ფრანსუა I ლოთარინგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსუა I ლოთარინგიელი
François Ier duc de Lorraine.jpg
ლოთარინგიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 14 ივნისი, 1544
მმართ. დასასრული: 12 ივნისი, 1545
წინამორბედი: ანტუან I
მემკვიდრე: შარლ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 აგვისტო, 1517
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 12 ივნისი, 1545, (27 წლის)
გარდ. ადგილი: ვოგეზი, ლოთარინგია
მეუღლე: კრისტინა დანიელი
შვილები: შარლ III, ლოთარინგიის ჰერცოგი
რენატა, ბავარიის ჰერცოგინია
დოროთეა, ბრაუნშვაიგის ჰერცოგინია
მამა: ანტუან I, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: რენე დე ბურბონ-მონპესიერი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანსუა I ლოთარინგიელი (ფრანგ. François Ier de Lorraine; დ. 23 აგვისტო, 1517 — გ. 12 ივნისი, 1545) — ლოთარინგიის ჰერცოგი 1544-1545 წლებში. ჰერცოგ ანტუან I-ისა და რენე დე ბურბონ-მონპესიერის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა დაიბადა 1517 წლის 23 აგვისტოს ნანსში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ ანტუანისა და მისი მეუღლის, რენე დე ბურბონ-მონპესიერის უფროსი ვაჟი. როგორც ლოთარინგიის ტახტის მემკვიდრე, იგი ბრწყინვალე განათლებას იღებდა და მისი ღრმა ბავშვობიდანვე მიმდინარეობდა საქორწინო მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოთა სამეფო კარებთან. 1530 წელს იგი დანიშნეს იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგის ასულ ანა კლეველზე, რომელთან ნიშნობაც 1540 წელს ჩაიშალა, რადგან იგი ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ს მისთხოვდა მეოთხე ცოლად, თუმცა ქორწინება ექვს თვეში ანულირებით დასრულდა.

1541 წლის 10 ივლისს, ბრიუსელში ფრანსუა დაქორწინდა კრისტინა დანიელზე, რომელიც იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან II-ისა და დედოფალ იზაბელა ავსტრიელის უფროსი ასული, მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო II სფორცას ქვრივი და საღვთო რომისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ის დისწული. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე კრისტინაც განიხილებოდა ჰენრი VIII-ის საცოლედ, მაგრამ მან ქორწინებაზე უარი განაცხადა. კრისტინასა და ფრანსუას ხანმოკლე ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ.

1544 წლის 14 ივნისს, მამის გარდაცვალების შემდეგ ფრანსუა I ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. მისი ტახტზე ასვლისთანავე, ლოთარინგია ფრანგებსა და გერმანელებს შორის საბრძოლველ პოლიგონად გადაიქცა, რამაც იგი მეტად რთულ ვითარებაში ჩააყენა. 1545 წლის 12 ივნისს, 27 წლის ფრანსუა I სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ვოგეზში. ტახტზე მისი ორი წლის ვაჟი, შარლ III ავიდა, რომლის ნაცვლადაც ქვეყანას კრისტინა დანიელი მართავდა, როგორც რეგენტი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუას შვილები მხოლოდ თავის ცოლთან, კრისტინა დანიელთან ჰყავდა:

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
Charles III, Duke of Lorraine, by studio of François Clouet.jpg შარლ III 18 თებერვალი,

1543,

ნანსი,

ლოთარინგია

14 მაისი, 1608,

ნანსი,

ლოთარინგია

(65 წლის)

ლოთარინგიის ჰერცოგი 1545-1608 წლებში. ცოლად

შეირთო საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა,

რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის

ორი ლოთარინგიის ჰერცოგი. მისი მმართველობის

პერიოდი ლოთარინგიის ისტორიაში ოქროს ხანის

სახელითაა ცნობილი.

Portret van Renata van Lotharingen, hertogin van Beieren, Johann Sadeler (I), 1588 - 1595.jpg რენატა 20 აპრილი,

1544,

ნანსი,

ლოთარინგია

22 მაისი, 1602,

მიუნხენი,

ბავარია

(58 წლის)

ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ V-ს,

რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის

ბავარიის პირველი კურფიურსტი მაქსიმილიან I,

რომელმაც თავის ბიძაშვილ ელიზაბეთ

ლოთარინგიელზე იქორწინა.

Dorothea of Lorraine, Duchess of Brunswick.jpeg დოროთეა 24 მაისი, 1545,

დენუვრი,

ლოთარინგია

2 ივნისი, 1621,

ნანსი,

ლოთარინგია

(76 წლის)

პირველად იქორწინა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის

ჰერცოგ ერიკ II-ზე, რომლის უშვილოდ დაღუპვის

შემდეგაც იგი ცოლად გაჰყვა ვარამბონის მარკიზ

მარკ დე რიეს, თუმცა შვილები არც მასთან ეყოლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henry Bogdan, , Perrin, 2005 [détail des éditions] (ISBN 2-262-02113-9)