Nintendo Switch[ა] — Nintendo-ს რიგით მეშვიდე ძირითადი ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით NX. მის შესახებ გაცხადდა 2016 წლის ოქტომბერში[3] და 2017 წლის 3 მარტს გამოვიდა მსოფლიოს მასშტაბით.[4][5] დეველოპერები Switch-ს მიიჩნევენ ჰიბრიდულ კონსოლად; ის დაპროექტებულია, ისე რომ შეუძლია შეასრულოს როგორც სახლის კონსოლის ფუნქცია, ასევე პლანშეტური კომპიუტერის ფუნქცია LCD სენსორული ეკრანის დახმარებით. კონსოლის რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შექმნილი ხელსაწყოს, დოკ-სადგურის მეშვეობით, ხოლო პლანშეტად გამოყენებისთვის საჭიროა მისი სადგურიდან ამოღება, ასევე შესაძლებელია სამაგიდო რეჟიმში დაყენება, რისი წყალობითაც თამაში შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს.[6][7][8]
კონსოლი გამოიყენებს Joy-Con-ის უსადენო კონტროლერს, რომელიც შეიცავს სტანდარტულ ღილაკებს, მოძრაობის დეტექტორს[9] და ახასიათებს მაღალი გარჩევადობის ტაქტილური უკუკავშირი.[10][11] Joy-Con-ს შეუძლია მუშაობა როგორც პლანეშეტურ, ასევე კონსოლის რეჟიმში და აგრეთვე გამოიყენება Wii Remote-ის მსგავს ხელსაწყოდ. Switch-ს გააჩნია ონლაინ გეიმინგის მხარდაჭერა სტანდარტული ინტერნეტ კავშირის მეშვეობით, ისევე როგორც ლოკალური უსადენო ad-hoc ქსელის მხარდაჭერა Switch-ის სხვა კონსოლებთან დასაკავშირებლად.[12][13] მისი თამაშები ვრცელდება სათამაშო კარტრიჯითა და ციფრული დისტრიბუციით და არ აქვს რეგიონალური ბლოკირება. სისტემა ბაზარზე კონკურენციას უწევს მის თანამედროვეებს, Sony-ის PlayStation 4-ს და Microsoft-ის Xbox One-ს.
ნინტენდოს ახალი კონსოლის შექმნა აიძულა 2014 წელს განცდილმა ფინანსურმა დანაკარგებმა, გამოწვეული წინა კონსოლის, Wii U-ის ცუდი გაყიდვებით და ასევე მობილური თამაშების მხრიდან კონკურენციით.[14] პრეზიდენტმა სატორუ ივატამ კომპანიას უბიძგა მობილური გეიმინგისა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისკენ. კონსოლის დიზაინი მიმართულია მოთამაშეების ფართო დემოგარაფიის მოსაზიდად. ნინტენდომ გადაწყვიტა აერჩია უფრო სტანდარტული ელექტრონული კომპონენტები, როგორიც არის ჩიპსეტზე დაფუძნებული Nvidia-ს Tegra-ს ხაზი,[15] რათა გაეადვილებინა კონსოლთან მუშაობა პროგრამისტებისთვის და თავსებადი ყოფილიყო ყველა არსებულ თამაშის ძრავებთან. Wii U-ისგან განსხვავებით, რომელიც ყველანაირად ცდილობდა გარე დეველოპერების მხარდაჭერას, თუმცა ამ მხრივ კრახი განიცადა,[16] ნინტენდომ წინასწარ დაიწყო მესამე მხარის დეველოპერებისა და გამომცემლების ძებნა, რათა დახმარებოდნენ Switch-ის ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. გამოსვლამდე კომპანიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 100 თამაში 70 დეველოპერის მიერ შემუშავების სტადიაში იმყოფებოდა.[17]
გამოსვლიდან ერთ თვეში გაიყიდა სისტემის 2.74 მილიონი ასლი და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ნინტენდოს ისტორიაში. ხოლო 2024 წლის მონაცემით გაყიდულია 150 მილიონზე მეტი ასლი. კონსოლის ყველაზე გაყიდვადი თამაშია 2017 წელს გამოსული „Mario Kart 8 Deluxe“ 46.82 მილიონი გაყიდული ეგზმპლარით, რომელსაც უმაღლესი შეფასებები ჰხვდა წილად ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა კონსოლის პორტატიული ვერსია Nintendo Switch Lite.