საჭადრაკო ოლიმპიადა
საჭადრაკო ოლიმპიადა — საჭადრაკო ტურნირი რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით, კონკურსის წესით შერჩეულ მასპინძელ ქალაქში. ტურნირში მონაწილეობას იღებს ფიდეს წევრი ქვეყნების გუნდები მთელი მსოფლიოდან.
პირველი ოფიციალური ტურნირი 1927 წელს ჩატარდა, თუმცა მანამდე ორჯერ, 1923 და 1926 წლებში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც არ იყო ორგანიზებული ფიდე-ს მიერ. დაარსებიდან ტურნირში მონაწილეთა სქესი შეზღუდული არ იყო, თუმცა რეალურად მონაწილეები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. 1957 წლიდან, ქალთა ჭადრაკის პოპულარიზაციის გამო, ჭადრაკის ფედერაციამ საფუძველი ჩაუყარა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობა დაშვებული მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის იყო. 1972 წლიდან ქალთა ოლიმპიადა ძირითად ოლიმპიადასთან ერთად ტარდებობოდა, 1984 წლიდან კი საერთო ტურნირად ჩამოყალიბდა ღია და ქალთა სექციებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდური შეჯიბრებების პირველი მცდელობები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში გაჩნდა. 1825-1827 წლებში ერთმანეთს ედინბურგისა და ლონდონის მოჭადრაკეები შეხვდნენ. 1842-1845 წლებში იმართებოდა მატჩები ბუდაპეშტის და პარიზის გუნდებს შორის. იმ დროის ცენტრალური მოვლენა კი ლონდონისა და პარიზის საჭადრაკო კლუბების მატჩები იყო, რომელთგანაც ბოლო 1893 წელს ჩატარდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გუნდური შეჯიბრებები კიდევ უფრო ხშირი გახდა. ძირითდად ერთმანეთს ხვდებოდნენ მეზობელი ქვეყნების გუნდები (გერმანია და ნიდერლანდები, შვედეთი და დანია). ამავე დროს გრძელდებოდა შეჯიბრებების სულ ახალი და ახალი ფორმების მოსაძებნად. 1924 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტს ნება ეთხოვა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში შეეტანათ ჭადრაკიც. ოლიმპიურმა კომიტეტმა კეთილი ნება გამოიჩინა, თუმცა ერთი პირობით: ტურნირში დაიშვებოდნენ მხოლოდ მოყვარულები. პროფესიონალებად კი ოლიმპიური კომიტეტი თვლიდა ყველა იმ სპორტსმენს, ვინს სპორტს შემოსავლის წყაროდაც იყენებდა. ამიტომ ,,შერისხულთა’’ სიაში მოხვდნენ არა მარტო ალექსანდრე ალიოხინი, საველი ტარტაკოვერი და არონ ნიმცოვიჩი, რომლებიც პუბლიცისტები და ჟურნალისტებიც იყვნენ, არამედ პროფესორი მილან ვიდმარი, ექიმი ზიგბერტ ტარაში და სხვა. ტურნირის ორგანიზატორები იძულებულნი შეიქმნენ მოწვევა ნაკლებად ცნობილი ოსტატებისათვის დაეგზავნათ. პარიზში სულ 18 ქვეყნის 54 მოჭადრაკე ჩამოვიდა. ტურნირი პირად-გუნდურად იყო ჩაფიქრებული. მონაწილენი ცხრა ქვეჯგუფად დაყვეს, ქვეჯგუფის გამარჯვებულებმა კი ფინალურ ტურნირში გაითმაშეს მოყვარულთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. დანარჩენმა მონაწილეებმა კი შვეიცარიული სისტემით გაითამაშეს მეათე და მომდევნო ადგილები. გუნდური ჩემპიონის გამოსავლენად დებულებაში ნათქვამი იყო რომ, შეიკრიბებოდა ერთი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ მოგროვილი ქულები როგორც შესარჩევ, ასევე ფინალურ ეტაპზე. შედეგების დათვლისას აღმოჩნდა რომ, ყველაზე მეტი ქულა ჩეხოსლოვაკიელებს ჰქონდათ, მეორენი იყვნენ უნგრელები, ხოლო მესამენი - შვეიცარიელები. ეს რა თქმა უნდა სრულად ვერ ასახავდა ქვეყნების გუნდურ სიძლიერეს, ვინაიდან ყველა ქვეყანას თანაბარი წარმომადგენლობა ტურნირში არ ჰყავდა. მაგალითად, თუ პირველი სამი პრიზიორი ოთხ-ოთხი მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი, ლატვიელები, რომლებმაც ფინალურ ტურნირში პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს და სულ 3,5 ქულით ჩამორჩნენ ჩეხებს, სამი მოჭადრაკით ასპარეზობდნენ ტურნირში. ტურნირის დამთვრების შემდეგ, იქვე პარიზში, 1924 წლის 23 ივლისს შეიქმნა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, რომელსაც უნდა აეღო ხელში ყველა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ორგანიზაცია და ზედამხედველობა.
