შინაარსზე გადასვლა

ლურჯი მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლურჯი მონასტერი
ლურჯი მონასტერი, XIX საუკუნის ფოტო

ლურჯი მონასტერი — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. აღმართულია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ვერის პარკთან (ძველი გაბაანთხევი), ლეო ქიაჩელის ქუჩის №25-ში.

გადმოცემით, სოფელ ვერის მამათა მონასტერი VII საუკუნეში დაარსდა. „თუ შემორჩენილი ძველი ნაშთებით ვიმსჯელებთ, გაუქმებული მამათა მონასტერი, რომელსაც ადგილობრი ვიმოსახლეობა „ლურჯ მონასტერს“ ეძახის, იკავებდა უზარმაზარ ტერიტორიას, რომელზედაც ახლა ყორღანოვის ორი ქუჩა გაშენდა,“ — ვკითხულობთ 1896 წლის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბეში“.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის დღევანდელი შენობა აგებულია XII საუკუნის ბოლოს ძველი ეკლესიის ადგილზე. გუმბათის ლურჯი შორენკეცით მოპირკეთების გამო მისთვის „ლურჯი მონასტერი“ შეურქმევიათ. ტაძრის სამხრეთ კედელში დატანებულ კარის ტიმპანზე არსებულმა ცხრასტრიქონიანმა წარწერამ შემოგვინახა აღმშენებელის ვინაობა. ის ქართლის ყოფილი მთავარეპისკოპოსის ბასილის „ნაცვალსაგებლად“ თავისთვის, თავის „საყუარლისა ძმისა“ ერისთავთ-ერისთავის, ქართლის ამირთა-ამირის აბულასანისათვის საგვარეულო „საძვლედ“ აუგია: „ვაშენე (ტაძარი) ნაცვალსაგებელად ჩემთვის და საყვარლისა ძმისა ჩემისა ერისთავთერისთავისა, ქართლისა ამირთა ამირასა, რუჲსთვისა და შვიდთა მთეულეთთა პატრონისა აბულასანისათვის“. VII საუკუნეში დაარსებული მამათა მონასტერი XVI საუკუნეში სპარსელების შემოსევას შეეწირა. ამ პერიოდის შემდეგ მონასტერი აღარ აღდგენილა.

ეკლესია XVII საუკუნეში აგურით აღადგინეს. 1745 წელს ვახუშტი მას მოიხსენიებს როგორც წმინდა გიორგის მონასტერს და აღნიშნავს, რომ მასში „ მხოლოდ ერთი მღვდელიღაა“. ვახუშტი ამ ეკლესიას „ლურჯ მონასტერს“ უწოდებს.

დანგრეული ეკლესია კვლავ აღადგინეს, ეკლესიის შენობას ნაწილობრივ შეუნარჩუნეს ძველი თლილპერანგიანი კედლები, საკურთხევლის შვერილი აფსიდი, აქა–იქ მოჩუქურთმებული ქვები, შიგნით–ორი ბურჯი, მაგრამ გუმბათი აღარ ამოუყვანიათ და ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის რიგზე გადახურეს. შენობის ავარიულობის გამო ღვთისმსახურება მალევე შეწყდა. XIX საუკუნის I ნახევარში რუსეთის ხელისუფლებამ ეკლესიის შენობა დენთის და იარაღის საწყობად აქცია. ვერის სასაფლაოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ ჭრელაშვილმა ინჟინერ ბიხოლდის დახმარებით შეადგინა ეკლესიის აღდგენის გეგმა. მან თხოვნით მიმართა კავკასიის არმიის მთავარ შტაბს დაეცალათ ეკლესიის შენობა. არმიის ხელმძღვანელობამ სასაწყობო შენობის არქონის გამო უარით უპასუხა. 1867 წლის თბილისის გეგმაზე ეკლესია №136-ით აღნიშნულია ისევ როგორც „საარტილერიო მასალების საწყობი“. მხოლოდ 1871 წელს მოხერხდა შენობის გათავისუფლება და იგი გადაეცა სასულიერო უწყებას. 1872 წელს დაამტკიცეს ეკლესიის შენობის აღდგენის გეგმა. 1873 წლის 25 ნოემბერს არქიტექტორ ალექსანდრე ჩიჟოვის პროექტით აღდგენილი ეკლესია საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ აკურთხა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ტაძრის რესტავრაცია მისი სტილისტური და სამშენებლო თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ჩაატარა. მას ხელმეორედ დააშენეს ქართული არქიტექტურის ტრადიციებისათვის სრულიად უცხო ფორმისა და პროპორციების გუმბათი. 1878 წლის 5 მაისის გაზეთი „დროება“ ვერის მონასტერზე წერს:

ვიკიციტატა
„თფილისის მარცხენა მხარეს, ვერისხევთან მტკვრის ზემოდამ, ერთს ტრიალსა და პატარა მინდორზე სდგას ერთი დიახ – მშვენიერი ძველი ქართული ეკლესია, რომლის აშენებაზედ როგორც საქართველოს სამოქალაქო, აგრეთვე სასულიერო ისტორია არაფერს მოგვითხრობს. ვახუშტი კი მოიხსენიებს თავის გეოგრაფიაში, რომ ვერის აქედამ არის ერთი წმინდა გიორგის მონასტერი და სცხოვრობს ერთი ღვდელიო. როგორც გადმომცეს ვერელებმა, აქამდისინამ ეკლესიაში მართებლობის განკარგულებით თოფის წამალი ინახებოდაო, და ახლად აცალეს და სამლოცველოთ გადააკეთეს და რუსულით წირვა-ლოცვა დგებაო. თითონ ეკლესია იქნება სიგრძით ათი საჟენი; ქვითკირის დიდრონი კედლებია ატანილი ჭერამდინ; ძირსაც ჯერაც ისევ ძველებური მშვენიერი დიდრონი ქართული (ჩინურის აგურით არის დაგებული; საკურთხეველი ვიზანტიურ სახეზეა გაკეთებული. ეს საკურთხეველი არის შეზავებული ფერად-ფერად წამლებითა და წარწერები მარჯვენს მხარეს კარებთან შესავალში... ამ წარწერის ქვეით ეკკლესიის კარების გადიდების გულისთვის ერთი არშინი ჩამოუქცევიათ ქვა და წარწერებიც, რასაკვირველია, დაკარგულა; იმ ქვაზე ქორონიკონი უნდა ყოფილიყოს. მაგრამ უამისოდაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეკკლესია XI საუკუნე დასასრულს არის აშენებული. საქართველოს სასულიერო ისტორიული წერილებიც მოგვითხრობენ, რომ ბასილი ქართლის მთავარეპისკოპოზი მეთერთმეტე საუკუნეში სცხოვრობდა და ებარა „შვიდთა მთეულთაო“. ამავე მთავარეპისკოპოზის ძმას „ქართლის ცხოვრებაც“ იხსენიებს, რომ ერთი რაღაც მტერზედ ატეხილი და მამულისთვის თავგადადებული კაცი იყოვო და თავის სიქველით და სიმხნით ქართლის მეფესაც ძალიან უყვარდაო. ვახუშტიც ხომ იძახის, მტკვრის ზემოდამ არის ერთი ლურჯი მონასტერი და სცხოვრობს ერთი ღვდელიო, სახელათ ეწოდება ამ მონასტერს წმინდა მოციქული ანდრიასიო, ეს ღვდელი უნდა იყოს ზაქარია გაბაშვილი – თფილისის სიონის დეკანოზი, რომელმაც და მასთან კიდევ ორმა სხვებმა, ერთმა ზენონ მთავარეპისკოპოზმა და არხიეპიზკოპოზმა ნინოწმიდელმა მაშინ რუსეთის სინოდში იჩივლეს, რომ ანტონ კათალიკოზი ისეთ წიგნებსა სთარგმნის ლათინურიდამ და უკანასკნელს დროსაც სთარგმნა ერთი წიგნი, რომელიც არღვევს მართლმადიდებელთ ეკკლესიის წესსა და შემოაქვს კათოლიკე ეკკლესიის რიტებიო და თითქმის მთელი სამღვდელოება მიიმხრო ფრანგების მისიონერების შემწეობით და იმას ქადაგობენ, რომ ეგება ქართველები გავაფრანგოთო. ეს მოხდა 1751 წელსა და იქნება ორი ან სამი წლით ან ადრე ან უკან. მინამდისინ ეს სამი სასულიერო პირნი რუსეთის სინოდი და მაშტარხნის არხიმანდრიტის ხელმძღვანელობით პასუხს მიიღებდნენ, მინამდისინ ესენი ანტონ კათოლიკოზის ბრძანებით იქნენ განდევნილნი თფილისიდამ: ნინოწმინდელი მეტეხის უდაბნოში, ზენონ მთავარეპისკოპოზი დავითგარეჯის მონასტერში და დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი თფილისის მახლობლიე წმინდა ანდრია მოციქულის მონასტერში, სადაც შემდეგ გარდაიცვალა კიდეც და აქავ დასაფლავებულია. ჩვენის ფიქრით, ზაქარია გაბაშვილის შემდეგან რუსებისა შეერთების დროს გაოხრებულა ეს ეკლესია. დასავლეთ მხარეს კედელში ერთი მარმარილოს ქვა ყოფილა, სადაც ქართულად წერილა, რომ ეს ეკლესია ამა-და-ამ საუკუნეშია მა–და–ამმართველ- თა მეფობის დროს აშენდაო. შარშან, გადაკეთების დროს ეს ქვა გამოუღიათ, ქართულად ნაწერი წაუშლიათ და რუსულად დაუაღნიშნულიათ, ევსევი ეგზარხის ბრძანებით, რომ ეს ეკლესია განახლდა საქართველოს ღირსი ევსევი ეგზარხოზის დროსაო და სიონის დეკანოზის ბასხაროვის დროსაო!“

XIX საუკუნის დასასრულის და XX საუნუნის დასაწყისის თბილისის გეგმებზე აღნიშნულია, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. პლატონი ოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას ლურჯ მონასტერს დანგრეული ეკლესიემბის ჩამონათვალში მოიხსენიებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ რუსული ხელისუფლების მიერ აღდგენილ ტაძარში მოაწყვეს საარტილერიო მასალების საწყობი.

გიორგი XII საუკუნის დროს თბილისში შავი ჭირი გაჩნდა. მეფის ბრძანებით სასწრაფოდ გაიხსნა საავადმყოფო ქალაქის „მყუდროდა დაცულ ადგილას“ – ლურჯი მონასტრის ეზოში. ამ ფაქტის გათვალისწინებით საბჭოთა პერიოდში კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინიციატივით ლურჯ მონასტერში გაიხსნა ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი.

1990-იან წლებში ეკლესიაში კვლავ აღდგა წირვა-ლოცვა. XX საუკუნის ბოლო წლებში ტაძრის წინამძღვრის მამა ზაქარია ძინძიბაძის ლოცვა-კურთხევით ეკლესიას კონუსური გუმბათი დაადგეს, მოეწყო და შემოირაგა ეზო. ლურჯი მონასტერი „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიაა, ნახევარწრიულად შვერილი საკურთხევლის აფსიდით აღმოსავლეთიდან. შესასვლელები ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. XII საუკუნის ნაგებობიდან შემორჩენილია თლილი ქვით მოპირკეთებული აფსიდი, მის სარკმელებს მდიდრულად მოჩუქურთმებული აქვს ფართო საპირეები, დასავლეთი და სამხრეთი ფასადების ქვედა ნაწილი. სამხრეთი კარის ჩუქურთმიან ტიმპანში არის ვრცელი ასომთავრული სამშენებლო წარწერა, რომლის შუაშიც ჯვარია გამოსახული. XVII საუკუნის დროინდელია აგურით ამოყვანილი შეისრული თაღები და კამარები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. გუმბათის ყელი და კედლების ზედა ნაწილები კბილანებიანი კარნიზებით 1873 წელს არის გაკეთებული.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 120-124
  • ვახტანგ ბერიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 314.
  • დაშნიანი გ., ვინ მისცა ხელოსნებს უფლება? თბ., 1958 წლის 17 მაისი. ლურჯი მონასტრის დაცვის შესახებ.
  • დოლიძე ვ., თბილისის „ლურჯი მონასტერი“ (XII ს. მიწურული). თბ., 1959.
  • ზაქარიაშვილი ი., ლურჯი მონასტერი, „საქართველოს ქალი“. 1976. N1. გვ. 22.