ფიდე-ს 1952 წლის ჰელსინკის კონგრესმა, დააკმაყოფილა რა არგენტინის საჭადრაკო ფედერაციის თხოვნა, გადაწყვიტა მომდევნო, XI ოლიმპიადა ბუენოს-აირესში ჩატარებულიყო. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ერთი თვით ადრე არგენტინიდან მოვიდა შეტყობინება, რომ უსახსრობის გამო არგენტინელები უარს ამბობდნენ ოლიმპიადის ჩატარებაზე. ამ სიტუაციაში ფიდე ჰოლანდიის საჭადრაკო ფედერაციამ იხსნა, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო მომზადება ოლიმპიადის მისაღებად. ამსტერდამში ყველა ფავორიტი ჩამოვიდა, არ იყვნენ მხოლოდ ამერიკელები, რომლებმაც თავისი არყოფნა უსახსრობით ახსნეს.
ტურნირი ისევ ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო — ფავორიტები უპრობლემოდ გავიდნენ მთავარ ფინალში. სსრკ-ის გუნდი უპირველესი ფავორიტი იყო. მხოლოდ პირველი ოთხი ტური მიჰყვებოდნენ იუგოსლავიელები საბჭოელებს, მერე კი სხვაობა ყოველ ტურში იზრდებოდა და პრაქტიკულად მეშვიდე ტურის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო. სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის. იუგოსლავიისა და არგენტინის გუნდები მონაცვლეობით იკავებდნენ ადგილს სატურნირო ცხრილში საბჭოთა გუნდის შემდეგ. საბოლოოდ მეორე ადგილი სამხრეთამერიკელებს დარჩათ, რომლებმაც მხოლოდ ბოლო ტურში აჯობეს მეტოქეს ნახევარი ქულით.
დაჯილდოების ცერემონია 1954 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე. მარცხნიდან მარჯვნივ: კოტოვი, გელერი, სმისლოვი, ბრონშტეინი, კერესი, ბოტვინიკი და ბონდარევსკი (ჰამილტონ-რასელის თასით).
მონაწილეობდა 25 ქვეყნის 26 ნაკრები გუნდი (კვლავ ცალკე გუნდად თამაშობდა ზაარის ნაკრები). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I–XII ადგილები). დანარჩენები B ფინალურ ტურნირში იბრძოდნენ XIII–XXVI ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.