შინაარსზე გადასვლა

ლეოპოლდ I (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდ I
საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი, ტრანსილვანიის მთავარი
კორონაცია: 1 აგვისტო, 1658, ფრანკფურტი
მმართ. დასაწყისი: 18 ივლისი, 1658
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1705
წინამორბედი: ფერდინანდ III
მემკვიდრე: იოზეფ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 ივნისი, 1640
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 5 მაისი, 1705, (64 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: მარგარიტა ტერეზა ესპანელი
(ქ. 1666 - გარდ. 1673)
კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი
(ქ. 1673 - გარდ. 1676)
ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი
(ქ. 1676)
შვილები: მარია ანტონია, ბავარიის კურფიურსტი
იოზეფ I, საღვთო რომის იმპერატორი
მარია ელიზაბეთი, ნიდერლანდების შტატჰალტერი
მარია ანა, პორტუგალიის დედოფალი
კარლ VI, საღვთო რომის იმპერატორი
სრული სახელი: ლეოპოლდ იგნას იოზეფ ბალთაზარ ფელიციანი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ანა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლეოპოლდ I (გერმ. Leopold I.), სრული სახელია ლეოპოლდ იგნას იოზეფ ბალთაზარ ფელიციანი (გერმ. Leopold Ignaz Joseph Balthasar Felician; დ. 9 ივნისი, 1640, ვენა, ავსტრია ― გ. 5 მაისი, 1705, ვენა, ავსტრია) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და დედოფალ მარია ანა ესპანელის ძე. საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფე, ასევე ავსტრიის ერცჰერცოგი 1658 წლიდან გარდაცვალებამდე, ტრანსილვანიის დიდი მთავარი 1692 წლიდან და ასევე ტეშენის ჰერცოგი 1657 წლიდან. იგი ჰაბსბურგთა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად, 46 წლისა და 9 თვის განმავლობაში მართავდა იმპერიას.

ლეოპოლდის მმართველობა განსაკუთრებით ცნობილია 1683-1699 წლებში ოსმალეთის იმპერიასთან მიღწეული დიდი წარმატებით დიდი თურქული ომის პირობებში და ასევე თავის დეიდაშვილთან, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან არსებული ხანგრძლივი დაპირისპირებით. პრინც ევგენი სავოიელის სამხედრო ნიჭის დამსახურებით, ლეოპოლდმა კარლოვიცის ბრძოლაში დაამარცხა თურქები და დაიპყრო მთელი უნგრეთი და ტრანსილვანია, ანუ მიწები, რომელიც 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მიიტაცეს ოსმალებმა.

იმპერატორი ლეოპოლდი სამ ომში იბრძოდა საფრანგეთის წინააღმდეგ: დევოლუციურ ომში, ცხრაწლიან ომსა და ესპანური მემკვიდრეობის ომში. უკანასკნელი მათგანის დასრულებას თავად ლეოპოლდი ვერ მოესწრო და მისმა ძემ, კარლ VI-მ დაასრულა, რომელიც დამარცხდა, თუმცა მიიღო ესპანეთის ყველა ევროპული კოლონია. მისი გარდაცვალებისას ჰაბსბურგთა მონარქიაცა და მთელი ევროპაც ომის ქარცეცხლში იყო ჩაფლული.

ლეოპოლდის მშობლები 1630 წელს

ლეოპოლდი დაიბადა 1640 წლის 9 ივნისს ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია ანა ესპანელის უმცროსი ვაჟი. ვინაიდან ის ტახტის მეორე მემკვიდრე იყო თავისი ძმის, ფერდინანდის შემდეგ, მშობლებმა მას მაინც სტანდარტული განათლება მისცეს და ლეოპოლდი სწავლობდა: თავისუფალ ხელოვნებას, ისტორიას, ლიტერატურას, მუსიკას, ასტრონომიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. იგი განსაკუთრებით მიდრეკილი იყო უცხო ენების ათვისებისაკენ, რის გამოც მშობლიური გერმანულის გარდა იგი კარგად საუბრობდა ლათინურად, იტალიურად, ფრანგულად და ესპანურად. აღსანიშნავია, რომ მისი ფავორიტი არა გერმანული, არამედ იტალიური ენა იყო და უმეტესად სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობდა.

