სლოვაკეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვაკეთის ფიზიკური რუკა
სპიშკი გრადის ციხე. XIII საუკუნე

სლოვაკეთის ისტორია — თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიის ისტორია უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე.

პრეისტორიული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე დასახლებები სლოვაკეთის ტერიტორიაზე უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება. ეს ძალიან დიდი პერიოდია და ხასიათდება გამყინვარებისა და დათბობის პერიოდების მონაცვლეობით. შეიმჩნევა განსხვავებული კულტურების კვალიც. ქალაქ სპიშკე–პადგრადიასთან აღმოჩენილი იქნა გამართულად მოსიარულე ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამის შემდგომ, ყველაზე ადრეული ცნობები არსებობს მხოლოდ ჰაიდელბერგელი ადამიანის შესახებ. ჩონჩხის უძველესი ნაშთების ნარჩენები აქ ნეანდერტალელი ადამიანია. ამასთან, ყველაზე ცნობილია განოვცესთან აღმოჩენილი ჩონჩხები.

მეზოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეზოლითის ეპოქა ხასიათდება მყინვარების შესამჩნევი უკანდახევით, რომლის საზღვარმა იმ დროისათვის მიაღწია თანამედროვე სლოვაკეთის ჩრდილოეთ საზღვარს. ადამიანები დასახლდნენ კლდოვან მაღლობებზეც.

ნეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეოლითური ვენერა მორავანიდან (ასაკი 22 800 წელი)

ნეოლითის შესახებ, როდესაც უკვე წარმოიშვა მიწათმოქმედება, უფრო მეტი ცნობებია დაცული. ცნობილია, რომ ხაზოვან-ლენტური კერამიკის კულტურა სლოვაკეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ჩვ. წ. აღ. მდე 5000 წლის წინ გამოჩნდა. აღმოჩენილია დასახლებების კვალი, სამარხები, (მაგ: ნიტრასა და შტუროვოში, კერამიკის ნარჩენები, საჩუქრები ან საკულტო საგნები, მაგალითად, ქალის (”ნეოლითური ვენერა”) მომცრო ფიგურები. იმ დროს სლოვაკეთის ტერიტორიაზე ძირითადად წარმოდგენილია ხაზოვან-ლენტური კერამიკის კულტურა, ჟელეზოვსკის კულტურა, ბუკოვოგრადის კულტურის, გრძელდებოდა ლენძიელისა და პოლგარის კულტურების განვითარება. მოგვიანებით გამოჩნდა ბადენის კულტურა.

ენეოლითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენეოლითის ეპოქა, უპირველეს ყოვლისა, ხასიათდება სპილენძისა და ოქროს მადნის გამოყენებით. აღმოჩენილ სპილენძის ნივთთაგან უძველესი განეკუთვნება ნეოლითის ხანას. ეს ეპოქა ხასიათდება, აგრეთვე, საზოგადოების ფენებად დაყოფით, კერძოდ, ხელოსნებად, მიწათმოქმედებად, მესაქონლეებად და ვაჭრებად და გაცვლითი სავაჭრო ურთიერთობის დაწყებით. მოგვიანებით მიწათმოქმედება გახდა უფრო სრულყოფილი ცხოველის გამწევი ძალის გამოყენების შედეგად. გაჩნდა აგრეთვე ლითონის სახნავი იარაღები. გაიზარდა საზოგადოებაში მამაკაცის როლი და სათავე დაედო პატრიარქატს. იმ პერიოდისათვის ისევ გრძელდებოდა ლენძიელისა და პოლგარის კულტურების განვითარება, მოგვიანებით გაჩნდა ბადენის კულტურაც.

ბრინჯაოს საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯაოს ხანა სლოვაკეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია მრავალი განსხვავებული არქეოლოგიური კულტურით. კერძოდ, უნეტიცას კულტურა, მადრიაროვცეს კულტურა, ოტომანის კულტურა, ერთეული ყორღანული კულტურები და სხვ. ამ პერიოდ განეკუთვნება აღმოჩენილი ბრინჯაოს ნამგლები, ლურსმნის გარეშე აგებული ხის შენობები.

