ბოსნია და ჰერცეგოვინის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოსნია და ჰერცეგოვინის ისტორია ნეოლითის ხანიდან იწყება. ისტორიის მანძილზე მრავალი ხალხი და სახელმწიფო ბატონობდა ამ ტერიტორიაზე, რამაც უნიკალური ეთნორელიგიური პლასტი შექმნა – ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის კონტინენტზე სრულად მდებარე ორი მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნიდან ერთ-ერთია, ალბანეთთან ერთად (მესამეა სადავო სტატუსის მქონე კოსოვო).

ანტიკური ხანა და რომაული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ტერიტორიაზე ადამიანთ ყოფის ნაშთები ნეოლითის ხანიდან არსებობს. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში ნეოლითური პერიოდის მოსახლეობას თავს ესხმიან და ბოსნიაზე ბატონდებიან მეომარი პროტო-ინდოევროპული ტომები – ილირიელები, ძვ. წ. მეოთხე და მესამე საუკუნეებში კელტური მიგრაციების შედეგად ილირიელებმა უფრო სამხრეთით გადაინაცვლეს, თუმცა ზოგიერთ ილირიულ და კელტურ ტომებს შორის მოხდა ასიმილაცია.[1] კონკრეტული ისტორიული დოკუმენტაცია ამ პერიოდის რეგიონულ ისტორიაზე მეტად მწირია, მაგრამ საერთო ჯამში რეგიონი ეთნიკურად ჭრელი უნდა ყოფილიყო, სხვადასხვა ტომებით დასახლებული.
რომაელებსა და ილირიელებს შორის ომი ძვ. წ. 229 წელს იწყება. თუმცა რომმა რეგიონის სრული ანექსია მხოლოდ ძვ. წ. 9 წელს მოახერხა. რომაული მფლობელობის პერიოდში ლათინურენოვანი მოახალშენეები და სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი რომაელი ვეტერანები სახლდებოდნენ რეგიონში.
ქრისტიანობა რეგიონში პირველი საუკუნის ბოლოდან გამოჩნდა, რისი მტკიცებულებაც არის რიგი რელიქვიები და არტეფაქტები. იმპერიის გაყოფის შემდეგ ტერიტორია დასავლეთ რომის იმპერიაში შევიდა, ვიდრე რეგიონში რომაული ადმინისტრაცია არ მოსპეს ოსტგუთებმა 455 წელს, თუმცა მათ ვერ შეძლეს ტერიტორიის შენარჩუნება და იგი ალანებმა და ჰუნებმა რამდენიმეჯერ დალაშქრეს.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეექვსე საუკუნისთვის იმპერატორმა იუსტინიანემ ტერიტორია ბიზანტიას შეუერთა. ამავე პერიოდში ავარებმა და მათმა მოკავშირე სლავებმა დაიკავეს თანამედროვე სლოვენიის, ხორვატიის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და სერბეთის ტერიტორიები. სლავთა გადმოსახლების მეორე ტალღა უკვე იმპერატორ ჰერაკლეს მოწვევით განხორციელდა, რომელსაც დალმაციიდან ავარების განსადევნად მოკავშირეები სჭირდებოდა.
მეცხრე საუკუნიდან სლავური ენა მკვიდრდება ბოსნიის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ქრისტიანობის ადგილობრივი ფორმა, ამავე პერიოდიდან ბოსნია შედის ფეოდალიზმის ხანაშიც. ბოსნიის ძნელადგასავალი ლანდშაფტისა და იზოლირებული მდებარეობის გამო იგი რეგიონში უკანასკნელი გადის ამ პროცესს.[1]

ბოსნიის საბანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხრე საუკუნიდან რეგიონში ჩნდება სლავების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. ბოსნიის ტერიტორიაზე არსებულ ამგვარ წარმონაქმნს მოიხსენიებს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII თავის ტრაქტატში "იმპერიის მმართველობის შესახებ" (ბერძ. Πρὸς τὸν ἴδιον υἱὸν Ρωμανόν; ლათ. De Administrando Imperio), რომლის მიხედვითაც ბოსნიის ტერიტორიას სერბი ბელადი, ჩასლავ კლონიმიროვიჩი ფლობს, რომლის სიკვდილის შემდეგ, 960 წლისთვის ხორვატების მეფე კრეშიმირ II იკავებს ამ მიწებს. 997 წელს ბულგარეთის მეფე სამუილი იკავებს ბოსნიას, თუმცა 1018 წელს ბიზანტიის იმპერია ახდენს ბულგარეთის იმპერიის ტერიტორიის ანექსიას ბოსნიის ჩათვლით. საუკუნის ბოლოს ბოსნიას იყოფენ ხორვატია და დუკლა. 1101 წლიდან ბოსნიელები ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას, თუმცა უნგრეთსა და ბიზანტიას შორის დაპირისპირების გამო ორივე ქვეყანა ცდილობს მის დაკავებას. 1137 წელს ბოსნიას იკავებენ უნგრელები, 1167 წელს – ბიზანტიელები. 1180 წელს ისევ უნგრეთი იკავებს ბოსნიას. ამ პერიოდში ბოსნიის ბანი ხდება ადგილობრივი კულინი, რომელიც უნგრელების მხარდამხარ ებრძვის ბიზანტიას, თუმცა ბოსნია არც უნგრელებსა და არც ბიზანტიელებს იმდენად დიდი ხნით არ დაუკავებიათ, რომ ადგილობრივების ერთგულება მოეპოვებინათ, ან რაიმე სერიოზული პრეტენზია განეცხადებინათ ბოსნიაზე.[2] კულინამდე ბოსნიის ბანი იყო ბორიჩი, რომელიც უნგრელთა ვასალი იყო, მაგრამ იგი გადააყენეს, რადგან უნგრეთის ტახტისთვის გამართულ ბრძოლაში მის მიერ მხარდაჭერილმა პრეტენდენტმა მარცხი განიცადა. იგივე სცადეს ბიზანტიელებმაც და 1180 წელს კულინი დანიშნეს ბოსნიის ბანად, მაგრამ კულინმა გადაწყვიტა დიდ სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობა სათავისოდ გამოეყენებინა და მისი საბანო ფაქტობრივად დამოუკიდებელი გაეხადა.[3]
კულინმა სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა რაგუზასა და ვენეციასთან, რამაც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყო ხელი. ამავე პერიოდში მწვავედ დგება ბოსნიის ეკლესიის საკითხიც. მათ უნგრელები ერესში სდებენ ბრალს და ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას ითხოვენ. საპასუხოდ 1203 წელს კულინმა შეკრიბა ეკლესიის ლიდერები და მოსთხოვა ერესის დაგმობა, თუმცა უნგრული პრეტენზიები, რაც უფრო მეტად პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, არ მოხსნილა, ვიდრე 1254 წელს ბოსნიელებმა არ დაამარცხეს და უკუაგდეს უნგრეთის არმია.

