შინაარსზე გადასვლა

დუმაცხოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დუმაცხოვი

დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია
გიორგი ჩუბინიძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°04′49″ ჩ. გ. 43°40′19″ ა. გ. / 42.08028° ჩ. გ. 43.67194° ა. გ. / 42.08028; 43.67194
ცენტრის სიმაღლე 780
მოსახლეობა 111[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დუმაცხოვი — საქართველო
დუმაცხოვი
დუმაცხოვი — შიდა ქართლი
დუმაცხოვი
დუმაცხოვი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
დუმაცხოვი

დუმაცხოვისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 780 მეტრზე, ხაშურიდან 20 კმ დაშორებით. სოფლის სასაფლაოზე დგას კვირიკეს ეკლესია.

სოფელი დუმაცხოვი ჭერათხევის ხეობაში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჭერათხევის ხეობა მდინარე ჭერათხევის ორივე ნაპირს მოიცავს. საკუთრივ მდინარე ლიხის ქედიდან იღებს სათავეს. ის ზღვის დონიდან 1078 მეტრია. თავად მდინარე 27 კილომეტრი სიგრძისაა და მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადია.

ხეობას უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და იგი სამიმოსვლო გზებით იმერეთსა და ქართლს აკავშირებდა და დღემდე აკავშირებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ნათელია, რომ ხეობას დიდი კულტურულ-ეკონომიკური ფუნქცია ჰქონდა და მისი სამხედრო მნიშვნელობაც დიდი იყო.

ტოპონიმი „დუმაცხოვი“ საინტერესოა თავისი შინაარსით და ჩვენამდე მოღწეული ფორმით. „დუმა“ - ცხვრის ქონიანი დიდი კუდის სახელწოდებაა, „ცხო“ თავისთავად შესაძლებელია წარმომსდგარი იყოს ცხვრის ძველი ქართული სახელწოდებიდან „ცხოვარიდან“, მაშასადამე საქმე გვაქვს ტოპონიმთან, რომელიც ცხვრის (ცხოვარის) დუმასთანაა დაკავშირებული. ტოპონიმის სხვა განმარტება არც მოიძიება და არც რაიმე ვერსია არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სხვა ვარაუდებიც გამოითქვას. სოფლის სახელწოდება წერილობით წყაროებში, ქართულ პერიოდულ პრესაში (XIX საუკუნეში) „ოვ“ სუფიქსის გარეშე გვხვდება. „დუმაცხო“ - ასე აქვს დატანილი ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე, ასეა მოხსენიებული ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში. ამავე მნიშვნელობით განმარტავს ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძეც და აღნიშნავს, რომ „ოვ“ სუფიქსი გვიანდელი, რუსული დანამატი უნდა იყოს და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. მისი თავდაპირველი სახელწოდებაა „დუმაცხო“. ამავე სახელწოდების სოფელი გვხვდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში, რომელიც მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში მდებარეობს. გუდამაყარი ქართლის მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სოფლის ტოპონიმისა და მოსახლეობის გადანაცვლებაც კი შიდა მიგრაციული პროცესების შედეგია. ადგილობრივთა ცნობით, ემპირიული ცოდნის საფუძველზე ვიგებთ, რომ შიდა ქართლში, სწორედ დუშეთიდან გადმოსახლებულან და საკუთარი სალოცავიც გადმოუტანიათ, თუმცა ამ ფაქტის შესაბამისი საისტორიო წყაროებით დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. „დუმა“ ფუძიდან წარმომსდგარი ტოპონიმები გვხვდება კახეთსა და იმერეთში. დუმასუბანი და დუმასური კახეთში, ხოლო დუმთა იმერეთში, თუმცა მათი რაიმე სახით დაკავშირება შიდა ქართლის დუმაცხოსთან არც წყაროების საფუძველზე შეგვიძლია და არც მცხოვრებთა გადმოცემით.