ჰალშტატის ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინის საუკუნე და მისი ტექნოლოგიები სლოვაკეთის ტერიტორიაზე გამოჩნდა დაახლოებით ჩვ. წ. აღ. მდე 800 წლით ადრე, სავარაუდოდ, ანატოლიის ოლქებიდან ან იტალიიდან. ჰალშტატის ეპოქაში სლოვაკეთში შესაბამისი კლიმატური პირობების წყალობით, ვითარდება რკინის, კალის, ოქროს და მარილის მოპოვება-დამუშავება. გრძელდება სოციალური დიფერენციაცია. იმ პერიოდის სლოვაკეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ჰალშტატის კულტურა (კონკრეტულად, კალენდერებერგის) კულტურა, კუშტანოვიცის (თრაკიული) კულტურა და ვეკერცუგის (სავარაუდოდ, სკვითურ) კულტურა. ჩრდილოეთში ჯერ კიდევ არსებობდა ლუჟიცის კულტურა. შესაძლებელია, ამ პერიოდის სლოვაკეთში ცხოვრობდნენ ასევე, კიმერიელებიც.

პროტოისტორიული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატენური ეპოქა და რომის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაული წარწერა კლდეზე

ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.მდე I ათასწლეულში სლოვაკეთში მოვიდნენ კელტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ასოცირდებიან ჰალშტატის კულტურასთან და რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს პირველ ცნობილ ეთნოსად სლოვაკეთის ტერიტორიაზე. ისინი კარპატების აუზში მოვიდნენ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ალპებიდან. მოსვლისას მათ დაიმორჩილეს ადგილობრივი მოსახლეობა. ლატენური კულტურის მემკვიდრე ჰალშტატის კულტურა, ასევე, კელტურია.

ლატენური ეპოქის დასასრულს მათ ააგეს, რამდენიმე სიმაგრე — ე. წ. ოპიდუმები, მაგალითად, ბრატისლავის ოპიდუმი. კელტების უმრავლესობა ცხოვრობდა ხისგან აგებულ პატარა გამაგრებულ შენობებში. იყენებდნენ რკინის ბოქლომებს. კელტები იყვნენ გამოცდილი ხელოსნები — მჭედლები, მეთუნეები, მიწათმოქმედნი და მოვაჭრეები. ისინი მჭიდროდ ინახავდნენ კავშირებს ძველ ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებთან, რაც დიდ გავლენას ახდენდა მათ კულტურაზე.

ჩვ.წ.აღ.მდე II ს. სლოვაკეთში მოვიდნენ დაკები, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე. დაკთა პირველი მეფის ბურებისტის მეფობისას დაკები ფაქტობრივად დასახლდნენ და დაკიას შეუერთეს სლოვაკეთის სამხრეთ ნაწილი, საიდანაც მათ განდევნეს კელტები. ძვ. წ. 10 წელს რომაელებმა დაამარცხეს დაკები და გააფართოვეს რომის იმპერიის საზღვრები მდ. დუნაის შუა წელზე. რომაელებმა დააარსეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი დასავლეთ სლოვაკეთში. დაკური დასახლებები სლოვაკეთის ტერიტორიიდან სრულიად გაქრა ახ. წ. I საუკუნიდან, ამის შემდგომ, ისინი მხოლოდ აღმოსავლეთში გვხვდება.

კელტების დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა ჩრდილო-დასავლეთიდან გერმანული ტომების შემოჭრის შედეგად ახ. წ. I საუკუნეში, თუმცა, კელტები (კერძოდ, კოტინები) სლოვაკეთის ტერიტორიაზე თითქმის II საუკუნემდე შემორჩნენ. ხალხთა დიდი გადასახლების დროს IV ს. სლოვაკეთის ტერიტორია გადაკვეთეს ვესტგოთების, ოსტგოთების, ლანგობარდებისა და გეპიდების ტომებმა.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავთა გამოჩენა და დიდი მორავია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორჩანი - დიდი მორავიის ერთადერთი გადარჩენილი ძეგლი