ბოსნიის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1353 წელს ბოსნიის საბანოს მმართველი გახდა 15 წლის ტვრტკო კოტრომანიჩი. 1363 წელს მოუვიდა უთანხმოება უნგრეთის მეფე ლაიოშთან, დაწყებული კონფლიქტი ბოსნიელთა წარმატებით დასრულდა და ბოსნიისთვის ხელსაყრელი დაზავებაც დაიდო. რიგი წარმატებული სამხედრო მოქმედებების შედეგად ტვრტკომ შემოიერთა ზახუმლე, დრინისა და ლიმის ხეობები, ონოგოშტისა და გაცკოს მხარეები. ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა სერბული მონასტერი მილეშევა, სადაც პატრიარქ სავას ნეშტი იყო დასვენებული.[3] 1377 წელს ტვრტკომ ბალშიჩი დაამარცხა და დრაჩევიცა, ტრებინე და კონავლეც შემოიერთა. იმავე წლის 26 ოქტომბერს ტვრტკო ეკურთხა "სერბიის, ბოსნიის, ზღვისპირეთისა და დასავლეთის მიწების" მეფედ, ბოსნიის საბანო ბოსნიის სამეფოდ გამოცხადდა.[4] ტვრტკო გარდაიცვალა 1391 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანა სუსტმა მმართველობამ დააძაბუნა, რასაც ემატებოდა უნგრეთის პრეტენზიები ბოსნიაზე, როგორც მის ვასალზე. უნგრეთის მეფე სიგიზმუნდმა რამდენიმეჯერ ილაშქრა ბოსნიაში საკუთარი ტახტის პრეტენდენტის – სტეპან ოსტოიას მხარდასაჭერად, ისევე როგორც ოსმალებმა – რადივოის მხარდასაჭერად. ბოსნიის სამეფოს არსებობის ბოლო წლებში, 1459 წლიდან დაიწყო ბოსნიის ეკლესიის დევნა. პაპმა პიუს II-მ მოსთხოვა სტეპან ტომაშს ბოსნიის ეკლესიის განადგურება, თუ მას სურდა ოსმალების წინააღმდეგ კათოლიკური სამყარო დახმარებოდა. სტეპან ტომაში იძულებული გახდა დაეწყო ბოსნიის ეკლესიის წევრების დევნა.[3] იმავე წელს წელს ბოსნიელებმა სერბეთის დესპოტად თავისი მეფის ვაჟი – სტეპან ტომაშევიჩი დააყენეს, მაგრამ ამ სვლით უკმაყოფილო ოსმალებმა სამ თვეში დაიკავეს ტომაშევიჩის მთელი სამფლობელო, რადგან კათოლიკე მონარქის მმართველობით უკმაყოფილო სერბებმა დიდი წინააღმდეგობა არ გაუწიეს ოსმალებს და 1459 წლის ივნისში სმედერევოს ციხესიმაგრის კარიბჭის გასაღებები მეჰმედს მიართვეს. ოსმალებმა სერბეთის დესპოტატის ანექსია მოახდინეს სმედერევოს სანჯაყის სახელით.[5] მოგვიანებით ტომაშევიჩი ბოსნიაში გამეფდა და კავშირი შეკრა უნგრეთსა და პაპთან. 1463 წელს მოკავშირეებით დაიმედებულმა ტომაშევიჩმა ოსმალებს ხარკი შეუწყვიტა. ოსმალეთის არმიამ ველი მაჰმუდ-ფაშას სარდლობით ბობოვაცს ალყა შემოარტყა 19 მაისს, მეორე დღეს კი მას თავად მეჰმედიც შეუერთდა. ბობოვაცი მალევე დაეცა და მეფემ გადაწყვიტა თავშესაფარი ეძია დალმაციაში ან ხორვატიაში. მან დედინაცვალი კატარინა რომში გაგზავნა, ცოლი მარია კი რაგუზაში. თავად ტომაშევიჩს ფეხდაფეხ მისდევდა მაჰმუდ-ფაშა და ბოლოს კლუჩში მოახერხა მისი ალყაში მოქცევა. რესურსების სიმცირის გამო ტომაშევიჩი მიხვდა, რომ ალყას ვერ გაუძლებდა და დანებდა. იგი მეჰმედის წინაშე წარადგინეს 25 მაისს, რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯეს. მისი დატყვევებული ნათესავები კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც მათმა ნაწილმა ისლამი მიიღო, მათ შორის მათ შორის სტეპან ტომაშევიჩის უმცროსმა ძმამ, სიგიზმუნდმა (ისჰაყ-ბეგ კრალოღლუმ). ბოსნიის სამეფო ოსმალეთმა შეიერთა – შეიქმნა ბოსნიის სანჯაყი რუმელიის ეიალეთის დაქვემდებარებაში.[3]

