მარია ანტონია ნეაპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანტონია ნეაპოლელი
ასტურიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 4 ოქტომბერი, 1802
მმართ. დასასრული: 21 მაისი, 1806
წინამორბედი: მარია ლუიზა პარმელი
მემკვიდრე: ლეტიცია ორტისი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 დეკემბერი, 1784
დაბ. ადგილი: კაზერტის სამეფო სასახლე, ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი: 21 მაისი, 1806, (21 წლის)
გარდ. ადგილი: არანხუესის სამეფო სასახლე, მადრიდი, ესპანეთის სამეფო
დაკრძ. ადგილი: ესკორიალის აკლდამა, მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ფერდინანდი, ასტურიის პრინცი
სრული სახელი: მარია ანტონია ტერეზა ამალია ჯოვანა ბატისტა ფრანჩესკა გაეტანა მარია ანა ლუსია დე ბურბონ ი ჰაბსბურგ-ლოთარინგია
დინასტია: ბურბონები
მამა: ფერდინანდ I, სიცილიის მეფე
დედა: მარია კაროლინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ანტონია ნეაპოლელი (იტალ. Maria Antonia di Napoli, ესპ. María Antonia de Nápoles; დ. 14 დეკემბერი, 1784 — გ. 21 მაისი, 1806) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ქალიშვილი. ასტურიის პრინცესა 1802-06 წლებში როგორც ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანტონია დაიბადა 1784 წლის 14 დეკემბერს კაზერტის სამეფო სასახლეში, ნეაპოლში. იგი იყო სიცილიისა და ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, მარია კაროლინა ავსტრიელის უმცროსი ასული. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა ესპანეთის მეფე კარლ III და დედოფალი მარია ამალია საქსონიელი, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I ლოთარინგიელი და ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზია იყვნენ. მას სახელი დედამისმა თავისი საყვარელი დის, საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელის პატივსაცემად დაარქვა. მარია ანტონია ძალზედ ინტელიგენტი და დახვეწილი გოგონა იყო. უკვე ჩვიტმეტი წლის ასაკში, მან რამდენიმე უცხო ენა იცოდა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის სამეფო ოჯახი 1802 წელს. მარია ანტონია (მარცხენა კუთხიდან მეოთხე ადამიანი) წარმოდგენილია მეფე კარლ IV-ის უკან

1800-იანი წლების დამდეგს, საფრანგეთის ტახტზე ასული ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპელმა მონარქებმა ალიანსების შექმნა დაიწყეს. მარია ანტონიას დედამ, რომელსაც ფრანგები, რომლებმაც მისი საყვარელი და სიკვდილით დასაჯეს, სძულდა და ამიტომაც საფრანგეთის წინააღმდეგ ორმაგი დინასტიური ქორწინებით ურყევი ალიანსის შექმნა გადაწყვიტა ესპანეთთან. ამ მიზნით, 1802 წელს მარია ანტონია დაინიშნა ესპანეთის მეფე კარლ IV-ის უფროს ვაჟზე, ასტურიის პრინც ფერდინანდზე, ხოლო მარია ანტონიას უფროსი ძმა, კალაბრიის ჰერცოგი ფრანჩესკო დაინიშნა ფერდინანდის უმცროს დაზე, ინფანტა მარია ისაბელ ესპანელზე. ეს ორმაგი დინასტიური ქორწინება 1802 წლის 6 ოქტომბერს შედგა ბარსელონაში.

ასტურიის ახალმა პრინცესამ ვერ მოახერხა ესპანეთისათვის მემკვიდრის გაჩენა. მისი ორი ორსულობა 1804 და 1805 წლებში ნაყოფის მოწყვეტით დასრულდა. დედამისი, მარია კაროლინა, მოუწოდებდა მას მეფე კარლ IV-ის უფრო აქტიურად ჩართვას ანტი-ფრანგულ კოალიციაში. მას მართლაც უკიდურესად სძულდა ფრანგები, რომლებმაც მისი საყვარელი და და სიძე მოკლეს. იგი ასევე ძლიერად ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის იმპერიის ტერიტორიულ გაფართოებას. მალე, ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა პარმელი და პრემიერ-მინისტრი მანუელ დე გოდოი ნაპოლეონს დაუახლოვდნენ და მასთან მოლაპარაკებებიც კი გააჩაღეს. ცნობილია, რომ მარია კაროლინამ ქალიშვილს დედოფლისა და პრემიერ-მინისტრის მოწამვლაც კი უბრძანა, თუმცა მარია ანტონიამ ეს ვერ მოახერხა. ანალოგიური სიტუაცია იყო "ფრონტის" მეორე ხაზზეც. დედოფალ მარია ლუიზას სძულდა ჰაბსბურგები და თავისი რძალიც. იგი ყველანაირად ცდილობდა მის მოკვლას. მარია ლუიზამ მოწამლა მისი ტანსაცმელი, წიგნები და საჭმელიც, თუმცა ყოველ ჯერზე მარია ანტონია სასწაულებრივად აღწევდა თავს მოწამვლას. მიუხედავად ყველაფრისა, მარია ანტონიამ მოახერხა და თავის ქმარზე დიდი გავლენა მოიპოვა. მარია ანტონიამ ფერდინანდი მარია ლუიზასა და მანუელ დე გოდოის წინააღმდეგ აამხედრა და მათი საწინააღმდეგო კოალიციაც ჩამოაყალიბებინა.

გარდაცვალება და შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანტონია ნეაპოლელი 1806 წლის 21 მაისს, 21 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით, არანხუესის სამეფო სასახლეში, მადრიდში. არსებობდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომ იგი დედოფალმა მარია ლუიზა პარმელმა და მანუელ გოდოიმ მოწამლეს. დედოფალ მარია კაროლინას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა ამ ვერსიის და ემტერებოდა მარია ლუიზას.

მარია ანტონიას უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, ფერდინანდი იძულებული გახდა მეორედ დაქორწინებულიყო. მისი მეორე ცოლი მისი მამიდაშვილი, მარია ისაბელ პორტუგალიელი გახდა, რომელიც მალევე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მან მკვდარი გოგონა გააჩინა. ამ ამბიდან მალევე ფერდინანდი იმავე მიზეზით დაქორწინდა მესამედ. ამჯერად მისი რჩეული მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი გახდა, რომელიც მეორის მსგავსად ასევე მშობიარობას გადაჰყვა და მკვდარი ბავშვი გააჩინა, რის შემდეგაც ფერდინანდმა მეოთხედ და საბოლოოდ იქორწინა. ამ ჯერად, მან ცოლად მარია ანტონიას ძმის შვილი, მარია კრისტინა სიცილიელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა მომდევნო დედოფალი ისაბელ II.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • EPTON, Nina, The Spanish mousetrap: Napoleon and the Court of Spain (London: Macdonald, 1973).
  • HILT, Douglas, The troubled trinity: Godoy and the Spanish monarchs (Tuscaloosa; London: University of Alabama Press, 1987).