მე-V საუკუნეში აქ მოვიდნენ სლავები. მე-VI ტერიტორია ექცევა ავარის ხაკანატის გავლენის ქვეშ, ხოლო მე-VII საუკუნეში აქ იქმება სახელმწიფო სამო, საუკუნით გვიან აქ წარმოიქმნა ნიტრანის სათავდო, რომელიც 833 წელს შევიდა დიდი მორავიის შემადგენლობაში. 907 წელს დიდ მორავიას თავს დაესხნენ უნგრელი ტომები და დიდი მორავია ნელ-ნელა დასუსტდა და XI საუკუნის ბოლოს მთელი მისი ტერიტორია შეიერთა უნგრეთმა. 1108 წელს დაეცა ნიტრანის სათავადო.

სლოვაკეთი უნგრეთის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1241 სლოვაკეთმა განიცადა მონღოლ-თათართა შემოსევები, რამაც დაასუსტა მეფის ხელისუფლება. ქვეყანა დაიშალა და პატარ-პატარა ნაწილების მმართველები გახდნენ ოლიგარქები, მაგალითად, როგორიცაა, მათუშა ჩაკა. მეფის ხელისუფლების განმტკიცება მოახერხა მხოლოდ კარლ რობერტმა, რომელმაც დაამარცხა ოლიგარქები რაზგანოვეცის ბრძოლაში. კარლ რობერტის ვაჟის ლუდოვიკო I დიდის მმართველობისას უნგრეთი გახდა ძლიერი ევროპული სახელმწიფო. სიგიზმუნდის მმართველობისას უნგრეთს კვლავ საფრთხე დაემუქრა, ამჯერად, თურქებისა და ჰუსიტების მხრიდან. ჰუსიტებისაგან ყველაზე მეტად დაზიანებული მხარე გახდა სწორედ სლოვაკეთი, რომლის ტერიტორიაზე 1467 წელს, ბოლოსდაბოლოს, ველიკე კოსტოლიანთან უნგრეთის მეფე მატიაშ ჰუნიადიმ გატეხა ჰუსიტური არმიის — „ძმების“ წინააღმდეგობა. 1526 წელს მოხაჩთან თურქების მიერ არმიის განადგურების და მეფე ლაიოშ II-ის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ, უნგრეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი (დასავლეთ უნგრეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის გარდა) შუერთდა ოსმალთა იმპერიას, ხოლო ოსმალთაგან თავისუფალი მიწები, მათ შორის სლოვაკეთის ტერიტორიაც, აღმოჩნდა ავსტრიელი ჰაბსბურგების სამფლობელოების ნაწილი. უნგრელები სლოვაკეთს უწოდებდნენ „Felvidék“ ან „Felső-Magyarország“(ზემო მხარე, ზემო უნგრეთი)

სლოვაკეთი ჰაბსბურგთა დინასტიის მმართველობისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატრიცა მარია-ტერეზა

1526 წელს მოხაჩის ბრძოლაში განადგურების შემდეგ უნგრეთის ტახტზე ერთდროულად ორი მეფე ავიდა - თურქების მოკავშირე იანოშ I ზაპოლიაი და ავსტრიელი ფერდინანდ I. დაიწყო ომი პირველობისათვის ორ მეფეს შორის, რომელიც დამთავრდა მშვიდობით 1538 წელს ორადიაში დადებული ზავით. 1536 წელს უნგრეთის დედაქალაქი გახდა ბრატისლავა, ხოლო [[ესტერგომის საარქიეპისკოპოსო გადატანილი იქნა ქალაქ 1536 ქალაქ ტრნავაში. ამავე პერიოდში თურქებმა ხელში ჩაიგდეს სამხრეთ სლოვაკეთი. XVII საუკუნემ ჩაიარა ავსტრიის იმპერატორთან ერთად თავადთა ბრძოლის სახელით. 1605 წელს იშტვან ბოჩკაიმ დაიპყრო თითქმის მთელი სლოვაკეთი. 1606 წელს დაიდო ზავი. 1618 წელს ბეტლენმა ჩიგდო ხელში აღმოსავლეთ სლოვაკეთი, 1619 წელს დასავლეთიც. 1622 კვლავ დაიდო ზავი. 1643—1645 წ. წ. სლოვაკეთის ტერიტორიაზე მიდიოდა ბრძოლები ჰაბსბურგთა ჯარებსა და მეამბოხეებს შორის, დორდია I რაკოცის მეთაურობით. 1678—1687 წ. წ. სლოვაკეთი კვლავ გადაიქცა ბრძოლების არენად, ამჯერად იმრე ტოკოლის მიერ, ხოლო 1703—1711 წლებში მოხდა უკანასკნელი აჯანყება ფერენც II რაკოცის მეთაურობით.