ოსმალური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1483 წელს ოსმალებმა დაიკავეს ბოსნიის სამხრეთით მდებარე ჰერცეგოვინა, რომელიც ვუკჩიჩ კოსაჩას გვარის სამფლობელო იყო. გვარის მემკვიდრემ,სტეპან ვუკჩიჩ კოსაჩას ვაჟმა, კატარინას ძმამ, სტეპანმა (აჰმად-ფაშა ჰერსექლიმ) ისლამი მიიღო. თუმცა ბოსნიისგან განსხვავებით, ისლამიზაცია ჰერცეგოვინაში უფრო ნელა მიმდინარეობდა, რადგან კათოლიციზმი აქ ძლიერად იყო დამკვიდრებული. ბოსნიაში კი ბოსნიის ეკლესიის მიმდევრები მასიურად იღებდნენ ისლამს.
1541 წელს ოსმალებმა დაიპყრეს სლავონია და უნგრეთის დიდი ნაწილი. შემდეგი საუკუნენახევრის განმავლობაში ბოსნია შიდა პროვინცია იყო და შედარებით სტაბილურ გარემოში არსებობდა. თუმცა მოგვიანებით ოსმალეთი დამარცხდა ქრისტიანულ ლიგასთან და 1697 წელს დათმო სლავონია და უნგრეთი, რითაც ბოსნია კვლავ სასაზღვრო პროვინციად იქცა. ამ ომის დროს ბოსნია გააჩანაგა ევგენი სავოიელის ლაშქარმა, რომლებმაც თითქმის მთელი სარაევო გადაწვეს.[6]
1716 წელს ავსტრიამ დაიკავა ჩრდილო ბოსნია და ჩრდილო სერბია, მაგრამ 1739 წელს ტერიტორია ისევ ოსმალეთს დაუბრუნდა. ამ საზღვრებმა კიდევ საუკუნენახევარი გასტანა, თუმცა ომები გრძელდებოდა საზღვრების გასწვრივ.
ამ ომებმა ბოსნია გააღარიბა და ხელი შეუწყო მიგრაციულ პროცესებს, თუმცა არა მხოლოდ უარყოფითი სალდოთი. სლავონიისა და უნგრეთის მუსლიმებმა ბოსნიას შეაფარეს თავი, ხოლო ბოსნიის ქრისტიანები ავსტრიაში გადასახლდნენ ავსტრიის იმპერატორის მიწვევით.

18311833 წელს ბოსნია მოიცვა აჯანყებამ ჰუსაინ გრადაშჩევიჩის ხელმძღვანელობით. სმედერევოს სანჯაყში სერბების მოქმედებების შემდეგ მრავალი ადგილობრივი მუსლიმი დაიხოცა ან იძულებული შეიქნა ბოსნიაში ეძებნა თავშესაფარი. სულთანი მაჰმუდ II შიდა რეფორმებით იყო დაკავებული და ვერ ახერხებდა მუსლიმების დაცვას სერბებისგან, ხოლო ეს ყოველივე ბოსნიაში გულგრილობად ეჩვენებოდათ. ამას დაერთო 1826 წელს იანიჩართა კორპუსის დაშლა და იანიჩრების რელიგიური საფუძვლის, ბექთაში ტარიყას წინააღმდეგ სახელმწიფოს მოქმედებები, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო ბოსნიურ სამხედრო ფენაში (მათ შორის ზოგიერთი ცნობით გრადაშჩევიჩიც ამ ტარიყას ეკუთვნოდა).[7] ბოსნიელთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყო ადრიანოპოლის ზავი. ამ ზავის მიხედვით ბალკანეთში სერბებმა მიიღეს ავტონომია, სერბული ავტონომიის ტერიტორიაზე მოექცა ექვსი რაიონი, რომელიც აქამდე ბოსნიელ ფეოდალებს ეკუთვნოდათ, სერბული ავტონომიიდან დაიძრა მუსლიმ ლტოლვილთა ახალი ტალღა.[8] სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ბოსნიელთა უკმაყოფილება.
1830 წლის ბოლოს გრადაჩაცში შეიკრიბა ბოსნიის არისტოკრატია. მათ გადაწყვიტეს მოემზადებინათ აჯანყება და ერთი თვის შემდეგ ტუზლიდან გაავრცელეს მოწოდება, რომ ყველა ბოსნიელი მზად ყოფილიყო ბოსნიის დასაცავად. ზოგიერთი ცნობით, აჯანყებულებს შემდეგი მოთხოვნები ჰქონდათ:

  • სერბეთის ავტონომიის გაუქმება ან შეკვეცა და ექვსი რაიონის დაბრუნება ბოსნიელთა მფლობელობაში.
  • ნიზამ-ი ჯადიდის (ოსმ. نظام جديد; ახალი წესრიგი; სამხედრო რეფორმების წყება) შეწყვეტა.
  • ბოსნიის ავტონომია, რომელიც დამოუკიდებელ შიდა პოლიტიკას გაატარებდა და ოსმალეთს ყოველწლიურ ხარკს გადაუხდიდა.

