ფერდინანდ მარია (ბავარია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერდინანდ მარია
Ferdinand Maria of Bavaria.jpg
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 27 სექტემბერი, 1651
მმართ. დასასრული: 26 მაისი, 1679
წინამორბედი: მაქსიმილიან I
მემკვიდრე: მაქსიმილიან II ემანუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 1636
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 26 მაისი, 1679, (42 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
მეუღლე: ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი
(ქ. 1650 - გარდ. 1676)
შვილები: მარია ანა, საფრანგეთის დოფინი
მაქსიმილიან II, ბავარიის კურფიურსტი
ვიოლანტე ბეატრიქსი, ტოსკანის დიდი პრინცესა
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: მაქსიმილიან I, ბავარიის კურფიურსტი
დედა: მარია ანა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფერდინანდ მარია ბავარიელი (გერმ. Ferdinand Maria von Bayern; დ. 31 ოქტომბერი, 1636, მიუნხენი, ბავარია — გ. 26 მაისი, 1679, მიუნხენი, ბავარია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტი 1651-1679 წლებში. კურფიურსტ მაქსიმილიან I-ისა და მარია ანა ავსტრიელის ვაჟი. საღვთო რომის იმპერატორ კარლ VII-ის, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის პაპა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ მარია დაიბადა 1636 წლის 31 ოქტომბერს შლაიზჰაიმის სასახლეში, მიუნხენის გარეუბანში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან I-ისა და მისი მეორე მეუღლის, ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. დედამისი თავის მხრივ საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ის ქალიშვილი, ფერდინანდ III-ის და და იმპერატორ ლეოპოლდ I-ის მამიდა იყო. ამრიგად, დედის ხაზით იგი ბიძაშვილად ერგებოდა ლეოპოლდ I-ს და ასევე ესპანეთის დედოფალ მარიანა ავსტრიელს.

1650 წლის 8 დეკემბერს იგი დააქორწინეს პრინცესა ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელზე, რომელიც იყო სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და ჰერცოგინია კრისტინა მარია ფრანგის ქალიშვილი. მისი მეუღლე იყო საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის შვილიშვილი და მაშასადამე ბიძაშვილი ინგლისის მეფე ჩარლზ I-ისა, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და ესპანეთის მეფე კარლოს II-ისა.

კურფიურსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ მარია და მისი მეუღლე 1666 წელს.

1651 წლის 27 სექტემბერს, მამის გარდაცვალების შემდეგ ბავარიის კურფიურსტი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ფერდინანდ მარია გახდა, რის გამოც ბავარიას დროებით დედამისი და ბიძამისი განაგებდნენ.

1654 წლის 31 ოქტომბერს იგი ოფიციალურად ეკურთხა კურფიურსტად. მსგავსად ლუი XIV-ისა მანაც აბსოლუტიზმი დაამყარა მთელ თავის სამფლობელოში, რაც სხვა გერმანელი მთავრებისათვის მაგალითად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ იგი აშკარად საფრანგეთის მოკავშირე იყო, ოფიციალურად ყოველთვის თავის ნათესავ ავსტრიელებს ემხრობოდა, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი მეზობელ, ძლიერ ჰაბსბურგებთან. იგი ასევე ემხრობოდა ავსტრიის ომებს ოსმალეთის წინააღმდეგ, რის გამოც 1662-64 წლებში იგი ოსმალთა წინააღმდეგ თავადაც ჩაება ბრძოლაში. 1672 წელს, საფრანგეთ-ნიდერლანდების ომის დროს ბავარიამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მის პერიოდში განიხილებოდა ნიუ-იორკის მახლობლად ბავარიული კოლონიის დაარსება, მაგრამ ეს იდეა მალევე მიივიწყეს.

1680 წელს მან თავისი უფროსი ქალიშვილი მარია ანა ვიქტორია დააქორწინა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის უფროს ვაჟზე, რითაც მათი ფარული ალიანსი ყველასათვის აშკარა გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქორწინებით ფერდინანდ მარია გახდა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის პაპა.

ფერდინანდ მარიამ შემოიღო ბავარიის მოდერნიზებული არმიის სისტემა. მისი ეს რეფორმა მიზნად ისახავდა ოცდაათწლიანი ომის დროს განადგურებული ბავარიული თავდაცვის სისტების აღორძინებას. იგი ასევე ზრუნავდა სოფლის მეურნეობისა და ფერმერული საქმიანობების წახალისებას, ბავარიაში კათოლიკობის გასამყარებლად კი ააგო არაერთი ეკლესია-მონასტერი. მისი რეფორმების წყალობით ბავარია მამამისის დროს ჩავარდნილი ვალებიდან ამოვიდა, რის გამოც მან თავის შთამომავლებს სავსე ხაზინა და აყვავებული ქვეყანა დაუტოვა.