XVIII საუკუნეში უკანდახევა დაიწყო თავადთა და იმპერატორთა საუკუნოვანმა დამანგრეველმა ომმა. გაჩნდა პირველი მანუფაქტურები შაშტინსა და გოლიჩში, კვლავ აღდგა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ეკონომიკის განვითარებაზე პოზიტიურად იმოქმედა მარია ტერეზიას და მისი ვაჟის იოსებ II–ის რეფორმებმა. ამავე პერიოდში იწყება სლოვაკური აღორძინება – 1783 წელს გაჩნდა მღვდელ იგნაც ბაიზის პირველი წიგნი სლოვაკურ ენაზე. 1790 წელს ბერნოლაკმა შეადგინა სლოვაკური ენის პირველი გრამატიკა. პირველი მქადაგებლები (და უპირველეს ყოვლისა, ლუთერანები) მიიჩნევდნენ, რომ ჩეხები და სლოვაკები ერთი წარმოშობის ხალხია. 1847 წელს შტურმა მოახდინა სლოვაკური ენის რეფორმა და გათანამედროვება, რომელიც მიიღო ორივე ბანაკმა – როგორც კათოლიკებმა, ისე ლუთერანებმა. 1848-49 წ. წ. უნგრეთის რევოლუციის დროს სლოვაკეთის სახალხო რადამ მოუწოდა სლოვაკებს იარაღით ხელში უნგრელთა წინააღმდეგ და მხარი დაეჭირათ ავსტრიელებისათვის.

1867 წელს ავსტრიის იმპერია გარდაიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერიად და სლოვაკური მიწები შევიდა უნგრეთის ტრანსლეიტანიის შემადგენლობაში, რის შედეგადაც უნგრეთის ზეწოლა სლოვაკ ხალხზე კიდევ უფრო გაძლიერდა. 1875 წელს დაიშალა სლოვაკური მატიცა, მოგვიანებით კი სხვა ეროვნული ორგანიზაციებიც. 1890-ან წლებში წარმოიშვა ჩეხოსლოვაკიზმის კონცეფცია და სლოვაკებმა დაიწყეს ჩეხებისაგან დახმარების მიღება. 1906 წარმოიშვა პირველი სლოვაკური პარტია - ზომიერად ნაციონალური ხასიათის სლოვაკეთის სახალხო პარტია. სლოვაკური ნაციონალური ორგანიზაციების გამოჩენამ გააძლიერა უნგრელთა მხრიდან ზეწოლა და სლოვაკთა მადიარიზაციის გაძლიერებული მცდელობები, რომელიც გრძელდებოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემამდე 1918 წლის ნოემბერში.

