ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი
López Portaña, Vicente - Princess Luisa Carlota de Borbón-Dos Sicilias - Google Art Project.jpg
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1804
ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი 29 იანვარი, 1844, (39 წლის)
მადრიდი, ესპანეთის სამეფო
ეროვნება იტალიელები
წოდება კადისის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ფრანსისკო დე პაულა დე ბურბონი
(ქ. 1819)
შვილ(ებ)ი ისაბელ ფერნანდა
ფრანსისკო, ესპანეთის მეფე
ენრიკე, სევილიის ჰერცოგი
ლუისა ტერეზა, სესას ჰერცოგინია
ხოსეფინა ფერნანდა
მარია კრისტინა, პორტუგალიის ინფანტა
ამალია, ბავარიის პრინცესა
მშობლები მამა: ფრანჩესკო I, სიცილიის მეფე
დედა: მარია ისაბელ ესპანელი

ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი (იტალ. Luisa Carlotta di Napoli, ესპ. Luisa Carlota de Nápoles; დ. 24 ოქტომბერი, 1804 — გ. 29 იანვარი, 1844) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მარია ისაბელ ესპანელის პირველი შვილი. კადისის ჰერცოგინია როგორც თავისი ბიძის, ფრანსისკო დე პაულა დე ბურბონის პირველი ცოლი და მისი თორმეტი შვილის დედა. ესპანეთის დედოფალ მარია კრისტინა სიცილიელის უფროსი და. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის ბიცოლა და სიდედრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა კარლოტა დაიბადა 1804 წლის 24 ოქტომბერს ნეაპოლში. იგი იყო სიცილიისა და ნეაპოლის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის პირველი შვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I და მისი ცოლი, დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი (საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას უმცროსი და), ხოლო დედის მხრიდან ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი მარია ლუიზა პარმელი. ლუიზა კარლოტას თერთმეტი უმცროსი და-ძმა ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ შემდეგში ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II და ესპანეთის დედოფალი მარია კრისტინა.

1819 წლის 12 ივნისს, მადრიდში, ლუიზა კარლოტა ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძას, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულას. იგი სულ ათი წლით უფროსი იყო ლუიზა კარლოტაზე.

სწორედ ლუიზა კარლოტამ მოაწყო თავისი მაზლის (ამავდროულად ბიძის), მეფე ფერდინანდ VII-ის რიგით მეოთხე ქორწინება თავის დაზე, მარია კრისტინა სიცილიელზე. ლუიზა კარლოტა მხარს უჭერდა თავისი დის შვილის, ისაბელის ტახტზე ასვლას ბიძამისის, მონილას გრაფ კარლის ნაცვლად, რომელიც გამეფებისათვის იბრძოდა. ამრიგად, მან მხარი დაუჭირა 1830 წელს ფერდინანდის მიერ გამოცემულ პრაგმატულ სანქციას, რომლის მიხედვითაც მემკვიდრედ ისაბელი გამოცხადდა. როდესაც 1832 წელს ფერდინანდი გარდაიცვალა, ტახტზე სწორედ ისაბელ II ავიდა, რასაც კარლისა და მისი მომხრეთა მხრიდან დიდი პროტესტი და კარლისტური ომების დაწყება მოჰყვა. ცნობილია, რომ კარლისტები ამ სანქციის მოპარვასა და განადგურებასაც კი ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს, როდესაც გრაფი კალომარდე დოკუმენტების მოპარვას ცდილობდა, ლუიზა კარლოტამ გამოიჭირა იგი, საბუთები წაართვა და სახეში სილა გააწნა, რაზეც გრაფმა დამცინავად მიუგო:"ქალბატონო, თქვენს თეთრ ხელებს ამით ნუ შეურაცხჰყოფთ".

როცა 1833 წელს ისაბელ II უკვე ოფიციალურად ხდება დედოფალი, ხოლო ლუიზა კარლოტას და, მარია კრისტინა მისი რეგენტი, დებს შორის მეტოქეობამ პიკს მიაღწია, რის გამოც ლუიზა კარლოტამ დროებით დატოვა ესპანეთი და პარიზში გაემგზავრა.

ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი გარდაიცვალა 1844 წლის 29 სექტემბერს, 39 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრანსისკო (1820-1821), ესპანეთის ინფანტი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ისაბელ ფერნანდა (1821-1897), მორგანიტული წესით დაქორწინდა გრაფ იგნას გუროვსკიზე;
  3. ფრანსისკო (1822-1902), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ესპანეთის დედოფალი ისაბელ II. იგი ასევე იყო მამა, ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ისა;
  4. ენრიკე (1823-1870), სევილიის ჰერცოგი, მორგანიტული წესით იქორწინა ელენა დე კასტელვი ი შელი-ფერნანდეს დე კორდოვაზე;
  5. ლუისა ტერეზა (1824-1900), მორგანიტული წესით დაქორწინდა სესას ჰერცოგ ხოსე მარია ოსორიო დე მოსკოსოზე;
  6. დუარტე ფელიპე (1826-1830), ესპანეთის ინფანტი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ხოსეფინა ფერნანდა (1827-1910), მორგანიტული წესით დაქორწინდა ხოსე გიუელ ი რენტეზე;
  8. ტერეზა (1828-1829), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. ფერნანდო (1832-1854), ესპანეთის ინფანტი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  10. მარია კრისტინა (1833-1902), ცოლად გაჰყვა ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტ სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსას;
  11. ამელია (1834-1905), ცოლად გაჰყვა ბავარიის პრინც ადალბერტ ვიტელსბახს;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Harold Acton, I Borboni di Napoli (1734-1825), Firenze, Giunti Editore, 1997.
  • Harold Acton, Gli ultimi Borboni di Napoli (1825-1861], Firenze, Giunti Editore, 1997.