დუმაცხო პირველად XV საუკუნეში, ჭერათხევის ხეობის მფლობელის, ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ამირეჯიბი თავისი ცნობილი სიგელით, ულუმბის განახლებულ ღვთისმშობლის ეკლესიას ჭერათხევის ხეობის სოფლებიდან სწირავს სოფლებს და იქ მცხოვრებ კომლებს. ერთ-ერთი მათგანი კი სოფელი დუმაცხოა, საიდანაც ქუცნა ორ კომლს სწირავს. შემდგომში, ქუცნა ამირეჯიბისადმი მიცემული სიგელი განუახლებია გიორგი VIII-ს გაბელიძე-ამირეჯიბთადმი, რომელიც 1451 წლით თარიღდება. შემდგომი წყაროებიდან ირკვევა, რომ დუმაცხო ხერხეულიძეების მამულია. სოფელში ხერხეულიძეები დღემდე სახლობენ.

1715 წლის რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით დუმაცხოდან აღწერილია 26 კომლი. სოფელი დუმაცხო აღწერილი აქვს ცნობილ ქართველ მეცნიერს სერგი მაკალათიას, თავის ერთ-ერთ ნაშრომში „ფრონის ხეობა“. სერგი მაკალათია მდინარე ჭერათხევს „ალის ფრონეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სოფელი დუმაცხო მის მარცხენა მხარეს მდებარეობს. მისივე თქმით სოფელი მაღლობზეა გაშენებული და მისი მებატონე ყოფილა ხერხეულიძე. სერგი მაკალათია სოფლის ეკლესიაზეც აღნიშნავს და წერს: „აქ არის დარბაზული ტიპის მომცრო ეკლესია, რომელსაც აქვს კოშკის მოყვანილობა. მას უწოდებენ კვირიკეს და ზაფხულში აქ იმართება ხატობა - კვირიკობა“.

სოფელ დუმაცხოვში მდებარეობს წმიდა კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია, რომელიც IX-X საუკუნითაა დათარიღებული. საისტორიო არქივებში XIX საუკუნეში ეკლესიის რამდენიმე წინამძღვარი ფიქსირდება: 1812 წლის 21 ნოემბრიდან 1841 წლის 25 აპრილამდე მღვდელი იოსებ გრიგოლის ძე პაპუაშვილი, 1841 წლიდან 1851 წლის 28 ივლისამდე მღვდელი სიმონ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, 1861 წელს იხსენიება მღვდელი მარკოზ სალარიძე, 1869 წლის 13 მაისიდან 1904 წლის 5 მარტამდე მღვდელი ნიკოლოზ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, 1904 წლის 13 მაისიდან 1916 წლის 19 ივლისამდე მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე მაჭარაშვილი, 1916 წლის 7 აგვისტოდან 1919 წლამდე მღვდელი მიხეილ გაბრიელის ძე სოფრომაძე.

სოფლის ეკლესია საბჭოთა ეპოქაში სოფლის კოლექტივის კუთვნილებაში იყო და იქ კოლექტივის მიერ მოწეული მოსავალი ინახებოდა.

დუმაცხოვთან ახლოს, ორი კილომეტრის სავალ მანძილზე არის ადგილი, რომელსაც „სამყვირალოს“ უწოდებენ. მას მაღალი მთის ზეგანი უჭირავს და აქედან მოჩანს, როგორც ჭერათხევის ხეობის სოფლები, ისე ფცისა და დვანის ფრონის ხეობა (სერგი მაკალათია ალის, ფცისა და დვანის ფრონის ხეობას უწოდებს). როდესაც მტრის შემოსევა ან ლეკიანობა მოხდებოდა საყვირებით სამივე ხეობის სოფლებს აცნობებდნენ და მოსახლეობა აქ იყრიდა თავს. აქ დღემდე მდებარეობს სამყვირალოს წმიდა გიორგის მომცრო ეკლესია, რომელიც რესტავრირებულია.

დღევანდელი სამყვირალოს ტერიტორია, რომელიც 60 ჰექტარზეა გადაჭიმული ძველად ტყით ყოფილა დაფარული. 1924 წლიდან ეს ტყე გაუჩეხავთ. დღეს მთელი ეს ფართობი მინდვრადაა ქცეული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კოლექტივის კუთვნილი ეს მიწები კერძო საკუთრებაშია და ითესება ლობიო, სიმინდი, პური და ა.შ.