ფიდეს გუნდური შეჯიბრების მოწყობის იდეა მოეწონა და შემდეგი ცდა ასეთი ტურნირის ჩატარებისა 1926 წელს მოაწყო. ფიდეს მეორე კონგრესის დროს ბუდაპეშტში პირად-გუნდური შეჯიბრებებიც ჩატარდა გუნდურ ტურნირში მხოლოდ ოთხი მონაწილე მოგროვდა და მასპინძელთა, უნგრელ მოჭადრაკეთა, გამარჯვებით დასრულდა. ბუდაპეშტში ცხადი გახდა რომ, გუნდურ ტურნირს არსებობის უფლება ჰქონდა. ფიდემ ამ ტურნირის დებულებაც შეიმუშავა და 1927 წელს ლონდონში პირველი საჭადრაკო ოლიმპიადაც, რომელსაც ერების ტურნირსაც უწოდებდნენ, დაგეგმა. დებულება მარტივი იყო. გუნდები ოთხ დაფაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჩათვლაში შედიოდა გუნდის ყველა მოჭადრაკის მიერ დაგროვილი ქულები. გუნდებს უფლება ჰქონდათ ყოლოდათ სათდარიგო მოთამაშეც. ჰასტინგსის საჭადრაკო კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფრედერიკ გუსტავუს ჰამილტონ-რასელმა მეუღლესთნ, მარგარეტთან ერთდ გამარჯვებული გუნდის დასაჯილდოებლად ფიდეს გადასცა თასი, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა.
მეორე მსოფლიო ომამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველმა რვა ოლიმპიადამ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე ჩატარდა უნგრელთა, პოლონელთა და ამერიკელთა უპირატესობით ჩაიარა. ეს გუნდები კარგად იყვნენ დაბალანსებული და გამოკვეთილი ლიდერებიც ჰყავდათ.
პირველი ორი ოლიმპიადა უნგრელთა გამარჯვებით დასრულდა. მაშინ უნგრელთა ღირსებას იცავდნენ გეზა მაროცი, არპად ვაიდა, ენდრე შტაინერი, გეზა ნადი და კორნელ გავაში. მესამე ოლიმპიადა პოლონელებმა მოიგეს. მათ შემადგენლობაში ბრწყინავდნენ აკიბა რუბინშტეინი და საველი ტარტაკოვერი. მას კარდაგ აუბა მხარი პაულინ ფრიდმანმა.
შემდეგ ზედიზედ ოთხჯერ ამერიკელებმა გაიმარჯვეს, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ისააკ კეჟდენი, ფრენკ ჯეიმზ მარშალი, როიბნ ფაინი, სამუელ რეშევსკი, არტურ უილიამ დეიკი და იზრაელ ალბერტ გოროვიცი. ბოლო ომამდელი ოლიმპიადა გერმანელთა გამარჯვებით დამთავრდა. გერმანელებს ცუდი გუნდი ნამდვილად არ ჰყავდათ, მაგრამ ოლიმპიადის დროს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ინგლისელთა გუნდმა დატოვა ოლიმპიადა, ხოლო გერმანელებს არ ეთამაშნენ პოლონელები, ფრანგები და ისრაელის ნაკრები. გარდა ამისა ტურნირში არ თამაშობდნენ ამერიკელები და უნგრელები. და მიუხედავად ამისა გერმანელებმა, რომელთაც ყოფილი ავსტრიელი, ერიხ ელისკაზესი თავკაცობდა, მაინც ღირსეულად, მოიგეს ოლიმპიადა.
ამ წლებში ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ როგორც მაშინდელი საჭადრაკო ელიტა (ალექსანდრე ალიოხინი, ხოსე რაულ კაპაბლანკა, ეფიმ ბოგოლიუბოვი, რიჰარდ რეტი, მირ სულტან-ხანი), ასევე ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოჭადრაკეთა მთელი პლეადა (პაულ კერესი, გიდეონ შტალბერგი, გესტა შტოლცი, ხულიო ბოლბოჩანი, ვასია პირცი, პეტარ ტრიფუნოვიჩი და სხვები), რომლებმაც უკვე ომის შემდგომ ოლიმპიადებში თქვეს თავიანთი სიტყვა მსოფლიო ჭადრაკში.
