გარეთუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გარეთუბანიშუა საუკუნეების თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა მხარეს, კალის გალავნის გარეთ, ახლანდელი შალვა დადიანის, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩების ხაზის ჩრდილოეთითა და დასავლეთით - სოლოლაკის ქედსა და მტკვრის კალაპოტს შორის (მთაწმინდის რ-ნი). XIII-XV სს. მძიმე საგარეო პოლიტიკური ვითარების გამო შეჩერდა გარეთუბანის შემდგომი განაშენიანება და მისი ქალაქის უბნად გადაქცევა. XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო მისი ხელახალი დასახლება, განსაკუთრებით ქაშვეთის ეკლესიამდე არსებული ტერიტორიის მონაკვეთზე. XVIII საუკუნიდან აქ გაჩნდა ფეოდალური არისტოკრატიის სასახლეები. გარეთუბანის მთავარი ქუჩა იყო ე. წ. ,,დიღმის გზა (ახლანდელი რუსთაველის პროსპექტი), რომლის ორივე მხარეს თბილისელებს ბაღ-ვენახები ჰქონდათ გაშენებული. გარეთუბანი იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად:

1. მუხრანბატონების უბანი - ავანაანთხევის ორივე მხარეს, მტკვრის სანაპიროდან (ახლანდ. ჩახრუხაძისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩების კუთხემდე და ვანქის უბნამდე.

2. ვანქის უბანი - ვანქის მონასტრის მიდამოები (ახლანდელი გიორგი ათონელის ქუჩის დასაწყისი, მტკვრის ქუჩამდე);

3. ორბელიანების უბანი - ვანქის უბნიდან ,,გარეთუბნის მოედნამდე ანუ ყაბახამდე (ასპარეზი) ჩრდილოეთით და მტკვრამდე აღმოსავლეთით;

4. შუა კარის უბანი - ,,დიღმის გზისა და ,,შუა კარის გზის მიდამოები - ახლანდ. ა. პუშკინისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩებს, რუსთაველის პროსპექტისა და თავისუფლების მოედანს შორის. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ოსმალებმა გააპარტახეს და აქაური მოსახლეობა ქალაქში გადასახლდა;

60-70-იან წლებში კვლავ იწყო მისი დასახლება. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ ქალაქის ტერიტორია 3 ნაწილად გაიყო, ერთი მათგანი იყო გარეთუბანი ანუ ე.წ. ,,პირველი ნაწილი, თავად ,,პირველი ნაწილი სამ კვარტალად დაიყო. ამ პერიოდიდან გარეთუბანში გაჰყავდათ ახალი ქუჩები, აგებდნენ ევროპული ტიპის შენობებს. გარეთუბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს, რასაც 1828 ,,ერევანსკის მოედანი (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) ეწოდა. 50-იან წლებში ასპარეზის ტერიტორიაზე გაშენდა ალექსანდრეს ბაღი; ამ დროისათვის გარეთუბანი ახლანდელი ძმები კაკაბეძეების ქუჩამდე აღწევდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ ტოპონიმიკაში გარეთუბანი აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 367