შვედეთის ისტორია

შვედეთის ისტორია იწყება კალმარის უნიის ჩამოყალიბებით 1397 წელს და XVI საუკუნეში მეფე გუსტავ ვაზას მიერ ქვეყნის გაერთიანებით. XVII საუკუნეში შვედეთმა გააფართოვა თავისი საზღვრები, თუმცა დაპყრობილი ტერიტორიების უმეტესობა XVIII საუკუნეში დაკარგა, ხოლო XIX საუკუნეში ფინეთსა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის გარეთ მყოფ სამფლობელოებს საბოლოოდ გამოემშვიდობა. ბოლო ომის შემდეგ, შვედეთმა შექმნა გაერთიანებული სახელმწიფო ნორვეგიასთან ერთად, რომელმაც 1905 წლამდე იარსება. 1814 წლის შემდეგ შვედეთი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს საომარი ვითარების დროს.

ადამიანის კვალი შვედეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. IX-VIII ათასწლეულს განეკუთვნება. ტაციტუსის ცნობით ძვ. წ. II ათასწლეულში კონტინენტური ევროპიდან შვედეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ მესაქონლე ტომები, რომლებმაც დაიმორჩილეს მკვიდრი მოსახლეობა. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში შვედეთის ტერიტორიაზე ჩრდილო გერმანული ტომები სვიონები, გაუტები და სხვები ცხოვრობდნენ. ახალი წელთაღრიცხვის დამდეგიდან მოიშალა პირველყოფილი თემური წყობილება. ტომები და ტომთა კავშირები დაემორჩილნენ სამხედრო ბელადებს, კონუნგებს. დამყარდა სავაჭრო კავშირები რომთან და მის გერმანულ პროვინციებთან, V საუკუნიდან ფრანკებთან, დასავლეთ სლავებთან, აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის ხალხებთან. შვედი ვიკინგები ვაჭრობდნენ და თავს ესხმოდნენ მეზობლებს, მათ შორის კიევის რუსეთს, ბიზანტიას და სხვა.
XI საუკუნეში იწყება შვედეთის გაქრისტიანება. ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება შვედეთში ნელა მიმდინარეობდა. გლეხობას გააჩნდა პირადი თავისუფლება. მოლაშქრეებისგან და მეფის მსახურებისგან ჩამოყალიბდა ფეოდალური კლასი. 1164 წელს უფსალაში შეიქმნა საეპისკოპოსო. 1335 წელს გაუქმდა მონობა. თავისუფალი მოსახლეობა დაიწყო გადასახადის გადამხდელ არამსახედრო ვალდებულ უმრავლესობად და დაუბეგრავ ფრელსებად (რაინდობა). შვედეთის ადრეფეოდალური ცენტრალიზაცია დასრულდა ფოლკუნგების დინასტიის (1250-1363) დამაარსებლის ბირგერ იარლის და მისი შვილების მმართველობის დროს. XII საუკუნის შუა წლებიდან შვედეთის მმართველებმა დაიწყეს ფინეთის დაპყრობა, რაც XIV საუკუნეში დასრულდა. ნორვეგიასთან გაერთიანების (1319-1355) შემდეგ მეფედ არჩიეს ნორვეგიის მეფე მაგნუს ერიქსონი. მისი მმართველობის დროს სამეფო ხელისუფლება შეიზღუდა სამეფო საბჭოთი (რიქსროდი), შემუშავდა კანონთა კრებული (ლანდსლაგი), ქვეყანა დაიყო პროვინციებად, რომლებსაც სათავეში ჩაუდგნენ მეფისნაცვლები. ამის შემდეგ მოხდა გაერთიანება დანიასთან. 1397 წელს გაფორმდა კალმარის უნია, რომელმაც ჩრდილოეთის ქვეყნები ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა. დანია შეეცადა შვედეთზე გაბატონებას, რასაც მოჰყვა ანტიდანიური ენგელბრექტ ენგელბრექტსონის აჯანყება. 1448 წელს დანიასთან უნია პრაქტიკულად გაუქმდა. 1471 წელს დანიაზე გამარჯვების შედეგად შვედეთმა გარკვეულ დამოუკიდებლობას მიაღწია. 1471-1520 წლებში შვედეთს მართავდნენ სტურეს საგვარეულოს რეგენტები. მათი მმართველობის დროს განტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, განვითარდა ეროვნული კულტურა. 1477 წელს უფსალაში დაარსდა ჩრდილოეთ ევროპაში პირველი უნივერსიტეტი. მრავალ ქალაქში დამყარდა ამქრული წყობილება.
