მარია კაროლინა სიცილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია კაროლინა სიცილიელი
La Duchesse de Berry.jpg
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1798
კასერტა, კამპანია, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი 17 აპრილი, 1870, (71 წლის)
ბრუნსეე, შტირია, ავსტრიის იმპერია
ეროვნება იტალიელები
წოდება ბერის ჰერცოგინია
ჰერცოგინია დელა გრაცია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი
ეტორე კარლო, ჰერცოგი დელა გრაცია
შვილ(ებ)ი ლუიზ მარი ტერეზი, პარმის ჰერცოგინია
ანრი, შამბორის გრაფი
ანა მარია როზალია
კლემენტინა
ფრანჩესკა
მარია იზაბელა
ადინოლფო
მშობლები მამა: ფრანჩესკო I, სიცილიის მეფე
დედა: მარია კლემენტინა ავსტრიელი
ხელმოწერა Italian signature of Maria Carolina, Duchess of Berry in 1861.png

მარია კაროლინა სიცილიელი (იტალ. Maria Carolina di Sicilie; ფრანგ. Marie Caroline de Siciles; დ. 5 ნოემბერი, 1798 — გ. 17 აპრილი, 1870) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარია კლემენტინა ავსტრიელის უფროსი ასული. ბერის ჰერცოგინია როგორც საფრანგეთის მეფე შარლ X-ის ვაჟის, შარლ ფერდინანდის მეუღლე და მისი ოთხი შვილის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კაროლინა დაიბადა 1798 წლის 5 ნოემბერს კასერტას სამეფო სასახლეში. იგი იყო ნეაპოლისა და ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარია კლემენტინა ავსტრიელის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ნეაპოლისა და ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I და მისი ცოლი მარია კაროლინა ავსტრიელი (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი), ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ II და მისი ცოლი მარია ლუისა ესპანელი. მარია კაროლინას მშობლები იყვნენ პირველი თაობის ორმაგი ბიძაშვილები.

მან თავისი ბავშვობის წლები მთლიანად პალერმოსა და ნეაპოლში გაატარა. 1801 წელს მარია კაროლინას დედა გარდაიცვალა, მამამისი კი მეორედ დაქორწინდა თავის კიდევ ერთ პირველი თაობის ბიძაშვილ მარია ისაბელ ესპანელზე, რომელთანაც კიდევ თორმეტი შვილი შეეძინა.

1816 წელს ნეაპოლისა და ორი სიცილიის სამეფოს საფრანგეთის ელჩი პიერ ლუი ჟან კაზიმირ დე ბლაკა ეწვია, რომელმაც მარია კაროლინა დანიშნა საფრანგეთის მეფე ლუი XVIII-ის ძმის უმცროს ვაჟზე, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდზე. მარია კაროლინასა და შარლ ფერდინანდის ქორწინება 1816 წლის 24 აპრილს შედგა ნეაპოლში, რის შემდეგაც იგი ბერის ჰერცოგინია გახდა, თუმცა საფრანგეთის სამეფო კარზე მას მადამ დე ბერის უწოდებდნენ.

ბერის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ქორწინებაში სულ ოთხი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ორი ჩვილობაშივე დაიღუპა და მხოლოდ ერთმა გოგონამ და ერთმა ვაჟმა შესძლეს ზრდასრულ ასაკამდე მიღწევა. 1820 წელს ბონაპარტისტებმა მარია კაროლინას ქმარი პარიზის ქუჩაში მოკლეს, თავად მარია კაროლინა კი ორსულობის გამო დაინდე. რამდენიმე თვეში მან თავისი მეოთხე შვილი და ვაჟი გააჩინა, რომელიც ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი გახდა საფრანგეთში.

1824 წელს საფრანგეთის უშვილო მეფე ლუი XVIII გარდაიცვალა, რის გამოც ახალი მეფე მარია კაროლინას მამამთილი შარლ X გახდა. 1830 წლის ივლისში საფრანგეთში მოხდა ე.წ. "ივლისის რევოლუცია", რა დროსაც ლუი ფილიპ ორლეანელმა დაამხო მეფე შარლის მმართველობა და დამყარდა ე.წ. "ივლისის მონარქია". ამ დროს საფრანგეთის ეროვნულმა ანსამლეამ ყველა ბურბონი გააძევა საფრანგეთიდან, რის გამოც შარლმა თავის ვაჟთან და რძლებთან ერთად სამშობლო დატოვა და შოტლანდიაში გაიქცა, სადაც ისინი ედინბურგში დაბინავდნენ. აქ თავად შარლი ჰოლირუდის სასახლეში ცხოვრობდა, თუმცა მარია კაროლინა თავის შვილებთან, მაზლთან და მის ცოლთან ერთად იქვე მდებარე რეგენტ ტერასში დაბინავდნენ.

