშნის განსამარტად მან გაგზავნა დელფოს ორაკულთან თავისი შვილები და ძმისშვილი ლუციუს იუნიუსი, რომელსაც „ბრუტუსს“ (სულელს) უწოდებდნენ. ორაკულმა მათ უწინასწარმეტყველა, რომ რომში უზენაეს ძალაუფლებას ის მიიღებს, ვინც პირველი აკოცებს დედას. ტარკვინიუსებმა ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა რომ დედაში მიწა იგულისხმებოდა და აკოცა მიწას.

სექსტ ტარკვინიუსის უზნეობა იქამდე მივიდა, რომ მან გააუპატიურა ერთ-ერთი მხედართმთავრის ცოლი, პატივცემული და დიდგვაროვანი ქალი. ცოლმა ეს ამბავი უამბო თავის მეუღლეს ბრუტუსის თანდასწრებით და თავი მოიკლა. ამ ამბავმა რომაელი ხალხი აღაშფოთა და მათ აჯანყება მოაწყეს, რომელსაც სათავეში ბრუტუსი ჩაუდგა. ამის შემდეგ ტარკვინიუსი იძულებული გახდა ეტრურიაში გაქცეულიყო.

ასე დაემხო რომში მეფეების მართველობა. ამის შემდეგ დიდი ხანი რომაელი ხალხისთვის მეფის მმართველობაზე საძულველი და დამამცირებელი ალბათ არაფერი იყო.

არქეოლოგიური მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაელი მეფეების სახელები და მით უმეტეს, მეფობის წლები ძალიან პირობითია. უძველესი აღმოჩენილი რომაული წარწერა დათარიღებულია ძვ. წ. 600 წლით, იგი შესრულებულია ოქროს სამაჯურზე. მეფეების ვინაობაზე არანაირი ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, უძველესი რომაელი ისტორიკოსი - სენატორი ფაბიუს პიქტორუსი კი ძვ. წ. III საუკუნეში ცხოვრობდა, ანუ რომის დაარსების პირობითი დროიდან 4 საუკუნის შემდეგ. ძველ ბერძენ ისტორიკოსს პლუტარქეს აქვს მეფეების ბიოგრაფიები, მაგრამ იგი ცხოვრობდა პირველ საუკუნეში, და თან მის ბიოგრაფიებში ძალიან ბევრი ფანტასტიკური ეპიზოდია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩნდა რომ პალატინის ბორცვი სწორედ ძვ. წ. VIII საუკუნიდან იყო უკვე დასახლებული, ხოლო ლინგვისტური ანალიზის მიხედვით ძვ. წ. მეორე ათასწლეულში აქაველები მართლაც ცდილობდნენ ტიბრის მიდამოებში დამკვიდრებას.

ძველ რომაული კულტურა და რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინური დამწერლობა ჯერ კიდევ მეფობის დროს შეიქმნა ბერძნული დამწერლობის საფუძველზე. ისტორიკოსი დიონისე ჰალიკარნასელი (ახ. წ. I საუკუნე) ამტკიცებდა რომ საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი მეფე სერვიუს ტულიუსის და ლათინური ქალაქების ხელშეკრულება ქალღმერთ დიანას ტაძრის ერთობლივი მშენებლობის შესახებ. ეს წარწერა, როგორც იგი იუწყება, სპილენძზე იყო ამობეჭდილი, ხოლო ასოები ფორმით ძველ ბერძნულს წააგავდა.

1900 წელს რომის ფორუმის გათხრებისას აღმოაჩინეს ლეგენდარული მეფის რომულუსის საფლავის შავი ქვა წარწერით, მაგრამ ამ წარწერის გაშიფრვა ვერ განხორციელდა, ალბათ მასზე შელოცვები წერია.

ამ პერიოდის ხალხურ პოეზიას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მოგვიანებით ნაწარმოებებში არის რელიგიური ჰიმნების ფრაგმენტები, რომლებიც ალბათ იმ დროს იყო შექმნილი.

იმ დროინდელ რომაულ რელიგიაში ბერძნული და ეტრუსკული ღმერთების გარდა ფიგურირებდნენ სახლის და ოჯახის სულები, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გარდაცვლილთა სულები, რომლებიც მფარველობდნენ თავის ცოცხალ ოჯახის წევრებს. რომაული „პანთეონი“ დახურული არასდროს იყო, მათ უხვად ემატებოდათ უცხოური ღმერთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რომი
რომის სამეფო | რომის რესპუბლიკა | რომის იმპერია