Playdia აღჭურვილი იყო ტოშიბას 8 ბიტიანი TMP87C800F-ის პროცესორით, CD-ROM მოწყობილობითა და ინფრაწითელი სტანდარტული გეიმპადით. ასევე მისი თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა მცირე რაოდენობის დასახელებებს.
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 24,000 იაპონურ იენას[4] და გათვლილი იყო ახალგაზრდა აუდიენციისთვის. სისტემამ მცირე კონკურენციაც კი ვერ გაუწია იმდროინდელ პოპულარულ კონსოლებს, როგორებიც იყო Sony-ის Playstation და Sega Saturn. Playdia-ს გაყიდვების გაზრდის მიზნით, Bandai-მ შექმნა თამაში, Idol CD, რომელიც განკუთვნილი იყო ზრდასრული მომხარებლებისთვის, თუმცა ამ უკანასკნელმაც ვერ იხსნა სისტემა კომერციული ჩავარდნისგან. დღესდღეობით, სისტემის წარმოების შეწყვეტის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თამაშები მასზე გამოდიოდა 1994-დან 1996 წლამდე.
1996 წელს კომპანიამ გამოუშვა მომდევნო კონსოლი, Apple Bandai Pippin. თუმცა, მისი წინამორბედის მსგავსად, აღნიშნულიც წარუმატებელი აღმოჩნდა გაყიდვების კუთხით.