საბჭოთა ერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის შემდგომი პირველი ოლიმპიადა იუგოსლავიის ქალაქ დუბროვნიკში გაიმართა 1950 წელს. ჩემპიონობა მასპინძლებმა, იუგოსლავიელმა მოჭადრაკეებმა მოიგეს, რომელთც სათავეში სვეტოზარ გლიგორიჩი უდგათ. მეორეზე არგენტინელები გავიდნენ. არგენტინელებმა მომდევნო რამდენიმე ოლიმპიადაც კარგად ითამაშეს. საქმე ის იყო რომ, 1939 წლეს ბუენოს-აირესში გამართული ოლიმპიადის შემდეგ ბევრი ცნობილი მოჭადრაკე (მიგელ ნაიდორფი, ერიხ ელისკაზესი და სხვა) ევროპაში აღარ დაბრუნდა და ომის შემდეგ არგენტინელთა სახელით დაიწყო ასპარეზობა.
1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე მონაწილეთა შორის პირველად გამოჩნდა სსრ კავშირის ნაკრები. ამან ძირფესვიანად შეცვალა ძალთა განლაგება საჭადრაკო სამყაროში. მომდევნო 20 ოლიმპიადიდან საბჭოელებმა მოიგეს 18 ოლიმპიადა და მხოლოდ ერთხელ, 1978 წელს დაუთმეს პირველობა უნგრეთის დიდებულ გუნდს. (ერთხელაც, 1976 წელს სსრ კავშირის ნაკრები ოლიმპიადაში არ მონაწილეობდა). საბჭოელთა ეს წარმატებები გასაკვირი ნამდვილად არ იყო, ვინაიდან საბჭოთა გუნდში ყოველთვის თამაშობდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ამ ტიტულის უახლოესი მაძიებლები. სათადარიგო დაფებზე მყოფი ყველა საბჭოთა დიდოსტატი თამამად გაუძღვებოდა ნებისნიერი ქვეყნის ნაკრებს. საბჭოელთა უდიდეს უპირატესობაზე კარგად მეტყველებენ ციფრები: სსრ კავშირის ნაკრებმა 325 მატჩიდან და 1300 პარტიიდან წააგო მხოლოდ 6 მატჩი და 54 პარტია. საბჭოთა მოჭადრაკეებმა გარდა ოლიმპიური ჩემპიონის 18 დიდი ოქროს მედლისა, 45 მცირე ოქროს მედალი მოიპოვეს საკუთრ დაფებზე გამარჯვებისთვის და ამას კიდევ 16 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალიც დაუმატეს.
როგორც ზემოთ ვთქვით, ამ ოცი ოლიმპიადის მანძილზე სულ ორჯერ გაიმრჯვა სხვა ქვეყნის ნაკრებმა. პირველად ეს მოხდა 1976 წელს, როცა ჰაიფაში გამართულ ოლიმპიადაზე სოციალისტური ქვეყნების გუნდები არ გამოდიოდნენ. მაშინ იმარჯვეს ამერიკელებმა, რომლებმაც სულ ნახევარი ქულით აჯობეს ნიდერლანდელებს. მეორე შემთხვევა კი მომდევნო ოლიმპიადაზე, ბუენოს-აირესში დაფიქსირდა. აქ უნგრელთა ბრწყინვალე გუნდმა, ლაიოშ პორტიშის, ზოლტან რიბლის, ანდრაშ ადორიანის, დიულა საქსის, იშტვან ჩომის და ლასლო ვადასის შემადგენლობით, ქულით აჯობა სსრ კავშირის ნაკრებს და 50 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაეუფლა ჰამილტონ-რასელის თასს.