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიმფენბურგის სასახლე

ფერდინანდ მარიას იტალიელ პრინცესაზე ქორწინების შემდეგ ბავარიაში საბოლოოდ შეაღწია იტალიური ბაროკოს კულტურამ. იტალიური მოდელით 1663 წელს მან მიუნხენში ააშენა თეატინერის კათედრალი, სადაც მოინათლა მისი უფროსი ვაჟი.

1664 წელს მან და მისმა ცოლმა ააგეს ბაროკოს სტილის ნიმფენბურგის სასახლე, რომელიც ფრანგული ვერსალის ბავარიული ანალოგი უნდა ყოფილიყო, რისთვისაც დაიქირავეს იტალიელი არქიტექტორი აგოსტინო ბარელი. 1676 წლისთვის შტარნბერგერის ტბაზე კიდევ ერთი, ბერგის სასახლის მშენებლობა დაიწყო. ასევე მან განაახლა ვიტელსბახთა რეზიდენცია მიუნხენში.

იგი გარდაიცვალა 1679 წლის 26 მაისს მიუნხენში, 42 წლის ასაკში. დაკრძალულია მისსავე აგებულ თეატინერის კათედრალში, მისი მეუღლის გვერდით, რომელიც 1676 წელს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია ანა ვიქტორია (დ. 28 ნოემბერი, 1660 — გ. 20 აპრილი, 1690), ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ვაჟს, დოფინ ლუი დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ესპანეთის მეფე ფილიპე V და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის მამა, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი;
  2. მაქსიმილიან II ემანუელი (დ. 11 ივლისი, 1662 — გ. 26 თებერვალი, 1726), ბავარიის კურფიურსტი, პირველად ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ასული მარია ანტონია ავსტრიელი, რომელთანაც სამი მკვდარი ვაჟი შეეძინა, ამის შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა პოლონეთის მეფე იან III-ის ქალიშვილ ტერეზა კუნეგუნდა პოლონელზე, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის საღვთო რომის იმპერატორი კარლ VII;
  3. ლუიზა მარგარეტე ანტონია (დ. 18 სექტემბერი, 1663 — გ. 10 ნოემბერი, 1665), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ლუდვიგ ამადეუს ვიქტორი (დ. 6 აპრილი, 1665 — გ. 11 დეკემბერი, 1665), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (4 აგვისტო, 1666);
  6. კაიეტან მარია ფრაცი (დ. 2 მაისი, 1670 — გ. 7 დეკემბერი, 1670), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  7. იოზეფ კლემენტე (დ. 5 დეკემბერი, 1671 — გ. 12 ნოემბერი, 1723), კელნის კურფიურსტ-არქიეპისკოპოსი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  8. ვიოლანტე ბეატრიქსი (დ. 3 აპრილი, 1673 — გ. 3 ივნისი, 1731), ცოლად შერთეს ტოსკანის დიდ პრინც ფერდინანდო მედიჩის, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;

ამას გარდა მის მეუღლეს სამჯერ მოეშალა მუცელი, კერძოდ: 1661 წლის ივნისში, 1664 წლის მარტსა და 1674 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Annette Bangert: Elector Ferdinand Maria of Bavaria. Bavarian imperial politics during the interregnum 1657–58. München 2008, ISBN 978-3-8316-0772-3.
  • Annelie Hopfenmüller: Der Geistliche Rat unter den Kurfürsten Ferdinand Maria und Max Emanuel von Bayern (1651–1726). München 1985, ISBN 3-87821-208-9.
  • Lipowsky: Des Ferdinand Marias, in Bayern Herzogs und Kurfürstens, Lebens- und Regierungsgeschichte. München 1831.
  • Edmund von Oefele: Ferdinand Maria, Kurfürst von Baiern. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 6, Duncker & Humblot, Leipzig 1877, S. 677–679.
  • Nikolaus Orlop: Alle Herrscher Bayerns. 2. Auflage. Langen Müller in der F. A. Herbig Verlagsbuchhandlung, München 2006, ISBN 3-7844-3075-9.
  • Harro Georg Raster: Der kurbayerische Hofrat unter Kurfürst Ferdinand Maria 1651–1679. Funktion, Ausbau, Personal und Umfeld. München 1994.
  • Herbert Scherer: Ferdinand Maria. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 5, Duncker & Humblot, Berlin 1961, ISBN 3-428-00186-9, S. 86 f.