ბულგარეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი ბულგარეთი და მისი მიმდებარე სახელმწიფოები

ბულგარეთის ისტორია მოიცავს თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე პირველი დასახლებების გაჩენიდან ბულგარელების ეროვნულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე. ბულგარეთში აღმოჩენილი ადრეული ადამიანების დასახლებები თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 44 000 - 5000 პერიოდში. პირველი ორგანიზებული ცივილიზაციის ნიშნები ჩნდება ძვ. წ. 3000 წლიდან. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თრაკიელები პირველად ძვ. წ. 500 წელს გამოჩდნენ, როდესაც მათ შექმნეს ძლიერი ოდრისული სამეფო. შემდგომ მათი სამეფო მაკედონელების, კელტების და რომის იმპერიის ზეწოლის ქვეშ განადგურდა. თრაკიული კულტურის დაცემის პარალელურად ბალკანეთში იწყება სლავების ჩამოსახლების პროცესი.

632 წელს ცენტრალური აზიიდან წამოსულმა ბულგარებმა შავი ზღვის ჩრდილოეთით კუბრატის ხელმძღვანელობით შექმნეს დამოუკიდებელი სამეფო, რომელიც დიდი ბულგარეთის სახელითაა ცნობილია.[1] VII საუკუნის მეორე ნახევარში ხაზარების ზეწოლის გამო დიდი ბულგარეთი დაიშალა. კუბრატის მესამე შვილი ასპარუხი ბულგარული ტომების ერთ ნაწილთან ერთად გადავიდა დუნაის დელტის ტერიტორიაზე. იქ მან ბიზანტიის იმპერიის პროვინციები მცირე სკვითია და მეზია დაიპყრო, რითიც თავის სამფლობელოები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კიდევ უფრო განავრცო.[2] ბიზანტიასთან 681 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება და ბულგარელების პირველი დედაქალაქის პლისკას დაარსება ითვლება ბულგარეთის პირველი იმპერიის არსებობის დასაწყისად. ახალმა სამეფომ გააერთიანა თრაკიული მოსახლეობის ნარჩენები, სლავები, ბულგარელები და დააჩქარა ასიმილაციის პროცესი. შემდეგ საუკუნეებში სამხედრო ძალის გამოყენებით ბულგარეთი იქცა ბალკანენთის დომინანტ სახელმწიფოდ.[3] მის კულტურულად და ეთნიკურად განსხვავებულ მოსახლეობას აერთიანებდა რელიგია ენა და ალფავიტი.

XI საუკუნეში ბულგარეთის პირველი იმპერია დამარცხდა ბიზანტიასთან ბრძოლაში და მის შემადგენლობაში შევიდა. 1185 წელს ასენების დინასტიის ორი ძმა ასენი და პეტერი ჩაუდგნენ თავში ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას. მათ შეძლეს წარმატების მიღწევა და ააღორძინეს ბულგარეთის იმპერია, რომელიც ბულგარეთის მეორე იმპერიის სახელითაა ცნობილი. მეორე იმპერიის ძლიერებამ პიკს 1230-იან წლებში მიაღწია, შემდგომ მრავალმხრივი შემოსევების ფონზე იწყება მისი დასუსტება. შემდგომი შედარებით მშვიდობიანი პერიოდი ბულგარეთს ჰქონდა 1300 - 1371 წლებში, ხოლო შემდეგ ის გაიყო სამ პატარა სამეფოდ. 1396 მთლიანი ბულგარეთი მოექცა ოსმალეთის იმპერიაში, ამის შემდეგ ბულგარეთის მმართველები ინიშნებოდნენ ოსმალების მიერ. შემდგომი 500 წელი ბულგარეთის ინტელექტუალური და კულტურული უკუსვლის პერიოდი იყო. ასევე ბულგარეთი იზოლირებული იყო ევროპისგან.

ბულგარეთის სამთავრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიის დასუსტების შემდეგ, XIX საუკუნეში დაიწყო ბულგარული აღორძინება. 1870 წელს ემიგრაციაში მყოფი ბულგარელების მიერ ბუქარესტში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტი, რომლის მიზანი იყო ბულგარეთში შეიარაღებული აჯანყების მოწყობა. მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო ბასილ ლევსკი, რომელიც 1873 წელს ოსმალეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა. ლევსკის შემდეგ რევოლუციური კომიტეტის მუშაობას ხელმძღვანელობდა ხრისტო ბოტევი. 1875 წელს სტარა-ზაგოვორში იფეთქა ანტიოსმალურმა აჯანყებამ. მის დამარცხებას 1876 წელს მოჰყვა ასევე წარუმატებელი აპრილის აჯანყება.