1520 წელს დანიის მეფე კრისტიან II-მ, კათოლიკური ეკლესიის დახმარებით, ძალის გამოყენებით აღადგინა დანია-შვედეთის უნია, რასაც მოჰყვა სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო. დანიელთა ბატონობას ბოლო მოეღო 1521 წელს გუსტავ ერიქსონის აჯანყების შედეგად. კათოლიკე პრელატები მიემხრნენ დანიელებს, რაც 1527-1539 წლებში იქცა საეკლესიო მიწების სეკულარიზაციის და ლუთერანული რეფორმაციის გატარების საბაბად. ამ მიზნით მოწვეულ იქნა ვესტეროსის რიქსდაგები და განტკიცდა ლუთერანობა. შვედეთის სამეფო ტახტზე კი ავიდა გუსტავ ერიქსონი, რომელმაც დაამკვიდრა ვაზათა დინასტია, რის შემდეგაც შვედეთის მონარქია არჩევითის ნაცვლად მემკვიდრეობითი გახდა. გუსტავის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას და გლეხთა მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვა გლეხთა აჯანყებები. XVI საუკუნის შუა წლებიდან შვედეთმა დაიწყო ბრძოლა ბალტიის ზღვაზე ბატონობისთვის. განაახლა აგრესია აღმოსავლეთით, რასაც მოჰყვა შვედეთ-რუსეთის ომი (1555-1557). ერიკ XIV-მ (1560-1568) ისარგებლა ლივონიის ომით და 1561 წელს დაიკავა რეველი და ჩრდილოეთ ესტონეთი. 1592-1599 წლებში შვედეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის დაიდო პირადი უნია. 1570-1595 წლებში ამ უნიამ გაიმარჯვა რუსეთის სამეფოსთან ომში, მაგრამ შვედეთს პოლონეთიდან ემუქრებოდა კონტრრეფორმაციის საფრთხე, ამიტომ შვედეთა უნია გააუქმა. უნიის გაუქმებას მოჰყვა შვედეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის ხანგრძლივი დაპირისპირება ბალტიისპირეთის დაუფლებისთვის.
შვედეთი ამ დროს აღმავლობის გზაზე იდგა. XVI საუკუნეში გაიზარდა მისი საგარეო ვაჭრობა, XVII საუკუნის I ნახევარში განვითარდა სამთამადნო მრეწველობა, ამავე საუკუნის შუა წლებში ჩაისახა ადრეკაპიტალისტური წარმოება, დაიწყო კაპიტალის დაგროვება. გუსტავ II ადოლფის მეთაურობით შვედეთმა წარმატებას მიაღწია რუსეთთან 1610-1615 და რეჩ-პოსპოლიტასთან 1610-1611 და 1617-1629 წლების ომებში. 1630 წელს შვედეთი მონაწილეობდა ოცდაათწლიან ომში ანტიჰაბსბურგული კოალიციის მხარეს. ომი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით. 1643-1645 და 1657-1660 წლებში დანიის წინააღმდეგ ომების შედეგად შვედეთმა დაიპყრო დანიის სამფლობელო სკანია სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ნორვეგიის ნაწილი. XVII საუკუნის ომების შედეგად შვედეთი ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. დედოფალ კრისტინას (1632-1654) მმართველობის დროს სახნავი მინდვრების 70% თავადაზნაურთა ხელში გადავიდა. კარლ XI-მ (1660-1697) გაატარა რედუქცია, რომლის შედეგად მიწების 50% სამეფო ხელისუფლებას დაუბრუნდა. რედუქციამ ხელი შეუწყო შვედეთის კაპიტალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 1680 წელს შვედეთში დამყარდა აბსოლუტური მონარქია. XVIII საუკუნის დამდეგს შვედეთი რკინის მთავარი ექსპორტიორი და მარცვლეულის მთავარი იმპორტიორი იყო ევროპაში. სამხედრო-ეკონომიკური უპირატესობის გამო მან წარმატება მოიპოვა ჩრდილოეთის ომში (1700-1721), დაამარცხა რუსეთი პოლტავისა და განგუტის ბრძოლებში. მაგრამ ფართო ტერიტორიებზე გაშლილი დაპყრობილი მიწები ვეღარ შეინარჩუნა. 1721 წლის ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით შვედეთმა რუსეთს დაუთმო თავისი ყველა სამფლობელო ბალტიისპირეთში, სამხრეთ-დასავლეთი კარელია და ვიბორგი. კარლ XII-ის სიკვდილის შემდეგ შვედეთში დასრულდა აბსოლუტიზმის პერიოდი. 1719-1723 წლებში მეფის ხელისუფლება მკვეთრად შეიზღუდა რიქსროდითა და რიქსდაგით. XVIII საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა „ქუდების“ პარტია, რომელმაც 1738 წელს კავშირი შეკრა საფრანგეთთან და ჩამოაგდო კანცლერ ჰურნის მთავრობა. „ქუდების“ პარტიის მთავრობის მიერ დაწყებული ომი რუსეთთან (1741-1743) დასრულდა შვედეთის მარცხით და აბოს ხელშეკრულებით. შვედეთი დამარცხდა 1756-1763 წლების შვიდწლიან ომშიც. 1773 წელს მეფე გუსტავ III-მ განახორციელა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, შეზღუდა რიქსდაგის უფლებამოსილებები, გაზარდა მეფის ძალაუფლება და თავად-აზნაურთა პრივილეგიები.