როგორც უმცროს ძეს, მშობლები მას სასულიერო კარიერისათვის ამზადებდნენ, თუმცა, სრულიად მოულოდნელად, 1654 წელს ერცჰერცოგი ფერდინანდი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ლეოპოლდი გახდა ტახტის პირველი მემკვიდრე. ამის მიუხედავად, მის პიროვნებასა და შემდეგში პოლიტიკაზეც, სასულიერო განათლებამ დიდი გავლენა იქონია. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში იმყოფებოდა იეზუიტთა ორდენისა და ზოგადად, კათოლიკური ეკლესიის ძლიერი გავლენის ქვეშ. ამის გამო ხშირად მას განიხილავენ, როგორც ავსტრიაში კათოლიკობის მთავარ დამცველ-შემნარჩუნებლად, თუმცა, მეორე მხრივ, მისი ფანატიკური წრმენის გამო იგი უკომპრომისო და ხშირად შეუვალი მონარქი იყო, რაც მმართველისათვის არ მიიჩნევა კარგ თვისებად.

როგორც აღწერდნენ, ლეოპოლდს ჰაბსბურგთათვის დამახასიათებელი გარეგნობა, ანუ წინ წამოწეული, ე.წ. „ჰაბსბურგის ყბა“ და დიდი ტუჩები ჰქონდა. საშუალო სიმაღლის, გამხდარ და „ავადმყოფური გარეგნობის“ ლეოპოლდს ცივი, თავშეკავებული და მეტად ასოციალური ხასიათი ჰქონდა. თუმცა, როგორც ამბობენ, იგი პარტნიორებთან მეტად გახსნილი იყო.

ტრადიციისამებრს, როგორც პირველი მემკვიდრე, 1655 წელს იმპერატორმა ლეოპოლდი უნგრეთის, 1656 წელს ბოჰემიის, ხოლო 1657 წელს ხორვატიის მეფედ დასვა. სულ მალე, 1658 წლის 18 ივლისს ფერდინანდ III გარდაიცვალა და საღვთო რომის იმპერატორიც ლეოპოლდ I ხდება. აღსანიშნავია, რომ მის იმპეარტორად არჩევას დიდად ეწინააღმდეგებოდა კარდინალი მაზარინი, რომელსაც სურდა, ამ თანამდებობაზე პრინცი ფერდინანდ მარია ბავარიელი, ან სხვა არაჰაბსბურგი დანიშნულიყო. ამის მიუხედავად, 1658 წლის 1 აგვისტოს ფრანკფურტში ლეოპოლდი იმპერატორად ეკურთხა. მაზარინის მისწრაფებების გამო, ლეოპოლდ I-მა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს მალევე აღუთქვა საფრანგეთთან ომში დახმარება. ასე დაიწყო ლეოპოლდის მრავალწლიანი მმართველობა, რომელიც მთლიანად საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან მეტოქეობით ხასიათდება.

ჩრდილოეთის მეორე ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევროპა 1648 წელს

ლეოპოლდის, როგორც იმპერატორის პირველი ომი იყო ჩრდილოეთის მეორე ომი (1655-1660), რომელშიც შვედეთის მეფე კარლ X ცდილობდა პოლონეთის მეფე გამხდარიყო ტრანსილვანიის მთავარ გრიგორი II რაკოჩის დახმარებით. ლეოპოლდის მამა, იმპერატორი ფერდინანდ III პოლონეთის მეფე იან II კაზიმირის მოკავშირე იყო, რის გამოც ლეოპოლდი მის მხარეს ჩაება ომში. თუმცაღა, 1656 წელს იანი დაამხეს, რის შემდეგაც პოლონეთში შეყვანილი ავსტრიული ჯარები ლეოპოლდმა უკან გაიყვანა. როგორც ცნობილია ავსტრიელები ტრანსილვანიელებმა დაამარცხეს და შემდეგ მათ საკმაოდ დიდ მანძილზე, დანიამდე სდიეს. საბოლოოდ, 1660 წელს ომი დასრულდა ოლივას ზავით, რის შემდეგაც იან II კაზიმირი პოლონეთის მეფედ აღდგა.

