სატივე (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სატივე — მიკროუბანი თბილისში, ვერეზე. მოქცეულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაქანებულ ფერდობზე, ისტორიული ვერეს უბნის ქვედა წელში ე.წ. ქვედა ვერეზე. უბანი ვერე ამჟამად ცნობილია როგორც ვერა, რაც სათავეს იღებს ამავე დასახელების მდინარე ვერედან (ადრე სკვირეთი და სკორეთი ერქვა). წერილობით წყაროებში მოხსენიებული სოფ. ვერე აზნაურ გაბაშვილების მამული ყოფილა. შუა საუკუნეებში, „წყნეთის გზის“ (პ. მელიქიშვილის ქუჩა) ქვედა ხაზს, ახლანდელ მერაბ კოსტავას ქუჩას მიუყვებოდა დიღმის საქარავნო გზა. იგი XVIII საუკუნიდან გახდა „რუსეთის გზა“, ხოლო XIX საუკუნიდან ოლღას ქუჩის სახელი მიენიჭა. გმირთა მოედანზე გამავალ მის მონაკვეთს კი ჯვრის ქუჩა დაერქვა. ვერის ხიდსაც ჯვრის ხიდს ეძახდნენ, რაც უკავშირდება ყოფ. აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის ტერიტორიაზე 1846 წელს აღმართულ თუჯის ჯვარს. იგი დადგეს ამ ადგილას გადაბრუნებული ეტლიდან რუსეთში მიმავალი ნიკოლოზ I-ის სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად. ჯვარი XX საუკუნის 20-იან წლებში აიღეს, როდესაც მდინარე ვერეზე ახალი ქვის ხიდი გადეს, ქუჩა ხელოვნურად აამაღლეს და შეუერთეს საქართველოს სამხედრო გზას.

1880-იანი წლებიდან დაწყებული ვერის ტერიტორიის განაშენიანება სატივის მიკროუბანს არ შეეხო აქ გაშლილი სასაფლაოს გამო. XIX საუკუნის 20-იან წლებში ლაგუნა ვერეს ადგილას მოწყობილი იყო ტივმისადგომი, რომელსაც ვუახლოვდებოდით ვერის შესახვევით. მიკროუბნის ამ ნაწილს ამიტომაც ეძახდნენ სატიოს, ხოლო მისასვლელ გზას სატივე/სატიოს შესახვევს. ვინაიდან აქედან მორებს ეზიდებოდნენ მას მოგვიანებით, მორსაზიდის შესახვევი ეწოდა. ამის შემდეგ გახდა ვერის შესახვევი, დღეს კი კოსტავას I შესახვევია. სასაფლაოს საზღვრებში, XII საუკუნის ლურჯი მონასტრისა და XVIII საუკუნის იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის გარდა იდგა წმინდა გიორგის ტაძარიც, რომელიც 1930-იან წლებში სასაფლაოს გადატანისას დაანგრიეს. საპროექტო ობიექტის ნიშნულზე, ვერის შესახვევის კუთხეში ღამის გასათევი სახლი ფუნქციონირებდა, ხოლო საპირისპირო მხარეს, შესახვევის მოპირდაპირე კუთხეში განლაგებულნი იყვნენ მსროლელთა ბატალიონის ყაზარმები. XIX საუკუნის მიწურულიდან მთავარი ქუჩის განაშენიანებას საცხოვრებელი ნაგებობები ქმნიდნენ. გზის ქვედა მონაკვეთის ათვისება შედარებით გვიან, XX საუკუნის 20-30-იანი წლებიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში, 1921 წლიდან, ოლღას ქუჩას ლენინის პროსპექტი ეწოდა, 1989 წლიდან დღემდე კი მერაბ კოსტავას ქუჩაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977;