საინტერესოა სოფელში განსახლების წესი. აქ მოსახლეობა უბნებადაა დაყოფილი გვარისდა მიხედვით, დვალაშვილების უბანი, პაპუაშვილების უბანი და ა.შ. აღსანიშნავია ამა თუ იმ ოჯახის უფროსი წევრის სახელის უბნის სახელწოდებად ქცევა. ასე მაგალითად პაატაანთი, სიდოანთი, ეფენდიანთი, ნიკალაანთი. „ანთი“-თ მოიხსენიებოდა ამა თუ იმ პიროვნების შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, ვიდრე მისი ხსომა არ დაიკარგებოდა და ოჯახში კიდევ ერთი უხუცესის სახელი არ დამკვიდრდებოდა.

სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს, წმიდა კვირიკესა და ივლიტეს ხსენების დღეს აღინიშნება დღეობა „კვირიკობა“. ამ სახელთანაა დაკავშირებული სოფლის შიგნით აღმართ-დაღმართების, თუ წყაროების სახელწოდებანი (კვირიკეს აღმართი, კვირიკეს წყარო და ა.შ.).

დღეობის აღნიშნვა შემდეგი სახით ხდებოდა: 27 ივლისს ღამის გასათევად ეკლესიის ეზოში გაემართებოდნენ, შეპირებისამებრ წირავდნენ ცხვარს, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ტაძარს გარს 3-ჯერ შემოუვლიდნენ და ეკლესიის ყოველ კუთხეს კოცნიდნენ.

ეკლესია სოფლის სასაფლაოს ეზოში დგას და ამჟამად თითქმის სოფლის ცენტრშია მოქცეული. ამიტომ დღემდე ხშირი თავშეყრის ადგილია. ამჟამად დღეობა „კვირიკობა“ ღამის თევით აღარ აღინიშნება. ამჟამად ჩვეულებრივ სუფრა დღის პირველ-ორ საათზე იშლება. მიბრძანდებიან წინასწარ მიპატიჟებული სტუმრები და ოჯახის ახლობლები. დღეობის აღნიშვნა აქ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი წელი, შობა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

თანამედროვე ვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ დუმაცხოვში 2014 წლის მონაცემებით 111 მცხოვრებია. ეთნიკური შემადგენლობით მთლიანად ქართველები არიან. აქ სახლობენ გვარები: ბერუაშვილი, გოგალაძე, დვალაშვილი, მაისურაძე, მჭედლიძე, პაპუაშვილი, ფატარიძე, შუბითიძე, ხაჩიძე, ხერხეულიძე, ხიდაშელი. დანგრეულია სოფლის სკოლა და ადგილობრივი ბავშვები ახლომახლო სოფლებში და იქ არსებულ სკოლებში სწავლობენ. ძირითადად მოჰყავთ სიმინდი და ლობიო, მოჰყავთ პურიც, მაგრამ მისი მოსავლიანობით დიდად არ გამოირჩევა. გავრცელებულია ქლიავის სხვადასხვა ჯიში. ყურძნის ენდემური ჯიშები არაა, თუმცა შეხვდებით დირბულას, ადესას, თავკვერს, ჩინურს და ა.შ.

სოფელში, წმიდა კვირიკესა და ივლიტას სასაფლაოს ეზოში სოფლის სასაფლაოა, აქ ბევრი საფლავი დღეს მიტოვებულია, არის ძველი ქვები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად შემორჩენილია წარწერები და სხვადასხვა ფიგურები, რომლებიც ფიქსაციას საჭიროებენ.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 176 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 111 კაცი, საიდანაც 58 მამაკაცია, ხოლო 53 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[3][4] 176
2014[1] 111
  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი „ხაშურის მოამბე“, 8-14 იანვარი, 2018 წ. გვ. 4.
  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი „ხაშურის მოამბე“, 15-21 იანვარი, 2018 წ. გვ. 5.
  • გიორგი ჩუბინიძე. ჭერათხევის ხეობის სოფელ დუმაცხოვის ისტორია და ეთნოლოგია. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - მასალები. თბილისი, 2016, გვ. 38-40.
  • სერგი მაკალათია. ფრონეს ხეობა. თბილისი, 1963, გვ. 78.
  • თამაზ ლაცაბიძე. ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში. 2000 წ.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.