ადრეული ომები ოსმალეთის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერია ყოველთვის უხეშად ერეოდა ტრანსილვანიის სამთავროს პოლიტიკასა და საქმეებში, რომელიც მისი დაუმორჩილებელი ვასალი იყო. ოსმალთა ამ ჩარევებმა გამოიწვია ტრანსილვანიის ავსტრიასთან დაახლოვება და ის, რომ მის დასაცავად 1663 წელს ლეოპოლდმა ომი გამოუცხადა სულთანს. გერმანელი მთავრებისა და საფრანგეთის დახმარებით ლეოპოლდმა წარმატებას მიაღწია. 1664 წლის აგვისტოში იმპერიულმა ჯარებმა რაიმონდო მონტეკუკოლის თაოსნობით დიდი გამარჯვება მოიპოვა ოსმალებზე სენტ-გოტჰარდთან. ამის შემდეგ იმპერატორმა სულთანთან ვარშავის ოცწლიანი ზავი დადო, რომლითაც ავსტრიას წინანდელთან შედარებით უფრო მეტი თავისუფლება მიენიჭა ოსმალეთისაგან.

ომები საფრანგეთის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმპერატორი ლეოპოლდი ახალგაზრდობაში

ფრანგების ექსპანსია ევროპაში სულ უფრო ავიწროვებდა ჰაბსბურგთა სამფლობელოებსა და მათ მოკავშირეებს, რასაც მოჰყვა 1670 წელს მათ მიერ ავსტრიელთა მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის, ლოთარინგიის საჰერცოგოს ანექსია. 1672 წელს დაიწყო ფრანკო-ჰოლანდიური, იგივე დევოლუციური ომიც. ჰოლანდიის რესპუბლიკა განადგურების პირას აღმოჩნდა, რის გამოც მან უკანა პლანზე გადასწია თავისი რელიგიური შეხედულებები და ჰოლანდიის გადასარჩენად გაურიგდა პროტესტანტულ ბრანდენბურგ-პრუსიას. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უნგრეთშიც აჯანყება მძვინვარებდა, ლეოპოლდმა პრიორიტეტად ჰოლანდიის გადარჩენა და ფრანგების შეჩერება მიიჩნია. თუმცაღა, ავსტრიელთა ჯარში არსებულმა ქაოსმა შეაშფოთა მისი მოკავშირეები და 1673 წელს ბრანდენბურგ-პრუსია ომიდან გავიდა.

იმავე წლის აგვისტოში ლეოპოლდმა ჰოლანდიასთან, ესპანეთთან და ლოთარინგიასთან ერთად ჩამოაყალიბა ოთხმაგი ანტიფრანგული კოალიცია. 1678 წელს გაფორმებული ნიმენგენის ხელშეკრულებით ომი ოფიციალურად ფრანგული გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ აღნიშნულმა კოალიციამ მას ბევრ რამეში შეუშალა ხელი და შეზღუდა მათი წინსვლა.

ლუი XIV, ლეოპოლდის მთავარი ოპონენტი

დაზავებისთანავე ლუი XIV-მ თავისი აგრესიული პოლიტიკა განაახლა და ამჯერად გერმანიის საზღვრებისკენ მიმართა. ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში ჩართულმა ლეოპოლდმა მთელი ყურადღება ისევ საფრანგეთისკენ მიმართა და 1682 წელს ანტიფრანგულ ლიგაშიც შევიდა, რასაც ორ წელიწადში მოჰყვა რეგენსბურგის ზავიც. 1686 წელს იმპერატორმა თავის მოკავშირეებთან ერთად ჩამოაყალიბა აუგსბურგის ლიგა, რათა შეენარჩუნებინათ ვესტფალიის ზავით დადგენილი საზღვრები. სწორედ ამ დროს მთელი ევროპის ყურადღება ინგლისში დატრიალებულმა მოვლენებმა მიიპყრო, სადაც მეფე ჯეიმზ II მისმა ასულმა მერიმ და მისმა ქმარმა, უილიამ III ორანელმა ჩამოაგდეს. არსებული სიტუაციით ლუიმ ისარგებლა და გერმანიაში შეიჭრა. 1689 წელს ბრანდენბურგ-პრუსიასთან, გერმანელ მთავრებთან, ესპანეთთან, ინგლისსა და დანიასთან ერთად ლეოპოლდმა კიდევ ერთი ანტიფრანგული კოალიცია შექმნა, რასაც მოჰყვა სასტიკი ბრძოლების გაჩაღება მთელ დასავლეთ ევროპაში. 1697 წელს გაფორმებული რიისვიკის ზავით ინგლისი, ესპანეთი და ჰოლანდია საფრანგეთს დაუზავდა.

