მწყერის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწყერის ციხე — VIII საუკუნის ციხესიმაგრე სოფელ ალავერდის ტერიტორიაზე, მდინარე თრუნასა და ბორიმელას შესართავთან, იმერეთში.

ციხე ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს, ნაგებია რიყის ქვისა და კირის ხსნარისაგან. როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად. ციხიდან 100-200 მეტრის მოშორებით მოსახლეობამ უახლოეს წარსულშიც პოულობდა ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს, კაჟიანი თოფიდან გასროლილ ტყვიებს. ციხიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდინარე ბორიმელას ხეობაში მინდორია, რომელიც ამჟამად «ნაომარის» სახელს ატარებს. ციხეს დიდი ბრძოლები აქვს გადატანილი. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონიც სწერდა.

მე-17 საუკუნის დამლევს თურქებმა დაიკავეს იმერეთის ციხეები, მათ შორის შორაპნის ციხეც. რადგან შორაპნის ციხიდან მწყერის ციხე სამხრეთით 6 კმ-თაა დაშორებული, უდავოდ ისიც თურქების ხელში იქნებოდა.

მე-18 საუკუნის II ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ჯერ გამოამწყვდია ციხეებში თურქთა ლაშქარი და შემდეგ გაანადგურა ისინი. ხალხში დღემდე არსებობს გადმოცემა, თითქოს ციხეში თურქები მწყერებივით იყვნენ გამომწყვდეული და ციხესაც მწყერის ციხე შეარქვესო.

დღეისათვის ციხის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.