შოტლანდიის კლიმატსა და ხალხს მარია კაროლინა ვერ ეგუებოდა, რის გამოც 1831 წელს მან შვილებთან ერთად სამუდამოდ დატოვა ედინბურგი და მშობლიური ნეაპოლისაკენ დაიძრა. იგი გემით ჯერ ჰოლანდიაში ჩავიდა, იქიდან პრუსიაში გადავიდა, საიდანაც ავსტრიის იმპერიაზე გავლით ჩავიდა ნეაპოლში. აქ იგი ძალიან მალე დაუახლოვდა ერთ-ერთ იტალიელ დიდგვაროვან მამაკაცს, სახელად ეტორე კარლო ლუჩესი-პალის, რომელიც ატარებდა ჰერცოგ დელა გრაციას ტიტულს. მარია კაროლინა და ეტორე კარლო ამავე 1831 წლის 14 დეკემბერს დაქორწინდნენ. 1832 წელს წყვილი მარსელში ჩავიდა. ისინი საფრანგეთში ორლეანელი მეფის დასამხობად და ბურბონთა დინასტიის კვლავ გასამეფებლად ჩავიდნენ. მათ გრაფი ვენდეს დახმარებით წარმატებით გაიარეს გზა და ბრეტანის ქალაქ ნანტში მშვიდობით ჩავიდნენ. თუმცა, ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ მარია კაროლინა დამარცხდა, რაც 1832 წლის ნოემბერში მისი დაპატიმრებით დაგვირგვინდა.

ქმართან ერთად პატიმრობის დროს მან ქალიშვილები გააჩინა. ამ და კიდევ იმ მიზეზის გამო, რომ მეორედ გათხოვდა, მან ფრანგების დარჩენილი მხარდაჭერაც დაკარგა. პირველი ქორწინებით იგი ფრანგ დიდგვაროვნად იქცა, თუმცა მეორე ქორწინებით იტალიელად, რის გამოც განუდგნენ მას ფრანგები. ამის გამო საფრანგეთის მეფისათვის იგი უკვე საშიშროებას აღარ წარმოადგენდა, რის გამოც 1833 წლის ივნისში იგი გაანთავისუფლეს.

ამის შემდეგ იგი სიცილიაში თავის ქმართან ერთად გადასახლდა. ის ქალიშვილი რომელიც მან პატიმრობისას გააჩინა საპყრობილეშივე დაიღუპა, თუმცა ამის შემდეგ მან კიდევ ოთხი შვილი გააჩინა, რომელთაგან სამი გოგონა იყო. 1844 წელს კაროლინამ და მისმა ქმარმა ვენდრამინების დინასტიის საგვარეულო რეზიდენცია, ულამაზესი პალაცო კა'ვენდრამინი შეიძინეს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარია კაროლინამ და ეტორე კარლომ დატოვეს ნეაპოლის სამეფო და ავსტრიაში, ქალაქ გრაცთან ახლოს ბრუნსეეში დასახლდნენ. სწორედ აქ, 1864 წელს გარდაიცვალა ოტორე კარლო, 1870 წელს კი 71 წლის მარია კაროლინაც.

მოგვიანებით ფრანგი ნოველისტი ალექსანდრე დიუმა თავის ორ ნაწარმოებში წერდა მისი თავგადასავლების შესახებ.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვილები პირველ ქმართან:

  1. ლუიზ ელიზაბეტი (1817), გარდაიცვალა დაბადების მეორე დღეს;
  2. ლუი (1818), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;
  3. ლუიზ მარი ტერეზი (1819-1864), ცოლად გაჰყვა პარმის ჰერცოგ კარლო III-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  4. ანრი (1820-1883), შამბორის გრაფი და საფრანგეთის მეფე შვიდი დღით, ცოლად შეირთო მარია ტერეზა ჰაბსბურგ-ესტე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

შვილები მეორე ქმართან:

  1. ანა მარია როზალია (1833), გარდაიცვალა სამი თვის;
  2. კლემენტინა (1835-1925), გრაფინია ცილერი დალ ვერმე;
  3. ფრანჩესკა (1836-1923), მისი ერთი ვაჟი, პრინჩიპე დი არსოლი კამილო მასიმო იყო მამამთილი ადელაიდა სავოიელისა, რომელიც იყო გენუის ჰერცოგ ტომასოსა და მისი ცოლის, იზაბელა ბავარიელის ასული. მისი მეორე ვაჟი, პრინჩიპე დი როვიანო კი იყო ქმარი ბეატრის ესპანელისა, რომელიც იყო მადრიდის ჰერცოგ კარლოსისა და მისი ცოლის, მარგერიტა პარმელის ასული.
  4. მარია იზაბელა (1838-1873), კონტის გრაფინია და კავრიანის მარკიზა;
  5. ადინოლფო (1840-1911), მისი ვაჟი პიერტო დაქორწინდა პარმის ჰერცოგ რობერტო I-ისა და მარია პია სავოიელის ასულ ბეატრიჩე დე ბურბონ-პარმაზე.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Guido Artom, La duchessa di Berry, guerrigliera del re, Milano, Rusconi, 1982.
  • André Castelot, La Duchesse de Berry ou la mere persécutée, Paris, Éditions Perrin, 1998.
  • Alessandro Augusto Monti della Corte, L'amazzone dei gigli, Brescia, Ed. Vannini, 1961.
  • Arrigo Petacco, La signora della Vandea. Un'italiana alla conquista del trono di Francia, Milano, Mondadori, 1994.