საბჭოელები ყოფილმა საბჭოელებმა შეცვალეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთი ძლიერი, სსრ კავშირის ნაკრების ნაცვლად რამდენიმე ძლიერი ნაკრები გაჩნდა. რუსეთის, უკრაინის და სომხეთის ნაკრებები ოლიმპიადის უმაღლეს ტიტულებზე აცხადებდნენ პრეტენზიას. ფორტუნის ცოტაოდენი გამართლების შემთხვევაში მაღალი შედეგის ჩვენება შეეძლოთ ქართველებს, აზერბაიჯანელებს და უზბეკებს (აკი 1992 წელს ამ უკანასკნელებმა ვერცხლის მედლებიც მოიგეს მანილაში გამართულ ოლიმპიადაზე). გარდა ამისა საბჭოეთიდან გასულმა მოჭადრაკეებმა საგრძნობლად გააძლიერეს იმ ქვეყნების ნაკრები გუნდები, რომლებშიც გადავიდნენ საცხოვრებლად. უმთავრესი ფავორიტი რუსეთის ნაკრები იყო. გარი კასპაროვით, ვლადიმერ კრამნიკით, ალექსანდრე მოროზევიჩით და სხვა უმაღლესი კლასის მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა რუსეთის ნაკრებმა ზედიზედ ექვსჯერ მოიგო ოლიმპიადა. საპრიზო ადგილების ძველ მაძიებლებს, ამერიკელებს, უნგრელებს, ინგლისელბს ახალი პრეტენდენტები დაემატათ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაკრებმა გუნდებმაც ნელ-ნელა ალღო აუღეს ოლიმპიურ გარემოს და თავისი წილი მედლებიც მიითვალეს. უზბეკებმა ვერცხლის, ხოლო სომხებმა (სამჯერ) და უკრაინელებმა (ორჯერ) ბრინჯაოს მედლები მოიგეს.
თასმა ერევანში გადაინაცვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომძლავრებულ კონკურენციის პირობებში რუსებს თანდათან სულ უფრო და უფრო უჭირდათ ჩემპიონობის შენარჩუნება და 2004 წელს ესპანეთის ქალაქ კალვიაში ვასილ ივანჩუკის და რუსლან პონომარიოვის წინამძღოლობით უკრაინის ნაკრებმა დაამხო რუსთა ჰეგემონია და ჩემპიონის წოდება მოიპოვა. მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და მომდევნო ორი ოლიმპიადა სომხების გამარჯვებით დამთავრდა. დამოუკიდებელი სომხეთის გუნდმა პირველად 1992 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. შემდეგ გუნდში ახალი თაობა მოვიდა. 2004 და 2006 წლებში ეს ახალი თაობა ისევ ბრინჯაოს მედლებს შესწვდა. შემდეგ კი ტურინში და დრეზდენში ლევონ არონიანმა, ვლადიმერ აკოფიანმა, სმბატ ლპუტიანმა და სხვებმა ორჯერ ზედიზედ გამოაზამთრებინეს ერევანში ჰამილტონ-რასელის თასს. ამ წლებში ურიგოდ არც საქართველოს ნაკრები ასპარეზობდა. თუ 2004 წლის ჩავარდნას არ ჩავთვლით ქართველები სულ მოწინავე ათეულში ტრიალებდნენ, საუკეთესო, IV ადგილი, კი 2002 წლის ოლიმპიადაზე დაიკავეს, როცა სულ ქულა დააკლდათ მესამე საპრიზო ადგილამდე.
ჩემპიონები და პრიზიორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: წრ - წრიული, 4შ +3ფ - შესარჩევი და ფინალური ტურნირების რაოდენობა; შვ-14 - შვეიცარიული ტურნირის ტურების რაოდენობა.
38 საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 165 ქვეყნის 190 ნაკრებმა (განსხვავება შეადგინეს მასპინძელი ქვეყნების მეორე, მესამე და ერთ შემთხვევაში მეოთხე ნაკრებებმა, რომლის გამოყვანის უფლებაც ჰქონდათ ტურნირის მასპინძლებს და ზოგჯერ ითხოვდა შვეიცარიული სისტემაც).
