კუკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუკია — უბანი თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მახათას მთის დასავლეთ ფერდობზე. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ჩუღურეთის რაიონს.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუკიას უბანს ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ნაძალადევის და ლოტკინის უბნებიდან გამოჰყოფს ხუდადოვის ტყე-პარკი და სხვადასხვა სახის მწვანე მასივი, დასავლეთის მხრიდან ოქროსუბნიდან გამოჰყოფს ცოტნე დადიანის და ჩიტაიას ქუჩების პარალელური რკინიგზის ხაზი, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სვანეთისუბანი, რომელთანაც პირობითი საზღვარი მამარდაშვილის ქუჩის მიდამოებზე გადის.

უბნის ძირითადი ქუჩებია: იონა მეუნარგიას ქუჩა, გიგო ზაზიაშვილის ქუჩა, ცხრა ძმის ქუჩა, სოლომონ ქურდიანის ქუჩა, გიორგი მარუაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ოთარ ქინქლაძის ქუჩა. კუკია გამოირჩევა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების კუთხეების, ქალაქებისა თუ სხვადასხვა ტოპონიმების სახელობის ქუჩების სიმრავლით, მათ შორის შევხვდებით აფხაზეთის, აჭარის, ყირიმის, გროზნოს, არდონის, ხონის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ბანძის, ქვალონის, თეკლათის, საქარის, ცაიშის, აგარის, სარკინეთის, ატოცის, სალხინოს, ლებარდეს, პალიასტომის, ფარავნის, ჭალადიდის, თეთნულდის და სხვა ქუჩებს.

კუკიის სასაფლაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუკიას სასაფლაოს კათოლიკური ნაწილი, 1900 წელი

კუკიაზე მდებარეობს თბილისის უძველესი და უდიდესი სასაფლაო, რომელიც სხვადასხვა წყაროებით 300-400 წლის უკან უნდა იყოს დაარსებული და შედგება ძველი და ახალი ნაწილისგან. სასაფლაო ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში თავისი მულტიეთნიკურობით და ასევე სოციოკულტურული განურჩევლობით, რაც გამოიხატება იმაში რომ სასაფლაო არსებობის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მეტად განკუთვნილი კონკრეტული სოციალური ფენისთვის. სასაფლაოზე დაკრძალულია უამრავი გამოჩენილი პიროვნება, მათ შორის: მომღერალი ცინუკი დადიანი, პედაგოგი შიო ჩიტაძე, მსახიობი კოტე მესხი, მსახიობი ნატო გაბუნია, დრამატურგი ავქსენტი ცაგარელი, პედაგოგი ლადო აღნიაშვილი, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ადოლფ როლოფი, ნორვეგიელი მწერალი ქალი, ედვარდ მუნკის მუზა დაგნი იული, მხატვარი გიგო ზაზიაშვილი, მსახიობი და მომღერალი ელენე ჩოხელი, მსახიობი თამარ თეთრაძე, მუსიკოსი მედეა ფანიაშვილი, იტალიელი ინჟინერი, თბილისის ფუნიკულიორის ერთ-ერთი ამშენებელი ანტონიო ფონტანა-როსი, სტალინის მეუღლე კატო სვანიძე და სხვები. სავარაუდოდ კუკიაზეა დაკრძალული ნიკო ფიროსმანიც, თუმცა მისი საფლავის ამოცნობა ვერ ხერხდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში, ზაარბრიუკენის მოედნის მიდამოებში ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ნაჩვენები აქვს მცირე დასახლება „ახალი სოფლის“ სახელწოდებით. იგივე სოფელი ნაჩვენებია შედარებით გვიანდელ გეგმებზეც. რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი გიულდენშტედტი მას უკვე კუკიის სახელით იხსენიებს (1772 წელი). მისივე მოწმობით ადრე აქ ციხესიმაგრეც ყოფილა. იგი მის ნანგრევებს აღნიშნავს. სოფელი კუკია გალავანშემორტყმული ეკლესიითა და ვრცელი კერძო ბაღით ნაჩვენებია თბილისის 1800 წლის გეგმაზეც. თეიმურაზ ბერიძის ვარაუდით „კუკია“ თრიალეთის სოფელ კუკიას სახელიდან უნდა მოდიოდეს, საიდანაც მოსახლეობა თბილისის გარეუბანში გადმოსახლდა XVIII საუკუნის 40-იან წლებში. მისივე განმარტებით, „კუკიას“ ეტიმოლოგიური ახსნა უნდა ვეძიოთ ადამიანის გამომსახველ თოჯინის სახელწოდებასთან („კუკი“). თოჯინას იყენებდნენ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ რიტუალებში.

სოფელ კუკიას საზღვრებს შეადგენდა მტკვარი, ხევი, რომელიც დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩის ხაზზე გადიოდა და ასეთივე ხევი „კვირაცხოველი“ მოპირდაპირე მხარეზე. 1823 წლისათვის კუკიაში 1000-მდე მცხოვრები იყო. ამ სოფელში ძირითადად სოფლის მეურნეობითა და ხელოსნობით იყვნენ დასაქმებულნი.

1824 წელს სოფელი კუკია თბილისს მიაწერეს. კუკიის ფარგლები განსაკუთრებით გაფართოვდა გასული საუკუნის 40-იან წლებში და ავჭალის გზა გადალახა. ამ დროს ისახება ე.წ. „ახალი კუკია“, ტერიტორია, რომელსაც დღემდე შემორჩა ეს სახელი.

1818 წელს კუკიის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გადმოსული გერმანელი კოლონისტები სახლდებიან. მიდამო ბაღებითა და ბოსტნებით დაიფარა. გასული საუკუნის 30-იან წლებში აქ არსებული ვიწრო გზა თანდათან ქუჩის სახეს იღებს. 1853 წელს ამ მიდამოებზე ვრცელდება ქალაქური გაშენების წესები, ხოლო 1862 წელს იგი ჩართულ იქნა ქალაქის ფარგლებში. მშენებლობის ტემპები განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვერის ხიდი გაშენდა (დღევანდელი ელბაქიძის ხიდის ადგილზე). გასული საუკუნის მეორე ნახევარში კუკიაზე, ნიკოლოზის (დღევანდელი კალინინის) ქუჩაზე მართლმადიდებელთა და კათოლიკური ეკლესიები აშენდა (მათ დღემდე მოაღწიეს).

დღესდეობით კუკია ეწოდება მხოლოდ ყოფილ „ახალ კუკიას“ დასახლებას, ხოლო დღევანდელი აღმაშენებლის გამზირს მიკედლებულ უბნებს დროთა განმავლობაში ჩამოცილდა „კუკიას“ სახელი და დღესდეობით ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც ჩუღურეთი (თბილისელები ამ ადგილებს, როგორც ოქროსუბანი, პლეხანოვი და ვარანცოვი, ისე მოიხსენიებენ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე, თეიმურაზ; და აღმოცენდა თბილისი; 1977; გვ. 181.