ახალი დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხოსლოვაკია

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ჩეხ და სლოვაკ პოლიტიკოსებს ჩამოუყალიბდათ მომავალი ერთიანი სახელმწიფოს საკმაოდ ნათელი კონცეფცია. ეს იდეა ომის დასაწყისშივე მხარდაჭერილ იქნა რუსეთის მეფის მიერ და თანხმობა გასცა ერთიანი ჩეხოსლოვაკიური ლეგიონების შექმნაზე. ჩეხური მხრიდან მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ტომას მასარიკი და ედუარდ ბენეში, ხოლო სლოვაკეთის მხრიდან მილან შტეფანიკი. 1915 წელს მასარიკმა ჟენევაში ოფიციალურად წარადგინა ჩეხოსლოვაკიის შექმნის გეგმა. იმავე წლის ოქტომბერში კლივლენდში ჩეხურმა და სლოვაკურმა ემიგრანტულმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. საბოლოო შეთანხმება ხელმოწერილ იქნა 1918 წლის 31 მაისს პიტსბურგში. პირველი დროებითი მთავრობა შედგა პარიზში. 1918 წლის 23 ოქტომბერს გამოცხადდა დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკია. 30 ოქტომბერს სლოვაკეთის სახალხო რადამ მარტინში ხელი მოაწერა დეკლარაციას ჩეხოსლოვაკიაში შესვლის შესახებ. 1918 წლის 14 ნოემბერს ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტი გახდა ტომაშ მასარიკი. სლოვაკეთის პირველი მთავრობა შეიკრიბა სკალიცაში, შემდეგ ჟილინაში. 1919 წლის 4 თებერვალს სლოვაკეთის დედაქალაქი გახდა ბრატისლავა.

სლოვაკეთის შესვლას ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში მთელი რიგი პოზიტივები ჰქონდა. შემოღებულ იქნა სლოვაკურ ენაზე სწავლება სკოლებში. 1919 წელს გაიხსნა კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში. 1922 წელს შემოიღეს სავალდებულო 8-წლიანი სწავლება სკოლებში, 8-საათიანი სამუშაო დღე, სლოვაკური პარტიები გამოვიდნენ იატაკქვეშეთიდან, 1926 წელს დაარსდა სლოვაკური რადიო. 18 წლის ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს საარჩევნო უფლებები და სხვ. თუმცა ამ გაერთიანებას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. მაგ. მრავალმა სლოვაკურმა საწარმომ ვერ გაუძლო ჩეხური საწარმოების კონკურენციას. განსაკუთრებით აღმოსავლეთ სლოვაკეთში გაძლიერდა უმუშევრობა, რამაც გამოიწვია მასობრივი მიგრაცია აშშსა და კანადაში. (1937 წლამდე ემიგრაციაში წავიდა 104 ათასი ადამიანი), დაპირებული ავტონომია ვერ მიიღო სლოვაკეთმა, უკმაყოფილება გამოიწვია აგრეთვე, ჩეხოსლოვაკიზმის კონცეფციამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩეხები და სლოვაკები ერთი ხალხია და მათი ენები მხოლოდ ჩეხოსლოვაკიური ენის დიალექტებია. ამ ყველაფერმა გააძლიერა ეროვნული პარტიების პოზიციები. კერძოდ, გლინკოვის სახალხო პარტიის.

1938 წლის 28 სექტემბერს ხელმოწერილ იქნა მიუნხენის ხელშეკრულება, იმავე წლის 6 ოქტომბერს სლოვაკურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჟილინაში შექმნეს სლოვაკეთის ავტონომია ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში. ჩეხოსლოვაკისს სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ ცნო ავტონომია და ავტონომიური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრად დანიშნა იოზეფ ტისო. 1938 წლის 2 ნოემბერს ვენის პირველი არბიტრაჟის შედეგად უნგრეთმა და მესამე რაიხმა მოწყვიტეს სლოვაკეთს მისი სამხრეთი ნაწილი. 1939 წლის 13 მარტს ჰიტლერმა შესთავაზა ტისოს სლოვაკეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ სლოვაკეთი გადანაწილდებოდა პოლონეთსა და უნგრეთს შორის. 1939 წლის 14 მართს გამოცხადდა სლოვაკეთის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორე დღეს გერმანულმა ჯარებმა მოახდინეს ჩეხეთის, მორავიის და ჩეხური სილეზიის ოკუპირება. მთელ კვირას გაგრძელებული უნგრო-სლოვაკეთის ომის შედეგად, 1939 წლის მარტის ბოლოს სლოვაკეთმა კიდევ დაკარგა საკუთარი ტერიტორიების ნაწილი უნგრელთა სასარგებლოდ.