საუკეთესო გუნდური მაჩვენებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | ოლიმპიადებში მონაწილეობა | ჩატარებული პარტიები | დაგროვილი ქულები | ჩატარებული მატჩები | მოგებული მატჩები |
---|---|---|---|---|---|
1 | ავსტრია - 36 | დანია - 2352 | უნგრეთი - 1467,5 | დანია - 288 | უნგრეთი - 356 |
2 | შვედეთი - 36 | შვედეთი - 2332 | აშშ - 1392 | შვედეთი - 583 | აშშ - 346 |
3 | ინგლისი - 36 | ავსტრია - 2296 | ნიდერლანდები - 1324,5 | ავსტრია - 574 | იუგოსლავია - 326 |
4 | დანია - 36 | ინგლისი - 2276 | ინგლისი - 1318 | ინგლისი - 569 | გერმანია - 302 |
5 | საფრანგეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, არგენტინა - 35 | უნგრეთი - 2268 | არგენტინა - 1312,5 | უნგრეთი - 567 | არგენტინა - 300 |
საუკეთესო პირადი მაჩვენებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მედლები. (აქ შედის საუკეთესო პერფორმანსისათვის გადაცემული მედლებიც)
მონაწილეობა, პარტიები, ქულები, პროცენტები
საქართველოს ნაკრები ოლიმპიადებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ნაკრებმა 9 ოლიმპიადის მანძილზე 54 ქვეყნის 59 ნაკრებთან (ორი მატჩი ჩატარდა რუსეთის და თურქეთის მეორე ნაკრებებთან და სამი ყრუ-მუნჯთა და ბრმათა მსოფლიო ნაკრებებთნ) ჩაატარა 121 მატჩი, საიდანაც მოიგო 72, ფრედ დაამთავრა 19 და წააგო 30 შეხვედრა. ამ 121 მატჩის ფარგლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ითმაშეს 484 პარტია, საიდანაც მოიგეს 182, ყაიმით დაამთავრეს 215 და წააგეს 87 პარტია.
ქართველებმა 9 მატჩი მოიგეს ანგარიშით 4-0, 11 — 3,5-0,5, 19 — ორქულიანი სხვაობით და 33 - ერთქულიანი სხხვაობით. 19 მატჩი დაამთავრეს ფრედ. ერთქულიანი სხვაობით წააგეს 19 მატჩი, ორქულიანი სხვაობით - 8 მატჩი, სამქულიანი სხვაობით 2 (სომხებთან და ნიდერლანდელებთნ) და ოთხქულიანი სხვაობით - 1 მატჩი (ჩინელებთან).
საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს 43 ნაკრებთან, თანაბარი - 7 ნაკრებთან და აგებს 9 მეტოქესთან.
მოჭადრაკე | მონ | წლები | ქულა | პარტია | + | = | - | % | გუნდური მედლები | პირადი მედლები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზურაბ აზმაიფარაშვილი | 7 | 1992-2004 | 50 | 78 | 33 | 34 | 11 | 64,1 | 0 | 2 |
ზურაბ სტურუა | 6 | 1992-2002 | 41 | 67 | 24 | 34 | 9 | 61,2 | 0 | 1 |
ბაადურ ჯობავა | 5 | 2000-2008 | 29 | 45 | 24 | 10 | 11 | 64,4 | 0 | 2 |
გიორგი გიორგაძე | 5 | 1992-2000 | 34 | 57 | 21 | 26 | 10 | 59,6 | 0 | 1 |
ლაშა ჯანჯღავა | 4 | 1992-1998 | 6,5 | 17 | 2 | 9 | 6 | 38,2 | 0 | 0 |
ზვიად იზორია | 3 | 2002-2004, 2008 | 16,5 | 28 | 7 | 19 | 2 | 58,9 | 0 | 0 |
მერაბ გაგუნაშვილი | 3 | 2002-2006 | 17 | 26 | 12 | 10 | 4 | 65,4 | 0 | 0 |
თამაზ გელაშვილი | 3 | 2000, 2004-2006 | 14,5 | 24 | 10 | 9 | 5 | 60,4 | 0 | 0 |
გიორგი ყაჭეიშვილი | 3 | 2000, 2004-2006 | 14 | 29 | 7 | 14 | 8 | 48,3 | 0 | 0 |
ხვიჩა სუპატაშვილი | 3 | 1994-1998 | 11,5 | 21 | 5 | 13 | 3 | 54,8 | 0 | 0 |
გენადი ზაიჩიკი | 3 | 1992-1996 | 17,5 | 26 | 13 | 9 | 4 | 67,3 | 0 | 0 |
დავით არუთინიანი | 2 | 2006-2008 | 9 | 13 | 6 | 2 | 3 | 69,2 | 0 | 0 |
მიხეილ მჭედლიშვილი | 2 | 2002, 2008 | 13 | 20 | 8 | 10 | 2 | 65,0 | 0 | 0 |
ლევან ფანცულაია | 2 | 2006-2008 | 8 | 16 | 3 | 10 | 3 | 50,0 | 0 | 0 |
ელიზბარ უბილავა | 1 | 1992 | 3 | 8 | 1 | 4 | 3 | 37,5 | 0 | 0 |
გიორგი ბაღათუროვი | 1 | 1998 | 5 | 9 | 4 | 2 | 3 | 55,6 | 0 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|