მიუხედავად ამ გადატრიალებისა, XIX საუკუნეში გაღრმავდა ფეოდალური ურთიერთობის დაშლა. 1807-1827 წლის აგრარულმა რეფორმებმა და ტყის მასივების პრივატიზაციამ მოშალა სამიწათმოქმედო თემი. 1809 წლის გადატრიალების შედეგად გუსტავ IV ადოლფი ჩამოაგდეს. იმავე წლის ივნისში მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც მეფის ხელისუფლებას ზღუდავდა რიქსდაგის სასარგებლოდ. 1818 წელს შვედეთის მეფედ არჩეულ იქნა ნაპოლეონის ყოფილი მარშალი ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი, რომელიც გამეფდა კარლ XIV-ის სახელით და საფუძველი ჩაუყარა ბერნადოტების დინასტიას, რომელიც დღემდე შვედეთის სამეფო დინასტიაა. 1860-იან წლებში რკინიგზის მშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი გახდა. თანდათან გაჩნდა პირველი საწარმოები ელექტროტექნიკისა და ქიმიის დარგში. გაყვანილ იქნა ტელეგრაფი. 1864 წელს გამოცხადდა სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობის სრული თავისუფლება. დაარსდა მსვილი კერძო ბანკები და სააქციო საზოგადოებები. დაიწყო სოფლის მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია აშშ-ში. 1865-1866 წლებში ჩამოყალიბდა არაწოდებრივ, მხოლოდ ქონებრივ ცენზზე დაფუძნებული ორპალატიანი რიქსდაგი. XIX საუკუნის ბოლო მესამედში ინდუსტრიალიზაციამ უმაღლეს საფეხუს მიაღწია. 1876 წელს დაარსდა საქვეყნოდ ცნობილი კომპანია ერიქსონი. ინდუსტრიალიზაციას თან სდევდა მუშათა მოძარაობის აღმავლობა (მეტალურგთა გაფიცვა 1905, საყოველთაო გაფიცვა, 1909). გაჩნდა პოლიტიკური პარტიები. 1889 წელს დაარსდა შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, 1904 წელს — შვედეთის ზომიერი პარტია. პარტიები იბრძოდნენ საპარლამენტო რეფორმებისთვის. 1905 წელს მშვიდობიანად დაიშალა ნორვეგია-შვედეთის უნია. 1907-1909 წლებში განხორციელდა საპარლამენტო რეფორმა.
პირველი მსოფლიო ომის დროს შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, თუმცა პრაქტიკულად ეჭირა პროგერმანული პოზიცია. 1916 წელს წყალქვეშა ომმა და ბლოკადამ შვედეთში საწვავის და წარმოების კრიზისი გამოიწვია. ამ დროს შვედეთს მართავდა ჰალმარ ჰამარშელდის მთავრობა. 1918 წელს შვედეთმა შეწყვიტა ვაჭრობა საბჭოთა რუსეთთან. 1920 წელს შვედეთის სათავეში პირველად მოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1921 წელს შემოღებულ იქნა ხმის მიცემის საყოველთაო უფლება. 1920 წელს შვედეთი გახდა ერთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ერთა ლიგამ 1921 წელს შვედეთსა და ფინეთს შორის სადავო ალანდის კუნძულები ფინეთს მიაკუთვა. შევდეთი უკმაყოფილო იყო ამ გადაწყვეტილებით, თუმცა შეეგუა მას. 1924 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან. ომისმშედგომ პერიოდში აღმავლობა განიცადა შვედეთში წარმოებამ და კაპიტალმა. ამავდროულად, 1920-1932 წლებში 11-ჯერ შეიცვალა ქვეყნის მთავრობა. 1932-1946 წლებში 101 დღის გამოკლებით მთავრობას სათავეში ეგდა სოციალ-დემოკრატი პერ ალბინ ჰანსონი. მისი მმართველობის პერიოდში მთავარი საგარეო გამოწვევა იყო საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის საფრთხეებთან გამკლავება. 1936-1939 წლებში მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები, გაიზარდა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. შვედეთმა მეორე მსოფლიო ომის დროსაც შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამისა სსრკ-ფინეთის ომში სამხედრო დახმარებას უწევდა ფინეთს.