სლოვაკეთი 1941 წელს

სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა მარიონეტული სახელმწიფო იყო, რომელიც მთლიანად დამოკიდებული იყო გერმანიაზე. ამან გამოიწვი სლოვაკთა უკმაყოფილება. აღმოსავლეთის ფრონტზე მრავალი ჯარისკაცი გადადიოდა საბჭოთა არმიაში გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგ: მელიტოპოლთან 1943 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა მხარეს გადავიდა 2000 ჯარისკაცი. 1944 წელს, როცა წითელი არმია მიუახლოვდა სლოვაკეთის საზღვრებს, სლოვაკეთში იფეთქა ეროვნულმა აჯანყებამ, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. 1944 წლის 21 სექტემბერს წითელი არმია გადავიდა სლოვაკეთის საზღვარზე მეძილაბორცესთან. 1945 წლის 4 აპრილს ფაშისტებისაგან გათავისუფლდა ბრატისლავა — სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა დაეცა და ის კვლავ შევიდა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში.

იმავე დროს ახალი ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ უარყო ”ჩეხოსლოვაკიზმის” დოქტრინა და შეინარჩუნა სლოვაკეთის აჯანყების დროს შექმნილი ეროვნული ორგანოები. 1945 წლის აპრილში ჩეხოსლოვაკიის ახალი ხელისუფლების კოშიცკის პროგრამამ ცნო სლოვაკთა ეროვნული თვითგამორკვევა. ამ მდგომარეობამ ასახვა ჰპოვა ჩეხოსლოვაკიის 1948 და 1960 წლების კონსტიტუციებში.

1946 წელს ჩატარდაჩეხოსლოვაკიის პარლამენტის არჩევნები. სლოვაკეთში არჩევნები მოიგო დემოკრატიულმა პარტიამ და მიიღო ხმების 62%, მეორე ადგილაზე აღმოჩნდა კომუნისტური პარტია 30 %. 1948 წელს წარმოიქმნა პოლიტიკური კრიზისიდემოკრატი მინისტრები გადადგნენ. პრეზიდენტმა ბენეშმა კომუნისტური პარტიის ზეწოლით შექმნა ახალი მთავრობა, რომელშიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ კომუნისტები. 1948 წლის 9 მაისს მიღებულ იქნა კონსტიტუცია. ბენეშის სიკვდილის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა კლემენტ გოტვალდი და ამათან, ქვეყანაში დამყარდა სოციალისტური წყობილება.

1969 წლიდან სლოვაკეთი კონსტიტუციის საფუძველზე ფედერაციის პრინციპით შედიოდა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში ჩეხეთთან ერთად, როგორც თანაბარუფლებიანი სოციალისტური რესპუბლიკა.

1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად დაეცა კომუნისტური რეჟიმი და კიდევ უფრო გაღრმავდა ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის უფსკრული. 1992 წელს რესპუბლიკის ლიდერები შეთანხმდნენ ქვეყნის გაყოფაზე.

დამოუკიდებელი სლოვაკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე სლოვაკეთის დროშა

დამოუკიდებელი სლოვაკეთი ჩამოყალიბდა 1993 წლის 1 იანვარს „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად. 1998 წლამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იყო ვლადიმირ მეჩიარი, რომელსაც ადანაშაუებდნენ ქვეყნის ავტორიტარული სტილით მართვაში. ჩეხეთისაგან განსხვავებით სლოვაკეთში არ მიმდინარეობდა ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაცია. ამავე დროს, სლოვაკეთი დიდხანს არ მონაწილეობდა დასავლეთის ქვეყნებთან აქტიურად დაახლოების პოლიტიკაში.

2004 წლის 29 მარტს სლოვაკეთი შევიდა ნატოს შემადგენლობაში, ხოლო 2004 წლის 1 მაისს ევროკავშირის შემადგენლობაში. 2009 წლის 1 იანვარს სლოვაკეთი შევიდა ევროზონაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: