დელისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დელისი — დასახლებული უბანი თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საბურთალოს რაიონში. განლაგებულია ვაჟა-ფშაველას გამზირისა და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1979 წლიდან მოქმედებს თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „დელისი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი სახელი იყო „გდელისი“. ეს ტოპონიმი დადასტურებულია XVIII საუკუნის მოღვაწის იესე ოსეს ძის თხზულებასა და ვახუშტი ბატონიშვილის „პეტერბურგულ ატლასში“ (1745), სადაც №10 რუკაზე დატანილია მდ. ვერის მარცხენა მხარეს და მოიცავს ტერიტორიის მოზრდილ ნაწილს. სიტყვა „გდელისი“ ორი ცნებისაგან შედგება — „გდელი“ და „ლისი“. გდელი ძველ ქართულში გრძელის შესატყვისად იხმარებოდა, ხოლო ლისი დაჭაობებულ ფართობს ეწოდებოდა. გდელისის თავდაპირველი სახელწოდება „გდელი ლისი“ უნდა ყოფილიყო. შემდგომში ორი ერთნაირი მარცვლიდან ერთ-ერთი დაიკარგა და მივიღეთ გდელისი. გდელისი ცოცხალი ტოპონიმია XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში (ხუთვერსიანი რუკა, დ. დ. პაგირევი). XIX საუკუნის ბოლოს მდ. ვერის ხეობის ნაწილში და ლისის ტბის მიდამოებში გაჩნდა აზერბაიჯანული მოსახლეობა. სავარაუდოა, რომ ამ მოსახლეობის ენობრივი თავისებურებების გამო სიტყვაში „გდელისი“ დაიკარგა თავკიდური ბგერა „გ“ და მივიღეთ ტოპონიმი „დელისი“.

დელისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითური ხანის (ძვ. წ. V ათასწლელის II ნახევარი – IV ათასწლეულის დასაწყისი) ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის არქეოლოგიური ძეგლი. გათხრები მიმდინარეობდა 1972, 1976–78 წლებში (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი). გამოვლენილია ოთხკუთხა და წრიული ნაგებობანი. აღმოჩენილია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები, ბაზალტის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ირმის რქის ნაწილი. ძეგლის მასალას საერთო აქვს, ერთი მხრით, ქვემო ქართლისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გავრცელებულ ე. წ. შულავერ-შომუთეფეს კულტურასთან, ხოლო, მეორე მხრით — ზემო იმერეთის თანადროულ ძეგლებთან. კერამიკის მცირე ნაწილი კი მტკვარ-არაქსის კულტურულ იერს ატარებს. დელისის ძველი მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მეთუნეობას, ქვის წარმოებას, მესაქონლეობას. ოსტეოლოგიური მასალის მიხედვით, ძირითადად მოშენებული ჰყოლიათ მსხვილფეხა საქონელი, აგრეთვე ღორი, ცხვარი და თხა. აქ აღმოჩენილი სპილენძ-ბრინჯაოს ნივთები ადგილობრივი წარმოებისაა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს რეგიონი ბრინჯაოს დამზადების ერთ-ერთი უძველესი კერა ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრამიშვილი რ., მეგრელაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • მეგრელაძე დ., თბილისის ტოპონიმიკიდან (დელისი), კრ.: ვახუშტი ბაგრატიონი – ისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი–300, თბ., 1997;
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 30.
  • აბრამიშვილი რ., დელისის ნასახლარი, წგ.: თბილისი. არქეოლოგიური ძეგლები, I, თბ., 1978;