თავდაპირველად აჯანყება წარმატებით წარიმართა და ოსმალეთის არმია რამდენიმეჯერ დამარცხდა, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სტუპთან 4 ივნისს, სარაევო-ილიჯას გზაზე მდებარე პატარა დასახლებასთან. ბრძოლა გრადაშჩევიჩმა წარმატებით დაიწყო და ისე ჩანდა, რომ ოსმალეთის არმია ამჯერად დამარცხდებოდა, თუმცა მოულოდნელად ისმაილ აღა ჩენგიჩისა და 'ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩის ჰერცეგოვინელებმა ზურგიდან დაარტყეს გრადაშჩევიჩის ფლანგს, რამაც გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.[2] აჯანყებულთა არმია დამარცხდა და დაიფანტა. წინააღმდეგობის შემდგომი გაგრძელება უაზრო იყო. 5 ივნისს ოსმალებმა დაიკავეს სარაევო. გრადაშჩევიჩმა საგვარეულო ციხეს შეაფარა თავი გრადაჩაცში, მაგრამ როდესაც გააცნობიერა რა მოელოდა მის მშობლიურ მხარეს, გადაწყვიტა თავი ავსტრიისთვის შეეფარებინა. მიუხედავად მეთაურის გაქცევისა, ცალკეულ ადგილებში აჯანყებულები 1833 წლამდე მოქმედებდნენ.
გრადაშჩევიჩის აჯანყების პირდაპირი შედეგი იყო ჰერცეგოვინის ვილაიათის შექმნა, რომლითაც სულტანმა 'ალი-ფაშა რიზვანბეგოვიჩი დააჯილდოვა გამოჩენილი ერთგულებისთვის, თუმცა იგი 1851 წელს, რიზვანბეგოვიჩის სიკვდილის შემდეგ გააუქმეს.[9]
ოსმალების ოთხასწლიანი მმართველობა დასრულდა 1878 წელს, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინის ოკუპაცია ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ მოახდინა.

ავსტრიული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის დროშა 1878 წლიდან 1908 წლამდე, როდესაც იგი ფორმალურადაც შეიერთა ავსტრია–უნგრეთმა

1878 წელს ავსტრია–უნგრეთმა ისარგებლა ოსმალეთის მძიმე მდგომარეობით და დაიკავა ბოსნია და ნოვიპაზარის სანჯაყი. თუმცა საერთაშორისო კანონებით ეს ტერიტორიები ოსმალეთს ეკუთვნოდა, ავსტრიის ხელმძღვანელობამ დაიწყო იქ თავისი კანონების გატარება და თავისი წესების შემოღება. ამას ადგილობრივი მოსახლეობა მტრულად შეხვდა და ამბოხება მოაწყო ჰერცეგოვინასა და აღმოსავლეთ ბოსნიაში. ავსტრიამ ადგილობრივ მოხალისეთაგან რაზმების ჩამოყალიბება სცადა, მაგრამ ისინი ამბოხებულების მხარეს გადადიოდნენ.[1]

ბალკანელი მუჰაჯირები ოსმალეთში

მრავალი მუსლიმი ტოვებს ბოსნიას და ანატოლიისკენ მიემართება. 1908 წელს ავსტრია ახდენს ბოსნიის ანექსიას, რაც სერბიასა და ჩერნოგორიაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. სერბ ნაციონალისტთა აზრით, ბოსნია სერბეთის განუყოფელი ნაწილი იყო და ისევე, როგორც ნოვიპაზარის სანჯაყი, სერბეთს უნდა შეერთებოდა. ავსტრიული მმართველობის პერიოდში ბოსნიელებს, როგორც ცალკე ეთნოსს, პირველად ცნობენ და მათგან ელიტურ სამხედრო ნაწილებს აკომპლექტებენ,[10] რომლებმაც ყველა შენაერთზე მეტი მედალის მიღება მოახერხეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.[11]

ავსტრიული პერიოდი ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე ევროპული არქიტექტურის შემოსვლითაც აღინიშნება, სწორედ მაშინ აიგო ეროვნული ბიბლიოთეკისა და მუზეუმის შენობები, სარაევოში გაიყვანეს ტრამვაის ქსელი.
ეკონომიკური წარმატების მიუხედავად, ავსტროუნგრულმა ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ბოსნიური ეროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც მხოლოდ ბოსნიის მუსლიმები ემხრობოდნენ. ბოსნიის კათოლიკურ და მართლმადიდებელ მოსახლეობაში შესაბამისად ხორვატულმა და სერბულმა ნაციონალიზმმა და ირედენტიზმმა სულ უფრო მეტად მოიკიდა ფეხი.[1] 1910-იანი წლებისთვის ნაციონალიზმი უკვე ბატონობდა ბოსნიურ შიდაპოლიტიკაში, პოლიტიკურ პარტიებს სწორედ ეროვნული ნიშნით ჰყავდათ ელექტორატი.
ნაციონალიზმის ზრდა და სერბული ირედენტიზმი გახდა სარაევოს მკვლელობის ძირითადი მიზეზი. ნაციონალისტმა სტუდენტმა, გავრილო პრინციპმა[12] მოკლა ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი ცოლი. სწორედ ეს გახდა პირველი მსოფლიო ომის მიზეზი.[13] ომის შემდეგ ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და წარმოიშვა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფო

იუგოსლავიის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სამხრეთსლავური მიწებიდან შეიქმნა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფო, რომელსაც მალევე იუგოსლავიის სამეფო ეწოდა. ბოსნიაში დაიწყო აგრარული რეფორმა და სერბების გადმოსახლება, რასაც მღელვარებები მოჰყვა.[14] იუგოსლავიის სახელმწიფოს მთავარი შიდაკონფლიქტი – ხორვატულ რეგიონალიზმსა და სერბულ ცენტრალიზაციას შორის – ბოსნიის ძირითად ერებს შორის სხვადასხვანაირად იქნა აღქმული, საპირისპირო პოზიციებიდან. ქვეყანა 33 ოლქად დაიყო, რომლებსაც ტრადიციულ ოლქებთან აღარაფერი ჰქონდათ საერთო, მაგრამ ბოსნიელმა პოლიტიკოსებმა მეჰმედ სპაჰოს მეთაურობით მოახერხეს, რომ ექვსი ბოსნიური ოლქის საზღვრები ექვსი ბოსნიური სანჯაყის საზღვრებს დამთხვეოდა.[1] მოგვიანებით, როდესაც სამეფო უკვე ბანოვინებად დაჰყვეს, იქ უკვე ბოსნიური ერთეული აღარ იყო გათვალისწინებული.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 6 აპრილს გერმანიამ და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა დაბომბეს იუგოსლავია, 8 აპრილს იწყება სახმელეთო ოპერაცია. 12 აპრილს გერმანელები იკავებენ ბელგრადს. 14 აპრილს გერმანია და მისი მოკავშირეები უარყოფენ იუგოსლავიის საზავო ინიციატივას და ითხოვენ კაპიტულაციას. 18 აპრილს იუგოსლავიის მთავრობამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას.[15]

ოკუპირებული იუგოსლავიის დაყოფა

ოკუპირებული ტერიტორია დამპყრობლებმა გაინაწილეს – ცენტრალური სლოვენია გერმანიამ შეიერთა, დალმაცია და დასავლეთ სლოვენია – იტალიამ. ბულგარეთმა მოახდინა აღმოსავლეთ მაკედონიისა და აღმოსავლეთ სერბიის ნაწილის ანექსია, ხოლო უნგრეთმა – ვოივოდინის ნაწილისა. კოსოვო და ჩერნოგორიის აღმოსავლეთი იტალიის პროტექტორატ ალბანეთს შეუერთდა. დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნა ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სერბეთის ეროვნული ხსნის მთავრობა და ჩერნოგორიის სამეფო.
იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ ბოსნია ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი ხდება. ხორვატთა ლიდერი, უსტაშების პოგლავნიკი ანტე პაველიჩი, თუმცა კათოლიკე იყო, თვლიდა რომ ბოსნიელები მუსლიმი ხორვატები იყვნენ. ასევე თვლიდა ბოსნიელთა ნაწილიც, მაგალითად ადემ აღა მეშიჩი.[16] უსტაშები თავის უპირველეს მტრებად სერბებს მიიჩნევდნენ. მათ სურდათ ხორვატიის გაწმენდა სერბებისგან და სერბული გავლენისგან, რაშიც უპირველესად სერბული ეკლესია მოიაზრებოდა. კირილიცა აიკრძალა, სერბული სკოლები დაიხურა, სერბები ვალდებული იყვნენ ეტარებინათ საიდენტიფიკაციო სამკლაურები. მილე ბუდაკის, იმჟამად ხორვატიის განათლების მინისტრის აზრით, სერბების მესამედი უნდა განადგურებულიყო, მესამედი გადასახლებულიყო, ხოლო მესამედი – გაკათოლიკებულიყო.[17] ებრაელებისა და ბოშების დევნაც არანაკლებ სასტიკი მეთოდებით მიდიოდა ხორვატიაში, მაგრამ ამ უკანასკნელებს არც კომპაქტური დასახლებები ჰქონდათ და არც იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ საპასუხო ზომები მიეღოთ.[18]
უსტაშების რეჟიმის ანტი–სერბულ კამპანიას მოჰყვა სერბებს შორის წინააღმდეგობის მოძრაობების გაჩენა, რომელთა ბირთვს ჩეტნიკები შეადგენდნენ. ისინი სერბებზე თავდასხმის საპასუხოდ ყველა არასერბს სდევნიდნენ, მათ შორის ბოსნიელებსაც. 1941 წლის 14 აგვისტოს ბოსნიელ მუსლიმ სწავლულთა ორგანიზაცია "ალ–ჰიდაია" (სერბ.-ხორვ. El-Hidaje) იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც ისინი მოუწოდებენ მუსლიმებს არ მიიღონ მონაწილეობა სერბების, იუდეველებისა და ბოშების დევნასა და ხოცვაში. ამ გადაწყვეტილებას იღებენ მუსლიმთა სასულიერო საბჭოები ქალაქებში: პრიედორი (1941 წლის 23 სექტემბერს), სარაევო (1941 წლის 12 ოქტომბერს), მოსტარი (1941 წლის 21 ოქტომბერს), ბანია ლუკა (1941 წლის 12 ნოემბერს), ბიელინა (1941 წლის 2 დეკემბერს), ტუზლა (1941 წლის 11 დეკემბერს) და ზენიცა (1942 წლის 26 მაისს).[19] მიუხედავად უსტაშების რეჟიმის მცდელობისა, ეიძულებინათ ამ გადაწყვეტილების მიმღებნი უარეყოთ ის და ამისთვის ორჯერ გაგზავნეს სპეციალური წარმომადგენლები (იოზო დუმანჯიჩი და მოგვიანებით ჯაფერ-ბეგ კულენოვიჩი, ხორვატიის მუსლიმი ვიცე-პრეზიდენტი), ბოსნიელებმა ეს გადაწყვეტილება არ უარყვეს.[20]