1877-78 წლებში ბულგარეთი იყო ფრონტის ხაზი რუსეთ-ოსმალეთის ომში. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებამ ბულგარეთს მიანიჭა ავტონომია, ოსმალეთს უნდა დაენგრია ციხეები და გაეყვანა ჯარები, უნდა შექმნილიყო „დიდი ბულგარეთი“ ზღვიდან ზღვამდე (შავი ზღვიდან ეგეოსის ზღვამდე). ბულგარეთი დროებით, 2 წლით უნდა ემართა რუსეთის იმპერიას, რომელსაც უნდა მოემზადებინა ნიადაგი არჩევნების ჩასატარებლად. პირველი მმართველი იყო ჩერკასოვი, მის შემდეგ კი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი. მღელვარებას იწვევდა მდინარე არდის ხეობაში დასახლებულ მუსლიმთა საკითხი და ვედინისა და სოფიის გუბერნიებში სერბეთის სამეფოსთან საზღვრების დაზუსტება. სან-სტეფანოს ზავი რეალურად არ განხორციელდა, რადგან ინგლისს ხელს არ აძლევდა რუსეთის გავლენის ზრდა ბალკანეთში. დიდი ბულგარეთის წინააღმდეგ გამოდიოდა ავსტრია-უნგრეთიც. 1878 წლის 30 მაისს ლონდონში დაიდო საიდუმლო შეთანხმება რუსეთსა და ინგლისს შორის, რომლითაც რუსეთმა უარი თქვა დიდი ბულგარეთის შექმნაზე. ბერლინის ხელშეკრულებამ ბულგარეთის ტერიტორია განსაზღვრა მხოლოდ მეზიით და სოფიის რეგიონით. ამან გამოიწვია მრავალი ბულგარელის საზღვრებს გარეთ დარჩენა და ბულგარეთის მიერ შემდგომში ორივე მსოფლიო ომში გერმანიისთვის მხარდაჭერა. ბულგარეთის სამთავრომ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ რჩებოდა ოსმალეთის ვასალურ მდგომარეობაში. სამხრეთ ბულგარეთში შეიქმნა აღმოსავლეთი რუმელია, რომელიც იყო ოსმალეთის ავტონომიური რეგიონი.

ბერლინის კონგრესის მიხედვით რუსული მმართველობის პერიოდად ნაცვლად 2 წლისა, განისაზღვრა 9 თვე. რუსეთის სამოქალაქო მმართველობის დროს გაიხსნა სახალხო სასწავლებლები, სოფიაში გაიხსნა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა, გაჩნდა პოლიტიკური პარტიები, ცენტრსა და რეგიონებს შორის დამყარდა საფოსტო კავშირი, გაძლიერდა ბულგარეთის სახალხო ლაშქარი, რომელიც 1877-78 წლების ომის წინა პერიოდში რუმინეთში ჩამოყალიბდა. 1879 წლის 29 აპრილს ბულგარეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ ქ. ველიკო-ტირნოვოში მიიღო კონსტიტუცია. პირველ მთავრად არჩეულ იქნა ალექსანდრ ბატენბერგი. 1870-იანი წლების ბოლოს ბულგარეთის სამთავრო იმყოფებოდა სამი იმპერიის, გაერთიანებული სამეფოს, რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის ზეწოლის ქვეშ, სამივე სახელმწიფო ერეოდა ბულგარეთის შიდა საქმეებში, არმია, პოლიცია და სახელმწიფო აპარატი პრაქტიკულად რუსი ოფიცრების ხელში იყო. 1885 წლის 6 სექტემბერს გაერთიანდა ბულგარეთის სამთავრო და აღმოსავლეთი რუმელია. ბულგარეთის გაერთიანების წინააღმდეგი იყო სერბეთის სამეფო, რომელსაც მიაჩნდა, რომ ბულგარეთის გაერთიანება დაარღვევდა ძალთა ბალანსს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. 1885-86 წლების ომი ბულგარეთსა და სერბეთს შორის ბულგარეთის გამარჯვებით დასრულდა. 1886 წლის ბუქარესტის ხელშეკრულებამ სერბეთს დაუბრუნა ომის დროს ბულგარეთის მიერ დაკავებული მიწები, მაგრამ ცნო ბულგარეთის გაერთიანება.

1886 წელს რუსული გავლენებით გადააყენეს ბატენბერგი. რუსეთი ცდილობდა, მთავრის პოსტზე შეერჩია მისთვის მისაღები კანდიდატურა, მაგრამ მოლაპარაკებები რუსეთსა და ბულგარეთს შორის ჩავარდა და 1886 წელს რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი ბულგარეთთან. ბულგარეთში საბოლოოდ გაძლიერდა პრო-ავსტრიული მიმდინარეობა, 1887 წლის აპრილში ავსტრია-უნგრეთის მხარდაჭერით მთავარი გახდა ფერდინანდ პირველი.

მეოცე საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბულგარეთი გახდა კომუნისტური სახელმწიფო, რომელსაც 35 წლის მანძილზე ტოდორ ჟივკოვი მართავდა. ბულგარეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება დაიწყო 2001 წლიდან. ბულგარეთი ნატოს 2004 წელს, ხოლო ევროპის კავშირს 2007 წელს შეუერთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Bulgar (people)". Encyclopædia Britannica.
  2. Runciman, p. 26
  3. Bulgaria - Introduction, Library of Congress