ომისშემდგომ პერიოდში შვედეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატი ტაგე ერლანდერი. ის პრემიერ-მინისტრი იყო 1946-1969 წლებში. ამ დროს ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და შრომითი რეფორმა გაატარა. ამ პერიოდის ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იკვებებოდა სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეით. შვედეთი თავს იკავებდა როგორც ნატოს, ასევე ვარშავის პაქტისაგან. 1946 წელს შვედეთი შევიდა გაეროში. 1948 და 1958 წლებში მიიღეს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამა. 1949 წელს შვედეთი შევიდა ევროპის საბჭოში. 1952 წელს შვედეთი გახდა ჩრდილოეთის საბჭოს თანადამფუძნებელი. 1950-აინ წლებში აქტიურად იდგა ბირთვული საკითხი. შვედეთის მთავრობამ უარი თქვა არმიის ბირთვული იარაღით აღჭურვაზე, თუმცა 1959 წელს არ დაუჭირა მხარი სსრ-სა და ფინეთის წინადადებაზე ჩრდილოეთის ქვეყნების უბირთვო ზონად გამოცხადების შესახებ. 1950-იან წლებში გაფართოვდა სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი, ჩამოყალიბდა შერეული ეკონომიკა, 1960-იან წლებში შეიქმნა სახელმწიფო საინვესტიციო ბანკი, სახელმწიფო საწარმოები. 1969-1976 წლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრი იყო ულოფ პალმე. 1970 წლიდან რიქსდაგი გახდა ერთპალატიანი. 1970-იანი წლების ბოლოს შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით პრობლემური გახდა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკამ ახალი რეაქტორების შენება დაბლოკა. 1974-1975 წლები განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც ახალი სახე მიიღო ქვეყნის კონსტიტუციამ, მეფეს დარჩა მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიული როლი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1976 წლის არჩევნები, სადაც სოციალ-დემოკრატები დამარცხდნენ, რამაც დაასრულა ამ პარტიის 40 წლიანი მმართველობა. 1976-1982 წლებში შვედეთი იმართებოდა ცენტრისტული პარტიის მიერ და პრემიერ-მინისტრი იყო ტ. ფელდინი. 1982-1986 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტი კვლავ ულოფ პალმემ დაიკავა, რომელიც მოკლეს 1986 წელს.
1990-იანი წლების დასაწყისში შვედეთში უძრავი ქონების კრიზისი დაიწყო. შვედეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დაეცა 5%-ით. ამაზე საპასუხოდ, ზომიერი პარტიის მთავრობის და პრემიერ კარლ ბილდტის მმართველობის დროს შემცირდა სახელმწიფოს როლი და მოხდა სკოლებისა და სახელმწიფო სერვისების ნაწილობრივი პრივატიზაცია. 1994 წელს მოსახლეობამ რეფერენდუმზე 52,3%-ით მხარი დაუჭრა შვედეთის გაწევრიანებას ევროკავშირში, რაც განხორციელდა 1995 წელს. თუმცა 2003 წელს ასევე რეფერენდუმით შვედეთმა უარი თქვა ევროზონაში გაწევრიანებაზე. შვედეთი ინარჩუნეს სამხედრო ნეიტრალიტეტს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის დარგში. ამასთან, შვედეთი აწარმოებს იარაღის ექსპორტს. 2010-იან წლებში გაზრდილი იმიგრაციის შედეგად შვედეთი თანდათანობით გახდა მრავალეთნიკური და მულტიკულტურული სახელმწიფო. შვედეთში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია 2015 წლის იმიგრაციულმა ნაკადებმა. შვედეთის მთავრობას მონაცვლეობით მართავენ სოციალ-დემოკრატიული და ზომიერი პარტიები. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შვედეთმა განაცხადა NATO-ს წევრობის განზრახვის შესახებ და 2024 წლიდან ოფიციალურად გახდა NATO-ს წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- History of Sweden - World History Database დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine.
- Historical Monetary Statistics of Sweden 1668-2008 დაარქივებული 2008-05-04 საიტზე Wayback Machine.
- History of Sweden: Primary Documents
- Historical Atlas of Sweden
- Sweden Chronology World History Database დაარქივებული 2007-12-27 საიტზე Wayback Machine.
- History of Sweden დაარქივებული 2012-02-27 საიტზე Wayback Machine.
- US Department of State factbook entry on Sweden