თანამშრომლობია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანჯარის ემბლემა

1941 წლის შემოდგომაზე ბოსნიელი ოფიცერი, ყოფილი იუგოსლავიის სამეფოს არმიის მაიორი ჰაჯიეფენდიჩი ხორვატიის მთავრობისგან ითხოვს ტუზლაში, ბოსნიელი მოსახლეობის ჩეტნიკებისგან დასაცავად შეიარაღებულ რაზმს. მას ტუზლაში განლაგებულ III ქვეითი ბატალიონის მეთაურად ნიშნავენ, რომელიც ძირითადად სლავონიელი ხორვატი ახალწვეულებისგან შედგება. ნოემბრის დასაწყისში ჩეტნიკების შეტევისას III ბატალიონი ვერ ახერხებს წინააღმდეგობის ორგანიზებას და დემორალიზებული, უწესრიგოდ იხევს უკან, ჰაჯიეფენდიჩი ახერხებს წესრიგის აღდგენას, მაგრამ ცხადია, რომ ხორვატ ახალწვეულებს არ სურთ სახლიდან მოშორებით ბრძოლა. 1941 წლის 7 დეკემბერი ჰაჯიეფენდიჩი კვლავ ეწვევა ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს, უხსნის სიტუაციას და ითხოვს ადგილობრივებისგან მოხალისეთა რაზმის ჩამოყალიბების ნებართვას. სლავკო კვატერნიკი, ხორვატიის თავდაცვის მინისტრი ეთანხმება მის მოთხოვნას. მის რაზმს, როგორც დომობრანის სპეციალურ დანაყოფს, ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონი (სერბ.-ხორვ. , ხორ. Hadžiefendićeva legija) ეწოდება, ხოლო ჩეტნიკებსა და პარტიზანებში იგი მუსლიმთა ლეგიონის (სერბ.-ხორ. Muslimanska legija, სერბ. Муслиманска легија) სახელითაა ცნობილი.[21]
როცა ადგილობრივმა ბოსნიელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ ახერხებდა, ან არ სურდა მათი დაცვა, მათ 1942 წლის ბოლოს პეტიციით მიმართეს ჰიტლერს, რომ შექმნილიყო ბოსნიური გვარდია ჰაჯიეფენდიჩის ლეგიონის საფუძველზე, რომელიც პირდაპირ გერმანიის კონტროლქვეშ იქნებოდა. პეტიცია ასევე ითხოვდა დომობრანისა და უსტაშების ბოსნიელი წევრების გადმოყვანას ბოსნიურ გვარდიაში.[22]
გერმანელებს არ სურდათ ხორვატიის დასუსტება, შესაბამისად ბოსნიური გვარდიისა და ავტონომიის იდეა უარყვეს. თუმცა ბოსნიელთა უკმაყოფილება არ გამოჰპარვია ჰიმლერს, რომელიც სიმპათიით ეკიდებოდა ისლამს, როგორც პრაქტიკულ რელიგიას.[23] მან შესთავაზა ჰიტლერს ჩამოეყალიბებინათ ბოსნიური დივიზია, რომელიც ვაფენ-სს ნაწილი გახდებოდა. ამან საშუალება მისცა გერმანელებს ბოსნიელთა უკმაყოფილება და იმედგაცრუება ხორვატიის მთავრობით თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ხორვატიის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოსნიური დივიზიის ჩამოყალიბების გეგმა საბოლოოდ მიიღეს 1943 წლის თებერვალში.
ჩამოყალიბდა 13-ე სამთო სს დივიზია ხანჯარი (1 ხორვატული) (გერმ. 13. Waffen-Gebirgs-Division der SS „Handschar“ (kroatische Nr. 1); სერბ.-ხორვ. 13. SS oružana brdska divizija "Handžar" (hrvatska br. 1); ხორ. 13. SS oružana gorska divizija "Handschar" (hrvatska br. 1)) ვაფენ-სს სამთო დივიზია, რომელიც მონაწილეობას იღებდა როგორც იუგოსლავიის ტერიტორიაზე პარტიზანების საწინააღმდეგო მოქმედებებში, ასევე დასავლეთ უნგრეთში, ტბა ბალატონთან გერმანულ კონტრშეტევაში საბჭოთა არმიაზე. დივიზიაში გათვალისწინებული იყო ისლამური კომპონენტი – მებრძოლები ფესს ატარებდნენ, დივიზიის საკვები რაციონიდან ამოღებული იყო ღორის ხორცი, მათ მიეცათ საშუალება შეესრულებინათ ხუთჯერადი ლოცვა. დივიზიის ყოველ ბატალიონში იყო იმამი, გარდა კავშირგაბმულობის ბატალიონისა, რომელიც გერმანელებით იყო დაკომპლექტებული.[21] მოგვიანებით კიდევ ერთი დივიზიის ჩამოყალიბებაც იგეგმებოდა, მაგრამ ვეღარ მოესწრო.