ლეოპოლდმა თავიდან უარი თქვა რიისვიკის ზავზე ხელის მოწერაზე, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს დიდწილად ლახავდა მის ინტერესებს, თუმცა მომდევნო თვეში იძულებული გახდა დათანხმებოდა პირობებს და მთელი რიგი გერმანული მიწები ფრანგებისთვის დაეთმო. საფრანგეთთან მშვიდობამ სულ სამ წელს გასტანა, რასაც ესპანეთის მეფე კარლოს II-ის დაღუპვა და 1700 წელს ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის დაწყება მოჰყვა. აქ ერთმანეთს ისევ ლუი და ლეოპოლდი დაუპირისპირდნენ, რამეთუ ორივე მათგანი ფილიპე III-ის შვილიშვილი და ფილიპე IV-ის სიძე იყო, ლუი ესპანეთის მეფის უფროსი ასულის ძე იყო და ცოლადაც უფროსი ქალიშვილი ჰყავდა, ლეოპოლდს კი უმცროსი, მაგრამ ლეოპოლდი ესპანეთის მეფის მოგვარე იყო. ლუიმ ესპანეთის მეფედ თავისი შვილიშვილი, ანჟუს ჰერცოგი ფილიპე V გამოაცხადა. მალევე უილიამ III-ის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი დიდი ანტიფრანგული ლიგა შეიქმნა. 1703 წელს ლეოპოლდმა თავისი ძის, კარლის სახელით ოფიციალურად განაცხადა პრეტენზია ესპანეთის ტახტზე. მართალია ესპანეთი ბურბონებსა და ფილიპე V-ს დარჩა, მაგრამ ამას ლეოპოლდი ვეღარ მოესწრო, რამეთუ ომი 1714 წელს დასრულდა, თავად კი 1705 წელს გარდაიცვალა.

საშინაო პრობლემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლეოპოლდ I, შესრულებულია გვიდო კანიაჩის მიერ

იმპერატორი მმართველობისას განაგრძობდა აბსოლუტიზმის ელემენტების გამოყენებას და თავისი ნების მიხედვით ხსნიდა და ნიშნავდა თანამდებობის პირებს. 1669 წელს პირველი მინისტრი იოჰან ვაირჰარდ აუერშპერგი გაათავისუფლა და ვენცელ ეისებიუს ლობკოვიჩი დანიშნა, თუმცა 1674 წელს ისიც მოხსნა. მათი გათავისუფლების მიზეზი მინისტრებისა და საფრანგეთის მეფის საიდუმლო კავშირები გახდა.

წარმატება უნგრეთში თურქების წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საღვთო რომის იმპერია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული რეფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური ცვლილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდი 1666 წლის 25 აპრილს მარიონეტულად მადრიდში, ხოლო იმავე წლის 12 დეკემბერს უკვე ვენაში პირადად დაქორწინდა ინფანტა მარგარიტა ტერეზა ესპანელზე (1651-1673), ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ისა და თავისი დის, დედოფალ მარიანა ავსტრიელის ერთადერთ ქალიშვილზე, რომელიც მოქმედი მეფის, კარლოს II-ის უფროსი და და საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ნახევარ-და იყო. გარდა იმისა, რომ მარგარიტა ტერეზა ლეოპოლდს დისწულად ერგებოდა და მასზე 11 წლით იყო უმცროსი, ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც იყვნენ, რამეთუ ლეოპოლდის დედა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის ღვიძლი და იყო. წყვილს არც თუ ისე ბედნიერი და ხანმოკლე ქორწინებიდან სულ ოთხი შვილი შეეძინა, რომელთაგან ერთი გადაურჩა ჩვილობაში სიკვდილს. 1673 წლის 12 მარტს 21 წლის მარგარიტა ტერეზა მშობიარობას გადაჰყვა.

ცოლის დაღუპვის შემდეგ უმემკვიდრეოდ დარჩენილმა ლეოპოლდმა, მტრების დასაცხრობად და მემკვიდრის გასაჩენად სასწრაფოდ ხელმეორე ქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო იგი 1673 წლის 15 ოქტომბერს დაქორწინდა ასევე თავის ბიძაშვილ კლაუდია ფელიჩითა ავსტრიელზე (1653-1676), რომელიც ტიროლის გრაფ ფერდინანდ კარლ ავსტრიელისა და ანა მედიჩის ასული იყო. მამამისს ძე არ ჰყავდა, ამიტომაც მასზე ქორწინებით ტიროლი ლეოპოლდს დარჩა. წყვილს სულ ორი გოგონა შეეძინა, მაგრამ ორივე მათგანი ჩვილობაში დაიღუპა, თავად 22 წლის კლაუდია ფელიჩიტა კი მასზე მშობიარობისას დაიღუპა.

ისევ მემკვიდრის გაჩენის სურვილით, 1676 წლისვე 14 დეკემბერს ლეოპოლდი მესამედ და უკანასკნელად დაქორწინდა პრინცესა ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელზე (1655-1720). იგი იყო პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ასული, ასევე ესპანეთის დედოფალ მარია ანას, პორტუგალიის დედოფალ მარია სოფიას, პარმის ჰერცოგინია დოროთეა სოფიასა და პოლონეთის პრინცესა ჰედვიგ ელიზაბეთის და. მესამე ქორწინება ბედნიერი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი აღმოჩნდა და ახალმა დედოფალმა ლეოპოლდს ათი შვილი გაუჩინა, მათ შორის მომავალი ორი იმპერატორი.

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მარგარიტა ტერეზა ესპანელისაგან
ფერდინანდ ვენცელი 28 სექტემბერი, 1667

ვენა, ავსტრია

13 იანვარი, 1668

ვენა, ავსტრია

(3 თვის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
მარია ანტონია 18 იანვარი, 1669

ვენა, ავსტრია

24 დეკემბერი, 1692

ვენა, ავსტრია

(23 წლის)

ცოლად გაჰყვა ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II-ს, რომელთანაც

შეეძინა ძე, იოზეფ ფერდინანდი. გადაჰყვა მშობიარობას.

იოჰან ლეოპოლდი 20 თებერვალი, 1670

ვენა, ავსტრია

(1 დღის)

გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში.
მარია ანა 9 თებერვალი, 1672

ვენა, ავსტრია

23 თებერვალი, 1673

ვენა, ავსტრია

(1 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელისაგან
ანა მარია 11 სექტემბერი, 1674

ვენა, ავსტრია

22 დეკემბერი, 1674

ვენა, ავსტრია

(3 თვის)

გარდაიცვალა ჩვილობაში.
მარია იოზეფა 16 ოქტომბერი, 1675

ვენა, ავსტრია

11 ივლისი, 1676

ვენა, ავსტრია

(8 თვის)

გარდაიცვალა ჩვილობაში.
ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელისგან
იოზეფ I 26 ივლისი, 1678

ვენა, ავსტრია

17 აპრილი, 1711

ვენა, ავსტრია

(32 წლის)

საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და

ხორვატიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი. ცოლად შეირთო ვილჰელმინა

ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი, შეეძინა ორი ასული: ბავარიის

კურფიურსტი მარია ამალია და პოლონეთის დედოფალი მარია იოზეფა.

მარია კრისტინა 18 ივნისი, 1679

ვენა, ავსტრია

(1 დღის)

გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში.
მარია ელიზაბეთი 13 დეკემბერი, 1680

ვენა, ავსტრია

26 აგვისტო, 1741

ენო, ბელგია

(60 წლის)

ჰაბსბურგთა ნიდერლანდების შტატჰალტერი 1724 წლიდან. გარდაიცვალა

გაუთხოვარი და უშვილო.

ლეოპოლდ იოზეფი 2 ივნისი, 1682

ვენა, ავსტრია

3 აგვისტო, 1683

ვენა, ავსტრია

(1 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
მარია ანა 7 სექტემბერი, 1683

ლინცი, ავსტრია

14 აგვისტო, 1754

ლისაბონი, პორტუგალია

(70 წლის)

ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე ჟუან V-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი

შვილი, მათ შორის: ესპანეთის დედოფალი ბარბარა და პორტუგალიის

ორი მეფე: ჟუზე I და პედრუ III.

