შარლ ფერდინანდ დე ბურბონი
შარლ ფერდინანდ დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 იანვარი, 1778 ვერსალი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
14 თებერვალი, 1820, (42 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ბერის ჰერცოგი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | მარია კაროლინა სიცილიელი |
შვილ(ებ)ი |
ლუიზ მარი ტერეზი, პარმის ჰერცოგინია ანრი, შამბორის ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: შარლ X, საფრანგეთის მეფე დედა: მარია ტერეზა სავოიელი |
შარლ ფერდინანდ დე ბურბონი (ფრანგ. Charles Ferdinand de Bourbon; დ. 24 იანვარი, 1778 — გ. 14 თებერვალი, 1820) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ X-ისა და მისი ცოლის, მარია ტერეზა სავოიელის უმცროსი ვაჟი. საფრანგეთის რევოლუციის გამო ცხოვრების დიდი ნაწილი დევნილობაში გაატარა. 1820 წელს კი პარიზის ოპერასთან ამბოხებულმა ბონაპარტისტებმა იგი ეტლიდან გადმოათრიეს და მოკლეს, ამ ამბიდან ათი წლის შემდეგ კი მისი ვაჟი შვიდი დღით გახდა საფრანგეთის მეფე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შარლ ფერდინანდი დაიბადა 1778 წლის 24 იანვარს ვერსალის სამეფო სასახლეში. მას დაბადებისთანავე მიენიჭა ბერის ჰერცოგის წოდება. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის უმცროსი ძმის, არტუას გრაფ შარლ ფილიპისა და მისი ცოლის, გრაფინია მარია ტერეზა სავოიელის პირველი შვილი. დაბადებისთანავე ლუი ანტუანს მიენიჭა ანგულემის ჰერცოგის წოდება. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი და მისი მეორე ცოლი მარია ჟოზეფა საქსონიელი, ხოლო დედის მხრიდან სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III და მისი ცოლი, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ნაბოლარა ასული მარია ანტონია ესპანელი.
1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის დაწყებასთან ერთად შარლ ფერდინანდი თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად ჯერ სავოიაში, შემდეგ ვესტფალიაში, ბოლოს კი ინგლისში გაიქცა. 1796 წელს თავის ბიძაშვილთან, კონდეს პრინც ლუი ჟოზეფთან ერთად იგი მონაწილეობდა რაინის კამპანიაში, სადაც მან თავი გამოიჩინა ემენდინგენისა და სკლინგენის ბრძოლებში. ამის შემდეგ იგი რამდენიმე წლით გაწევრიანდა რუსეთის საიმპერატორო არმიაში, 1801 წელს კი ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი და ინგლისში გადასახლდა, სადაც იგი შემდგომი ცამეტი წელი ცხოვრობდა.
1814 წელს საფრანგეთში ბურბონთა დინასტიის რესტავრაცია განხორციელდა, რის შემდეგაც იგი სამშობლოში დაბრუნდა. მას შემდეგ რაც 1815 წელს ნაპოლეონმა ტახტი დაიბრუნა, შარლ ფერდინანდი იტალიაში, კუნძულ ელბაზე გაიქცა, თუმცა ნაპოლეონის დამხობის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. 1816 წლის 17 ივნისს ცოლად შეირთო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია კლემენტინა ავსტრიელის უფროსი, თავისი სილამაზით სახელგანთქმული ასული მარია კაროლინა.
1820 წლის 14 თებერვალს, პარიზის ოპერიდან ცოლთან ერთად სასახლეში ეტლით მიმავალი ბერის ჰერცოგი ბონაპარტისტებმა იძულებით გადაათრიეს ეტლიდან და სასტიკად მოკლეს 42 წლის ასაკში. ყველასდა გასაკვირად მკვლელებმა შარლ ფერდინანდის ცოლი უვნებლად გაუშვეს, თუმცა მისი გვამი არ გაატანეს და პარიზის ქუჩაში დააგდეს. იგი სულ რამდენიმე დღეში დაკრძალეს პარიზის საკათედრო ტაძარში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერის ჰერცოგს თავის ცოლ მარია კაროლინა სიცილიელთან ჰყავდა ოთხი შვილი:
- ლუიზ ელიზაბეტი (1817), გარდაიცვალა დაბადებიდან ერთ დღეში;
- ლუი (1818), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
- ლუიზ მარი ტერეზი (1819-1864), ცოლად გაჰყვა პარმის ჰერცოგ კარლო III-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
- ანრი (1820-1883), შამბორის გრაფი, საფრანგეთის მეფე შვიდი დღით, ცოლად შეირთო მარია ტერეზა ჰაბსბურგ-ესტე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
ბერის ჰერცოგს სხვადასხვა საყვარლისაგან ჰყავდა უამრავი უკანონო შვილი:
- შოტლანდიელ მსახიობ მერი ბალორნთან:
- მარი (1807-?), ცოლად გაჰყვა ანრი ლუი ბერარს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ინგლისელ კურტიზან ემი ბრაუნ ფრიმანთან:
- შარლოტ მარი ავგუსტინა (1808-1886), ცოლად გაჰყვა ლუსინის პრინც ფერდინანდ დე ფოსინის;
- ლუიზ მარი შარლოტი (1809-1891), ცოლად გაჰყვა კონტრიეს ბარონ შარლ დე შარეტს;
- ევგენია ვირჯინია ორეილთან:
- შარლ ლუი ავგუსტი (1815-1858), ცოლად შეირთო ელიზაბეთ იუგანი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, რომელსაც მიუხედავად ქორწინებისა შვილები არ ჰყოლია;
- ფერდინანდი (1820-1876), ცოლად შეირთო ლუიზა ევგენია ანკელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა, სახელად ლეონია;
- მარი სოფი დე ლა როშთან:
- ფერდინანდი (1817-1908), ცოლად შეირთო კლაუდინა გაბრიელა კლარა დე ბაშეტი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- შარლი (1820-1901), ცოლად შეირთო ჯულია დოლე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
- ლუიზა მელანი ტირიფოქთან:
- ლუიზ შარლოტ ანტუანეტი (1819-1843), ცოლად გაჰყვა პორტაის გრაფ გასტონ დიუ შარონს;
- ლუსი კონეფრუა დე სენ-აგესთან:
- ალიქს მელანი (1820-1892);
აღსანიშნავია, რომ მისი ოთხი შვილი: შამბორის გრაფი ანრი დე ბურბონი, ფერდინანდ ორიელი, შარლ დე ლა როში და ალიქს მელანი დე სენ-აგე, მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- David Skuy (26 May 2003). Assassination, Politics, and Miracles: France and the Royalist Reaction of 1820. McGill-Queen's Press - MQUP. pp. 7–13. ISBN 978-0-7735-2457-6.
- Daniel Manach and Michel Sementéry: La Descendance de Charles X, roi de France, ed. Christian, 1997.