სოციალისტური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წლის 25 ნოემბერს იუგოსლავიელმა კომუნისტმა პარტიზანებმა ჩაატარეს ყრილობა იაიცეში, სადაც ბოსნია და ჰერცეგოვინა აღადგინეს ოსმალური პერიოდის საზღვრებში, როგორც ბოსნია და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალაუფლება სწორედ მათ აიღეს ხელში და დაარსდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა, სადაც სრ ბოსნია და ჰერცეგოვინაც შევიდა.
გეოგრაფიულად რესპუბლიკა ფედერაციის ცენტრში მდებარეობდა, ამიტომაც იგი სამხედრო და მძიმე მრეწველობის განსავითარებლად ყველაზე ხელსაყრელ ადგილად მიიჩნია ფედერაციის ხელმძღვანელობამ. პერიოდში რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯემალ ბიედიჩი ფედერაციის პრეზიდენტ ტიტოსთან ერთად ახალისებდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მეტალურგიის განვითარებას, ამგვარად იუგოსლავიის მეტალურგიული ქარხნების საკმაოდ დიდი ნაწილი ბოსნიის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ეკონომიკურად ბოსნია საკმაოდ წარმატებული რეგიონი იყო, მრავალი კონცერნითა და სამრეწველო გიგანტით. ბოსნიას უკავშირდება იუგოსლავიური ჰიპერინფლაციაც. რესპუბლიკის დასავლეთით, ველიკა კლადუშაში არსებობდა საკვები მრეწველობის გიგანტი აგროკომერცი, რომელსაც სათავეში ედგა ფიქრეთ აბდიჩი.[24] მას ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტი, ჰამდია პოზდერაცი და მისი ძმის, ჰაკია მფარველობდნენ, ხოლო თავად აბდიჩი ფინანსურ მაქინაციებს ეწეოდა. მისმა ფირმამ დაახლოებით მილიარდის ღირებულების გაუმყარებელი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. სკანდალმა არა მხოლოდ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, არამედ მთელი იუგოსლავიაში გამოიწვია რეზონანსი და 250%-იანი ინფლაცია.[25] აბდიჩი დააპატიმრეს, პოზდერაცი გადადგა.[26]

იუგოსლავიის დაშლა და ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავუფრთხილდეთ ძმობას და ერთობას, როგორც საკუთარ თვალისჩინს – წარწერა ომის დროს დანგრეულ ყაზარმაზე მოსტარში

ინფლაციამ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ პოლიტიკური პრობლემები შექმნა. მმართველი კომუნისტური პარტია იძულებული გახდა დაეშვა მრავალპარტიული არჩევნები. ბოსნიაშიც შეიქმნა ნაციონალისტური პარტიები, მათ შორის არჩევნებზე გამოიკვეთა სამი უმსხვილესი – დემოკრატიული მოქმედების პარტია (სერბ.-ხორვ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში. იუგოსლავიის დაშლა და ნაციონალიზმის ზრდა ეთნიკური დაპირისპირების წინაპირობა იყო, რაც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის დამღუპველი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).[27]
1991 ბოლოს სერბი დეპუტატები ტოვებენ ბოსნიის პარლამენტს და 1992 წლის 9 იანვარს აცხადებენ სერბთა რესპუბლიკას. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ. სერბთა პოზიციის დასაძლევად იზეთბეგოვიჩმა ბოსნიაში დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.[28]

1992 წლის 3 მარტს, ცხადდება ბოსნიის დამოუკიდებლობა.[1] 6 აპრილს იწყება ბოსნიის ომი, რომელმაც სამწელიწადნახევარი გასტანა. ომი უსასტიკესი მეთოდებით მიმდინარეობდა და თან ახლდა გენოციდი[29] და ეთნიკური წმენდა[30][31][32], არსებობდა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ხალხს ეთნიკური ნიშნით ატყვევებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ.[33][34] ომის შედეგად შეიცვალა ბოსნია და ჰერცეგოვინის ეთნიკური რუკა. ყოველი მებრძოლი მხარე ცდილობდა გაეწმინდა თავისი დაკავებული ტერიტორია უცხო ეთნოსისგან, როგორც საეჭვოსაგან და ამიტომაც ომის დასასრულს ეთნიკური რუკა სრულიად შეიცვალა. ომის დროს განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურული მემკვიდრეობა, დაიწვა ეროვნული ბიბლიოთეკა. 1995 წლის 12 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა 21 ნოემბერს. ამ მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა სამივე ეთნიკური ჯგუფისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები ვარიანტი ბოსნიის მომავალი მოწყობისა. ამის საფუძველზე შედგა შეთანხმების ვარიანტი.

დეიტონის შეთანხმებას ხელი მოეწერა 1995 წლის 14 დეკემბერს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას წარმოადგენდა პრეზიდენტი ალია იზეთბეგოვიჩი, ბოსნიელ სერბებს წარმოადგენდა იუგოსლავიის ფედერაციის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, ბოსნიელ ხორვატებს კი ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი. შეთანხმების მიხედვით ბოსნია და ჰერცეგოვინა დაიყო ორ სუბიექტად – ბოსნიის კონფედერაციად (ბოსნიელებისა და ხორვატების) და სერბთა რესპუბლიკად. გაეროს სამშვიდობო ძალებს უნდა უზრუნველეყოთ შეთანხმების შესრულება და მშვიდობის დაცვა ბოსნიის ტერიტორიაზე. სერბთა რესპუბლიკის არმიისა და ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ინტეგრაცია უნდა მომხდარიყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში.[35]