მარია ტერეზია 22 აგვისტო, 1684

ვენა, ავსტრია

28 სექტემბერი, 1696

ვენა, ავსტრია

(12 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ჩუტყვავილით.
კარლ VI 1 ოქტომბერი, 1685

ვენა, ავსტრია

20 ოქტომბერი, 1740

ვენა, ავსტრია

(55 წლის)

საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, გერმანიის, უნგრეთის,

ბოჰემიის, ხორვატიის, სარდინიის, სიცილიისა და ნეაპოლის მეფე,

პარმისა და ლუქსემბურგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ელიზაბეთ კრისტინა

ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:

იმპერატრიცა მარია ტერეზია და ნიდერლანდების შტატჰალტერი მარია ანა.

მარია იოზეფა 6 მარტი, 1687

ვენა, ავსტრია

14 აპრილი, 1703

ვენა, ავსტრია

(16 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგინია, გარდაიცვალა გაუთხოვარი, ჩუტყვავილით.
მარია მაგდალენა 26 მარტი, 1689,

ვენა, ავსტრია

1 მაისი, 1743

ვენა, ავსტრია

(54 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგინია. განიხილებოდა ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და

ბეჟას ჰერცოგ ფრანციშკუ პორტუგალიელის საცოლედ, თუმცა გარდაიცვალა

გაუთხოვარი და უშვილო, პნევმონიით.

მარია მარგარიტა 22 ივლისი, 1690

ვენა, ავსტრია

22 აპრილი, 1691

ვენა, ავსტრია

(8 თვის)

გარდაიცვალა ჩვილობაში.

ტახტზე ასვლის შემდეგ მისი სრული წოდება ასეთი იყო: „ლეოპოლდ I, ღვთის ნებით არჩეული საღვთო რომის იმპერატორი, სამუდამო ავგუსტი, მეფე გერმანიისა, მეფე უნგრეთისა, მეფე ბოჰემიისა, დალმაციისა, ხორვატიისა, სლავონიისა, რამისა, სერბეთისა, გალიციისა, ლოდომერიისა, კუმანისა, ბულგარეთისა, ერცჰერცოგი ავსტრიისა, ჰერცოგი ბურგუნდიისა, ბრაბანტისა, შტირიისა, კარინტიისა, მარკგრაფი მორავიისა, ჰერცოგი ლუქსემბურგისა, ზემო და ქვემო სილეზიისა, ვიურტემბერგისა, ტეკისა, პრინცი შვაბიისა, გრაფი ჰაბსბურგისა, ტიროლისა, კობურგისა და გორიციისა, ლანდგრაფი ალზაკისა, მარკიზი საღვთო რომის იმპერიისა, ბურგოვიისა, ენზისა, ზემო და ქვემო ლუზატიისა, ბატონი სლავონიის მარკიზატისა, ნაონის პორტისა და ზალინესისა და სხვათა და სხვათა“.

  • Crankshaw, Edward, The Habsburgs: Portrait of a Dynasty (New York, The Viking Press, 1971).
  • Frey, Linda; Frey, Marsha (1978). "A Question of Empire: Leopold I and the War of Spanish Succession, 1701–1715". Austrian History Yearbook. 14: 56–72. doi:10.1017/s0067237800009061.
  • Frey, Linda; Frey, Marsha (1978). "The Latter Years of Leopold I and his Court, 1700–1705: A Pernicious Factionalism". Historian. 40 (3): 479–491. doi:10.1111/j.1540-6563.1978.tb01904.x.
  • Frey, Linda and Marsha Frey. A Question of Empire: Leopold I and the War of Spanish Succession, 1701–1705 (1983)
  • Goloubeva, Maria. The Glorification of Emperor Leopold I in Image, Spectacle and Text (Mainz, 2000) (Veröffentlichungen des Instituts für Europäische Geschichte. Abteilung für Universalgeschichte, 184).
  • Kampmann, Christoph (2012). "The English Crisis, Emperor Leopold, and the Origins of the Dutch Intervention in 1688". Historical Journal. 55 (2): 521–532. doi:10.1017/S0018246X1200012X. S2CID 162523435.
  • Mckay, Derek (1997). Oresko, Robert; Gibbs, GC (eds.). Small Power Diplomacy in the age of Louis XIV in Royal and Republican Sovereignty: Essays in Memory of Ragnhild Hatton. Cambridge University Press. ISBN 978-0521419109.
  • O'Connor, John T. (1978). Negotiator out of Season. Athens, GA: University of Georgia Press. ISBN 0-8203-0436-0.