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დასრულების შემდეგ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. უმაღლესი ხელისუფალი ქვეყანაში რეალურად არის ბოსნია და ჰერცეგოვინის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელსაც გაერო მიავლენს ქვეყანაში. ქვეყანა ორი ერთეულის – ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციისა და სერბთა რესპუბლიკის კონფედერაციას წარმოადგენს. ბრჩკოს რაიონს ცალკე, განსაკუთრებული სტატუსი აქვს. ყველა ერთეულს აქვს თავისი კონსტიტუცია და ფართო საკანონმდებლო ხელისუფლება. საპრეზიდენტო საბჭოს სამი წევრი ჰყავს – ბოსნიელი, ხორვატი და სერბი, რომლებიც ყოველწლიურად ცვლიან ერთმანეთს საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე. უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის წარმომადგენელთა პალატას. კონფედერაციის სუბიექტებს ასევე ჰყავთ თავისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები.
ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროკავშირთან სტაბილიზაციისა და ასოციაციის შეთანხმებას 2008 წელს მოეწერა ხელი. ქვეყანა ასევე არის ნატოს წევრობის კანდიდატი. კანდიდატურა გადავიდა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (ინგლ. MAP) 2010 წლის აპრილში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  2. 2.0 2.1 Robert J. Donia, John Van Antwerp Fine Bosnia and Hercegovina: A Tradition Betrayed. — C. Hurst & Co. Publishers, 1994. — ISBN 9781850652120
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Fine, John Van Antwerp (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4. 
  4. Singleton, Frederick Bernard (1985). A Short History of the Yugoslav Peoples. Cambridge University Press, გვ. 20. ISBN 0-521-27485-0. 
  5. Babinger, Franz (1992). Mehmed the Conqueror and His Time. USA: Princeton University Press. ISBN 0-691-01078-1. 
  6. McKay, Derek (1977). Prince Eugene of Savoy. Thames and Hudson Ltd. ISBN 978-0-500-87007-5 OCLC 3716509
  7. Robert J. Donia Sarajevo: A Biography. — University of Michigan Press, 2006. — ISBN 9780472115570
  8. Адрианопольский мирный договор между Россией и Турцией. Под стягом России (1992).
  9. (2009-01-01) Encyclopedia of the Ottoman Empire. Infobase Publishing, გვ. 91. ISBN 978-1-4381-1025-7. 
  10. Neumayer, Christoh. The Emperor's Bosniaks. 
  11. Wheatcroft, Andrew. The Enemy at the Gate: Habsburgs, Ottomans and the Battle for Europe. 
  12. Johnson, Lonnie (1989). Introducing Austria: A short history. ISBN 0-929497-03-1. 
  13. Strachan, Hew (1998). The Oxford Illustrated History of the First World War. Oxford University Press. ISBN 0-19-820614-3. 
  14. An International Symposium "South-Eastern Europe 1918–995" top Serbian Land Reform and Colonization in 1918
  15. Müller-Hillebrand, Burkhart [1953] (1986). The German Campaigns in the Balkans (Spring 1941): A Model of Crisis Planning. Washington, D.C.: United States Army Center of Military History. CMH Pub 104-4. 
  16. Hoare, Marko Attila (Feb 1, 2014). Bosnian Muslims in the Second World War. Oxford University Press. ISBN 978-0-19-936543-2. 
  17. Judah, Tim (2000). The Serbs: History, Myth and the Destruction of Yugoslavia, 2nd, New Haven, Connecticut: Yale University Press. ISBN 978-0-300-08507-5. 
  18. Ramet, Sabrina P. (2006). The Three Yugoslavias: State-Building and Legitimation, 1918–2005. New York: Indiana University Press. ISBN 0-253-34656-8. 
  19. Ulema u odbrani života i čovjeka. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011–10–21.
  20. Muslimanske rezolucije 1941 Muhamed Hadzijahic; pp. 241
  21. 21.0 21.1 Lepre, George (1997). Himmler's Bosnian Division: The Waffen-SS Handschar Division 1943–1945. Schiffer Publishing. ISBN 0-7643-0134-9. 
  22. Tomasevich, Jozo (2001). War and Revolution in Yugoslavia, 1941–1945: Occupation and Collaboration. San Francisco: Stanford University Press. ISBN 0-8047-3615-4. 
  23. Heinrich Himmler's Adoration of Islam FrontPageMag; June 08, 2009
  24. Emir Habul. (7 August 2001) The Man Who Divided the Krajina People. AIM, Sarajevo.
  25. Reuters. (6 May 1988) 25 Go on Trial in Yugoslavia Over Financial Scandal Roles. New York Times. წაკითხვის თარიღი: 11 May 2010.
  26. Kenneth W. Banta. (28 September 1987) Yugoslavia All the Party Chief's Men. Time magazine.
  27. Становништво према националној припадности и површина насеља
  28. REPORT: THE REFERENDUM ON INDEPENDENCE IN BOSNIA-HERZEGOVINA
  29. ICTY; THE PROSECUTOR OF THE TRIBUNAL AGAINST RADOVAN KARADZIC & RATKO MLADIC; CASE NO. IT-95-5-I
  30. From One Serbian Militia Chief, A Trail of Plunder and Slaughter
  31. Bodies found on lake's shore may be missing Bosnian Muslims
  32. Exhibit details Bosnia ethnic cleansing
  33. Five Serbs guilty of Omarska camp atrocities
  34. Bosnian Serb's life term quashed
  35. U.S. Department of State; Dayton Accords;